მოვალეებს ქვეყნიდან გასვლასაც აუკრძალავენ - კვირის პალიტრა

მოვალეებს ქვეყნიდან გასვლასაც აუკრძალავენ

"მოვალეთა რეესტრის"მონაცემთა ბაზა სულ უფრო იზრდება. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის ვალი ხდება პრობლემური სახელმწიფოს ან კერძო სუბიექტის მიმართ, სულ უფრო მეტი მოვალე ვეღარ ახერხებს სესხის დაფარვას...

"ეკოპალიტრამ"სანდო წყაროზე დაყრდნობით ერთი მნიშვნელოვანი საკანონდებლო ინიციატივის შესახებ შეიტყო. ინიციატორები არიან ფინანსთა სამინისტრო და საბანკო სექტორი. ჯერ გაუხმაურებელი საკანონდებლო ინიციატივის თანახმად, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც სახელმწიფოს ან კომერციული ბანკების წინაშე დავალიანება აქვს, ქვეყნიდან გასვლის უფლება აეკრძალება.

ვიდრე ინიციატივა საბოლოო, დასრულებულ სახეს მიიღებს და კანონის ძალასაც შეიძენს, რამდენიმე ინსტანციის გავლა და დროა საჭირო. ცხადია, მოვალეთათვის ამგვარი შეზღუდვის დაწესება ბანკებსაც აძლევს ხელს და ქვეყნის ბიუჯეტსაც. ვინც კიდევ ერთხელ იზარალებს, ისედაც ყელამდე ვალში მყოფი ხალხი და ბიზნესია, რომლებიც მოვალეთა ძირითად ნაწილს შეადგენენ...

"მოვალეთა რეესტრთან~, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2010 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს, საბანკო სექტორი სხვა საკითხშიც ითანამშრომლებს. კანონის თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებული არიან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მემორანდუმი გააფორმონ და ბიუროს მიაწოდონ ინფორმაცია რეესტრში რეგისტრირებულ პირთა საბანკო ანგარიშების შესახებ.

მოქმედებს "მოვალეთა რეესტრის"ელექტრონული ვერსიაც. პირადი ნომრის ან იურუდიული პირის კოდის მითითებით შესაძლებელია დადგენა, არის თუ არა ის შეტანილი რეესტრში. წესების თანახმად, აღსრულებისა და ვალის გადახდის შემდეგ "მოვალეთა რეესტრიდან"პირი ავტომატურად იშლება.

„მოვალეთა რეესტრში"რეგისტრირებული არიან ის კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი მიმდინარეობს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამონაკლისს შეადგენენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სუბიექტები, რომელთა ქონება დატვირთულია იპოთეკით ან გირავნობით.

"მოვალეთა რეესტრში"მოხვედრის შემდეგ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება. ხოლო თუ ზემოხსენებული ახალი ინიციატივა დაკანონდება, შეზღუდვა უკვე მოვალეების ქონებას კი არა, თავად მათ გადაადგილებსაც შეეხება.