ირანული გაზი რუსული შირმით?
11-01-2016
ირანული გაზი რუსული შირმით?
"განმარტება, თითქოს "გაზპრომსა” და ირანთან მოლაპარაკებები ენერგორესურსების დივერსიფიცირების მიზნით ხდება, ბლეფია, რომელიც მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება”


ირანი რომ თურმე საქართველოსთვის სომხეთის საზღვართან ბუნებრივი აირის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს, რამდენიმე დღის წინ ირანული მედიიდან გახდა ცნობილი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ჯერ განაცხადეს, რომ ირანთან კონკრეტული შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს, შემდეგ კი მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან” ექნება - გაზსადენი, რომლითაც
ირანიდან საქართველოს, სომხეთის გავლით, გაზი უნდა მოეწოდოს, რუსულ კომპანიას ეკუთვნის.

იმ ფონზე, როცა "გაზპრომთან” ნახევრად ფარული შეხვედრები და მოლაპარაკებები ეწყობა, ექსპერტების მხრიდან კიდევ უფრო მწვავედ დაისვა საკითხი - რად გვინდა რუსული ან ირანული გაზი რუსული მილით, როცა აზერბაიჯანი მზად არის დააკმაყოფილოს როგორც არსებული, ისე მზარდი
მოთხოვნაც? ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები პოლიტიკურ რისკებზე მიანიშნებენ.

"ეს უარყოფითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე”

სტივენ ბლანკი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი:
"ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ვხედავ, როცა აზერბაიჯანი გაზს საჭირო რაოდენობით გაწვდით. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.”.

"აზერბაიჯანმა შესაძლოა, გაზის ფასი გაზარდოს”

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი:
"თურმე იქმნება ღერძი: მოსკოვი-თეირანი-ერევანი-თბილისი. არადა, ჩვენ ვართ მყარ კალაპოტში, სახელად ბაქო-თბილისი-ანკარა, სადაც თავს იყრის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის მნიშვნელოვანი უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსები. ამიტომ, საქართველოში ირანიდან გაზის შემოტანის უცნაური ინიციატივა, რა თქმა უნდა, რუსული სქემაა.

საქართველოს ხელისუფლების განმარტება, თითქოს "გაზპრომსა” და ირანთან მოლაპარაკებები ენერგორესურსების დივერსიფიცირების მიზნით ხდება, ბლეფია, რომელიც მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება. ვერავითარი დივერსიფიკაცია ირანული გაზის საქართველოში შემოტანით ვერ მოხდება, რადგან ტექნიკური შესაძლებლობა - მილი არ არსებობს. ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, ამორტიზებული მილსადენი მოდის, რომელიც უამრავ ადგილას არის დახვრეტილი. სქემა მარტივი იქნება - ირანი მიაწვდის გაზს რუსულ კომპანიებს სომხეთში (მთელი სომხური ენერგოსისტემა "გაზპრომის” საკუთრებაა: გაზსადენები, თბოელექტროსადგური თუ ატომური ელექტროსადგური. აგრეთვე რკინიგზაც), ხოლო "გაზპრომი” საქართველოში მოგვაწვდის. ანუ ჩრდილოეთ-სამხრეთის მილსადენით, რომელიც ერთმანეთთან რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს და საიდანაც ტრანზიტის სანაცვლოდ გვრჩება გაზი, დამატებით მოცულობას მივიღებთ და მას ირანული გაზი დაერქმევა.

თუ რუსული გაზი გვინდა, რაღა საჭიროა ამის ირანულ სქემაში მოქცევა, პირდაპირ ვიყიდოთ "გაზპრომისგან”? მაგრამ ეს იმიტომ არ უნდათ, რომ საქართველოს მოსახლეობამ თვალსაჩინო პოლიტიკური წინააღმდეგობა გამოხატა და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეხვდებიან ამას სიამოვნებით. ახლა ფასიც ვნახოთ. ამბობენ, თუ გაცვლა მოხდება, ფასი 220 დოლარი იქნება 1000 კუბმ-ზე. შეიძლება ვიკითხოთ - რად გვინდა ირანული 220-დოლარიანი გაზი, ვიყიდოთ იმავე ფასად "გაზპრომისგან”? მას საქართველოში შემოსვლის კომერციული ინტერესი არა აქვს. ჯერ ფეხს დადგამს და მერე პოლიტიკურ ინტერესებს­ ჩადებს. ანუ რეალურად საქართველოში შემოდის "გაზპრომი” - ირანული კომბინაციით ან პირდაპირ. ეს საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს როგორც უნებისყოფოს, რომელსაც არა აქვს პოლიტიკა, დაგეგმვის უნარი, აღიზიანებს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთშიც და აზერბაიჯანშიც. არ მიმდინარეობს აზერბაიჯანთან მუშაობა და მზარდი გაზის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ეს ართულებს­ ურთიერთობას აზერბაიჯანთან იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან სოციალური გაზი იაფია - 140 დოლარი ღირს, თუმცა კომერციულ გაზს აზერბაიჯანისგან 280 დოლარად ვიღებთ. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 280-დოლარიან "სოკარის” გაზს 220-დოლარიანი ირანული ან რუსული სჯობს. თუმცა "სოკარიც” იკითხავს, რაღატომ უნდა მიაწოდოს ჩვენს მოსახლეობას სოციალური გაზი 140 დოლარად. ეს სქემა თავის დროზე აზერბაიჯანს საქართველომ შესთავაზა - მოსახლეობისთვის გაზი იაფად მიეწოდებინა, ხოლო დანაკარგი კომერციულ სექტორში აენაზღაურებინა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან მიღებული სოციალური და კომერციული გაზის გასაშუალოებული ღირებულებაც ნაკლებია ირანული თუ რუსული გაზის ფასზე. თუ ჩვენ შედარებით იაფ რუსულ-ირანულ კომერციულ გაზს შემოვიტანთ, აზერბაიჯანმა შესაძლოა სოციალური გაზის ფასი გაზარდოს და სანაცვლოდ კომერციული გაზი გააიაფოს - კონკურენტულობის შესანარჩუნებლად.

რა პოლიტიკურ ფასზეა ლაპარაკი?!

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "ირანის გაზი 10-12%-ით უფრო თბოუნარიანია, ვიდრე რუსული ან აზერბაიჯანული, თუმცა ნაკლებად შესაძლებელია, ტექნიკურად შევძლოთ ირანული გაზის მიღება. ტექნიკურად ყველაზე ადვილია, ირანმა სომხეთს მისცეს გაზი და რუსეთმა იმდენივე გაზი მოგვაწოდოს. "გაზპრომი” რომ პოლიტიკური იარაღია თავისი გაზით, მეეჭვება, ჩვენ­მა ხელისუფლებამ არ იცოდეს. შესაბამისად, რა პოლიტიკურ ფასზეა ლაპარაკი, ჩვენთვის უცნობია. მხოლოდ ხელშეკრულების პირობების გაცნობის შემდეგ შევძლებ თქმას, ეს ჩვენთვის მომგებიანი არის თუ არა, რა პოლიტიკურ ფასს ვიხდით და რა ყულფში ვყოფთ თავს”.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით