რას ამბობს "სოკარის" პრეზიდენტი? - პირველი კომენტარი დახურული შეხვედრის შემდეგ - კვირის პალიტრა

რას ამბობს "სოკარის" პრეზიდენტი? - პირველი კომენტარი დახურული შეხვედრის შემდეგ

"ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალი წლის შემდეგ და პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პრემიერის რანგში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და საქართველოში "სოკარის" წარმომადგენლობას შორის შეხვედრა დასრულდა. კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიცტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება. ის ამბობს, რომ "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ამ მილსადენში დამატებით მოცულობების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

"იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ურთიერთობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს "სოკარს". ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს ბუნებრივ აირს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას"

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე "სოკარის" წარმომადგენლებთან ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა. კალაძის განმარტებით, აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია. კითხვაზე, მოხერხდება თუ არა ის, რომ წელს დეფიციტი აზრებაიჯანული გაზით შეივსოს, მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება. რაც შეეხება იმას, რომ "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მიღება აღარ დაგვჭირდება, თუკი აზრებაიჯანი დამატებით მოცულობებს გამოატარებს, კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება.

როგორც შეხვედრის შემდეგ "სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა, მაირ მამედოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს.

მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ "სოკარი" არის აღნიშნული მილის კომერციული ოპერატორი, ამის შესაძლებლობა არის. როგორც მამედოვმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ბუნებრივი აირის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ პერიოდში.

"ჩვენ მოხარულები ვართ ამ შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალი წლის შემდეგ და პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პრემიერის რანგში. ორივე მხრიდან შეხვედრას მაღალი წარმომადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ "სოკარის" პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ძირითადად განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში. ზამთარში მოხმარება იმატებს, თუმცა ეს პროგნოზირებადია. ძირითადად განივიხლეთ შექნილი დეფიციტის შევსება როგორი ტექნიკური გზით შეიძლება. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით