"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?! - კვირის პალიტრა

"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?!

მოლაპარაკებების კულუარული დეტალები - რით აშანტაჟებს რუსული მხარე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს?

"აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მათთან 20-25 წელიწადია იმ მეგაპროექტებში ვმონაწილეობთ, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი პოლიტიკური მომავალიც"

ყველაზე მეტ ეჭვს ფარული შეხვედრები და თვით მინისტრის სხვადასხვაგვარი ვერსიები აჩენს. კალაძე "გაზპრომთან" გაზის დამატებით მოცულობებზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ჯერ იმით ამართლებდა, რომ საქართველოში გაზის ძირითად იმპორტიორს, "სოკარს" თურმე არ შეუძლია, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. "სოკარის" პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ახალი დეტალი გაახმიანა, რომ რუსეთი ჩვენთან 20 წლის წინ დადებული კონტრაქტის პირობების შეცვლას ითხოვს და საქართველოს გაზსადენში გატარებული გაზის სანაცვლოდ ბუნებრივ აირს კი არ დაგვიტოვებს "ნატურით", როგორც აქამდე, არამედ ტრანზიტის საფასურს ფულით გადაგვიხდის. მაგრამ, სპეციალისტების მტკიცებით, ეს თანხა "ნატურით" დატოვებული მოცულობის შეძენას არ ეყოფა და საჭირო რაოდენობის მისაღებად, რუსეთისთვის ფულის გადახდა იქით მოგვიწევს.

კიდევ რა სიურპრიზები დაგვხვდება "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან საკონტრაქტო პირობები, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის კორპორაცია ამუშავებს, მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჩვენთვის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.

დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "საქართველოში გაზის მოხმარება იზრდება და 2016 წლის ბალანსით, უკვე 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გვჭირდება წელიწადში. ამასთან, გვაქვს სეზონური დისპროპორცია - თუ ზამთარში თვეში 11,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვჭირდება, ზაფხულში 4 მილიონიც გვყოფნის. ამიტომაც გაჩნდა დეფიციტი. ის მილსადენებიც, რომლებითაც აზერბაიჯანიდან გაზს ვიღებთ, მაქსიმუმზე მუშაობს.

- თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების მოცულობას მაქსიმუმამდე - დღეში 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან...

- ჩემთვის ეს პასუხი ნიშნავდა, რომ მათ რეალურად ბუნებრივი გაზის პრობლემა აქვთ. მათ არ უსაუბრიათ იმ მილსადენზე, რომლითაც ჩვენ ახლა "სოკარისგან" გაზს ვიღებთ. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნებ განგვეხილა ვარიანტი, რომ მოცულობების გაზრდა მოხდეს კონსორციუმ "შაჰ-დენიზის" მილსადენით, სადაც ერთ-ერთი მონაწილე "სოკარიც" არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მთლიანად კონსორციუმია. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ "სოკარის" გადასაწყვეტი. კონსორციუმში არიან "სტატოილი", BP და სხვა კომპანიები.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მათთან 20-25 წელიწადია იმ მეგაპროექტებში ვმონაწილეობთ, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი პოლიტიკური მომავალიც - გავხდით სატრანზიტო ქვეყანა დასავლეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის. აზერბაიჯანშიც მოიმატა ბუნებრივი აირის მოხმარებამ და წელიწადში თითქმის 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამას დავუმატოთ მოცულობები, რაც საქართველოსა და თურქეთს სჭირდება, რომელმაც ასევე მოსთხოვა აზერბაიჯანს მიწოდების გაზრდა ხელშეკრულების შესაბამისად. ასე რომ, აზერბაიჯანს დიდი პრობლემები აქვს სასაქონლო გაზის მოცულობასთან დაკავშირებით. მან გააფორმა კონტრაქტი "გაზპრომთან", რომელიც აწვდის 2,5 მილიარდ კუბმ გაზს და ამ მოცულობას მიწისქვეშა საცავებში ტუმბავენ. ეს იმ აუცილებლობით არის ნაკარნახები, რომ აზერბაიჯანმა სხვა ქვეყნების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანული მხარისგან იყო შემოთავაზება, რომ საქართველოში დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად, მათ დაედოთ კონტრაქტი "გაზპრომთან" და ამ სქემით მოეწოდებინათ ჩვენთვის ბუნებრივი აირი, მაგრამ ეს სხვა თემაა...

- თუ აზერბაიჯანული გაზის მოწოდების პრობლემები არსებობდა, ხომ შეეძლო ენერგეტიკის სამინისტროს, ღიად ესაუბრა და "გაზპრომთან" გასაიდუმლოებული შეხვედრების შესახებ უცხოური პრესის მეშვეობით არ გაგვეგო?

- "გაზპრომთან" ყოველწლიურად იმართება ასეთი მოლაპარაკებები ტრანზიტზე, სადაც "გაზპრომს" თავისი წინადადებები აქვს, ქართულ მხარეს კი - თავისი. არ მახსოვს, ოდესმე ეს შეხვედრები დაანონსებულიყო ან ვინმე დაინტერესებულიყო ამ შეხვედრებით. ამ შემთხვევაში ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ "გაზპრომმა" ძალიან მკაცრად წამოაყენა პირობა - გაზის მოცულობა, რომელსაც სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ ნატურით იღებდა საქართველო, ტრანსპორტირების გადასახადით შეცვლილიყო.

- რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც ახლა, ეს პირობები ხომ 20 წელიწადს მოქმედებდა? რეალურად, გაზის ტრანზიტის საფასურით ხომ იმდენს ვერ ვიყიდით, რაც "ნატურით" გვრჩებოდა?

- რუსეთი ამას ყოველთვის ითხოვდა, მაგრამ მოლაპარაკებებით ვაღწევდით ჩვენთვის საუკეთესო შედეგს. დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას და გაირკვევა, რა გადასახადი იქნება 100 კილომეტრზე 1000 კუბური მეტრის გაზის გატარებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, რა დეფიციტი გვექნება და რამდენის შეძენა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, მომგებიანი იყო, როცა გატარებული გაზის 10% გვრჩებოდა, თუმცა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არც მაშინ ყოფილა, როცა რუსეთთან ამ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. როცა "იტერა" შეიცვალა "გაზპრომით", ძალიან მწვავე მოლაპარაკებების შემდეგ, ქართულმა მხარემ მოახერხა ამ პირობის ხელშეკრულებაში დატოვება. დღეს, უნდა ვთქვათ, რომ ვითარება შეიცვალა.

განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი სომხეთისთვის ბუნებრივი აირის საქართველოს გვერდის ავლით მიწოდებაზე. რატომღაც ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ეს რუსულმა მხარემ ამ მოლაპარაკებებში კოზირად გამოიყენა.

- რომელ მარშრუტზეა ლაპარაკი?

- იყო საუბრები, რომ "გაზპრომს" 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი მიეწოდებინა აზერბაიჯანის გავლით ირანისთვის. სანაცვლოდ ირანი გაზს სომხეთს მიაწვდიდა, რაც გამოიწვევდა ჩვენი გაზსადენით, რომელიც ისედაც 20%-ით არის დატვირთული, გაზის ტრანსპორტირების შემცირებას.

- ეს რუსეთის მხრიდან შანტაჟი ხომ არ არის?

- რეალურად ირანს 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თვითონ სჭირდება, რადგან მისი საბადოები სამხრეთში, მრეწველობა კი ქვეყნის ჩრდილოეთშია განვითარებული. აქედან გამომდინარე, მთლად 10 მილიარდი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სომხეთისთვის გათვალისწინებული, მაგრამ მისთვის ირანს საჭირო გაზის თუნდაც 50% რომ მიეწოდებინა, ჩვენთვის ესეც დიდი დანაკარგი იქნებოდა. სხვათა შორის, "გაზპრომი" და "სოკარი" პარტნიორები არიან. ამიტომ, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის ხელშეკრულებების პირობებზე, გაზის დამატებით მოცულობებზეც და ბევრ სხვა საკითხზე.

- ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარით როგორ შეიძლება, რომ მოვლენები განვითარდეს?

- ჩვენ ალბათ მოგვიწევს რუსეთისგან საერთო მოხმარების გაზის დაახლოებით 25%-ის ყიდვა. ნაწილს ვიყიდით გაზის ტრანსპორტირებისთვის მიღებული ფულით, მაგრამ მნიშვნელოვანი თანხა იქნება გამოსანახი დანარჩენის შესასყიდად. ადრე "ნატურით" მიღებული გაზის ნაწილი - 200 მილიონი კუბური მეტრი, ე.წ. სოციალურ გაზს ემატებოდა და მისი ფასის შენარჩუნებისთვის საჭირო იქნება, რომ სახელმწიფომ თანხა მოიძიოს. უნდა ვიბრძოლოთ, რომ მივაღწიოთ, რაც შეიძლება მაღალ გატარების ტარიფს. ამჟამინდელი მოცულობის სრულ კომპენსაციას ჩვენ ვერ მივიღებთ, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებებში მაქსიმუმის მიღწევა მასში მონაწილე გუნდის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული.