"მანათის გაუფასურება საქართველოზეც გავლენას მოახდენს"
18-01-2016
"მანათის გაუფასურება საქართველოზეც გავლენას მოახდენს"
აზერბაიჯანული მანათის კურსი დოლართან მიმართებაში სულ უფრო ეცემა, რამაც გასულ კვირას საბანკო სექტორის მუშაობის შეფერხებაც გამოიწვია.

კრიზისის მიზეზებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" ექსპერტი სოსო არჩვაძე ესაუბრა.

- ერთ დოლარზე აზერბაიჯანული მანათის ოფიციალური კურსი 1,6-მდე დაფიქსირდა. თუმცა შავ ბაზარზე დოლარის ფასმა 4 მანათს გადააჭარბა. ამიტომ ბანკებმა ცოტა ხნით კურსის გაცვლითი ოპერაციები შეაჩერეს. ერთი წლის წინანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, დოლარი მხოლოდ 0,8 აზერბაიჯანული მანათი იყო. ე.ი. შავი ბაზრის კურსით აზერბაიჯანული მანათის კურსი დოლართან
მიმართებაში ხუთჯერ მაინც დაეცა.

- რამ გამოიწვია ეს კრიზისი?
- აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა ნავთობმომპოვებელი და ენერგომატარებ­ლების ექსპორტიორი ქვეყანა, დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. ჰოლანდიური დაავადებით იყო შეპყრობილი. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ... მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების ფასები გარკვეულწილად გარიგებების შედეგად ყალიბდებოდა­ და თვითღირებულებაზე გაცილებით მაღალი იყო. აზერბაიჯანის
ეკონომიკა უცხოური ვალუტის დიდი შემოდინებით იყო უზრუნველყოფილი და ამიტომ ქვეყნის შიდა წარმოების განვითარების ინტერესი არ არსებობდა. იაფი და ხელსაყრელი იყო უცხოეთიდან საქონლის შემოტანა. პირობითად, თქვენ ხომ არ დაიწყებთ კვერცხის წარმოებას ქვეყანაში, თუკი ეს 30 თეთრი დაგიჯდებათ, უცხოეთიდან კი მისი შემოტანა 8 თეთრად არის შესაძლებელი? სწორედ ამის გამო აზერბაიჯანში ბევრი წარმოება შეიზღუდა, შემცირდა და მთლიანობაში ექსპორტის 92% ენერგომატარებლებზე მოდიოდა. მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების, ნავთობის ფასმა დაიწია და აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები არ იყო სათანადოდ განვითარებული აზერბაიჯანში. შედეგად როგორც საბიუჯეტო, ასევე, იმ კომპანიების შემოსავლები შემცირდა, რომლებიც ენერგორესურსების ექსპორტით იყვნენ დაკავებული.

მანათის გაუფასურებასა და ფასების ზრდას მოსახლეობის გამოსვლები მოჰყვა. ქალაქ სიაზანის ცენტრალურ ქუჩებში "უკანონო მსვლელობაში" 200-500 ადამიანი მონაწილეობდა, საიდანაც 55 დააკავეს. გამოსვლები იყო ასევე ლენქორანის, აღჯაბადის, ფიზულისა და აღსუს რაიონებში.

- მანათის ასეთი გაუფასურება ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე რა გავლენას მოახდენს?

- იმის გამო, რომ აზერბაიჯანთან თავისუფალი მიმოსვლა და ეკონომიკური­ ურთიერთობები გაგვაჩნია, გარკვეულწილად­ მანათის გაუფასურება საქართველოზეც მოახდენს გავლენას. აზერბაიჯანის მოსახლეობა შეეცდება დოლარი საქართველოში იყიდოს, რაც ჩვენს შიდა ბაზარზე იმოქმედებს.

- შედეგად დოლარის კურსი კიდევ უფრო აიწევს?

- რა თქმა უნდა, თუმცა ეს მხოლოდ აზერბაიჯანის "დამსახურება" არ იქნება. დო­ლარის შემოსვლა საქართველოში ისედაც შემცირებულია. ექსპორტისა თუ ფულადი გზავნილების მოცულობამ ძალიან იკლო. მაგალითად, გასულ წელს საქართველოდან 40%-ით ნაკლები ღვინო და ღვინომასალები გავიტანეთ... ამასთან, ქვეყანაში 400 მილიონი დოლარით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა... მე თუ მკითხავთ, ამ ნეგატიურ პროცესებს ლარი კიდევ კარგად უძლებს...
DDD
18 იანვარი 2016 20:27
აზერბაიჯანის მოსახლეობა შეეცდება დოლარი საქართველოში იყიდოს, რაც ჩვენს შიდა ბაზარზე იმოქმედებს. !!!!!!

რა ვალუტით აპირებენ დოლარის შესყიდვას? ძალიან მაინტერესებს.

რედაქტორის რჩევით