ხარჯი ჭკუისაგან - როცა რძის მწარმოებელ კომპანიას სახლის გამაგრებას ვანდობთ - კვირის პალიტრა

ხარჯი ჭკუისაგან - როცა რძის მწარმოებელ კომპანიას სახლის გამაგრებას ვანდობთ

"კარგი მმართველობის კვლევისა" თუ "თბილისელების შესასწავლად" უცხოურ კომპანიებს მილიონებს ვუხდით...

ყოველწლიურად სხვადასხვა უცხოური კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევებისა და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გაედინება. მთავრობა ამ ფირმებს ხან ქუჩების საცობებისგან განსატვირთავად ქირაობს, ხანაც მყარი ნარჩენების ეფექტურად გატანისთვის. გასაგებია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ბევრ საკითხში შესაძლოა ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ შუქნიშნების ადგილების განსაზღვრა და ნარჩენების გატანა მაინც უნდა მოახერხონ როგორც ამ დარგის მეცნიერ-მუშაკებმა, ასევე შესაბამისი პროფილის სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულმა მრავალრიცხოვანმა და მაღალი ანაზღაურების მქონე სპეციალისტებმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოპოვებული ინფორმაციით, შარშან უცხოური საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებით რამდენიმე სამინისტრომ ისარგებლა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია Global Alliance For Health and Social Compact-ს კონსულტაციებისთვის 300.000 დოლარი გადაუხადა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და Cambre Associates-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელის მომსახურება თვეში 40.000 ევრო ჯდება. ჩამონათვალი ვრცელია, დიდია უცხოური ფირმებისთვის რჩევა-დარიგებაში გადახდილი თანხაც. ცოტა ხნის წინ გერმანულ კომპანიას თბილისის მერიამ რამდენიმე სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განტვირთვის ხუთი იდეისთვის 100.000 ლარი გადაუხადა.

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი: - მერიას ტენდერიც არ ჩაუტარებია, ისე გადაწყვიტა გერმანულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება და 40.000 ევროს სანაცვლოდ რჩევის მიღება, როგორ განტვირთონ საცობები საბურთალოზე. შედეგი, ცოტა არ იყოს, ანეკდოტური მივიღეთ - უცხოელებმა გვირჩიეს, რომ თურმე შუქნიშნები უნდა დავამატოთ კონკრეტულ მისამართებზე. სულ ცოტა, უხერხულია, როცა მერია ამ თემაზე კვლევას უკვეთს. თუ მერს გეგმა არა აქვს, როგორ განტვირთოს საცობებისგან ქალაქი, რატომ ჰპირდებოდა მოსახლეობას პარკირების პრობლემის მოგვარებასა და ამ მიზნით სამუშაოების დაწყებას. რად უნდა ამას კვლევა?

საქმეში მცირედით გარკვეული ადამიანიც გეტყვით, რომ საცობებისგან განსატვირთავად საჭიროა ახალი გზების, ხიდების, ესტაკადების მშენებლობა და არსებული გზების შეკეთება. შუქნიშნის დამატება რომ საცობს ვერ განტვირთავს, ამაზე ალბათ, ყველა ვთანხმდებით. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უფასოდ შესთავაზებს მერიას რჩევას, როგორ შეიძლება განტვირთოს ქალაქი. ყველა მიმართულებით თუ კვლევა უნდა მოაწყოს ქალაქის მთავრობამ, მაშინ თავად რა უნდა აკეთონ? თუ არაფერი იცის ნარმანიამ და არც ჰყავს კარგი მენეჯერები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მაშინ რისთვის არიან დედაქალაქის მთავრობაში? 2016 წლის ბიუჯეტშიც აქვს გათვალისწინებული ნარმანიას კვლევები. მაგალითად, 80.000 ლარის დახარჯვას აპირებს კარგი მმართველობის კვლევისთვის(?!). გამოდის, კარგი მმართველობა არ იცის არც ნარმანიამ და არც მერიამ და ამას აღიარებენ. გამოყოფილია თანხა ტაქსისტების კვლევისა და თბილისელების ცხოვრების დონის შესასწავლადაც. ამ რეალობას კი მარტივი სტატისტიკა ასახავს. რამდენი სოციალურად დაუცველი, ბენეფიციარია ქალაქში, ეს მონაცემი ღიაა. მეტი მოქნილობისა და დეცენტრალიზაციისთვის მერიას აქვს 10 გამგეობა და 25 უბნის სამსახური, რათა გაიგონ ადგილობრივი პრობლემები. მილიონობით ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან მერიისა და გამგეობების შენახვისთვის და დამატებით კიდევ - ასიათასობით ლარი იმ კვლევებისთვის, რის შესახებაც ინფორმაცია მერიის სამსახურებს ისედაც უნდა ჰქონდეთ.

მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტიდან რაღაც სულელური კვლევებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ბოლო დროს მერიის მხრიდან უცხოური კომპანიების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ბევრ კითხვას აჩენს. სულ უფრო ხშირად იგებენ მერიის გამოცხადებულ ტენდერებს ფირმები, რომლებსაც კონკრეტულ სფეროში საქმიანობის გამოცდილებაც კი არა აქვთ. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის მე-18 კორპუსის გამაგრებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 880.000 ლარი და ეს ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელიც 2015 წლის 9 ოქტომბერს დაფუძნდა. ტენდერი კი 18 ოქტომბერს გამოცხადდა... დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ კომპანიას უნდა ჰქონოდა ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება. ერთი კვირის დაფუძნებულ კომპანიას რა გამოცდილება უნდა ჰქონოდა, ამიტომ საბუთებში მიუთითა, რომ რუსეთში დაფუძნებული ფირმის შვილობილია და გამოცდილებას "დედა" კომპანია ფლობდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "დედა" კომპანიასაც არა აქვს სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება, ის რძის პროდუქტების მწარმოებელია(?!).

იგივე ვითარებაა კიდევ სამ ტენდერთან დაკავშირებით და ჯამში ოთხივე ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანიაა, მათთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა კი 3 მილიონ ლარს აჭარბებს. გამოდის, ეს ფული, ფაქტობრივად რუსულ კომპანიებს უნდა გადავუხადოთ. აქეთ გერმანელებს გადავუხადეთ 100 ათასი ლარი, იქით რუსულ კომპანიებს, მერე კიდევ ვიღაც გამოჩნდება და თან ვწუწუნებთ, რომ უცხოური ვალუტა თურმე ქვეყნიდან გადის და ლარი უფასურდება.

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: - როცა საქართველოში არსებობენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები და მათ უცხოელი სპეციალისტებით ანაცვლებენ, ეს არ არის კარგი. ჩვენი ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, მაგრამ არის საკითხები, როცა მოწვევა აუცილებელია. როცა ვსაუბრობთ, რატომ გახდა საჭირო გერმანელების დაქირავება საგზაო სიტუაციის შესასწავლად, ან ფრანგებისა - სტიქიის შემდეგ გმირთა მოედანსა და ვარაზისხევში კვლევისთვის, მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაციები ფლობდნენ ისეთ კომპიუტერულ პროგრამას, რომლის ანალოგი, სამწუხაროდ, თბილისში არავის აქვს. ჩვენც გაგვიჩნდა შეკითხვა და მერიაშიც დაგვიდასტურეს, რომ მათ სცადეს თბილისში მოეძებნათ კომპანიები, რომლებიც ამ სამუშაოებს ჩაატარებდნენ, მაგრამ მსგავსი მასშტაბისა და სამუშაოს ჩატარების რესურსი არ მოიძებნა... შესაძლოა კიდევ დაგვჭირდეს ასეთი მომსახურება და თბილისის მერიაში გადაწყვიტეს, შემუშავდეს პროექტი, მომზადდეს კადრები ან შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ფინანსები გამოყოს მთავრობამ და გადამზადდნენ სპეციალისტები, რათა უახლოეს მომავალში, როცა დაგვჭირდება კვლევები, ადგილობრივი კადრები გვყავდეს.