ელიტური კორუფციის ფრონტზე ვითარება უცვლელია?! - კვირის პალიტრა

ელიტური კორუფციის ფრონტზე ვითარება უცვლელია?!

"ანტიკორუფციული კანონმდებლობით საქართველო საერთაშორისო სტანდარტებთან ახლოს არის, თუმცა კანონმდებლობაში "ხვრელები" რჩება."

"დღეს 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც კორუფციული პრობლემებია. ეს 9 წლის გოგონა დაკაში ცხოვრობს, ბანგლადეშში - იმ 114 ქვეყნიდან ერთ-ერთში, სადაც კორუფციის აღქმის ინდექსი, 100-დან 50 ქულასაც კი ვერ აღწევს. ეს საჯარო სექტორში კორუფციის მაღალი დონის ინდიკატორია. გოგონა მთელი დღეები ბოთლებს ახარისხებს. ბანგლადეშში ბავშვთა შრომა ოფიციალურად აკრძალულია, არაოფიციალურად კი საჭიროა ოფიციალური პირისთვის ქრთამის გადახდა გამონაკლისის დასაშვებად", - ასე იწყება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისის ანგარიში, რომელიც 168 ქვეყანაში კორუფციის დონეს ასახავს.

საქართველო ამ 168 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა და 2015-შიც, წინა წლის მსგავსად, 52 ქულა მიენიჭა შესაძლებელი 100-დან. კორუფციის აღქმის ინდექსი საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს წარმოაჩენს. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე კარგი ვითარება დანიაში (91 ქულა) იყო, ყველაზე ცუდი კი - სომალიში (8 ქულა). "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, შედეგები მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ეს კი ნიშნავს, რომ კვლავაც რჩება ელიტური კორუფციის საფრთხე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, ამისთვის ქმედითი მექანიზმები უნდა შეიქმნას. ასეთი იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც პარლამენტს დაექვემდებარება.

ერეკლე ურუშაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული რეფორმების პროექტების ხელმძღვანელი: - 2014 წლის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზე იყო, ახლა 48-ზეა, მაგრამ ქულა იგივეა - 52. ჩვენი პოზიცია მხოლოდ სხვა ქვეყნებში ვითარების გაუარესების გამო შეიცვალა. 100 ქულა ნიშნავს, რომ კორუფცია, ფაქტობრივად, არ არის. საქართველოს მაჩვენებელი - 52 ქულა, საშუალოა, თუმცა, მაინც ყველაზე მაღალია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ანტიკორუფციულმა რეფორმებმა, რომლებიც 2004 წლიდან მიმდინარეობს, შედეგი გამოიღო - 2003 წელს საქართველო 123-ე ადგილზე იყო. მეორე მხრივ კი, 52 ქულა მეტყველებს, რომ ბევრი პრობლემა კიდევ მოსაგვარებელია.

10 წელიწადზე მეტია, წვრილმანი კორუფციის დონე დაბალია. მაგრამ როცა საუბარია კორუფციის უფრო კომპლექსურ ფორმებზე (მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებში და სხვა), აქ კორუფციის რისკები ისევ მაღალია. პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება არასაკმარისია, რადგან პარლამენტი სუსტია და მთლად დამოუკიდებელი არ არის. იმავეს თქმა შეიძლება სასამართლოზე. ანტიკორუფციული კანონმდებლობით საქართველო საერთაშორისო სტანდარტებთან ახლოს არის, თუმცა კანონმდებლობაში "ხვრელები" რჩება. კანონი თანამდებობის პირებისთვის შეზღუდვებს ადგენს. მაგალითად, მათ აკრძალული აქვთ ბიზნესში პირდაპირ მონაწილეობა, საჩუქრების მიღება. არასამთავრობო ორგანიზაციები ან ჟურნალისტები აქვეყნებენ ცნობებს ბიზნესში თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ, მაგრამ არ გვაქვს სისტემა, როგორ უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. ამიტომ გვჭირდება ეფექტური მექანიზმები, რათა არ წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი და უარესი - კორუფცია. შესყიდვების დაახლოებით 30% ტენდერების გვერდის ავლით ხორციელდება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში კორუფციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რისკები მაინც მაღალია. პრობლემურია თანამდებობის პირთა შესაძლო კავშირი ბიზნესთან. ბევრი თანამდებობის პირი ხელისუფლებაში ბიზნესიდან მოვიდა და ზოგი მათგანი იმავე სფეროს კურირებს სახელმწიფო მოხელის რანგში, სადაც ბიზნესინტერესები ჰქონდა.

დღეს არ არსებობს შემოწმების მექანიზმი, რათა დავადგინოთ, ეს ბიზნესინტერესები ნამდვილად დათმეს თუ ფორმალურად სხვებზე გააფორმეს.

კვლავ პრობლემურია საჯარო სამსახურში თანამშრომლების მიღება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაახლოებით 6 ათასი ადამიანი სხვა კადრებით შეცვალეს. არსებობს ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის არცთუ დაუსაბუთებელი ეჭვები. მოკლედ, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა ძლიერი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც პოლიტიკურად დამოუკიდებელი იქნება.

საქართველოს მსგავს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში უკეთესი შედეგები იქ არის, სადაც აქვთ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურები (ლატვია, ლიტვა და პოლონეთი). ის ქვეყნები კი, სადაც საქართველოს მსგავსი მოდელი მუშაობს, მაგალითად, ბულგარეთი და რუმინეთი, ანტიკორუფციულ რეიტინგებში უკან არიან. სააგენტო რომ ეფექტური იყოს, ის უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი; კანონი უნდა ადგენდეს გარანტიებს, რომ არ მოხდეს პოლიტიკური ჩარევა მის საქმიანობაში; უნდა ჰქონდეს ფინანსური და ადამიანური რესურსი და იყოს ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, რათა ვინმეს წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენონ.

თემურ მაისურაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე: - არ მიმაჩნია სწორად, რომ ყველა მიზეზით, მათ შორის - ანტიკორუფციულითაც, იქმნებოდეს სპეციალური სამსახურები. საზოგადოება უნდა იყოს აქტიური მაკონტროლებელი. კორუფციის წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ცალკე სამსახურები შეიძლება თვითონ გახდნენ კორუმპირებული, რათა კორუფცია დამალონ. პირადად არ შევხვედრივარ ადამიანებს, ვინც იტყოდა, რომ კორუფციის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ვისმენ ინფორმაციას, ხშირად - მედიით, რომ ასეთი ფაქტები მოხდა, ამიტომ საჭიროა რეაგირება, შემოწმება, პროკურატურის ჩართვა და საზოგადოებისთვის თქმა, მართალია ეს თუ არა.