საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის იმპორტი დროებით აიკრძალა - კვირის პალიტრა

საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვის იმპორტი დროებით აიკრძალა

"აკრძალვის პირველი და უმთავრესი მიზეზი ის ათიათასობით სომხური ცხვარია, რომელიც მავანთ სომხეთიდან შემოჰყავთ, მერე აზერბაიჯანში ქართულ ცხვრად ასაღებენ"

აზერბაიჯანის გადაწყვეტილება, საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის დროებით აკრძალვის შესახებ, ქართულ ეკონომიკას საგრძნობ დარტყმას მიაყენებს. ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, აღდგება თუ არა ამ მეზობელ ქვეყანაში ქართული პირუტყვის ექსპორტი. პირველი შეშფოთება მეცხვარეებმა გამოხატეს. მათთვის აზერბაიჯანში ცხვრის გაყიდვა თავის რჩენის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

ბექა გონაშვილი, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე: - აზერბაიჯანმა პირუტყვის საქართველოდან იმპორტის შეწყვეტის მიზეზად ვირუსი დაასახელა, თუმცა, ჩემი აზრით, მიზეზი სხვა რამ არის. პირადად მე ველოდი ამას და არაერთხელ გამიფრთხილებია შესაბამისი სამსახურები, რომ ასე მოხდებოდა.

აკრძალვის პირველი და უმთავრესი მიზეზი ის ათიათასობით სომხური ცხვარია, რომელიც მავანთ სომხეთიდან შემოჰყავთ, მერე აზერბაიჯანში ქართულ ცხვრად ასაღებენ (სომხური ცხვრის ფარები ახლაც დგას თბილისის ახლოს), თორემ ათეული წლებია, ცხვარი აზერბაიჯანში გადაგვყავს და იქ აზრად არ მოსვლიათ ჩვენი ცხვრის რამე ვირუსზე შემოწმება. ყველა ქვეყანაში გვთხოვდნენ შემოწმებას, სადაც კი ცხვარი გაგვყავდა, მაგრამ არა - აზერბაიჯანში.

- თქვენი ნათქვამის მიხედვით, სომხური ცხვარი ჩვენი ცხვრის პრესტიჟს დაბლა სწევს.

- სომხურ ცხვარს აქვს ამ ცხოველის ორგანიზმში აღმოჩენილი ყველა დაავადება და დიდია რისკი, რომ ჩვენს ცხვარსაც გადასდებენ. გარდა ამისა, ჩვენი ცხვრის ხორცი ბევრად უკეთესი გემოსია. რაც ყველაზე უარესია, მათ ამაში სახელმწიფოც უწყობს ხელს - აბა, რა გახდა ამ უმსგავსობის აღკვეთა?! შემიძლია, სავალალო სტატისტიკაც დავასახელო - შარშან აზერბაიჯანში 230 ათასი ცხვარი გაიყიდა და აქედან მესამედი, დაახლოებით 70 ათასი, სომხური იყო. ცხადია, ასეთი "ექსპორტით" ფული ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში კი არ მიდის, არამედ სომხეთისა და სომხური ცხვრის ქართულ პროდუქციად გამსაღებელ "ექსპორტიორთა" ჯიბეში.

არადა, მხოლოდ 2013 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტით 13,622 მილიონი დოლარის ცხვარი გავიდა. წელიწადში აქედან 14-15 მილიონამდე შემოდის, მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიდან კი - 30-40 მილიონი დოლარიც...

ქართული პირუტყვის შესაძლო დაავადების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასაც დავუკავშირდით. აქაც ვერ ამბობენ, როდის გაიხსნება აზერბაიჯანის ბაზარი ქართული პირუტყვისთვის, ხოლო ვირუსის არსებობას არ ადასტურებენ:

"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხა პირუტყვი დაიხოცა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ მიმართა საჭირო ზომებს. პირველადი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ ეს იყო ცხვრის კატარალური ცხელება, ანუ იგივე "ლურჯი ენა". ის ხასიათდება ტემპერატურის მკვეთრი მატებით, შემდგომ კი სიკვდილით. საქართველომ, როგორც ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE) წევრმა, პირველი დიაგნოზის შესახებ ოპერატიულად აცნობა ამ ორგანიზაციას, ნიმუშები კი დიდ ბრიტანეთში, კვლევითი ინსტიტუტის, "პირბრაითის" (Pirbright), რეფერალურ ლაბორატორიაში გაგზავნა. გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არც ერთში არ აღმოჩნდა. ამდენად, პირველი დიაგნოზი არ დადასტურდა და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამის შესახებაც ეცნობა, რომელმაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა. ამდენად, აზერბაიჯანში იციან, რომ ჩვენი პირუტყვი საშიში არ არის, შესაბამისად, აკრძალვაც უნდა მოხსნან. დაველოდოთ გადაწყვეტილებას".