"თუ საქართველოში გაზის მარაგი ტრილიონს გადააჭარბებს, ვიდრე დედამიწა იარსებებს ეს მარაგიც გვეყოფა" - კვირის პალიტრა

"თუ საქართველოში გაზის მარაგი ტრილიონს გადააჭარბებს, ვიდრე დედამიწა იარსებებს ეს მარაგიც გვეყოფა"

"მარაგები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ კონკრეტულ რაოდენობაზე არასდროს არავის არაფერი უთქვამს, ამას რატომღაც მალავდნენ"

ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში ეყრდნობა კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას. ანგარიშის ავტორის არიელ კოენის აზრით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს.

იხილეთ ასევე: აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

"ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დამოკიდებულია რუსულ გაზზე ან წარმოადგენს მთავარ სატრანზიტო კორიდორს რუსული და კასპიური გაზისთვის, სინამდვილეში ენერგორესურსების დიდი მარაგი აქვს. ამ თვალსაზრისით ამ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ დამოუკიდებელი, ან თითქმის დამოუკიდებელი. მაგალითად, საქართველო ევროპისთვის ნახშირწყალბადის პოტენციურად მნიშვნელოვანი წყარო გახდა", - აღნიშნავს აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი.

არის თუ არა რეალურად გაზის მარაგი საქართველოში და რა პერსპექტივები აქვს ამ მხრივ ქვეყანას, საკითხზე "კვირის პალიტრა" შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს ესაუბრა.

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი:

"იმდენჯერ არის გავრცელებული ნავთობთან და გაზთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ ეს ძირითადად  ბირჟაზე აქციებთან დაკავშირებითვ რცელდება. გეოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები ცალსახად ამბობენ, რომ საქართველოში უნდა იყოს ნავთობისა და გაზის მარაგი, მაგრამ სანამ იქ მილი არ ჩადგება და გაზი არ ამოვა, წინასწარ ვერ ვიტყვით. ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველგან არის ბუნებრივი აირი, თითქოს ისეთ ტერიტორიაზე ვართ, რომ ჩვენთან უნდა იყოს სერიოზული მარაგი როგორც გაზის, ისე ნავთობის, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ეს რეალური ვარიანტი იყოს. დღეისათვის ჩვენ მხოლოდ 2 მილიარდ ნახევარ კუბურ მეტრს მოვიხმართ და თუ გაზის მარაგი ტრილიონს გადააჭარბებს, რასაც მარტო ჩვენთვის გამოვიყენებთ, ვიდრე დედამიწა იარსებებს ეს მარაგიც გვეყოფა.

მერაბ გონგაძე გეოლოგი:

"მარაგი რომ არსებობს, ყველამ კარგად იცის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწერა ამის თაობაზე. თუ კავკასიის გეოლოგიას გავითვალისწინებთ, ეს ყველაფერი მილიონობით წლების განმავლობაში გროვდებოდა.  ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამერიკელებმა მთელ შელფურ ზონაში - აღმოსავლეთ და შავი ზღვისპირეთის სანაპიროზე დაახლოებით მილიარდი ტონა ნავთობი დააფიქსირეს, მაგრამ მისი მოპოვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხელით გავანადგუროთ შავიზღვისპირეთი. მარაგები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კონკრეტულ რაოდენობაზე არასდროს არავის არაფერი უთქვამს, ამას რატომღაც მალავდნენ. გაზისა და ნავთობის მარაგის შენახვა ერთი მხრივ შეიძლება კარგიც იყოს, იმ დროისთვის შევინარჩუნოთ, როდესაც სხვას აღარაფერი ექნება".

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

"ჩვენ ისეთ მადლიან მიწაზე ვცხოვრობთ, არ შეიძლება ის მადლი, რომელიც მიწის ზემოთ არის, აკლდეს ამ მიწას სიღრმეში. ეს ცოტა ხატოვანი პასუხია, მაგრამ გამორიცხული არ არის. მოძიების თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები იძლევა იმის საშუალებას, რომ სულ უფრო ღრმად და სისტემურად იყოს გამოკვლეული წიაღისეული. მარაგების არსებობა რომც დადასტურდეს, თვითონ ამის ათვისებას გარკვეული დრო და ინვესტიციები სჭირდება, ეს დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია. საქართველო ისედაც საინტერესოა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და თუ ამას დაემატება ეს წიაღისეული სიმდიდრე, ჩვენ მხოლოდ დაგვჭირდება უფრო ჭკვიანურად, რაციონალურად და უფრო მიზანსწრაფულად ვიმოქმედოთ თანამედროვე მსოფლიოში მიღებული თამაშის წესებისა და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებისდა შესაბამისად.

გაზის მარაგის შემთხვევაში საქართველო მიიღებს ორმაგ სარგებელს - მოახდენს ბუნებრივი აირის ექსპორტს, ხოლო მეორე მხრივ, უკვე მოპოვებული, საქართველოში დატოვებული ბუნებრივი აირის ტექნოლოგიური თუ სხვა სამრეწველო და ეკონომიკური დანიშნულების გამოყენებისას შექმნის იმდენ დამატებით ჭარბ პროდუქტს, რომლის მოხმარებით და ექსპორტით საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდება".

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა