აუდიტის სამსახური სამინისტროების მასობრივ შემოწმებას იწყებს?! - კვირის პალიტრა

აუდიტის სამსახური სამინისტროების მასობრივ შემოწმებას იწყებს?!

"განსაკუთრებული ყურადღება აუდიტის სამსახურმა იმ დაწესებულებებს უნდა მიაქციოს, რომლებიც საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ"

"მე რომ დღეს სამინისტროებში შემოწმებაზე შემიშვათ აუდიტის სამსახურის ეგიდით, რამდენიმე თვეში კატასტროფულ შედეგებს გამოვიტან, რადგან როცა უკონტროლობაა"

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უახლოეს ხანში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო უწყებების ფართომასშტაბიან შემოწმებას იწყებს. სამსახურის ინტერესის საგანია როგორც უწყებებში პრემიებისა და დანამატების გაცემის სქემა, ასევე სამივლინებო და ადმინისტრაციული ხარჯები და სხვ. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ასეთი მასშტაბური შემოწმება დროული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფო უწყებები ხშირად უარს ეუბნებიან არასამთავრობო მონიტორებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რაც ბევრ ეჭვს აღძრავს.

ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი: "წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ სწორედ აუდიტის სამსახური უნდა იყოს ის უწყება, რომელიც შეამოწმებს ადმინისტრაციული ხარჯების თუ მართვის ეფექტურობას საჯარო დაწესებულებებში. მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში ყურადღებას ამახვილებენ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ წლებია ვმუშაობდით და ადრე ამას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მათ შორის არის პრემია-დანამატების გაცემის წესი, სამივლინებო ხარჯები, ავტომობილების შესყიდვა, საწვავის ხარჯები და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღება აუდიტის სამსახურმა იმ დაწესებულებებს უნდა მიაქციოს, რომლებიც საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ და შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ამ უწყებებში შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსები არარაციონალურად იხარჯება. მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ: დაახლოებით 2 წელიწადს ვედავებოდით ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მონაცემების მისაღებად. მოვიგეთ სასამართლო 2 ინსტანციაში, შემდეგ უზენაეს სასამართლოში. სწორედ იმ დროს ფინანსთა სამინისტროში აუდიტის სამსახური შევიდა და იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, მათ შორის პრემიებსა და ავტომობილების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს.

მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური არ ამოწმებს მხოლოდ კანონდარღვევას, არამედ ეფექტურობას, რაციონალურობასაც, რაც შესაძლოა, არც იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ არის მენეჯმენტის პრობლემა. პროკურატურას კი შესასწავლად მხოლოდ ის საკითხები გადაეცემა, რომლებიც შესაძლებელია კორუფციულ გარიგებებს თუ არამიზნობრივ ხარჯვას, სისხლის სამართლის დანაშაულს უკავშირდებოდეს. ისეთ საკითხებზე, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, აუდიტის სამსახური თავის დასკვნებში წერს, რათა რეკომენდაციების საფუძველზე ისინი გამოსწორდეს. სამწუხაროდ, რეკომენდაციებზე რეაგირება საკმაოდ დაბალია და ხშირად არც სრულდება. აქ კი მთავარი როლი პარლამენტმა უნდა შეასრულოს, რომელსაც აუდიტის სამსახური თავის დასკვნებს წარუდგენს. კანონმდებლებმა ქმედითი რეაგირება უნდა მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დარღვევებზე. როგორც ვიცი, პარლამენტში არც მოუსმენიათ აუდიტის ბოლო ანგარიშისთვის, რაც მეტად სამწუხაროა".

ნოდარ ებანოიძე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: "აუდიტის სამსახურს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ატარებს შემოწმებებს. გეგმაში კორექტირება პრეზიდიუმზე ხდება. ჩვენს სამუშაო ჯგუფში აუდიტის სამსახურის რამდენიმე ანგარიში მოვისმინეთ და არ მაქვს ცნობა, განზრახულია თუ არა გეგმის ზემოთ კიდევ რამე შემოწმებები. მათ გეგმაშიც საკმაოდ ბევრი შემოწმებაა ამ პერიოდშიც დაგეგმილი და ახლაც მიმდინარეობს. თებერვლის ბოლოსთვის გვექნება თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზი, რაც ძალიან დროულია, რადგან ეს ერთ-ერთი მწვავე და პრობლემური საკითხია. აუდიტის სამსახურის გარდა სხვა ვერ ნახავს, იცავენ თუ არა, მაგალითად, თვითმმართველობები კაპიტალური ხარჯების დონეს და სხვ.

საბიუჯეტო კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შევქმენით, სადაც მოდის აუდიტის ანგარიში და განვიხილავთ მათ რეკომენდაციებს. აუდიტის სამსახური ჩვენთან ერთად აწყობს პრეზენტაციას და შემდეგ მეორე მხარესაც ვუსმენთ. თუ რომელიმე რეკომენდაციის შესრულებაზე შემოწმებული ობიექტი უარს აცხადებს, განვიხილავთ და ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, აუდიტის რჩევები შეასრულოს. აუდიტის სამსახური აკეთებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, აგრეთვე შესაბამისობის აუდიტს, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს, არამედ მათ შესაბამისობასაც იკვლევს. ასევე არის ეფექტიანობის აუდიტი, სადაც სწავლობენ, რამდენად ეფექტურად იხარჯება თანხა. მაგალითად, თვითმმართველობებში მთავარი პრობლემაა კაპიტალური ხარჯების ნაკლებობა და ადმინისტრაციული ხარჯების სიდიდე. არის მუნიციპალიტეტები, სადაც 70%-ზე მეტი ადმინისტრაციის ხარჯია და კაპიტალური ხარჯი მხოლოდ და მხოლოდ დელეგირებული უფლებამოსილების ნაწილშია, ანუ ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური ფონდებიდან კეთდება. ჩვენ პირველად დავიწყეთ აუდიტის ანგარიშების გამოყენება მთავრობის კონტროლის მიზნით. არის მიმართულებები, სადაც შესაძლოა, კანონი არ ირღვევა, მაგალითად, პრემიისა და დანამატის გაცემის შემთხვევაში, მაგრამ არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამიტომ არის შესასწავლი ეფექტიანობა, შესაბამისობა და სხვ."

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

"მე რომ დღეს სამინისტროებში შემოწმებაზე შემიშვათ აუდიტის სამსახურის ეგიდით, რამდენიმე თვეში კატასტროფულ შედეგებს გამოვიტან, რადგან როცა უკონტროლობაა, როცა ხისტი კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები გადაცდომებს სჩადიან სახელმწიფო ფულის ხარჯვაში. ასაწყობია ის მექანიზმიც, რომ პროკურატურაში გაგზავნილი აუდიტის შედეგები რეაგირების გარეშე არ დარჩეს, შედეგები კი საზოგადოებასა და პარლამენტს მიეწოდოს. სწორია, რომ სახელმწიფო აუდიტის სისტემაში არ წყდება ყველაფერი და პროკურატურაში და შემდეგ სასამართლოში იგზავნება, მაგრამ ვერ ვხედავთ აწყობილ მექანიზმს, როცა რეაგირება სავალდებულოა რაღაც ვადებში. ვიმედოვნებ, ამჯერად ასე არ მოხდება. თუ აუდიტის სამსახურმა ყველაფერი კარგად შეამოწმა, დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ბევრი სამუშაო ექნება. ეს დაუცხრომელი მადა ბიუროკრატიისა პრემიებისა და დანამატების მიმართ უკონტროლობის შედეგია. ტოტალური უმუშევრობის ფონზე ღარიბ ქვეყანაში წრეგადასული დანამატები და პრემიები გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ ისინი ამას სტაბილურად იმეორებენ, რადგან არ არის პოლიტიკური ნება, რომ ეს უმსგავსობა აღიკვეთოს".