"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."
15-02-2016
"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."
"აუცილებელია თბოუნარიანობის დადგენა, რათა ვიცოდეთ, ფულს რისთვის ვიხდით"

რატომ გაეზარდა ზოგიერთ აბონენტს გაზის ხარჯი, მაშინ როდესაც იმავე რაოდენობის ბუნებრივ აირს მოიხმარს


მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად იქ ირღვევა, სადაც მონოპოლია არსებობს. საქართველოში ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები ჩამოყალიბდა და აბონენტების უკმაყოფილებასაც ყველაზე ხშირად სწორედ ამ კომპანიების მიმართ გაიგონებთ. ზოგი არასტაბილური ენერგომომარაგების გამო ჩივის, ზოგიც დაუსრულებელ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზოგსაც მიაჩნია, რომ კომუნალური გადასახადი უსამართლოდ დაარიცხეს. ბოლო დროს
კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - რამდენიმე მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ იმავე მოხმარების პირობებში, ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდათ. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა გათბობის სისტემებიც შეამოწმებინა, თუმცა ისინი გამართულად მუშაობდნენ. შესაბამისად, გაჩნდა ვერსიები, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რომ წნევაა დაბალი ან მრიცხველები არ მუშაობს
გამართულად. სპეციალისტები კი რამდენიმე არსებით გარემოებაზე საუბრობენ, რაც არა მხოლოდ აბონენტების უფლებებს, არამედ მათ უსაფრთხოებასაც ეხება.

სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე: "ფაქტობრივად, შეუძლებელია ბუნებრივ აირს ჰაერი ან სხვა გაზი შეურიონ. ეს შეიძლება მილებში აფეთქების მიზეზი გახდეს და ტექნიკურადაც ძნელია, რადგან ამისთვის საკომპრესორო სადგურები უნდა აშენდეს. გაზის წნევას რაც შეეხება, თბილისში გაზის მეურნეობის მშენებლობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა და მას შემდეგ ცენტრალური მაგისტრალები აღარ გაფართოებულა. ეს ქსელი კი ქალაქს ვეღარ აუდის, განსაკუთრებით, ზამთარში, როცა გაზის მოხმარება იზრდება და წნევაც ეცემა. ასეთი ძველი ქსელით სარგებლობა საშიშიც არის. სპეციალისტებმა იციან, რომ სხვადასხვა საშუალებით თუ შეძლებენ წნევის გაზრდას, გაცვეთილი და დაფხავებული ქსელი ვერ გაუძლებს, რასაც შესაძლოა უმძიმესი ავარიები მოჰყვეს.

დაბალი წნევის გამო ხარჯის მომატება უფრო სუბიექტური შეფასება მგონია. მიზეზი ბუნებრივი აირის კალორიულობაში უნდა ვეძებოთ, რამაც ყველაზე მეტად შეიძლება განაპირობოს ხარჯის გაზრდა.

არაერთ დაწინაურებულ ქვეყანაში მომხმარებელი გაზის საფასურს იხდის არა კუბური მეტრების, არამედ კალორიულობის მიხედვით, გაზის მრიცხველიც მოწოდებულ კილოკალორიებს აღრიცხავს. კალორიულობა გაზის თბოუნარიანობის საზომია, შედარებისთვის, ბენზინი რაც უფრო მაღალკალორიულია, მით მეტის გადახდა გვიწევს.
"ყაზტრანსგაზში" მოქმედებდა ლაბორატორია, სადაც გაზის შემადგენლობას ყოველდღიურად ამოწმებდნენ და კალორიულობა ყოველთვის იცვლებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა აირი სხვადასხვა ჭაბურღილიდან მოდიოდეს. გაზის დისტრიბუტორს ამ ინფორმაციის ფლობას კანონი ავალდებულებს, თუმცა მას შემდეგ, რაც "ყაზტრანსგაზი" ხელში "ნაცმოძრაობამ" ჩაიგდო, ლაბორატორიაც გააუქმეს და კომპანიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის შეეცადნენ. გაზის კალორიულობას ყურადღებასაც არ აქცევდნენ და მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობდნენ. დღეს ხარისხს მხოლოდ გაზის ტრანსპორტირების კომპანია ადგენს, რომელიც გაზისა და ნავთობის კორპორაციის შემადგენლობაში შედის და როგორც ჩანს, "ყაზტრანსგაზი" სახელმწიფო კომპანიის მონაცემებს ეყრდნობა. გამოდის, კერძო დისტრიბუტორი ბრმად ენდობა სახელმწიფო კომპანიას, შესაბამისად, არც ჩვენ ვიცით, რას ვყიდულობთ დისტრიბუტორისგან".

სალომე ვარდიაშვილი, ენერგოომბუდსმენი:
"წლეულს ნაკლებად, მაგრამ შარშან მართლაც რომ საჩივრების ბუმი გვქონდა, მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ გაზს წნევა არ აქვს, გამათბობელს ვერ ვრთავთ, კალორიულობაა დაბალიო და სხვ. გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ბევრჯერ მივმართეთ, ჩავრთეთ ჩვენი მრჩევლები. აღმოჩნდა, რომ კალორიულობის მხრივ სწორედ ისეთი გაზი მოგვეწოდება, როგორიც უნდა მოგვეწოდებოდეს და ამას გაზის ტრანსპორტირების კომპანია განსაზღვრავს. მიჩნეულია, რომ გამანაწილებელი კომპანიები ხარისხიან გაზს იღებენ, შემოწმება კი არ შეუძლიათ".

შოთა მესტვირიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრის პროფესორი:
"ერთი და იმავე საბადოდან წამოსული გაზიც კი, დროთა განმავლობაში, შემადგენლობასა და შესაბამისად, კალორიულობას იცვლის. ამიტომ არის აუცილებელი თბოუნარიანობის დადგენა, რათა ვიცოდეთ, ფულს რისთვის ვიხდით. ბევრი სხვა დარგის მსგავსად, გაზშიც დღეს საბჭოთა დროინდელი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ, რომლის თანახმადაც, გაზის კალორიულობა 7 600 კილოკალორიაზე ნაკლები არ უნდა იყოს. გაზის ტრანსპორტირების კომპანია გვეუბნება, რომ მაგალითად 12 თებერვალს აზერბაიჯანული გაზის თბოუნარიანობა 8 500 კილოკალორიამდე იყო, ხოლო რუსული გაზის - 8 100. მაგრამ მომწოდებლიდან მომხმარებლამდე გაზს დიდი გზა აქვს გასავლელი და მომწოდებლის შემდეგ რა ხდება და რა ხარისხის გაზი მოგვეწოდება, არავინ იცის".

ლალი კაკაშვილი, "ყაზტრანსგაზის" ბუნებრივი გაზის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი:
"2009 წლიდან, რაც ლაბორატორია დაგვიხურეს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვასწავლი. გაზის თბოუნარიანობა რამდენჯერმე გავზომეთ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში და ის ნამდვილად შეესაბამებოდა სტანდარტს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საერთო სურათს ვერ მოგვცემს. როცა ლაბორატორია მოქმედებდა, კერძო კომპანიებიც გვიკვეთდნენ კვლევას, თბოუნარიანობის მიხედვით ხარჯს ითვლიდნენ და ამას პროდუქციის ფასწარმოქმნაში ითვალისწინებდნენ.

გაზის თბოუნარიანობის მაჩვენებლების განსაზღვრა მაშინაც არის საჭირო, როცა გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად საპროექტო გათვლა კეთდება, რადგან ხარჯი გაზის კალორიულობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ალტერნატიული წყაროს არქონის გამო იძულებული ვართ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაჩვენებლებს ვენდოთ.
ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: ლაბორატორიაში ბუნებრივი აირის ოდორიზაციის მაჩვენებელს, ანუ სუნის ინტენსივობასაც ვამოწმებდით. სწორედ ოდორანტის, მძაფრი სუნის მქონე ტოქსიკური ნივთიერების დამატება აძლევს გაზს იმ სუნს, რომელიც ხალხში "გაზის სუნით" არის ცნობილი. ეს ნივთიერებაც აირში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ უნდა შეურიოს და აკეთებს თუ არა ამას, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ გაზის სუნის მიხედვით, რომელიც ბოლო დროს არ იგრძნობა. სახელმწიფო დანაშაული იყო ლაბორატორიის გაუქმება, რადგან ფაქტობრივად ეს იგივეა, ბომბი გავუგზავნოთ ადამიანებს შინ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით