მერმა თავი იმართლა, ბრძანებაზე ჩემი ხელმოწერაა, მაგრამ გეფიცებით, "ჩამიდესო"
22-02-2016
მერმა თავი იმართლა, ბრძანებაზე ჩემი ხელმოწერაა, მაგრამ გეფიცებით, "ჩამიდესო"
"გვაქვს ინფორმაცია სხვა ფაქტების შესახებაც, მათ შორის ერთი თბილისის ბიუჯეტის თანხებით პლასტიკური ოპერაციის, მეორე შემთხვევაში კი პროთეზირების თანხებს ეხება"

"ნარმანიას გადადგომის საკითხი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად დაისმება"

იმ ფონზე, როცა თბილისელების დიდი ნაწილი მერიის მუშაობით უკმაყოფილოა, ქალაქის მთავრობის ისეთი ქმედებების შესახებ ხდება ცნობილი, რაც ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ძნელი სათქმელია, ეყოფოდა თუ არა 5.400 ლარი თბილისში ერთი ორმოს ამოვსებას, თუმცა "სოციალურად დაუცველი" პროკურორის ქალიშვილის საფრანგეთში სწავლა-განათლების დაფინანსებას კი ეყო. მართალია,
მერმა თავი იმართლა, ბრძანებაზე ჩემი ხელმოწერაა, მაგრამ გეფიცებით, "ჩამიდესო", თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის, რაც მერს "ჩაუდეს", თბილისელებს ამოაცალეს ჯიბიდან. კიდევ უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ეს სულაც არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველის ტყავში გადაცმული "მგლები" ბიუჯეტს ძარცვავენ.

გასულ კვირას
დავით ნარმანიას ხელმოწერით დადასტურებული ის ბრძანება გა­მომზეურდა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისან-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა. თანხა პროკურორის ქალიშვილისთვის, რომელიც თავად მერიის თანამშრომელია, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოიყო მათი ოჯახის "მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით". მერიამ შიდაუწყებრივი მოკვლევა ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ დაიწყო და ვიდრე "მთავარ" დამნაშავეს იპოვიდნენ, ისანი-სამგორის პროკურორმა მისი შვილის პარიზში სწავლისთვის გამოყოფილი თანხა მერიას დაუბრუნა და განმარტებაც გააკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ თურმე არ იცოდა, რომ მისი შვილის სორბონის უნივერსიტეტში სწავლა-განათლებისთვის თანხა სოციალურად დაუცველის სტატუსით გამოიყო. ცნობისთვის, ლეონიდ გერგედავა ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორი იყო და ამ თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილის დროს დაინიშნა.

შიდაუწყებრივი მოკვლევის საფუძველზე მერიაში "მთავარი დამნაშავე" ბრძანების გახმაურებიდან მეორე დღესვე იპოვეს. განმარტეს, რომ მერი შეცდომაში შეიყვანეს და პასუხისმგებლობა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელს დააკისრეს, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "როცა ასეთი ფაქტების შესახებ მესმის, ნარმანიასთან ის პრეტენზია კი არ მიჩნდება, რომ ამაში გარეულია, არამედ პრეტენზია მაქვს, რომ ვერ აკონტროლებს ვითარებას იმ დონეზე, ვინმემ ასეთი რამ ვერ გაბედოს. შესაბამისად, ის სუსტი მენეჯერია და საკმარისად მკაცრი არ არის. თუმცა ისიც გვახსოვს, რომ წინა მერი ბიუჯეტის ფულით ლას-ვეგასში წავიდა ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, ვითომდა გამოცდილების გასაზიარებლად და, ფაქტობრივად, კაზინოდან არ გამოსულა...
რაც შეეხება იმას, დათვლილია თუ არა ნარმანიას მერობის დღეები, ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან "ქართულ ოცნებას" დღეს არა აქვს საიმისო პოლიტიკური რესურსი, რომ რიგგარეშე არჩევნები მოაწყოს.

ვვარაუდობ, რომ ნარმანიას გადადგომის საკითხი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად დაისმება. მანამდე ამის გაკეთება "ქართული ოცნებისთვის" მეტად სარისკო იქნება, რადგან მერის არჩევნების შესაძლო წაგება უარყოფითად აისახება საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ნარმანია დისტანცირებული იქნება რეალური მმართველობისგან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი სუსტი მენეჯერი "ქართული ოცნების" მთავრობაში იშვიათი არ არის."
ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი: "ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონკრეტული თანამდებობის პირისთვის გამოიყენეს დედაქალაქის ბიუჯეტი. იგივე იყო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საკრებულოს დეპუტატების წასვლა, რაც 27 ათასი ლარი დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს. გვხვდება სხვა შემთხვევებიც, როცა მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თბილისის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოციალური შეღავათით სარგებლობენ. მათ შორის არის ოპერაციის დაფინანსება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სტუდენტის დახმარება თუ ერთჯერადი ფულადი დახმარება. მაგალითად, თბილისის საკრებულოს დეპუტატ გულიკო ზუმბაძის შვილი საკრებულოში თანამშრომლად იყო გაფორმებული, მიუხედავად იმისა, რომ არ დადიოდა სამსახურში, ანაზღაურებას კი იღებდა. დეპუტატ ია მაქაცარაშვილის შვილი, რომელიც პირველი კურსის სტუდენტია, ასევე გაფორმებული იყო საკრებულოში და ანაზღაურებას ისიც იღებდა.
აუცილებელი ხომ არ არის, ყველას მერმა გადაურიცხოს სწავლის გადასახადი? ამ შემთხვევაში, საკრებულოს დეპუტატმა შვილის სწავლის გადასახადის დაფინანსებისთვის ირიბი გზა მოძებნა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ახლო მომავალში წარმოგიდგენთ, რომ საკრებულოს დეპუტატისა და
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ მალაღურაძის ოჯახის წევრმა ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიიღო.

გვაქვს ინფორმაცია სხვა ფაქტების შესახებაც, მათ შორის ერთი თბილისის ბიუჯეტის თანხებით პლასტიკური ოპერაციის, მეორე შემთხვევაში კი პროთეზირების თანხებს ეხება. გაფლანგვის მაგალითია მეწარმეობის განვითარების ცენტრი, რომელსაც ნარმანიას მეგობარი და ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობს. 2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, ამ ცენტრს დაფინანსება გაუზარდეს, თუმცა ცოტა ხნის წინ მერიამ ის გააუქმა. არადა, იმთავითვე ვამბობდით, რომ უწყება გასაუქმებელი იყო და მხოლოდ რამდენიმე კაცის დასაქმებას ემსახურებოდა. საკადრო ცვლილებებს მერიაში კიდევ ველოდებით. ნარმანიას კადრებიდან ერთი მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე დარჩა, რომელსაც აიპ-ი აქვს - ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი და ისიც გასაუქმებელია. მისი 3-მილიონიანი დაფინანსებიდან ნახევარ მილიონამდე შრომის ანაზღაურებას ხმარდება".

"ნარმანია პასუხს აგებს იმ ხალხზე, რომლებიც მიიღო სამსახურებში"

ლია მუხაშავრია, იურისტი:
"ჩვენს საჯარო მოხელეებს ძალიან კარგი ხელფასები დავუნიშნეთ და კეთილი ინებონ და ამ ხელფასიდან გადაინახონ თანხები, თუ უნდათ, შვილს ასწავლონ უცხოეთში. მის შვილს ვუსურვებ წარმატებას, ოღონდ არა სოციალურად დაუცველების და არა ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე. თბილისის მერი პასუხს აგებს იმ ხალხზე, რომლებიც მიიღო სამსახურებში და რომლებიც ასეთ სიყალბეს კადრულობენ. დიდი ხმაური იყო, რომ კონკურსები და კადრების შერჩევა სწორად არ მიმდინარეობდა, ამას ეს ფაქტებიც ადასტურებს. რომ არ ყოფილიყო პროკურორი და ყოფილიყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველი არ არის, ეჭვი მაქვს, მერიის თანამშრომელი ასეთ სიყალბეს არ ჩაიდენდა. უნდა დადგინდეს, უბრალოდ გაყალბება იყო თუ სერიოზული სამოხელეო დანაშაული, მათ შორის - ქრთამი".

"არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდა"

ლეონიდ (დავით) გერგედავა, პროკურორი: "ჩემმა შვილმა, თამარ გერგედავამ, წარმატებით ჩააბარა გამოცდები სორბონის უნივერსიტეტში ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. სწავლა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ჩემი ოჯახი ვერ შესწვდებოდა საფასურის გადახდას და ის სასწავლებლად ვერ წავიდა. 2015 წლის ივლისში თამარმა იმავე უნივერსიტეტში ფრანგულენოვან ფაკულტეტზე ჩააბარა, რაც გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ვიდრე სორბონის უნივერსიტეტიდან"პასუხი მოვიდოდა, თამარმა ტესტირება გაიარა თბილისის მერიაში - 60-დან 58 ქულა მიიღო და იურიდიულ სამსახურში სპეციალისტად დაინიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ, დადებითი პასუხი მოვიდა უნივერსიტეტიდან და გარკვეული თანხის მობილიზება მოვახერხეთ, ხოლო ნაწილის მოძიებაში მისმა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. თამარმა მე და დედამისს გვითხრა, რომ სამსახური უფინანსებდა საფრანგეთში გამგზავრებისთვის საჭირო თანხის ნაწილს. ჩავთვალე, რომ თბილისის მერიას ჰქონდა პროგრამა ან ფონდი, რომელიც თანამშრომლებს განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდა. რომ მცოდნოდა, ჩემი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდებოდა, ამას ნამდვილად არ დავუშვებდი, რადგან მეც და ყველამ, ვინც მიცნობს, ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათი ტკივილი... ტელევიზიით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი დაფინანსდა სოციალურად დაუცველის სტატუსით, ვინაიდან სტატუსი არ შეესაბამება სიმართლეს, აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში დავაბრუნე".

ტენდერი თუ სტარტაპი?!


"მედიატორი" მერიის სხვა დარღვევებზეც საუბრობს და მაგალითად რამდენიმე ელექტრონული ტენდერი მოჰყავს­, სადაც ახალდაფუძნებული და გამოუცდელი კომპანიები იმარჯვებენ, რაც ბევრ კითხვას აჩენს და შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

ლევან ხაბეიშვილი: "2016 წლის 18 იანვარს თურქეთის მოქალაქე ჰასან გიულუქმა დააფუძნა კომპანია, რომელმაც უკვე 3, 4 და 5 თებერვალს თბილისის მერიასთან გააფორმა 4 ხელშეკრულება 347 ათასი ლარის საერთო ღირებულებით. ეს ფაქტი იმითაც არის საინტერესო, რომ 2 კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ მერიისგან მსხვილი კონტრაქტი მიიღო. კიდევ უფრო საინტერესო გარემოებებს აღმოვაჩენთ, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ჩავიხედავთ. პირველი ტენდერი, სადაც გამწვანება-დეკორაციის მომსახურება 110 ათას ლარად იყო შეფასებული, თურქეთის მოქალაქემ 39 ათას ლარად მოიგო. ანუ ფასი, ფაქტობრივად, 70%-ით შეამცირა. მას 3 კონკურენტი ჰყავდა, მაგრამ ფასით კონკურენცია ვერ გაუწიეს. ფასის ასეთი მკვეთრი შემცირებისას კონკურენტებს ან უნდა ეფიქრათ, რომ ამ კომპანიის უკან მდგომი ადამიანი გიჟია, ან მას დალაგებული აქვს მერიასთან ურთიერთობა და ტენდერი მან უნდა მოიგოს. სხვა საკითხია, რომ თუ 39 ათასად იყო შესაძლებელი ამ სამუშაოების შესრულება, 110 ათასი ლარი რატომ დააფიქსირეს, ხომ შეიძლებოდა, 100 ათას ლარად მოეგო ვინმეს ეს ტენდერი და ბიუჯეტი გაფლანგულიყო... გამოდის, სატენდერო დოკუმენტაციის შემდგენელია დასაჭერი. კიდევ 3 ტენდერში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია. სხვა უცნაურობა ის არის, რომ ყველა ეს ტენდერი მებაღეობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზეა გამოცხადებული და სატენდერო პირობებში მითითებული არ არის კონკრეტული მისამართები, სად უნდა შესრულდეს ეს სამუშაოები...
კიდევ ერთი ტენდერი და მერიისგან თითქმის მილიონლარიანი შეკვეთა რუსეთის მოქალაქე რამინ მამედოვმა მიიღო. მან კომპანია 2016 წლის 6 იანვარს დააფუძნა და 2-3 კვირაში მერიასთან 906 ათას ლარზე გააფორმა ხელშეკრულება. სამუშაოები ეხება თბილისში საგზაო მოძრაობისთვის დადგენილი წესებისთვის მონიშვნებსა და მის დახაზვას. 2015 წლის სამუშაოები რომ ვერ სრულდებოდა, დედაქალაქის მერმა თავის თავს კი არ დააბრალა, არამედ თქვა, რომ კომპანიები ვერ ასრულებდნენ ამ სამუშაოებს, რადგან ხან შესაბამისი ტექნიკა არ ჰქონიათ და ხანაც გამოცდილება. ამის პრევენცია იქნებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში პრეტენდენტი კომპანიების გამოცდილებისა და სამუშაოების შესრულების გარანტიების მითითება. ჩვენ კი, პირიქით, მივიღეთ სურათი, როცა მხოლოდ 2016 წელს 3 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულებებია დაკონტრაქტებული ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც არსებობის, მაქსიმუმ, 1-წლიანი ისტორია აქვთ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით