ბონიდან ლარამდე - კვირის პალიტრა

ბონიდან ლარამდე

თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი 1991 წელს (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ) სახელმწიფო ბანკის ბაზაზე შეიქმნა, თუმცა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში არსებობდა.

მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ერთი მმართველი და 9 პრეზიდენტი ჰყავდა.

1918 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს რესპუბლიკამ საკუთარი ვალუტის შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ 1919 წელს დროებითი გადახდის საშუალება -ქართული ბონი დაბეჭდეს. ქართული ვალუტის ემისიის უფლება იმ დროს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, ამიტომ ქართულ ბონებზე დატანილია დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ფაქსიმილე. ქართულ ბონებზე გამოსახული იყო ქართული გერბი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო.

ქართული სახელმწიფო მუშაობდა ეროვნული ვალუტის შექმნაზეც, სახელიც მოფიქრებული ჰქონდათ, მას მარჩილი უნდა დარქმეოდა. ცნობილი მხატვარი ევგენი ლანსერე ხატავდა ერთ-ერთი ნომინალის ნიმუშს, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მარჩილის გამოშვება არ დასცალდათ.

ლარის თავგადასავალი

კუპონი მიმოქცევაში 1993 წელს გამოჩნდა, ის ინგლისში დაბეჭდეს. მთელი წლის განმავლობაში კუპონის კურსი დიდ რყევებს განიცდიდა და მკვეთრად უფასურდებოდა. რამდენიმე თვის განმავლობაში 1 დოლარის ღირებულება 5.690 კუპონიდან 102.300 კუპონამდე გაიზარდა.

კუპონები დროებითი გადახდის საშუალება იყო და არა ეროვნული ვალუტა. რა თქმა უნდა, ისიც ჩვენი ფულის ისტორიის ნაწილია.

1994 წელს, როცა საქართველოში ჰიპერინფლაცია განვითარდა, სახელმწიფომ კუპონის მილიონიანი ბანკნოტიც კი მოჭრა. 1994 წლის შემოდგომაზე 1 დოლარი 2 400 000 კუპონიც კი ღირდა.

1995 წელს, ლარის შემოღებისას, სახელმწიფო კურსი იყო 1 მილიონი კუპონი 1 ლართან. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კი 1,3 ნიშნულზე აღინიშნა და ამ ფარგლებში მერყეობდა 1996-1998 წლებშიც.

1998 წლის შემოდგომიდან, რუსეთის კრიზისის ფონზე, ლარის კურსი გაუფასურებას იწყებს და ოქტომბერში ჯერ 1,40-იან ნიშნულს სცდება, წლის ბოლოს კი 1 დოლარის ღირებულება 2,10 ლარს აჭარბებს.

1999 წლის თებერვალში ლარი თავის პირველ ისტორიულ მინიმუმს აღწევს და 2,45- ლარიან ნიშნულს სცდება.

2000-2005 წლებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,70-2,20 ლარის დიაპაზონში მერყეობს.

2006 წელს ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2007 წლის ბოლომდე 1 დოლარის ფასი 1,60-1,80 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

2008 წლის აგვისტოში ლარის კურსი 1,39 ლარამდეც კი გამყარდა, შემდეგ კი მცირე ბიჯებით 1,70-მდე გაუფასურდა.

2009 წლის 26 თებერვალს, როცა ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა 1 დოლარი 1,67 ლარი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ლარმა გაუფასურების ისტორიული მინიმუმი "გააუმჯობესა" და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,45-იან ნიშნულს მნიშვნელოვნად გასცდა.

დაკითხვაზე მისულმა თავი მოიკლა (?!)

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი 1994 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მან შსს-ში დაკითხვაზე მისულმა მოიკლა თავი. ეროვნული ბანკიდან მისი წამოსვლის შემდეგ ინფლაციის დონემ ქვეყანაში 50-60%-ს მიაღწია, რაც ეროვნული ბანკიდან რამდენიმე ასეული მილიარდი კუპონის მოცულობის გაცემულ სესხებს უკავშირდებოდა, რომელსაც ძირითადად დეპუტატები და მაღალი თანამდებობის პირები ან მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებდნენ.

სწორედ ამ დროიდან ხდება დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ოფიციალური აღრიცხვა.