"პირველი მკვლელი თამბაქოა!" - კვირის პალიტრა

"პირველი მკვლელი თამბაქოა!"

ვინ დაბლოკა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია, რომლის შესახებ დადგენილებას ირაკლი ღარიბაშვილმაც მოაწერა ხელი

"თუ 10 წლის წინ საქართველოში ყოველი მეხუთე თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით იღუპებოდა, დღეს წელიწადში ყოველი მეოთხე, ანუ 11 ათასი ადამიანი იღუპება"

საქართველო მწეველთა რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. თუ 8-10 წლის წინ ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით წელიწადში რვა ათასი ადამიანი იღუპებოდა, დღეისათვის ეს ციფრი 11 ათასამდეა გაზრდილი. როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე? დაახლოებით ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, თამბაქოს წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება დაიწყო, თუმცა, პროცესი მალევე შეფერხდა. როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე გვიყვება, თამბაქოს ინდუსტრიამ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება ლობისტების დახმარებით შეაჩერა:

- 2013 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება გამოაცხადა. მარტშივე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციაც ჩაერთო. პროცესი ისე დინამიკურად წარიმართა, რომ ამავე წლის ივნისში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია შემუშავდა, 2013 წლის ნოემბერში კი სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა. გეგმაში კონკრეტულად იყო გაწერილი რეკლამის სრულად აკრძალვა, სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს გაყიდვის მინიმალური ზღვრის დაწესება და ა.შ. კონცეფციაში ვადებიც კი განსაზღვრული გახლდათ. ამავე დროს, შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც, რომელიც 7 კანონში ცვლილებებს გულისხმობდა. ერთი სიტყვით, პროცესი დაიწყო და რაც მთავარია, პრემიერმა ღარიბაშვილმა დადგენილებასაც მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით კონკრეტულ სამინისტროებს შესაბამისი დავალებები მიეცა. მაგრამ ყველაფერი სწორედ პრემიერის დადგენილების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა - მისი ბრძანება დღემდე არ შესრულებულა.

- რა იყო ამის მიზეზი?

- ზუსტად ვიცით, რომ მთავრობის ისტორიული გადაწყვეტილებების პარალელურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების დაბლოკვის მიზნით ინტენსიური ქმედებები დაიწყეს. საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი ჩამოვიდნენ, რომლებიც მაღალჩინოსნებთან ფარული გარიგებების მიღწევას ცდილობდნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი დაუკავშირდნენ ღარიბაშვილის სიმამრსაც და თამაზ თამაზაშვილმა ეს პროცესი პრემიერის დონეზე გააჩერა.

თუმცა, ბუნებრივია, თამაზაშვილის ჩარევა ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები აღმოჩნდნენ ეკონომიკურ საბჭოში, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებშიც. ეკონომიკის სამინისტროში განსაკუთრებით აქტიურობდა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ირაკლი მატკავა. დღეს ის თანამდებობაზე აღარ არის და ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს. ინდუსტრიას ლობი ჰყავს პარლამენტშიც - გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე მათ ინტერესებს დაუფარავად იცავენ. დეპუტატებთან საუბრისას ტყემალაძემ ასეთი არგუმენტი მოიყვანა - ჯერ ფულის შოვნა გვაცალეთ და მერე აამუშავეთ შეზღუდვებიო. თოფაძე კი, მოგეხსენებათ, თვითონ არის თამბაქოს მწარმოებელი და ცდილობს, საკუთარი ბიზნესინტერესები დაიცვას.

- თუ კონკრეტული მაგალითები გაქვთ, რატომ არ აწვდით ინფორმაციას შესაბამის უწყებებს?

- ეს ინფორმაცია მთავრობას ორი წლის წინ მივაწოდეთ. მთავრობამ პროკურატურას დაავალა, შემთხვევები შეესწავლა, მაგრამ უწყება დღემდე ხმას არ იღებს. პროკურატურას რამდენჯერმე ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება, რომელი მაღალჩინოსნების ბრალეულობა იკვეთება, ან ვინ დაიკითხა ამ საქმეზე, მაგრამ პასუხს ვერ ვეღირსეთ. ცოტა ხნის წინ პროკურატურას ასეთივე თხოვნით მიმართა სახალხო დამცველმაც, მაგრამ პასუხი ვერც ნანუაშვილმა მიიღო. წინა ხელისუფლების დროსაც ასე ხდებოდა - ნიკა გილაურმა თავისი მარჯვენა ხელი, ნიკო მჭედლიშვილი თამბაქოს საერთაშორისო კომპანიაში "დაასაქმა", რომელიც არაფორმალურად ჯანდაცვის სამინისტროს აკონტროლებდა.

- ჯანდაცვის სამინისტროსაც სდებთ ბრალს თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაში? თქვენი ინფორმაციით, როგორ იბლოკებოდა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის დაწყება?

- ბლოკირება გამოიხატებოდა ვადების მაქსიმალურად გაწელვით. იწერებოდა გაურკვეველი ტიპის რეზოლუციები, რომელსაც იურიდიული დეპარტამენტი არ უნდა წერდეს. დროის გაწელვა აპრობირებული მეთოდია. ჯანდაცვის სამინისტროში დღემდე მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებს იცავდნენ. ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე თამბაქოს მწარმოებლებთან აშკარად გარიგებული არიან და თუ საჭირო იქნება, მათ გვარებს საგამოძიებო უწყებასაც დავუსახელებ. თუ 10 წლის წინ საქართველოში ყოველი მეხუთე თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით იღუპებოდა, დღეს წელიწადში ყოველი მეოთხე, ანუ 11 ათასი ადამიანი იღუპება. ასე რომ, პირველი მკვლელი სწორედ თამბაქოა და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლების შემოსავალი წელიწადში მილიარდამდეა. თამბაქოს საწინააღმდეგო კანონპროექტების განხილვის შეფერხებას ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა, უარყოფენ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებით მათი უწყებაა დაინტერესებული.

ლელა სტურუა: - არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი და თამბაქოს საწინააღმდეგო სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენელი:

- პრემიერის დავალებით მართლაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც კანონმდებლობაში ცვლილებებსაც ითვალისწინებდა. სამწუხაროა, რომ პარლამენტში მათი განხილვა შეფერხდა, მაგრამ ეს ჯანდაცვის სამინისტროს ბრალი არ გახლავთ, მით უმეტეს, რომ სამუშაო ჯგუფს სწორედ ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. არც იმას ვადასტურებ, რომ ჩვენს უწყებაში, განსაკუთრებით კი - იურიდიულ დეპარტამენტში, ვინმე თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებს ლობირებს.

საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წარმოება რთულია, ამ ბიზნესს ძლიერი ლობი ჰყავს. კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვა სწორედ ამ ლობის დამსახურებით გადაიდო.

გოგი თოფაძე: - მთავრობამ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი წარმოადგინა და პირველი მოსმენით განვიხილეთ, მაგრამ მერე პროცესი შეჩერდა. ბევრი ცვლილებებს ეთანხმება, ნაწილი კი წინააღმდეგია. მხოლოდ "მრეწველები" ხომ არ ვწყვეტთ აქ საკითხს, უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

ვფიქრობ, ამ საკითხზე მუშაობა მალე დაიწყება. რაც შეეხება ლობირებას, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემი ბიზნესსაქმიანობა ლობირებას არ ნიშნავს...

რას იძიებს პროკურატურა ან რომელი მაღალჩინოსნების ბრალეულობა გამოვლინდა - ამის გარკვევა უწყებაში ვცადეთ, თუმცა, დაპირების მიუხედავად, პროკურატურისგან კონკრეტული პასუხი ჯერ ვერ მივიღეთ.

როგორც "კვირის პალიტრას" სახალხო დამცველმა განუცხადა, თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავებაში თვითონაც არის ჩართული

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი: - ჩვენი აპარატი ამ დრომდე სწავლობს, სრულდება თუ არა საქართველოში თამბაქოს კონტროლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულების მხრივ სერიოზული დარღვევები ფიქსირდება, ამ მიმართულებით კი, უახლოეს მომავალში საზოგადოებას კვლევის შედეგებსა და კონკრეტულ ანგარიშსაც გავაცნობთ.

რუსუდან შელია