რა მოვუხერხოთ "თავს დამტყდარ" უმუშევრობას - კვირის პალიტრა

რა მოვუხერხოთ "თავს დამტყდარ" უმუშევრობას

"დღეს ჩვენ უკუდო ამპარტავნობა გვჭირს, რადგან პროფესიული განათლების მიღება რატომღაც ახალგაზრდებისთვის არაპრესტიჟულად მიიჩნევა"

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეს საქართველოში უმუშევრობისა და სიღარიბის დონეები დაახლოებით 12 პროცენტის ფარგლებშია, არაოფიციალურად კი სტაბილური სამსახურისა და შემოსავლის არმქონეთა რაოდენობა გაცილებით მეტია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს 2015 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომ დასაქმებისა და უმუშევრობის ბოლო ტენდენციებზე ვისაუბროთ, თუმცა ლარის კურსის გაუფასურებისა და შემცირებული ინვესტიციების ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობა თუ არ გაიზრდებოდა, შემცირებით ნამდვილად არ შემცირდებოდა.

ე.წ. დასაქმების საიტების დაკვირვებით, საქართველოში ყოველდღიურად სამსახურს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ეძებს. ამავე ვებგვერდებზე განცხადებებს დამსაქმებლებიც აქვეყნებენ. მოთხოვნები სამსახურის მაძიებელთა შესაძლებლობებს ხშირად არ ემთხვევა, სხვა სიტყვებით, მწვავედ დგას არაკვალიფიციური კადრების პრობლემა. კიდევ უფრო ცუდი კი ის არის, რომ პროფესიული განათლების მიღება ჩვენში ან არაპრესტიჟულად მიიჩნევა, ან ვიღაც ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ასაკის გამო უკვე დაგვიანებულია.

ლევან ქისტაური, ეკონომიკის დოქტორი: "ლარის დევალვაციის გამო ბიზნესიც და მოსახლეობაც დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კომპანიებსა და მოსახლეობას ძალიან გაეზარდათ ხარჯები დოლარში აღებულ სესხებზე, შესაბამისად, შეუმცირდათ დანაზოგი, სავარაუდოდ, გაეზრდებოდათ გადაუხდელი ვალდებულებებიც - არა მხოლოდ ბანკების წინაშე, სამეურნეო სუბიექტების ვალდებულებები ერთმანეთის მიმართაც. ყველაფერი ეს ფინანსურ მდგომარეობას მძიმედ აწვება და არ არის გამორიცხული, ვინმემ კადრების ოპტიმიზაცია გააკეთოს ან ხელფასები შეამციროს.

სოციალური ფონის გაუმჯობესების უმთავრესი წინა პირობა ეკონომიკური ზრდაა. მის გარეშე სოციალური სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია. ეს პრობლემა განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი, მეორე ნახევრიდან კი ვითარება უნდა დასტაბილურდეს და ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის აქტივობის ტემპები უნდა გაიზარდოს.

დიდი პრობლემაა ქვეყანაში პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია და ასევე დიდი პრობლემაა შრომისმოყვარეობა. ყველას უნდა სამსახური, მაგრამ ერთია, რომ კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით და მეორეა, რომ ეს ფრაგმენტულად ვლინდება და არა ინტენსიურად. თანამშრომლის აყვანა მინდოდა და ინტერნეტსაიტზე გამოვაცხადე ვაკანსია მაღალი ხელფასითა და დეტალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებით. რამდენიმე ასეული CV შემოვიდა, აქედან გადავარჩიე და გავესაუბრე დაახლოებით 90 ადამიანს, თუმცა სამსახურში ერთიც ვერ ავიყვანე, რადგან სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებდნენ მითითებულ პირობებს. ხშირად გვესმის საყვედური, რომ ამა თუ იმ სამუშაოზე უცხოელები არიან დასაქმებული. რა ვქნათ, თუ ადგილობრივი კადრების კვალიფიკაცია პროფესიულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს? პრობლემის მოგვარებას წლები დასჭირდება და სამწუხაროდ, ვერც ვხედავ რამე ნაბიჯს სახელმწიფო დონეზე, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყოს".

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ საქართველოს ათეულობით წლების განმავლობაში ჰქონდა სრულიად განსხვავებული ეკონომიკური სტრუქტურა, რადგან ერთიანი საბჭოთა ბაზრის მომსახურებაზე იყო ორიენტირებული. და როცა საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში წარდგა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არსებულ სტრუქტურასა და პოტენციალზე მოთხოვნა არ იყო და გასაღების ბაზრის მოძიებაც თავიდან მოუხდა. ახლა მთავარია, სამსახურის მაძიებლებს ავუხსნათ - მოლოდინი, რომ სახელმწიფო ყველაფერს დაალაგებს, მეტისმეტად გადაჭარბებულია. ყველაზე დიდი, რაც სახელმწიფოს ამ ეტაპზე შეიძლება მოვთხოვოთ, სამართლიანი თამაშის წესებისა და სამეწარმეო გარემოს შექმნაა. თავად კი კვალიფიკაციისა და ცოდნის მუდმივ განახლებაზე უნდა იზრუნონ. ყოველი წარუმატებლობა უნდა გახდეს სტიმული, რომ გავაანალიზოთ, რატომ ხდება ასე და შევეცადოთ პრობლემების გამოსწორებას, რათა ჩვენი ადგილის დამკვიდრება შევძლოთ. ეკონომიკაში არის მოთხოვნა საშუალო-პროფესიული ტექნიკური განათლების მქონე პირებზე და ამავე დროს, საკმარისი რაოდენობით შესაბამისი სპეციალისტები არ გვყავს. დღეს ჩვენ უკუდო ამპარტავნობა გვჭირს, რადგან პროფესიული განათლების მიღება რატომღაც ახალგაზრდებისთვის არაპრესტიჟულად მიიჩნევა. სინამდვილეში არაპრესტიჟულია ასეთი დამოკიდებულება შრომისადმი, სხვის კმაყოფაზე ყოფნა და კიდევ უარესია სხვისი ქონების არამართლზომიერად მითვისება. სახელმწიფომ უნდა წარმოაჩინოს პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობა და მოქალაქეებს აუხსნას, რომ შრომის ბაზარზე არსებობს მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და უნდა შევძლოთ და ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. სხვაგვარად უმუშევრობის დაძლევა წარმოუდგენელია".