ავტობაზარზე ისევ გამყინვარებაა - კვირის პალიტრა

ავტობაზარზე ისევ გამყინვარებაა

ვაჭრობის გამოცოცხლებას დილერები აპრილში ელოდებიან

კითხვას - რა ხდება ამჟამად ავტობაზარზე, ავტომობილების იმპორტიორები მოკლედ ასე პასუხობენ: "კარგი არაფერი". დილერების თქმით, ახლა ავტობაზარზე გამყინვარების პერიოდია, რაც სეზონურად, იანვრის მეორე ნახევრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. ისინი იმედს აპრილზე ამყარებენ, როცა ბაზარზე გამოცოცხლება იწყება და გაყიდვებიც შედარებით მატულობს.

თუმცა, განსხვავებულ სურათს უჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა. მთავრობის მონაცემებით, როგორც ახალი ავტომობილების, ისე მეორად ბაზარზეც ბრუნვამ მოიმატა და თებერვალში სულ 10 მილიონი დოლარის სავაჭრო გარიგებები დაიდო, რაც წინა წლის იმავე დროსთან შედარებით 16%-ით მეტია. 22,2 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი ავტომობილების იმპორტიც. საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ავტომობილები მეორე პოზიციაზეა. თებერვალში ქვეყნიდან 17,1 მილიონი დოლარის ავტომობილი გავიდა, ძირითადად მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ოფიციალურ ციფრებს ავტოდილერები ეჭვის თვალით უყურებენ. მათი თქმით, ავტობაზარზე, კრიზისისა და ომის გამო ჩავარდნის შემდეგ, როცა გაყიდვები მინიმუმამდე დაეცა, წინასაახალწლოდ შედარებით გამოცოცხლება იყო, მაგრამ იანვრის შუა რიცხვებიდან ვარდნა კვლავ განახლდა. ავტოდილერები ვაჭრობას რუსთავის ავტობაზრობაზეც უჩივიან. მას შემდეგ, რაც ბაზრობა დიღმიდან რუსთავში გადაიტანეს, ადგილობრივმა მყიდველმა იკლო. ერთ-ერთ მიზეზად ქალაქიდან ბაზრობის სიშორეს ასახელებენ. ერთი კვირაა, გაიზარდა ბაზრობაზე პარკინგის საფასურიც 1-დან 7 ლარამდე. დილერები უკვე შეგუებული არიან, რომ ბაზრობის მფლობელი მალე ფასს კიდევ გაზრდის.

ბაზრობაზე, რომლის სრული ფართობი 250 ათასი კვადრატული მეტრია და 5 ათას ავტომობილზეა გათვალისწინებული, მანქანების ტევა არ არის, თავისუფალ ადგილს ვერ იპოვით. ახალი ავტობაზრობა უკრაინულმა "პრივატჯგუფმა" 40 მილიონ დოლარად ააშენა და ვარაუდობს, რომ ხარჯებს 4 წელიწადში გადაფარავს, 7 წელიწადში კი მაქსიმალურ მოგებაზე გავა.

რუსთავის ავტობაზრობის დირექტორ ევგენი უსტინოვის თქმით, ბაზრობა თბილისთან და რუსთავთანაც ახლოს არის, აქვეა სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიც, რაც ავტომობილების რეექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ახლოსაა საბაჟო ტერმინალი და საპატრულო დეპარტამენტი ნომრების ასაღებად. ბაზრობასთან უნდა მოეწყოს ავტოსერვისი, ავტოსამრეცხაო, ავტოსალონები, შოურუმები, კვების ობიექტები. სამუშაოები აქ საბოლოოდ 6 თვეში დასრულდება.

ლევან ჩარკვიანი (ავტოდილერი): "ვინც მეორადი ავტომობილების გაყიდვით ჭამდა პურს, რუსთავში ყოველდღე ვეღარ ჩამოდის. აქ მოსვლა მყიდველსაც უჭირს. ავტობაზრობის აქ გადმოტანა აზერბაიჯანსა და სომხეთიდან ჩამოსულ კლიენტზე გათვალეს. გათვლა სწორია, მაგრამ ინფრასტრუქტურა, მათ შორის მოსასვლელი გზა არ არის მოწესრიგებული და ისე გადაიტვირთა, ავარიებიც გახშირდა.

ასე მგონია, ახლა შემოვიდა ჩვენთან კრიზისი. ეს ყველაფერს ემჩნევა, ხალხი იაფიან მანქანას კაპიკებში ეძებს. ამ პერიოდში გაყიდვა ყოველთვის იკლებდა, მაგრამ ასეთი ცუდი სეზონი ჯერ არ ყოფილა. ახლა ბაზარზე უმეტესად იაფფასიანი – ასე, 3-ათას დოლარიანი მანქანები იყიდება, უმეტესად ტაქსისთვის უნდათ. 4-5 ათასი დოლარის ზემოთ უკვე ვეღარ ყიდულობენ.

რეალური მყიდველები ახლა ბაზრობაზე აზერბაიჯანელები არიან. ისინი და სომხები რომ არ იყვნენ, რა გვეშველებოდა, არ ვიცი. აზრი დაკარგა მანქანის ევროპიდან ჩამოყვანამაც. მოგება აღარ რჩება. ერთადერთი, მანქანით მეორადი ნივთები ვისაც მოაქვს, იმას რჩება ცოტაოდენი ფული და მისი სიარულიც საეჭვოა: თითქმის ერთი თვეა, რაც გაამკაცრეს ავტოდილერებისთვის ვიზების გაცემა. მოთხოვნაა, ანგარიშზე თანხა უნდა გედოსო, იქ ჩასულ დილერს კი ბანკომატიდან ერთბაშად დიდი თანხა ვერ გამოაქვს, ნაწილ-ნაწილ რომ გამოიტანოს, 10 დღე სჭირდება, უნდა იჯდეს ევროპაში და ელოდოს. ამერიკაში მანქანები უფრო იაფია, მაგრამ ხარისხია უარესი. ამერიკელებზე შეხედულება დავკარგე, როცა იქაური მანქანების შეკვეთა დავიწყე. საშინელ დღეშია იქაური მანქანები. იაპონური ყველაზე მოვლილია, მაგრამ ძრავა მეტადაა ნამუშევარი. იაპონელები ძრავას გაჩერებულ მანქანაზეც საათობით არ აქრობენ, გავლილი ცოტა აქვს, მაგრამ ძრავა გაცვეთილია.

მყიდველის 90% იმას უყურებს, რამდენი აქვს მანქანას გარბენი, საჭე და სალონი რომ გაცვეთილია, ამას აღარ უყურებენ. ამის გამო ტყუილის თქმა უწევს დილერსაც და შემოტანილი მანქანების 99%-ს გარბენი ჩამოყრილი აქვს. მრიცხველის ჩვენებას 30 ლარად ამცირებენ. 200-300 ათასი შეიძლება ჰქონდეს გავლილი, მაგრამ 30 ათასამდე ჩამოიყვანონ. ჩამოყვანილი მანქანის განსაბაჟებლად დილერს 20 დღის ვადა აქვს. ამ დროში უნდა მოასწროს, რომ განუბაჟებლად აზერბაიჯანელს მიჰყიდოს. თუ ვერ მოასწრო და განაბაჟებამ მოუწია, წაგებაშია. ნომრიანი მანქანა აზერბაიჯანელსა და სომეხს აღარ უნდათ. აქაურ მყიდველზე კი მანქანის ჩამოყვანას ვერ გათვლი. 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ განუბაჟებელი მანქანა საბაჟო ტერმინალზე გადაჰყავთ, შაბათ-კვირას 10-10 ლარი ღირს, სამუშაო დღეებში 2 ლარი.

ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყიდვის შანსი მინიმალურია. იქ კლიენტი შემმოწმებელს ვეღარ შეიყვანს, შემოწმების გარეშე კი არავინ იყიდის. მანქანაც, ძალაუნებურად, უკვე იაფად უნდა გაყიდო.

ბევრი მანქანებს ინტერნეტითაც იწერს. ესეც ლატარიაა. საიტის ფოტოზე მანქანა მოგეწონება, შეუკვეთ, მაგრამ შეიძლება სხვა ჩამოვიდეს. იაპონელი დილერები არ იტყუებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე იმათაც დაიწყეს. ხომ იცით, სადაც ქართველი გაერევა... ახლა ამ ბიზნესში ყოფნას იმისთვის აქვს აზრი, ვისაც დიდი ფული აქვს და დიდ ბრუნვაზე მუშაობს".

გაყიდვებს ავტოცენტრების მფლობელებიც უჩივიან. მყიდველი ახალ ავტომობილებსაც დააკლდა. კრიზისამდე გაყიდვის დაახლოებით 65% ავტოგანვადებებზე მოდიოდა, რაც ბანკებმა სესხების გაცემა შეწყვიტეს, გაყიდვები ავტოცენტრებს ავტომატურად შეუმცირდათ.

ლაშა გოგიბერიძე ("კიას", "ფოლკსვაგენის", "შკოდას", "მიცუბიშის", "აუდის" ცენტრი): "ავტობაზარზე 2009 წელი ყველაზე რთული იყო. სამშენებლო ბაზრის შემდეგ ყველაზე დიდი დარტყმა კრიზისმა ავტობაზარს მიაყენა. 2009 წლის მეორე ნახევარში ვარდნა შენელდა, თუმცა ჯერ უკეთესობა არ ჩანს. გამონათება არც წლეულს იქნება. ამის იმედი არც უნდა გვქონდეს. კრიზისი სწრაფად ანგრევს ყველაფერს, რეაბილიტაციას კი გაცილებით მეტი დრო სჭირდება. ბევრმა სამსახური დაკარგა, სამომხმარებლო კალათა გაძვირდა, ლარი გაუფასურდა. ყველაფერმა ამან მყიდველს ავტომანქანის შეძენის სურვილი დაუკარგა. მყიდველმა სტაბილიზაცია უნდა დაინახოს, ავტომობილის გამოცვლა და ახლის შეძენა რომ გადაწყვიტოს. ახლა ავტომობილს ან ძალიან მაღალშემოსავლიანი კლიენტი ყიდულობს ან დაბალშემოსავლიანი. საშუალო მყიდველი დავკარგეთ.

მოსახლეობის ამ კატეგორიამ ან სამსახური დაკარგა ან ბანკის სესხების გადახდითაა დაკავებული და მანქანისთვის არ სცალია. ერთადერთი პლუსი ის არის, რომ საბანკო პროდუქტი, ავტოგანვადებები დახლზე ისევ გაჩნდა და მყიდველს შეუძლია ისარგებლოს".

ოთო ჩიტეიშვილი ("ოპელის", "შევროლეს" ცენტრის დირექტორი): "წლეულს გაყიდვები, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით დაეცა, არა მარტო ჩვენს ცენტრში, ზოგადად ბაზარზეა ასეთი მდგომარეობა. ეს მომხმარებელთა დაბალმა აქტივობამ განაპირობა, წელიწადის ამ დროს გაყიდვა ყოველთვის იკლებს. ფასები დეკემბერის ნიშნულს დაუბრუნდა, მაგრამ მაინც ცოტაა მყიდველი. ჩვენ ევროში ვყიდულობთ, აქ დოლარში ვყიდით. ამიტომ ფასზე დოლარი-ევროს შეფარდება მოქმედებს. ახლა ეს თანაფარდობა დოლარის სასარგებლოდ შეიცვალა, ამიტომ ფასმაც დაიწია. ევროს კურსი დოლართან 1,51-დან 1,37-ზე ჩამოვიდა. შესაბამისად შემცირდა ფასიც. ფასის დაწევას კიდევ ვაპირებთ, საგაზაფხულოდ შემოვიტანთ ახალ პარტიას და ველოდებით, რომ მომწოდებელი დააკლებს ფასს, ამით ვცდით მომხმარებლის მოზიდვას".

ლაშა ლომიძე ("მერსედესის" ცენტრის კომერციული დირექტორი): "შარშან ივლისიდან ოქტომბრამდე სიტუაცია დასტაბილურდა, გაყიდვებმაც ცოტა მოიმატა, მაგრამ ახლა ისევ გაურკვევლობაა. გაუმჯობესება არ ჩანს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ ძირითადად მაღალფასიანი "მერსედესი" შემოგვყავს, ამიტომ ახალი ავტომობილის ბაზარზე ჩვენი წილი 1,5-2%-ს არ აღემატება".

უცხოეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ავტოგაყიდვების სტატისტიკა არ არსებობს. რომელ ავტოცენტრს რა წილი უკავია ბაზარზე, ზუსტი ციფრი არავინ იცის. როგორც ავტოდილერები ამბობენ, ახალი ავტომობილების წილი ბაზარზე ამჟამად 5%-ს არ აღემატება.

დანარჩენი 95% მეორად ავტომობილებზე მოდის. ცნობილია, რომ გაყიდვით ყველაზე დიდი წილი "ტოიოტას" ცენტრს უკავია, დაახლოებით 30%, რომლისგანაც თბილისიდან 5-6 ქვეყანაში გადის მანქანები (მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში). იმის ხარჯზე, რომ დიდი მარაგები აქვს ადგილზე, მსხვილ სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს. თუმცა გაზის მუხრუჭების სკანდალმა "ტოიოტას" გაყიდვებზეც იმოქმედა.

დეფექტის გამო "ტოიოტამ" ბაზრიდან მსოფლიო მასშტაბით 8,5 მილიონი მანქანა გაიწვია, მათ შორის 6 მილიონი აშშ-ში. იაპონური კონცერნის პრეზიდენტმა პირობა მისცა მომხმარებელს, რომ ნდობის დასაბრუნებლად ხარისხის კონტროლს გააძლიერებს. მაგრამ მანამდე "ტოიოტას" აშშ-ში ორი ქარხნის გაჩერება მოუხდა, რაც გაყიდვის დაცემას მოჰყვა. ხარისხის პრობლემების გამო კონცერნს 2 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

დეფექტური ავტომობილების უკან მიბრუნების მზადყოფნა "ტოიოტას" წარმომადგენლობამ თბილისშიც გამოთქვა. თუმცა აქ ირწმუნებიან, რომ მსოფლიო სკანდალს გავლენა მათ გაყიდვაზე არ მოუხდენია.

რაც შეეხება მთლიანად იმპორტს, რომელშიც მეორადი ავტომობილები სჭარბობს, ქვეყანაში ყველაზე მეტი "მერსედესი" შემოდის, დაახლოებით 25% (98% მეორადია), რომლის დიდი ნაწილი რეექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გადის, შემდეგ პოზიციაზე არიან "ოპელი" - 15%, "ტოიოტა" - 14%, BMW - 9%.

ციფრების ენით

- თოყოტა-ს შვილობილი კომპანია Daihatsu ბაზრიდან 250 ათასი ავტომობილის გაწვევას აპირებს - ავტომობილების უმრავლესობას პრობლემა წინა საბურავების დეტალებში აღმოაჩნდა.

- ჩინეთის საავტომობილო ბაზარი ზრდას განაგრძობს. წლევანდელ თებერვალში, 2009 წლის თებერვალთან შედარებით, ახალი ავტომობილების გაყიდვა ჩინეთში 55%-ით გაიზარდა.

ნონა ქვლივიძე