"შაქრის იმპორტს პრობლემებს უქმნიან" შაქრის ფასი დაიკლებს - კვირის პალიტრა

"შაქრის იმპორტს პრობლემებს უქმნიან" შაქრის ფასი დაიკლებს

"ზუსტად ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს საბაჟო სამსახური შაქრის შემოტანაზე პრობლემებს უქმნის"

შაქრის გამუდმებული გაძვირება ამ დღეებში შეწყდება. თუმცა რამდენი ხნით, უცნობია. ადგილობრივ ფასებზე, ცხადია, საერთაშორისო კონიუნქტურაც ზემოქმედებს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში დიდია "სხვა ფაქტორების" როლი. მაგალითად, "ეკოპალიტრისთვის" ცნობილი გახდა ერთი ამგვარი ფაქტის შესახებ: იმპორტიორს, რომელსაც ფართო დასახელების ნომენკლატურა შემოჰქონდა, მათ შორის რაფინირებული შაქრის საცდელი 200 კილოგრამიანი პარტია, ყველაფერი განუბაჟეს, სწორედ შაქრის გარდა, და ოფიციალური პასუხიც კი ვერ მიიღო... ბიზნესმენი გოგი თოფაძეც აცხადებს, რომ შაქრის იმპორტი ხელოვნურად იზღუდება და ფასების ზრდას, სხვა ხელოვნურ ზომებთან ერთად, ესეც განაპირობებს.

დღეისთვის შაქრის ფასმა 8 ლარით დაიკლო და ტომარაზე 83 ლარი შეადგინა, ცვლილება საცალო ქსელში დაახლოებით 10 დღეში აისახება და ერთი კილოგრამის ღირებულება საშუალოდ 20 თეთრით, 1,80 ლარამდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც შაქარი გაიაფდება. სულ რაღაც ექვსი-შვიდი თვის წინ კი ერთი ტომარა 65 ლარი ღირდა.

საქართველოში ერთადერთი მწარმოებელის, "ქართული შაქრის" დირექტორი ლაშა ისაკაძე ყველაზე ტკბილ პროდუქტზე ცეცხლის ფასის დადებას ძირითადი ნედლეულის, ლერწმის დაბალი მოსავლით ამართლებს.

ლაშა ისაკაძე: "შარშან ძალიან დიდი დანაკლისი იყო, ინდოეთში, მაგალითად, გვალვების გამო შაქრის დეფიციტმა მილიონ ტონას მიაღწია და ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანა იმპორტიორი გახდა. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა შაქრის მსხვილ მომხმარებლებს - რუსეთსა და უკრაინას, სადაც ჭარხლის მცირე მოსავალი მოვიდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში აქტიურად დაიწყეს ეკოლოგიაზე ზრუნვა და ბიოსაწვავის, ეთანოლის წარმოება, რომლის ნედლეულად, მარცველულთან ერთად, ლერწამს იყენებენ. ხელი მოითბეს ტრეიდერებმაც, რადგან შაქარი საბირჟო პროდუქტია და მსგავსი ვითარება ხშირად ხდება სპეკულაციების საგანი".

თუ ინდოეთის შაქრის მწარმოებელთა ასოციაციის Indian Sugar Mills Association-ის მოწოდებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, 2009-2010 წლებში მსოფლიოში შაქრის წარმოება 159,9 მილიონ ტონას, ხოლო მოხმარება 167,1 მილიონ ტონას შეადგენს, ანუ დეფიციტი 8 მილიონ ტონას აღწევს. თუმცა მსოფლიო ტენდენციები ქართველ მომხმარებლებსა და მეწარმეებს, რომლებიც შაქარს აქტიურად მოიხმარენ, ვერაფრით ანუგეშებს. მით უფრო, რომ არსებობს ეჭვები შაქრის ბაზრის მონოპოლიზაციისა და ხელოვნური ფასების დაწესების შესახებ. კომპანია "ქართულ შაქარში" არ უარყოფენ, რომ უკვე თითქმის ერთი წელია, ქვეყანაში პროდუქციის იმპორტი შეჩერებულია და მთლიანად ადგილობრივ წარმოებაზეა ორიენტირებული. თუმცა აცხადებენ, რომ საფასო პოლიტიკას თავად არ განსაზღვრავენ.

"წელიწადზე მეტია, აზერბაიჯანულ "ქუოლითი შუგართან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ მათ დაკვეთას ვასრულებთ, ნედლეულის შესყიდვასა და რეალიზაციას კი თავად ახორციელებენ", - ამბობს ლაშა ისაკაძე.

"ქუოლითი შუგარი" პროდუქციას კომპანია "დაფნა ჰას" მეშვეობით ყიდის და "ქართული შაქრის" პროდუქციაც ამ გზით ხვდება ქართულ ბაზარზე.

გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას ჯერ კიდევ ძველი მფლობელის, მთავრობისგან ათვალწუნებული გოჩა ძასოხოვის დროს "თიბისი ბანკთან" 18 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა და მხოლოდ "დიდი მეცადინეობის" შედეგად შეძლეს მისი 10 მილიონ ლარამდე შემცირება. კომპანიას აღარ შეუძლია დამატებითი ვალდებულებების აღება ნედლეულის შესყიდვისა და წარმოების გამართვისთვის.

არადა, სულ ორი წლის წინ გოჩა ძასოხოვი თავად პრეზიდენტმა შერისხა ბაზრის მონოპოლიზების მცდელობისთვის. ბიზნესმენი ქვეყანაში ლამის ინფლაციის ზრდის მთავარ მიზეზად დაასახელეს - მაშინ ტომარა შაქრის ღირებულება 42 ლარს არ აჭარბებდა, ქვეყანაში კი იაფფასიანი ინდური პროდუქცია დაუბრკოლებლივ შემოდიოდა.

გაძვირებულმა შაქარმა ქართველ მწარმოებლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა, განსაკუთრებით - საკონდიტროებს. მცირე საწარმოების უმრავლესობა დაიხურა, დიდებს კი თვითღირებულების ზღვარზე მოუწიათ მუშაობამ. კომპანია "ტკბილი ქვეყანა", რომელიც ტკბილეულის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, მთელი შემოდგომის განმავლობაში მხოლოდ 55%-ით იყო დატვირთული. როგორც საწარმოში აცხადებდნენ, უკრაინულ პროდუქციას კონკურენციას ვეღარ უწევდნენ, რადგან შაქარი მუდმივად ძვირდებოდა, იმპორტირებული ტკბილეული კი, სულ მცირე, ერთი თვით ადრე იყო დამზადებული. კომპანიაში შაქრის გაიაფებას სიხარულით შეხვდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ დიდი მარაგის გამო, პროდუქციაზე ფასების კორექტირებას მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეძლებენ.

ტომარა შაქრის 10 ლარით გაიაფება არ აკმაყოფილებს ბიზნესმენ გოგი თოფაძეს. "ყაზბეგის" დამფუძნებელი ლიმონათისა და ნაყინისთვის საჭირო შაქრის შემოტანას ამ დღეებში ბელორუსიიდან გეგმავს.

გოგი თოფაძე: "უკვე მოვიძიე და გავაფორმე ხელშეკრულება ბელორუსიულ კომპანიასთან, რომელიც ერთ ტომარა შაქარს 46-48 ლარად მომაწვდის, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების დამატებით სულ 57 ლარამდე დამიჯდება. როცა ბაზარზე მონოპოლისტია, ცხადია, ის ეცდება, თავის პროდუქციას მაქსიმალურად მაღალი ფასი დაადოს. აგარის ქარხანა უცხოელების ხელშია, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მათთან რაღაც გარიგება დადო და სურს, სასათბურე პირობები შეუქმნას".

"ქართული შაქრის" მენეჯერი თავის მხრივ თოფაძის დასახელებულ ფასს აბსურდულს უწოდებს. "ასეთი ფასი რომ დასვა, ან უნდა მოიპარო, ან ქვეყანაში განუბაჟებლად შემოიტანო. არსებობს განსაკუთრებულად დაბალი ხარისხის შაქარიც. ჩვენ, მეშაქრეებმა, რომლებსაც წლებია, ეს ბიზნესი ერთმანეთთან გვაკავშირებს, სადმე უკრაინაში ან ბელორუსიაში შეიძლება მოვიძიოთ ასეთი ნარჩენები 20 ლარად, სადღაც ტომრებში ჩაყრილი, რომელიღაც საწყობში, რომლის მფლობელებს ერთი სული აქვთ, ადგილი გამოათავისუფლონ", - აცხადებს ლაშა ისაკაძე.

თოფაძე კი მზადაა, ყველა დაარწმუნოს როგორც შაქრის ხარისხში, ასევე გადახდილ თანხაში, მთავარია, პროდუქციამ დანიშნულების ადგილზე მოაღწიოს. "ზუსტად ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს საბაჟო სამსახური შაქრის შემოტანაზე პრობლემებს უქმნის, თუნდაც საკუთარი მოხმარებისთვის იყოს განკუთვნილი. მცირე დაბრკოლებაც რომ შემექმნას ამ კუთხით, ისეთ აქციებს მოვაწყობ... ჩემს ყველა თანამშრომელს ქუჩაში გამოვიყვან", - აცხადებს "ყაზბეგის" დამფუძნებელი.

კიდევ ერთი პრეტენზია, რომელსაც ბიზნესმენი "ქართულ შაქარს" უყენებს, პროდუქციის ხარისხია. "ყაზბეგის" ლიმონათს საექსპორტოდ 23 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისსა და ინდოეთში აგზავნის. მათ ტრანსპორტირებას, სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება, ქსელში კი 10 თვეს რჩება. ქართული შაქარი კი ერთ თვეში ბოთლებში ილექება და უცხოელი პარტნიროებისგან გამუდმებით შენიშვნებს იღებს.

"ქართულ შაქარში" არ უარყოფენ, რომ მათი პროდუქტი ე.წ. "ნაცარს" იკეთებს. მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს რაფინაციის ახალი საწარმოო ხაზის დამონტაჟებაზე. ინვესტიციის სახით კომპანიას, სულ მცირე, ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება, რომლის მოძიება საკმაოდ ურთულდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანში სულ ორი წელია, თანამედროვე შაქრის გადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა, მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები სომხეთშიც, რომელიც წლების განმავლობაში ქართული შაქრით მარაგდებოდა. ლაშა ისაკაძე აცხადებს, რომ კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება და ადგილობრივმა წარმოებამ ახალ გამოწვევებს ფეხი უნდა აუწყოს.

მაია გავაშელი