მეწარმეები "დაუნდობელი ადმინისტრირებისგან" თავის დაღწევის გზებს ეძებენ - კვირის პალიტრა

მეწარმეები "დაუნდობელი ადმინისტრირებისგან" თავის დაღწევის გზებს ეძებენ

მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახური მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს "დაერია", დალუქვებით, დაჯარიმებითა და "დაუნდობელი ადმინისტრირებით" წელგაწყვეტილ მცირე მეწარმეებში კვლავ აქტუალური გახდა ფიქსირებული გადასახადის დაწესების თემა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გადასახადები გაიზარდოს კიდეც, მაგრამ ბევრი ამაზეც თანახმაა, ოღონდაც "უმოწყალო" მაკონტროლებლები მოიცილოს.

ცოტა ხნის წინ "ეკოპალიტრამ" ამ საკითხთან დაკავშირებით მკითხველის წერილიც მიიღო, სადაც ჩვენი თანამემამულე გვატყობინებდა, რომ ყაზახეთში სწორედ მისი ინიციატივა გახდა ფიქსირებული გადასახადის შემოღების საბაბი.

გიორგი გაბრიჭიძე (ეკონომისტი): "დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ყაზახეთში ვმუშაობდი ფიქსირებული გადასახადის თემაზე. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა მეწარმის დასაცავად საგადასახადოს მხრიდან მოსალოდნელი შეტევისგან. ამ გზით ხელისუფლება გარანტირებულ გადასახადებსაც მიიღებს, ბიზნესმენს კი დრო გამოუთავისუფლდება, რომ მეტი გააკეთოს და მეტი მოგება მიიღოს. მაგალითად ყაზახეთში ფიქსირებული გადასახადი ვრცელდება როგორც მცირე, საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესზე. მაგალითად, მაღაზიის მეპატრონე მიდის საგადასახადო ინსპექციაში და ითხოვს მუშაობის ლიცენზიას, აცხადებს, რომ ჰყავს 13 თანამშრომელი.

მას გამოუწერენ ფიქსირებულ გადასახადს 13 თანამშრომელზე.. საგადასახადო სამსახურის ინსპექტორის რეიდი იმის შემოწმებით ამოიწურება, რამდენი თანამშრომელია რეალურად დასაქმებული საწარმოში. ფიქსირებული გადასახადის შემოღებამ ყაზახეთში გაანახევრა საგადასახადო მაკონტროლებლების რაოდენობა და საბიუჯეტო შემოსავლები გაზარდა.

სხვათა შორის, როცა ზურაბ ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრი იყო, მასაც გავუგზავნე წერილი და საქართველოში ფიქსირებული გადასახადის დაწესება შევთავაზე, მაგრამ ხომ გახსოვთ, რა განაცხადა: სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, ფიქსირებული გადასახადი არ დაწესდებაო. დღესაც ვამბობ, რომ ფიქსირებული გადასახადის შემოღება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას წაადგება".

კახა კოხრეიძე (სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობის" ხელმძღვანელი): "მცირე მეწარმეები ითხოვენ ისეთ რამეს, რაშიც თავადაც არ არიან კარგად გარკვეული. ჰგონიათ, ფიქსირებული გადასახადის შემოღება მოაგვარებს მათ პრობლემებს. დღეს საგადასახადო ორგანოების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა მცირე ბიზნესზე, რათა რაც შეიძლება მეტი გადასახადი ამოიღონ. აქედან გამომდინარე, ბევრი მცირე მეწარმე ფიქრობს, რომ ფიქსირებული გადასახადი მისთვის ერთგვარი თვალსაზრისით დაცვის მექანიზმი იქნება საგადასახადო ზეწოლისგან. ეს არ არის სწორი.

დალუქვის, დაშინების საშუალებას საგადასახადოს თანამშრომლებს საქართველოს სადასახადო კოდექსის 114 მუხლი აძლევს, სადაც წერია, რომ საგადასახადოს თანამშრომელს უფლება აქვს დალუქოს ესა თუ ის კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც. ხომ არ ჯობია, ვიფიქროთ საკანონდებლო მექანიზმების ცვლილებებზე და არა ისეთი ჩამორჩენილი მექანიზმის ამოქმედებაზე, როგორიც ფიქსირებული გადასახადია. შესაძლოა ყაზახეთში განვითარებული ეკონომიკა აქვთ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის სამაგალითო უნდა იყოს საქართველოსთვის.

ჩვენ უფრო დასავლური ტიპის საგადასახადო სისტემა უნდა ავაშენოთ. საქართველოში საგადასახადო ტვირთი არ არის მაღალი. ფიქსირებული გადასახადის დაწესების შემთხვევაში, მეწარმეთა 90%-ს მეტის გადახდა მოუწევს. როგორ უნდა დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი, ფართის გათვლით? ფართი ვერანაირად ვერ განსაზღვრავს კომპანიის შემოსავალსა და ბრუნვას. ფიქსირებული გადასახადი კონკურენციის პრინციპს ეწინააღმდეგება, რაც ბიზნესის განვითარების მთავარი ღერძია".

შემოსავლების სამსახურის "თარეშით" გაბეზრებული მეწარმეები კი აცხადებენ, რომ ურჩევნიათ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ფიქსირებული გადასახადის სახით ნომინალურად იმაზე მეტის გადახდაც დაეკისროთ, ვიდრე დღეს კანონი ავალდებულებთ, რადგან თუნდაც მხოლოდ ჯარიმებითა და დალუქვებით იმხელა ზარალს ნახულობენ, რომ საგადასახადო ტვირთი საბოლოოდ ძალიანაც მაღალი გამოდის.