"ანაკლიის პორტს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს" - კვირის პალიტრა

"ანაკლიის პორტს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს"

"ირანისთვის სანქციების მოხსნა ამ პროექტს ხელს არ უშლის"

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც", რომელიც "თიბისი ჰოლდინგსა" და "კონტი ინტერნეშენალს" აერთიანებს, პრესტიჟული ჯილდო მიიღო. თბილისში საზღვაო გადაზიდვების ბიზნესში ჩართული ადამიანები კი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი პროექტი გამოდგეს.

როგორც "ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს. ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს.

ირაკლი იაშვილი, "ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: - ერთ პროექტზე დიდი იმედის დამყარება არასწორია. ირანისთვის ემბარგოს მოხსნამ დიდად შეცვალა კონიუნქტურა ჩვენს ბაზარზე. ახალი გადანაწილება დაიწყო... აქტიურობა, ძირითადად, შორეულ აღმოსავლეთშია, ჩინეთს ემატება ვიეტნამი, ბანგლადეში, ინდოეთი, კორეა... ამ ქვეყნების ტვირთების მიმართულება მკვეთრად შეიცვალა, რადგან სამხრეთ ირანის საპორტო ქალაქ ბენდარ-აბასის ნავსადგური კვლავ ამოქმედდა. ის 20 წელიწადს დახურული იყო და ტვირთმაც სხვა გზები იპოვა, მათ შორის, ნაწილმა საქართველოს გავლით. მაგალითად, ცენტრალური აზიიდან ჩვენთან მოდიოდა უზბეკური ბამბა, თუმცა, როგორც კი ირანის ნავსადგური გაიხსნა, ამ ტვირთმა გეზი იცვალა.

ჩვენ გარშემო ქვეყნები არ არიან ისე განვითარებული და არა აქვთ იმდენი ტვირთი, რომ ანაკლიის პორტი დაიტვირთოს იმ მოცულობით, რამდენიც ითქვა. 100 მილიონი ტონა ტვირთი წარმოუდგენელი ციფრია. ეს, საშუალოდ, 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთს ნიშნავს. მთლიანად ამიერკავკასიის ეკონომიკა არ აღემატება 70 მილიარდ დოლარს. თუნდაც დავუშვათ, რომ მთელი ამიერკავკასია, ყაზახეთი, ჩინეთის დასავლეთი ნაწილი მხოლოდ საქართველოს და მხოლოდ ერთი ნავსადგურის მიმართულებით იმუშავებს, 100 მილიონი ტონა ტვირთი მაშინაც ვერ მოგროვდება, რადგან ამ ქვეყნებს, ძირითადად, ნავთობი და ნავთობპროდუქტები გააქვთ ექსპორტით.

- ლაპარაკია არა მხოლოდ ნავსადგურის მშენებლობაზე, მასშტაბური პროექტი გულისხმობს ახალი ინდუსტრიის შექმნასა და ბევრი საწარმოს განვითარებას...

- თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არსებობს ფოთში და ვერ დაიტვირთა. ჩინეთში ან სამხრეთ თურქეთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონები იმიტომ დაიტვირთა, რომ იქ დახურული ან ნახევრად დახურული ეკონომიკებია. საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, ტვირთების მიმოსვლა შეუზღუდავია, საერთოდ არ ჩანს, რა ფუნქცია აქვს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. ეს საკითხი წამოვწიე, როცა კანონი პარლამენტში შემოიტანეს: რისგან უნდა იყოს თავისუფალი ეს ეკონომიკური ზონა, რისგანაც არ არის თავისუფალი დანარჩენი საქართველო? მთელი სხვაობა მოგების გადასახადის 15%-ია, ეს კი საკმარისი სტიმული არ აღმოჩნდა.

- კონსულტაციების დონეზე მაინც არ გისაუბრიათ იმ პირებთან, ვინც გამოთქვა ინტერესი, პროექტს ხელი მოჰკიდონ?

- ბოლო წლებში ტვირთბრუნვა იკლებს. რომ იმატებდეს, მაშინ დაგეთანხმებოდით. ამას გარდა, შენდება ტრანზიტული რკინიგზა, რომელიც საგრძნობლად განტვირთავს ნავსადგურებს. ტვირთის ნაწილი საქართველოში რკინიგზით გაივლის და თურქეთის ნავსადგურებში გადანაწილდება. გაიხსნა ირანიც. რომელი ქვეყნიდან ველოდებით ამ მოცულობის ტვირთებს? გარდა ამისა, ჩვენს მარშრუტზე სუსტი წერტილია კასპიის ზღვა, მასზე გადმოსვლა ძვირია, ეს ჩვენს მარშრუტს არახელსაყრელს ხდის. ამ პრობლემას 20 წელიწადია ვერ ვაგვარებთ და, როგორც ჩანს, ვერც მოვაგვარებთ. თუ საუბარია რუსეთის მარშრუტის გამოვლაზე (კასპიის ზღვას რომ ავცდეთ), რუსეთი ისედაც კონკურენტია. ის ცალკე ემზადება, ჩინეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

- როგორც მახსენდება, ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთების არგუმენტად იმას ასახელებდნენ, რომ დღეს მოქმედ არც ერთ პორტს არ შეუძლია დიდი გაბარიტების გემების მიღება და მომსახურება.

- ეს არაპროფესიონალური შეფასებაა. ჩვენ 2006 წელს ვმონაწილეობდით (ჩვენში ვგულისხმობ ფრანგულ კომპანიას - მე ვარ დიდი ფრანგული საზღვაო გადამზიდავის პარტნიორი ამ ბაზარზე - "სიემეი სიჯიემის") ფოთის პრივატიზაციაში და იმ 8 კომპანიას შორის ვიყავით, ვისაც შესყიდვის უფლება მიეცემოდა. გაკეთდა 600-გვერდიანი პროექტი და კომპანიამ ტენდერში მონაწილეობაზე უარი თქვა. ფინანსურმა მოდელირებამ აჩვენა, რომ შავ ზღვაში დიდი გემის შემოყვანა წამგებიანია. ფოთის ნავსადგური ემსახურება რეგიონს დაახლოებით 15-მილიონიანი მოსახლეობით. შესაბამისად, ძირითადი ტვირთნაკადი, რომელიც ჩინეთიდან ან აზიიდან მოდის შავი ზღვისკენ, მოდის უკრაინის ან რუმინეთის ნავსადგურებისკენ, სადაც 70-80 მილიონიანი მოსახლეობა და დიდი ბაზრებია. იმ დიდ გემზეც დაახლოებით მეათედი იქნება ფოთის დანიშნულების ტვირთი და დანარჩენი ოდესის ან კონსტანცისა. ფოთში დიდი გემის შემოყვანას არანაირი ფუნქცია არა აქვს და ეს გათვლებმა აჩვენა.

როგორც ჩანს, ფოთი განწირულია იმისთვის, რომ ტვირთები პატარა გემებით შემოდიოდნენ, ე.წ. ფიდერებით. გარდა ამისა, ფოთის ნავსადგურის მესაკუთრე კომპანია თვითონ ფლობს ერთ-ერთ უმსხვილეს საზღვაო გადამზიდავს. მასაც აქვს განვითარების გეგმა.

- რას გულისხმობს ეს პროექტი?

- ისინი აპირებენ ახალი, დიდი საკონტეინერო ნავსადგურის აშენებას ნავსადგურიდან ჩრდილოეთით, ფოთის გეზის გაგრძელებაზე. თუ ეს პროექტი დაიწყება, ფინანსურ ინსტიტუტებს კითხვა გაუჩნდებათ ახალი ნავსადგურის მშენებლობის თაობაზე.

- ფაქტობრივად, ანაკლიის პორტს კონკურენტი ჰყავს?

- რა თქმა უნდა, თუ ფოთის პორტის მფლობელ კომპანიას 30-40 კილომეტრის რადიუსში კონკურენტი გამოუჩნდება, ის თავის მხრივ ამოქმედდება.