"ლარი კიდევ გამყარდება" - კვირის პალიტრა

"ლარი კიდევ გამყარდება"

"ჩვენ გვჭირდება არა მყარი, არამედ სტაბილური ვალუტა"

ბოლო ათი დღეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4716-დან 2,3157 ლარამდე გამყარდა. ეკონომიკის ექსპერტები ეროვნული ვალუტის ასეთი მკვეთრი გამყარების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ დოლარის ფასი ლართან მიმართებაში კიდევ უფრო დაეცეს, ზოგი კი ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევების მიღმა სპეკულაციურ ქმედებებს ხედავს.

ტურისტები, ექსპორტი და შოკების შერბილება...

ბესო ნამჩავაძე, ანალიტიკოსი: "ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა ვერ გეტყვით, რომელ მიზეზს შეიძლება ჰქონოდა უფრო მეტი გავლენა, რადგან სტატისტიკური ინფორმაცია იგვიანებს, თუმცა ზოგიერთი მონაცემები ფრაგმენტულად მაინც ქვეყნდება. მაგალითად, ვიცით, რომ ექსპორტის ზრდა გვქონდა თებერვალში და სავარაუდოდ, ეს მარტშიც გრძელდება. თებერვალში იანვართან შედარებით გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მარტშიც გაგრძელდება. თებერვალში ტურისტების შემოსვლის 19%-იანი ზრდა აღინიშნა და შეუძლებელია, სეზონიდან გამომდინარე, ეს არ გაგრძელდეს. თუმცა, ექსპორტიც და ფულადი გზავნილებიც შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაგრამ ბოლო ტენდენციების თვალსაზრისით გაუმჯობესება ნამდვილად გვაქვს. ამ ყველაფერს ემთხვევა დადებითი საგარეო ფაქტორები, საგარეო შოკების გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე შერბილდა. კიდევ ერთი გარემოება ბიზნესის მოლოდინების და ნდობის გაუმჯობესებაა, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის, ინიციატივით, რომელიც მოგების გადასახადის წესის ცვლილებას ეხება, დაპირებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დაჩქარდება. სხვა საკითხია, რამდენად იყო ყველა ეს მიზეზი საკმარისი, რომ ასეთ მოკლე დროში ლარის კურსი გამყარებულიყო. რადიკალური არაფერი მომხდარა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ლარის გამყარებაში წვლილი აჟიოტაჟმაც შეიტანა. მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც დანაზოგი ან მიმდინარე ანგარიშები აქვს დოლარში და იცის, რომ ადრე თუ გვიან დასჭირდება ამ ფულის გადახურდავება, ლარის გამყარების შიშით ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კურსით გადაახურდაოს დოლარი. და კიდევ, ბიზნესმა 1-ელ აპრილამდე უნდა გადაიხადოს მოგების გადასახადი, ჯამში დაახლოებით 300 მილიონი ლარი.

რაც შეეხება პროგნოზს, თუ რუსეთში, თურქეთში, ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად არ შეიცვლება, ლარი კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, განსაკუთრებით ზაფხულში".

"ქადაგიძემ მიმიწვია და ჩემი ეჭვები დადასტურდა"

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ლარის ელვისებური გამყარებით გამოწვეული სიხარული ნაადრევია. ჯერ ერთი, რას ჰქვია მყარი ვალუტა? ჩვენ გვჭირდება არა მყარი, არამედ სტაბილური ვალუტა. ეროვნული ვალუტის კურსი ისეთი უნდა იყოს, რომ სტიმულს აძლევდეს ადგილობრივ წარმოებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაში უწყობდეს ხელს. ჩემი კრიტიკის შემდეგ, ქადაგიძემ მიმიწვია ეროვნულ ბანკში და დეტალურად გავეცანი ყველა ოპერაციას. მინდა გითხრათ, რომ ყველა ის ეჭვი, რაც თავის დროზე გამოვთქვი, სწორი აღმოჩნდა. ვგულისხმობ ლარის კურსის ფორმირების მთავარ პრობლემას.

ჯერ ერთი, ლარის კურსი არ ექვემდებარება საქართველოს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ასეთი პარამეტრები ეროვნული ბანკისთვის არავის განუსაზღვრავს. ამიტომ ეროვნულ ბანკს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, რაც განსაზღვრული აქვს, ვერც მოსთხოვ. შესაბამისად, როცა ეროვნულ ბანკს და კონკრეტულად, ბატონ ქადაგიძეს აბრალებდნენ, რომ თითქოს კურსი არ დაიჭირა, მხოლოდ ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებით ამას ვერც გააკეთებდა, თუმცა ჯოხი მასზე გადატყდა.

ჩვენ კურსს ვადგენთ არა ერთობლივი მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით, არამედ ორი-სამი ბანკი ვაჭრობს "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში. ვაჭრობის მოცულობა არ აღემატება 3 მილიონ დოლარს და ასე ადგენენ ლარის კურსს. ანუ ეროვნულმა ბანკმა წინასწარ არ იცის, როგორია დოლარზე მოთხოვნა მოცემულ მომენტში. რა თქმა უნდა, კურსის დადგენისას არ არის გათვალისწინებული სავალუტო ჯიხურებში გადაცვლების მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ლარი-დოლარით ვაჭრობას "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე. ასეთ შემთხვევაში, კურსის დადგენა მნიშვნელოვნად ნაკლები ფულის მოცულობიდან აბსოლუტურად არასწორია და აძლევს ბანკებს შესაძლებლობას, ითამაშონ ხან კურსის აწევაზე, ხანაც დაწევაზე და ამით ფული აკეთონ. თუმცა სპეკულაცია დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისთვის, მაგრამ ის არ უნდა ვნებდეს ეროვნულ ეკონომიკას. კვირის მიწურულს კი "ბლუმბერგის" სისტემაში საერთოდ წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, 2,44 ლარიდან დოლარის კურსმა ჯერ 2,26-მდე დაიწია, ხოლო როცა ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა, 2,38-ზე ავარდა. გამოდის, 1900 პუნქტით გამყარების შემდეგ, უცებ 1200 პუნქტით დავარდა კურსი, რაც წმინდა წყლის სპეკულაციაა.

რა საჭიროა ეკონომიკის განვითარება, როცა მიაგნეს ძარცვის ბრწყინვალე მექანიზმს - სავალუტო კურსის ცვლილებით ხან მოსახლეობის ის ნაწილი "გაპარსო", ვინც ვალდებულებებს იხდის დოლარში, ხანაც მეორე, ვისაც დანაზოგი აქვს უცხოურ ვალუტაში ან უცხოური გზავნილების იმედად ცხოვრობს, თანაც ამას არც ხელისუფლება გიშლის და არც ეროვნული ბანკი".