"2-3 წელიწადში კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"2-3 წელიწადში კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ"

"3-4 ცალი დამტვრეული ავტომობილი ჩამოჰყავთ და მისგან ერთს თუ აწყობენ"

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისა და რეგისტრაციის შესაძლო აკრძალვის გამო პროტესტი ისევ გრძელდება. ავტომფლობელები ხელისუფლებისგან აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ, დილერები კი მისი ამოქმედების ვადის გახანგრძლივებას. "მარჯვენასაჭიანთა" მრავალრიცხოვან აქციებს ისინიც შეუერთდნენ, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს 200-ლარიანი ჯარიმების გამოწერის გახშირებას აპროტესტებს.

ნიკოლოზ არუშანოვი, "ბი ფორვარდის" წარმომადგენელი: "საპროტესტო აქციაზე ერთად დგანან როგორც ავტოიმპორტიორები, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები, ასევე ისინი, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში შსს-მ უსამართლოდ დააჯარიმა 200 ლარით, ასეთი კი დაახლოებით 4 500 კაცია. 1-ლი იანვრიდან ხელისუფლება გეგმავდა აქციზის მოსაკრებლის 0.80-დან 1,5 ლარამდე გაზრდას 14 წელს ზემოთ ავტომობილზე. ხელისუფლების გარკვეულ წრეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და ცვლილების ამოქმედება გადაიდო, თუმცა არავინ იცის, როდის განახორციელებს თავის ჩანაფიქრს, რაც მნიშვნელოვნად გააძვირებს ამ "წლოვანების" ავტომობილების იმპორტს საქართველოში. დასახელდა სავარაუდო ვადა - 2017 წლის 1-ლი იანვარი, როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება და ასეთ მანქანებს მხოლოდ რეექსპორტისთვის თუ შემოიყვანს ვინმე. ჩვენ ვითხოვთ, ეს ვადა მინიმუმ 2 წლამდე გაიზარდოს, რადგან ამ სფეროში დასაქმებულ თითქმის ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გრძელვადიანი კრედიტები და ვალდებულებები აქვთ. ვითხოვთ, შსს-მ უარი თქვას უსამართლო 200-ლარიანი ჯარიმების გამოწერაზე. შესაბამისი ჩანაწერი აქამდეც არსებობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, თუმცა ამ ჯარიმას იშვიათად გამოწერდნენ ხოლმე.

გაურკვეველი პოლიტიკა და გადაწყვეტილებების ხშირი ცვლა აზარალებს ბიზნესს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 1-ლი მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია შესაძლოა აკრძალულიყო, ჩემმა კომპანიამ, ფაქტობრივად, შეწყვიტა მუშაობა. 23 დეკემბერს გამოვიდა იაპონიიდან ბოლო გემები და დაახლოებით 10 იანვრამდე შესყიდვები არ გაგვიკეთებია იმის შიშით, რომ აკრძალვა მარჯვენასაჭიანებზე შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოქმედებულიყო. არადა, თვეში დაახლოებით 400-500 ავტომობილი შემოგვყავდა, აქედან 20-30% რეექსპორტზე გადიოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარჯვენასაჭიანებზე აკრძალვა 1-ლი მარტიდან აღარ ამოქმედდებოდა, შესყიდვები განახლდა, მაგრამ ახლა 150 ავტომობილსაც ვერ ვყიდით".

ლაშა ჩიტაიშვილი, "ავტოკომის" წარმომადგენელი: "არც ერთი კვლევა არ არსებობს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი საფრთხის შემცველია, როცა ვერ მოჰყავთ მყარი არგუმენტები, იბადება გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან ვიღაცის ბიზნესინტერესები დგას. დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა დაახლოებით 3.000 დოლარი ღირებულების იაპონურ ავტომობილებზეა. აკრძალვის შემთხვევაში ამ მანქანებს დაახლოებით იმავე ღირებულების ამერიკული და ევროპული ავტომობილები ჩაანაცვლებენ. ყველამ კარგად იცის, ამ ფასად როგორ ამერიკულ ან ევროპულ მანქანას იყიდი. 3-4 ცალი დამტვრეული ავტომობილი ჩამოჰყავთ და მისგან ერთს თუ აწყობენ. იაპონიის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ 2-3 წელიწადში კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ როგორც გარემოს დაბინძურების, ასევე მგზავრობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საცობებს კი ამით არაფერი ეშველება, რადგან ამ აკრძალვებით ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში არ მცირდება".