წამლის "ხარკი" - სხვაობა მომწოდებლისა და აფთიაქის ფასებს შორის რიგ შემთხვევაში 178%-ს, 256%-სა და 498%-საც კი აღწევს
28-03-2016
წამლის "ხარკი" - სხვაობა მომწოდებლისა და აფთიაქის ფასებს შორის რიგ შემთხვევაში 178%-ს, 256%-სა და 498%-საც კი აღწევს
არ წყდება საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ოლიგოპოლიაა. ანუ, ბაზრის დიდ წილს რამდენიმე კომპანია იყოფს, ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და წამლის სიძვირეც ამით აიხსნება. არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებიც ადასტურებდა, რომ კომპანიები ზემოგებაზე მუშაობდნენ და ზოგჯერ წამლებზე ფასნამატი 300%-საც კი აღწევდა. დღეს ფარმაცევტულ სექტორში თითქოს ვითარება მცირედით შეცვლილია, ბაზარზე რამდენიმე ახალი მოთამაშეც გამოჩნდა, მაგრამ წამლის სიძვირე კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა. მიზეზად ხან ლარის კურსს ასახელებდნენ, ხანაც მომწოდებლების მიერ ფასის ზრდასა და მომატებულ ხარჯებს.
რადგან საქართველოში მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, გადავწყვიტეთ, შეგვედარებინა მომწოდებლებისა და რეალიზატორების ფასები. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2016 წლის იანვრიდან დღემდე რამდენიმე ძირითადი მედიკამენტის საბაჟოზე
დაფიქსირებული ფასის შესახებ; შემდეგ ეს მონაცემები სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში აღრიცხულ რეალურ ფასებს შევადარეთ და საინტერესო სურათი მივიღეთ. სხვაობა მომწოდებლისა და აფთიაქის ფასებს შორის მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა და რიგ შემთხვევაში 178%-ს, 256%-სა და 498%-საც კი აღწევს.

"დამკრძალავი ბიუროს გახსნა აკლიათ"

მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი:
"საქართველოში, ფაქტობრივად, არც წამლის ხარისხის კონტროლის რეგულირება ხდება, არც ფასების, არც ლიცენზიების. როცა ამ ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდება, რამდენიმე კომპანიის მხრიდან აპელირება იმაზე, რომ თითქოს გაკოტრება ემუქრება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია. მაგალითად, ზოგიერთი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში, 3-4 ერთი და იმავე კომპანიის აფთიაქია. ზოგან ლამის გვერდიგვერდ არის გახსნილი ერთი და იმავე კომპანიის აფთიაქები იმის შიშით, ვაიდა, კონკურენტმა არ იქირაოს აქ ფართობი და არ მოიკიდოს ფეხი ბაზარზეო. თუ გაიზრდება კონკურენცია, ბუნებრივია, იმავეს ვეღარ გააკეთებენ.

განვითარებულ ქვეყნებში წამლის საბითუმო და საცალო რეალიზატორები სხვადასხვა კომპანიაა. ზოგან ამას კანონი არეგულირებს, ჩვენთან კი იმპორტიორებიც თავად არიან, მიმწოდებლებიც, დისტრიბუტორებიცა და სააფთიაქო ქსელის მფლობელებიც. ასეთ შემთხვევაში ხარჯი გაცილებით მცირეა, მოგება კი მაღალი. ბევრ ქვეყანაში წამლის ფასი რეგულირდება ფასის პირდაპირი დადგენით. მაგალითად, იტალიასა და საფრანგეთში მედიკამენტის ფასს ადგენს სახელმწიფო და ეს ფასი ინფლაციასაც კი არ ექვემდებარება. არის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო აწესებს როგორც წამლის საბითუმო, ისე საცალო ფასს, ზოგ ქვეყანაში კი სახელმწიფო აწესებს შეზღუდვებს მოგების მარჟაზე და მას მთლიანად კომპანიაზე კი არ ზღუდავს, არამედ კონკრეტულ მედიკამენტზე.

დიდ ბრიტანეთში თუ კონკრეტულ მედიკამენტზე მოგება 21%-ზე მეტია, ამ მოგებას სახელმწიფო მთლიანად ართმევს კომპანიას.
სხვა ევროპულ ქვეყნებში კანონით არის დადგენილი, რომ წამლის საბაჟოზე დაფიქსირებულ და გასაყიდ ფასებს შორის სხვაობა 45%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენთან ამ მხრივ უკონტროლო ვითარებაა და ამიტომაც გვხვდება შემთხვევები, როცა წამლები 200, 300, 500%-იანი ფასნამატითაც იყიდება.

კიდევ ერთი ანომალია, რომელიც ახასიათებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს, კარგად გამოჩნდა ჩვენს კვლევაში, რომელიც 4 წლის წინ ჩავატარეთ. ერთმანეთს შევადარეთ 3 მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის საცალო ფასები 3 ათასამდე დასახელების მედიკამენტზე. აღმოჩნდა, რომ 90%-ში ფასი აბსოლუტურად ერთნაირი იყო და მხოლოდ 10%-ში იყო მცირე განსხვავება, 1-3 თეთრამდე. გამოდის, ამ კომპანიებს ჰქონდათ ერთი და იგივე საფასო პოლიტიკა და ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა არ სურდათ.

მედიცინის დიდი ცოდნა არ გჭირდება, რომ ჯენერიკი მედიკამენტი ბევრად იაფია, ვიდრე ორიგინალი.
საქართველოში კი ისეთი პარადოქსებიც ხდება, რომ ქართული წარმოების ჯენერიკები ორიგინალებზე ძვირია. მეტიც, აფთიაქებში ზოგჯერ ორიგინალს მოითხოვ და ადგილობრივი წარმოების ჯენერიკს გაძლევენ. არც გეუბნებიან, რომ ორიგინალს არ გაძლევენ.
არის შემთხვევები, რომ საქართველოში წარმოებული წამლები უფრო იაფად იყიდება უცხოეთში, ვიდრე ადგილობრივ სააფთიაქო ქსელში. ამის შემდეგ ვერავინ დამარწმუნებს, რომ სარეალიზაციო ფასზე ფასნამატი დაბალია. თუ იმაზე ხდება აპელირება, რომ მოგება აქვთ დაბალი, ეს კიდევ გასარკვევია. დაბალი მოგება შეიძლება სპეციალურად აჩვენო და ამავე დროს ვითომცდა ხარჯით შენი სხვა ბიზნესი გააფართოო. სწორედ ამას აკეთებდნენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში _ დაიწყეს საქმიანობა მცირე სააფთიაქო ქსელით და დღეს ბიზნესიმპერიები შექმნეს, დაწყებული იმპორტით, საცალო რეალიზაციის, ადგილობრივი წარმოების, კლინიკებისა და საკუთარი სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით. ერთი, დამკრძალავი ბიუროს გახსნა აკლიათ და დაბადებიდან სიკვდილამდე ისინი მოგვემსახურებიან".

რატომ თქვა კონკურენციის სააგენტომ უარი ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე

სოლომონ მენაბდიშვილი, კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი:
"ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს მივმართე. განცხადებაში რამდენიმე გარემოებასთან ერთად აღნიშნული მქონდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მაღალი მოგების მარჟებით მუშაობენ. სამწუხაროდ, კონკურენციის სააგენტომ უარი თქვა მოკვლევის დაწყებაზე იმ საბაბით, რომ საკმარისი დასაბუთება ვერ წარვადგინე, პირად საუბრებში კი განაცხადეს, რომ ძალიან დიდი შრომა მოუწევდათ, რადგან ყველა ის ხელშეკრულება უნდა შეესწავლათ, რომელიც კომპანიებს უცხოელ მომწოდებლებთან ჰქონდათ დადებული. გარდა ამისა, უნდა შეესწავლათ, ხდებოდა თუ არა კომპანიებს შორის ერთმანეთში გაცვლა საქართველოში შემოსული პროდუქტებისა და სხვ. თუმცა თქვეს, რომ მომავალში თუ რამე დარღვევას აღმოაჩენენ, აუცილებლად დაიწყებენ მოკვლევას. არადა, ამ დარღვევებს რა აღმოჩენა უნდა, როცა სხვადასხვა კომპანიის აფთიაქებში წამლებს ერთი და იგივე ფასი აქვს, რომ კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ, რაც მოსახლეობას უფრო აღარიბებს".

ბიზნესმენების პასუხი: "კოლოსალურ მოგებაზე არ ვმუშაობთ"

კახა ოქრიაშვილი, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი:
"გააჩნია, რომელ მედიკამენტებზეა ლაპარაკი. მაგალითად, ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჩვენს კომპანიას დარიცხვა არა აქვს, თუ საბაჟოზე ფიქსირდება, ვთქვათ, 100 ევროდ, ამავე ფასად ვყიდით აფთიაქში. ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ასეთია, ძვირად ღირებული და პატენტით დაცული მედიკამენტები, რომელთა ღირებულება ხშირად 400, 500 800 დოლარიც კი არის, მოგების გარეშე გავყიდოთ.

იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც მუდმივად მოიხმარენ, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა ან დიაბეტის სამკურნალო, რასაც სახელმწიფო არ ფარავს, ყოველთვის გვაქვს შეზღუდული დარიცხვა და კვირაში სამ დღეს, ანუ ფასდაკლების დღეებში, ნებისმიერს შეუძლია ჩვენს ქსელში ამ მედიკამენტების შეძენა მაქსიმუმ 10-12%-იანი მოგების მარჟით. მეტიც, ფასდაკლების დღეებში, ასე ვთქვათ, საკულტო მედიკამენტებზე, როგორიც არის დიაბეტონი, მოგების მარჟა 2%-იც კი არის, ან მინუსშიც კი შეიძლება იყოს. შარშან ჩვენი მოგება 4%-ს არ აღემატებოდა. ეს არის სიმართლე და არა ის, რომ კოლოსალურ მოგების მარჟებზე ვმუშაობთ.

ზოგიერთ კომპანიას, ოღონდ არა სააფთიაქო ქსელს, არამედ მწარმოებელს ან მარკეტინგულს, რომელსაც მედიკამენტი შემოაქვს, შესაძლოა, მაღალი დარიცხვა ჰქონდეს, რადგან მარკეტინგული ხარჯები უნდა დაფაროს, მაგრამ ხარჯი ბევრია და საბოლოოდ მოგება, შესაძლოა, არც კი ჰქონდეს და გაკოტრდეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ GPC-ის, რომელიც ძალიან კარგი კომპანიაა კარგი მარკეტინგული სტრატეგიით, იმდენად გაუჭირდა, რომ 14 მილიონ დოლარად "საქართველოს ბანკის" შვილობილმა კომპანიამ შეიძინა. ბაზარზე ზეკონკურენციაა. თუ 5 წლის წინ 3 მსხვილი მოთამაშე ვიყავით, ამას დაემატა "ფარმადეპო", "იმპექსფარმი", "სახალხო აფთიაქი", "სააფთიაქო სახლი" და სხვ. იმ კომპანიებს, სადაც იყო მაღალი საიჯარო ხარჯები, პირველ რიგში გაუჭირდათ და ასეთი იყო GPC.

ვისაც არ აქვს შემოსავალი, ის ხალხი უნდა იყოს დაზღვეული სახელმწიფოს ხარჯზე. სულ ცოტა, იმ აუცილებელ მედიკამენტებს უნდა უნაზღაურებდეს სახელმწიფო, რასაც სასიცოცხლო მედიკამენტები ჰქვია".

დავით კილაძე, კომპანია ჯი-პი-სის დამფუძნებელი:
"თქვენ ადარებთ საბაჟოზე აღნუსხულ ფასს პრაისის ფასთან, მაგრამ ფასდაკლების დღეებში ეს ფასი ქსელში 22-30%-ით მცირდება. არის თუ არა ზემოგებები ფარმაციაში, ყველაზე კარგი ინდიკატორი კომპეტენტური და კვალიფიციური აუდიტორის დასკვნაა. დიდი აუდიტორული ოთხეულიდან ერთ-ერთი ყოველწლიურად აწყობს ჩვენი კომპანიის კვლევას ჩვენი შიდა სტანდარტებიდან გამომდინარე. ჩვენი კომპანიისთვის წლიური მოგება 1,5-2%-მდეა. ეს არის საუკეთესო ინდიკატორი იმის გასაგებად, არის თუ არა ზემოგებები ფარმაციაში. საბაჟოზე რომ სხვა ფასია და დახლზე სხვა, არ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი, რამდენად მაღალი ან დაბალია მოგების მარჟა. გასათვალისწინებელია საშუალო შეწონილი. შესაძლოა, რაღაცას ჰქონდეს 300%-იანი დარიცხვა, მაგრამ რამდენია ეს დარიცხვა ფულში გამოხატული? შეიძლება ასეთი წამალი 1 ცალი იყიდება წელიწადში და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, 1000%-იც იყოს დარიცხული.

ფარმაცევტული დარგი შედგება ბევრი კომპონენტისგან, მათ შორის ლოგისტიკისგან, მარკეტინგისგან, საოპერაციო შემადგენლისგან, იჯარით აღებული ფართობებისგან, ხელფასებისგან. შარშან ჩვენი მოგება 1,5-2 მილიონი ლარი იყო. ვიღაცას შეიძლება ეს დიდ თანხად მოეჩვენოს, მაგრამ იმისთვის იქმნება ბიზნესები, რომ მოგება მიიღონ, სხვაგვარად ალტრუიზმი იქნებოდა".
levani.gori
01 აპრილი 2016 14:13
მეც მივწერე კონკურენციის სააგენტოს აღნიშნული საკითხის შესწავალ მარა კონკრეტული მტკიცებულებები მოითხოვეს. თუ მტკიცებულები მივეცი ჯარიმის დაწერას რაღა უნდა? უბრალოდ ერთი ადგილის განძრევა ეზარებათ. თანაც ყველა ფარმაცევტულ კომპანიის ხელმძღვანელობას პარლამენტში ყავს თავისი კაცი დასმული, მსგავსი გართულებები რომ აირიდონ. ხოლო რაც შეეხება მოგებას დაზუსტებით შეილება იმის თქმა რომ ფარმაცევტული კომპანიები 200%-600% მოგებაზე მუშაობენ, და ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება.
aleko
01 აპრილი 2016 13:31
არ მჯერა ამ სტატიის არც ერთი სიტყვის!
როგორ! დიდი ქველმოქმედისა და მეცენატის,ბატონი ბიზინას ,,ფარმადეპოც" წამლებზე ხელოვნურად უმატებს ფასს?
არადა უფასოდ არიგებს---რა უმადურები ხართ
david
01 აპრილი 2016 12:45
სახელმსიფომ უნდა დაარეგურიროს ფასები,საზხვარგარეტ ევროპასჰი როსა რესეპტიტ კიდულობ სამალს ხირებულების ნახევარ ფას იხდი,სოგიერტზე კი ნახევარ ფასზე დაბალს.

რედაქტორის რჩევით