500.000-იანი პრემია-დანამატი ანუ მადა ჭამაში მოდის?! - კვირის პალიტრა

500.000-იანი პრემია-დანამატი ანუ მადა ჭამაში მოდის?!

"ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაურკვეველი სამსახურების ხელმძღვანელებს თვეში უხდიან 8.000 ლარს, მეშახტეს კი 300 ლარს!"

თბილისის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემია-დანამატების შესახებ "მონიტორინგის ცენტრი მედიატორი" ინფორმაციის მოძიებასა და გასაჯაროებას განაგრძობს. ამჯერად "მედიატორმა" ექსკლუზიურად მოგვაწოდა მონაცემები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მერიის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაცემული შთამბეჭდავი პრემია-დანამატების შესახებ.

ლევან ხაბეიშვილი, "მონიტორინგის ცენტრ მედიატორის" დამფუძნებელი: "მას შემდეგ, რაც ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო გახადა დედაქალაქის მერიაში 2015 წლის დეკემბერში გაცემული კოლოსალური პრემია-დანამატები - 2.198.000 ლარი, გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა მერიის დაფუძნებული ააიპ-ების, შპს-ებისა და სსიპ-ების მიერ მიღებული სარგო, დანამატი და პრემია.

იმ ფონზე, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს უამრავი შეკითხვა აქვს მიმდინარე მშენებლობების ნებართვების ლეგიტიმურობაზე, რომლებსაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს, ანაზღაურება ამ სამსახურში შთამბეჭდავია - მხოლოდ 2015 წლის დეკემბერში პრემიად გაიცა 160.479 ლარი, დანამატად - 104.905 ლარი და ჯამში ამ ერთ თვეში "წახალისებამ" 265.000 ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ანაზღაურებას, სამსახურის უფროსმა დეკემბერში 7.375 ლარი აიღო, ხოლო მისმა ოთხმა მოადგილემ - სათითაოდ 7.980 ლარი. გამოდის, ხუთი შეუცვლელი მოხელის შენახვა, რომლებიც ასე ქაოსურად გასცემენ სამშენებლო ნებართვებს, მხოლოდ დეკემბერში 39.295 ლარი დაგვიჯდა. იანვარსა და თებერვალში დანამატებს მხოლოდ თანამდებობის პირები იღებდნენ - იანვარში 28.044 ლარი დანამატი გაიცა, ხოლო თებერვალში - 28.795 ლარი. ამ პერიოდში სამსახურის სტაფი საწვავსაც მოიხმარდა და 3 თვის განმავლობაში ხარჯმა 3 527 ლიტრს მიაღწია.

მერიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი ორგანიზაციიდან - ქონების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2015 წელს ამ სამსახურშიც "მსუყე" პრემიები და დანამატები აიღეს, მაშინ, როცა საშტატო ერთეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოგვცეს. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ გაბერილია როგორც შტატები, ასევე ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა და ხშირად კვალიფიკაციის არქონაც სახეზეა, რის კვლევასაც განვაგრძობთ. თუმცა მოწოდებული ინფორმაციით ვარკვევთ, რომ ამ სამსახურში 2015 წელს პრემიად 229.161 ლარი, ხოლო დანამატის სახით 369.893 ლარი გაიცა. ჯამში მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოში 2015 წელს 599.054 ლარი გაიცა პრემია-დანამატის სახით.

ააიპ "კულტურული ღონისძიების ცენტრი" საერთოდ რა სამსახურია, გაუგებარია. რა ღონისძიებას გეგმავენ ან მათი დაგეგმილი ვის რა უნახავს? სამაგიეროდ, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში თანამშრომელთა პრემია-დანამატმა 57.660 ლარი შეადგინა. აქედან 31.185 ლარი დანამატია და 26.475 - პრემია. ამ ააიპ-ის ხელმძღვანელის პრემია-დანამატმა დეკემბერში 5.550 ლარი შეადგინა და თუ ამას ხელფასსაც დაუმატებთ, მხოლოდ დეკემბერში 8.325 ლარი გადავუხადეთ, რაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტის 2 თვის ანაზღაურებაა, ბაღის პედაგოგის კი, 3 წლის ხელფასი. ამას უნდა დავუმატოთ ამ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ 3 თვეში მოხმარებული 1061 ლიტრი საწვავი.

ბევრი კითხვა ჩნდება "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მუშაობაზეც. მით უფრო აღმაშფოთებელია ამ ფონდის ხელმძღვანელი პირების კოლოსალური ანაზღაურება. 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იანვარში ამ ფონდში 60.000 ლარის დანამატი და 44.000 ლარის პრემია გაიცა, ჯამში 2 თვეში - 104.000 ლარი. დიდი პრემია-დანამატები გაიცემა ისეთ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში, რომელთა საქმიანობის შესახებ არავინ არაფერი ვიცით. ზემოთ მოყვანილი 104.000 ლარი 3 თვეში 994 ბენეფიციარს ეყოფოდა, მერიის "სტანდარტებით" დღეში 1,18 ლარად რომ გამოგვეკვება.

რაც შეეხება ბაღების მართვის სააგენტოს, ციფრები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და მისი "გუნდის" მადაზე მიუთითებს. მხოლოდ დეკემბერში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 66.000 ლარს გადააჭარბა, საიდანაც პრემია 59.000 ლარია. მხოლოდ თორდინავას პრემია-დანამატმა ერთ თვეში 5.000 ლარს გადააჭარბა და ამას მის ხელფასსაც თუ დავამატებთ, გამოვა, რომ ერთ თვეში 8.000 ლარამდე შემოსავალი მიიღო. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაურკვეველი სამსახურების ხელმძღვანელებს თვეში უხდიან 8.000 ლარს, მეშახტეს კი 300 ლარს!"