გასაყიდ ცხვრებს მწყემსები შემოდგომით მიითვლიან
შარშან ზაფხულიდან დღემდე, საქართველოდან არაბულ ქვეყნებში საექსპორტოდ 246.244 სული ცხვარი გაიყვანეს. "ეკოპალიტრა" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საზოგადოებას არაბი ბიზნესმენების ინტერესების შესახებ უამბო და თბილისის შემოგარენში მდებარე მათ ფერმასაც მიაკვლია... აღმოჩნდა, რომ ქართული ცხვრის შემდეგ, არაბები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვით დაინტერესდნენ და არაბულ ქვეყნებში ცოცხალი საქონლით დატვირთული რამდენიმე გემიც გაგზავნეს.

საქართველოს ბაზარზე ახალშემოსული არაბები ცხვარს ადგილობრივი შუამავლების დახმარებით ყიდულობდნენ და როგორც ახლა ირკვევა, ამ გარიგებებით გლეხებსა და მეცხვარეებზე მეტად შუამავლებმა იხეირეს.
დოლი ახლახან დამთავრდა, ამიტომ არაბეთში გასაყიდ ცხვრებს მწყემსები მხოლოდ შემოდგომით მიითვლიან.
მართალია, თბილი ზამთრის გამო წლეულს საქართველოში ბარაქიანი დოლი იყო და ცხვრის სულადობაც გაზრდილია, მაგრამ შარშანდელი მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ცხვარს ფასი დაედო.

ენრი კობახიძე (ფერმერი კახეთიდან): "წლების განმავლობაში საქართველოში ცხვრის რეალიზაცია ჩაკეტილი იყო, შარშან კი
ერთბაშად ამდენი ცხვარი გაიყიდა, თანაც ჯერ არნახულ ფასად. სხვათა შორის, არაბები ერთ მოზრდილ ცხვარში დაახლოებით 170 ლარს იხდიდნენ, შუამავლების ხელით კი მწყემსებამდე მხოლოდ თანხის ნახევარი აღწევდა. წლევანდელი ბატკანი ცხვრად მხოლოდ შემოდგომისთვის იქცევა და ვფიქრობთ, შარშანდელზე ძვირი ეღირება. შარშან მწყემსები არაბების მიერ გადახდილ 70 ლარს დახარბდნენ და ლამის დედა ცხვრებიც კი აღარ დაიტოვეს. წელს კი ალბათ ცხვარს 100 ლარზე ნაკლები ფასი არ ექნება".

ჩვენი ინფორმაციით, არაბები უკვე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსაც ყიდულობენ სასოფლო-სამეურნეო ბაზრობებზე, მათ შორის მარნეულში, ახალციხეში, თუმცა იქაც მხოლოდ მათი ადგილობრივი შუამავლები ჩნდებიან, რათა ფულიანი არაბების დანახვისას მეცხვარეებმა ფასი განგებ არ გაზარდონ. "ახალციხეში პირუტყვის ბაზრობა კვირაში ერთხელ, ყოველ კვირას იმართება და საშუალოდ 150 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყიდება. რეალიზაცია შესამჩნევად გაზრდილია, მაგრამ გაზაფხულის სეზონისთვის ეს ისედაც დამახასიათებელია.

ხორცის ცოცხალი წონა, კილოგრამი 3-3,50 ლარი ღირს. არაბი ბიზნესმენების დაინტერესების შესახებ გვსმენია, მაგრამ აქ საქონლის საყიდლად მხოლოდ ქართველები მოდიან, ხოლო იმის გარჩევა, ვინ არაბების შუამავალია და ვინ არა, ჭირს", - გვითხრა ახალციხელმა ფერმერმა გედევან გოზალიშვილმა.

ბექა გონაშვილი (მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე):
"ცხვარს ახლა გამრავლების პერიოდი აქვს, ამიტომ არაბების ინტერესი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვისკენაა მიმართული. სწორედ ახლა პირუტყვით დატვირთულ ერთ გემს, დაახლოებით 1000 სულს, ვაგზავნით ეგვიპტეში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რქოსანი პირუტყვით დატვირთული ორი გემი, ფოთის პორტიდან არაბული ქვეყნების მიმართულებით უკვე გაიგზავნა.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ცხვრის შემდეგ არაბები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს გაიყვანდნენ საქართველოდან, მაგრამ ცხვრისგან განსხვავებით, ის ნაკლებ მოგებას ტოვებს. ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ხორცის ცოცხალი წონა, კილოგრამი დაახლოებით 3-4 ლარი ღირს, მაშინ როცა ბრაზილიაში 300 დოლარად ბუღას იყიდი. ამიტომ ბრაზილიური ხორცი ქართულსაც უწევს კონკურენციას და არ არის გამორიცხული, საქართველოდან რქოსანი პირუტყვის ექსპორტი შევწყვიტოთ.

ქართულმა ცხვარმა არაბულ ბაზრებზე ისეთი პოპულარობა მოიპოვა და მასზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ საქონლის ხორცი ფაქტობრივად გაკვალულ გზაზე შეიტანეს არაბებმა და შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, სწორედ იმიტომ იყიდება, რომ ქართულია. საქართველოდან ექსპორტირებული პირუტყვის ნაწილი არაბულ ქვეყნებში ბითუმად საღდება, ზოგსაც სასაკლაოები ყიდულობენ. არაბული ქვეყნების გარდა, საქართველოდან რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აზერბაიჯანშიც ხდება.

არაბები რქოსან პირუტყვს სოფელ-სოფელ აგროვებენ და საგანგებოდ მოწყობილ ფერმებში ჰყავთ. სხვათა შორის, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ახალი არაბული კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომლებსაც იგივე ინტერესები აქვთ, ამიტომ სხვები იძულებული არიან, ბიზნესის მასშტაბები შეამცირონ. მაგალითად, ჩემი არაბი პარტნიორები ცხვრის შესყიდვის მომავალ სეზონზე ოთხჯერ აპირებენ საექსპორტო ცხვრის რაოდენობის შემცირებას... არ არის გამორიცხული, მომავალში არაბები ქართული მატყლითაც დაინტერესდნენ.

ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამი მატყლი 1-1,50 ლარი ღირს. ერთ სულ ცხვარზე დაახლოებით 2,5 კილოგრამი მატყლის მიღებაა შესაძლებელი. დღეს ქართული მატყლი ფაქტობრივად არ იყიდება, მეტიც, ზოგი იძულებულია, გადაყაროს ნედლეული, რომელიც სხვა ქვეყნებში საკმაოდ ძვირად ფასობს. წინასწარ რთულია ყველაფრის გათვლა, მაგრამ ვფიქრობ, თუ არაბები ქართული მატყლისთვის გასაღების ბაზარს იპოვიან, გლეხებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ".
tornike
22 მაისი 2015 21:04
ვინმეს შეუძლია ინფორმაცია მომაწოდოოს სად იბარებეენ მატყლს ??
irakli
22 მარტი 2010 10:12
ფრიდონი 15 წლის წინ ამბობდა ცხვარი სჯობს ყველაფერსაო. ვინ დაუჯერა, იძახდნენ: ძროხა, ძროხაო ! ეხლა ნახონ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები