სასტუმროებს ვარსკვლავური ავადმყოფობისგან "განკურნავენ" - კვირის პალიტრა

სასტუმროებს ვარსკვლავური ავადმყოფობისგან "განკურნავენ"

აუდიტორებმა მომსახურების ხარისხი შესაძლოა წელიწადში ოთხჯერაც შეამოწმონ

გული მოგიკვდებათ, უცხოელი ტურისტების მიერ ჩვენს სასტუმროებზე გაკეთებულ კომენტარებს თუ წაიკითხავთ: "ნივთები შევუკვეთეთ და ნომერში მოტანამდე მთელი დღე გვალოდინეს. არც თეთრეულია სუფთა"; "სერვისი ძალიან დაბალ დონეზეა, პერსონალიც არ არის კეთილგანწყობილი"; "სერვისი დაბალია, ფასი კი ძალიან მაღალი".

არადა, ჩვენთან სასტუმროების უმრავლესობას სამი და ოთხი ვარსკვლავი აქვს და წესით, სტუმრებს მაღალი დონის სერვისს უნდა სთავაზობდნენ. მაგრამ ეს თვითნებურად მინიჭებული ვარსკვლავები ბევრ სასტუმროს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, მომსახურებას მაღალი ფასი რომ დაადოს. სასტუმროებს ამიერიდან ასოციაცია "გლობალ სტარი" ევროპული სტანდარტის შესაბამისად შეაფასებს და ვარსკვლავსაც ამის შემდეგ მიანიჭებს. 1-დან 5-მდე ვარსკვლავის მისაღებად სასტუმროს 270-მდე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევს.

ჩვენთან სასტუმროებს ცეცხლის ფასი ადევს. აქაური სასტუმროების ტარიფები ევროპულს უტოლდება, მაგრამ ჩამოსული ტურისტების 99% იმედგაცრუებული რჩება - ფასის შესაბამის სერვისს ელოდება, სინამდვილეში კი ბევრად უარესი ხვდება. რადგან არ არსებობს უწყება, რომელიც სასტუმროს სერვისის შესაბამის ვარსკვლავს მიანიჭებს, სასტუმროები ვარსკვლავსაც თვითნებურად ინიჭებენ. კანონი ამას არავის უკრძალავს. დღეს ქვეყანაში 400-მდე სასტუმროა.

აქედან უმრავლესობას სამი ვარსკვლავი აქვს თვითმინიჭებული, ორ ვარსკვლავს, პრაქტიკულად, არავინ სჯერდება. ბევრს უკვე აღარც სამი ვარსკვლავი აკმაყოფილებს, 4-5 ვარსკვლავს ინიჭებენ და ნომრის ფასსაც ამის შესაბამისად ადგენენ. საბოლოოდ მოტყუებული კლიენტი რჩება. "გლობალ სტარს" წინასწარმა მონიტორინგმა უჩვენა, რომ ქვეყანაში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების რაოდენობა 10-ს არ აღემატება. ხუთ ვარსკვლავს კი მხოლოდ ერთი იმსახურებს.

მიხეილ ბატიაშვილი ("გლობალ სტარის" დამფუძნებელი): "სასტუმროების აუდიტი და შეფასება რთული საქმეა, ამიტომ წლეულს ოც სასტუმროს თუ მივანიჭეთ ვარსკვლავი, კარგი საქმე იქნება. თბილისში ჯერჯერობით ხუთვარსკვლავიანობის კანდიდატი მხოლოდ ერთი სასტუმროა. ერთი ოთხვარსკვლავიანობის კანდიდატიც გვყავს. საერთაშორისო ქსელებს, "მარიოტს", "შერატონს", საკუთარი შემფასებლები ჰყავთ, ვარსკვლავსაც ისინი ანიჭებენ. ჩვენ მათ ვარსკვლავს ვერ მივანიჭებთ.

თუ სასტუმროს სამი ვარსკვლავი აქვს, არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. უცხოეთში სასტუმროების უმრავლესობა 3-ვარსკვლავიანია, რადგან 5-ვარსკვლავიანი ხარჯიანია. თანაც ეკონომიკური კრიზისი ყველაზე იოლად სწორედ დაბალვარსკვლავიანმა სასტუმროებმა გადაიტანეს. 3-ვარსკვლავიანში 5-იანთან შედარებით ნაკლები, მაგრამ კარგი სერვისი უნდა იყოს.

ჩვენთან რის მიხედვით ადებენ ფასს, გაუგებარია. ბევრი ფასს არა სერვისის შესაბამისად, არამედ საკუთარი სურვილით ადებს, მაგალითად, რამდენი აქვს აშენებაზე დახარჯული და რამდენად სწრაფად უნდა ამ თანხის ამოღება. ჩვენთან სასტუმროებში ბევრ ევროპულ ქვეყანაზე მაღალი ფასებია, რაც სერვისს დიდად აღემატება. გამოდის, კლიენტს ატყუებენ. აჭარაში, მაგალითად, ერთ ღამეში 100 დოლარს ითხოვენ, მაგრამ არ იცი, რა დონის სერვისს შემოგთავაზებენ. უცხოელებისთვის ეს დიდი პრობლემაა - არ იციან სასტუმრო რა კრიტერიუმით შეარჩიონ, რა სიურპრიზს უნდა ელოდონ.

ხშირად ისინი სასტუმროს ცუდი შთაბეჭდილებით ტოვებენ. ეს ქვეყნის იმიჯზე და ტურისტებზე ცუდად მოქმედებს. მათ კომენტარებს რომ ნახავენ, აქ ჩამოსვლას ვინ მოინდომებს? არა მარტო უცხოელებმა, ჩვენც დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდეთ, რა სასტუმროში მოგვიწევს ცხოვრება და რა სერვისში ვიხდით ფულს. როცა სასტუმროს ვარსკვლავი ექნება, კლიენტს წინასწარ ეცოდინება, რა სერვისს უკვეთს.

სერვისი სტუმრის დახვედრიდან იწყება, შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიგიენა. თეთრეულზე თმა რომ აღმოჩნდეს ან ლაქები, ასეთი რამ ყველა სასტუმროში შეიძლება მოხდეს, მაგრამ კლიენტმა მსგავსი რამ რამდენიმე ნომერში თუ ნახა, ვარსკვლავის მიცემაზე საუბარიც აღარ იქნება. ჰიგიენა ის კრიტერიუმია, რომელიც ერთვარსკვლავიანსაც მოეთხოვება. სადაც ნაგავი და უსუფთაობაა, ის სასტუმრო ერთ ვარსკვლავსაც ვერ მიიღებს. თითოეულ მოთხოვნას შესაბამის ქულებს დავუწერთ - 2-დან 15-მდე. 1-ვარსკვლავიანი 50-მდე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

შეიძლება სასტუმრო 3-ვარსკვლავიანი იყოს, მაგრამ ზოგიერთი 5-ვარსკვლავიანის დონის მომსახურება ჰქონდეს. სასტუმროს ყველა სახის სერვისი ვერ ექნება, მაგრამ რაც აქვს, ის იდეალურად უნდა მუშაობდეს. თეთრეულის გამოცვლის პერიოდულობა, გასარეცხად ჩაბარებული ტანისამოსის ჩაბარება, ნომრების ზომაც შესაბამისი სტანდარტის უნდა იყოს. სააბაზანო ნივთები, ხალათი, თმის ფენი, საკონფერენციო დარბაზი, ლიფტები, აუზი და სხვ.

განსაზღვრავს სასტუმროს ვარსკვლავს. მაღალი კატეგორიის სასტუმროში, შამპუნის გარდა, ტანის ლოსიონიც უნდა იყოს, აგრეტვე რამდენიმე ბალიში, საბანი. მაგრამ ერთი პრობლემაა, ჩვენი სასტუმროები ევროპულ სტანდარტებს რომ მიუახლოვდნენ, დიდი ინვესტიცია სჭირდებათ. თუმცა ვარსკვლავის აღება მათთვის სავალდებულო არ გახდება. არავის დააძალებენ და ასოციაციის წევრობაც ნებაყოფლობითი იქნება".

გიორგი კონდრატიევი ("ვერე პალასის" ადმინისტრაციის მენეჯერი): "ჩვენი სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია. ეს "გლობალ სტარის" მსგავსმა კომპანიამ 11-12 წლის წინ მოგვცა, მაგრამ მეტის ამბიცია გვაქვს. 4-ვარსკვლავიანები სხვებიც არის, მაგრამ ბევრს თვითნებურად აქვს მინიჭებული. საერთაშორისო ქსელების გარდა, 5-ვარსკვლავიანი ერთი სასტუმრო ვიცი - "ჯორჯიან პალასი" ქობულეთში. ზოგ ქვეყანაში სასტუმროებს ასოციაციები ანიჭებენ ვარსკვლავებს, ზოგან ამას კანონი არეგულირებს. მაგალითად, იტალიაში კანონი 5-ვარსკვლავამდე არეგულირებს, მაგრამ მილანში 7-ვარსკვლავიანი სასტუმროც არის. ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული ტრიუკია - ზედმეტი ვარსკვლავების მიკვრა სასტუმროსთვის. ეს წამგებიანია. როცა კლიენტი ვერ მიიღებს შესაბამის სერვისს, მეორედ აღარ მივა".

სამი ვარსკვლავი სურს "რჩეულის" სასტუმროების ქსელს, რომელიც სამ სასტუმროს აერთიანებს და საშუალო ფენაზეა გათვლილი. მოთხოვნაც ჩვენს ბაზარზე სამვარსკვლავიან სასტუმროზე უფრო მაღალია, რადგან ეს ნიშა ჯერ კიდევ ასათვისებელია. ამდენივე ვარსკვლავის მქონე სასტუმროების ქსელის მოწყობას, მათ შორის რეგიონებშიც, აპირებს კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც.

ვარსკვლავების მიღება უფასო არ იქნება, სასტუმრომ ასოციაციას ყოველწლიურად ნომერზე 10 ევრო უნდა გადაუხადოს. ამაში შედის აუდიტის მომსახურება. სასტუმროების შემოწმება ერთჯერადი არ იქნება. "გლობალ სტარის" აუდიტორმა სასტუმრო შეიძლება წელიწადში ოთხჯერაც შეამოწმოს. შედეგების მიხედვით მოხდება ვარსკვლავის ჩამოკლება ან მომატება. მომავალში "გლობალ სტარი" ვარსკვლავებს ჯერ რესტორნებს, შემდეგ კი კაფეებსაც მიანიჭებს.

მსოფლიო ტურიზმში გამოცოცხლებაა

- ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიო ტურიზმის შემოსავლები $50 ტრლნ-ით შეამცირა, თუმცა 2010 წელი ტურისტული ნაკადის მატებით აღინიშნა.

- წლეულს ექსპერტები მსოფლიო ტურიზმის 3-4%-ით გაზრდას ვარაუდობენ.

- ევროპაში ზრდამ, შესაძლოა, 1-3% შეადგინოს, აშშ-ში - 2-4%, აზიასა და აფრიკაში - 5-7%, ახლო აღმოსავლეთში - 9%.

ნონა ქვლივიძე