"მარადიული კრედიტის" მარწუხებში - კვირის პალიტრა

"მარადიული კრედიტის" მარწუხებში

პირგასამტეხლო და ჯარიმები იმდენად მაღალია, ზოგი მოვალე ბანკის ვალს ვერასოდეს გადაიხდის

მართალია, საბანკო სექტორში "დიდი გამყინვარება" დასრულდა და სესხების გაცემის თვალსაზრისით გააქტიურებაც კი შეინიშნება, არც ბანკის მოვალეთა რიცხვი იკლებს თვალში საცემად. გაუსტუმრებელ ფულად ვალდებულებებს პროცენტები და ჯარიმები ერიცხება და ბანკიც ყველა საშუალებით ცდილობს მიიღოს ის, რისი მიღების უფლებაც აქვს.

ფინანსური დავები დღეს მეტწილად კერძო არბიტრაჟებშია და რა თქმა უნდა, საკრედიტო ორგანიზაციების ან ფულის გამსესხებლების სასარგებლოდ წყდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟების დაფინასების ერთ-ერთი წყარო ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული მოსაკრებელია, მსესხებლის სასარგებლო ან უბრალოდ მომრიგებლურ გადაწყვეტილებას მათგან ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ამირან გიგუაშვილი (იურისტი): "ახალი კანონი არბიტრაჟის შესახებ ძალაში შევიდა 2010 წლის 1-ელი იანვრიდან, რომელიც ერთგვარად ზღუდავს არბიტრაჟის დამოუკიდებლობის ხარისხს. არბიტრს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება აღარ აქვს. გადაწყვეტილების დამაგვირგვინებელი კი სწორედ აღსრულების პროცესია. არბიტრს აღარც იმის უფლება აქვს, რომ ყადაღა დაადოს მოვალის ქონებას. არადა, როცა ფულად ვალდებულებებს ეხება დავა, პირველი, რასაც კრედიტორი აკეთებს, მისი დამცველის რეკომენდაციით, მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებაა.

ამის უფლება არბიტრს დამოუკიდებლად აღარ აქვს. ფორმალურად კი გადაწყვეტს, მაგრამ შემდგომ სასამართლოს უნდა მიმართოს, რათა მან გასცეს ან არ გასცეს ყადაღის დადების ბრძანების აღსრულების ფურცელი. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან ირიბად ხდება არბიტრაჟის გადაწყვეტილებების ერთგვარი რევიზია.

- რა უნდა გამხდარიყო არბიტრაჟებისთვის ამგვარი შეზღუდვის დაწესების მიზეზი?

- მიზეზი შესაძლოა გახდა ისიც, რომ არბიტრების ნაწილი საკმაოდ არაკომპეტენტურია. რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საქართველოში ბევრი ფინანსური დავა წარმოიშვა და უმეტესობა სწორედ არბიტრაჟში წყდება. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ძალიან საეჭვოა არაერთი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელსაც გავცნობივარ. ერთი მხრივ, შესაძლოა საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც ფორმალური შემოწმება, რამდენად დაცულია ფორმალური გარემოებები არბიტრაჟის წარმოებისას: სწორად გაიგზავნა თუ არა შეტყობინება, მიეცა თუ არა მხარეს არბიტრაჟში მონაწილეობის შესაძლებლობა და სხვ. თუმცა, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება გამართლებული არ შეიძლება იყოს და ვერც წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.

სამწუხაროდ, არბიტრაჟები არა მხოლოდ აქამდე მოქმედი კანონით, არამედ ახლაც, ხშირად არ არიან ობიექტურნი, განსაკუთრებით ეს საბანკო სექტორთან დაკავშირებულ დავებს ეხება. მაგალითად, ბანკების უმეტესობას აქვს ურთიერთობა ერთ კონკრეტულ არბიტრაჟთან, რასაც მიუთითებენ კიდეც საკრედიტო ხელშეკრულებაში. ხშირ შემთხვევაში, ირიბად, რა თქმა უნდა, ბანკებსა და არბიტრაჟებს განსაზღვრული ინტერესები აკავშირებთ. შესაძლოა ისინი მოვისაზროთ კიდეც ერთგვარ პარტნიორებად. შესაბამისად, არბიტრაჟი საბანკო სექტორისთვის ერთგვარ იარაღად იქცა გადაწყვეტილებების დაჩქარებულად მიღების, აღსრულებისა და შემდგომ თანხის ამოღების პროცესში.

პრობლემური სესხების ამოსაღებად ბანკები მხოლოდ არბიტრაჟების დახმარებით არ შემოიფარგლებიან. ბანკების შესაბამისი განყოფილებები პოლიციის ყოფილი თანამშრომლების თავშესაფრად იქცა. ამიტომ ბოლო დროს სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა რიგით მოქალაქეებს ურეკავენ ბანკიდან და ფსიქოლოგიურად აშანტაჟებენ. არაერთი შემთხვევა ვიცი, ბანკის მოვალეებს პასუხისგებაში მიცემით რომ ემუქრებიან. მინდა ამ მხრივ ყველა მოვალე დავამშვიდო, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დღევანდელი კანონმდებლობით არავის დაიჭერენ.

- მსესხებლების ნაწილი სასესხო ხელშეკრულებას წესიერად არც ეცნობა... ვერც შემდგომ ახერხებენ ისინი სანქციების "წვიმისთვის" წინააღმდეგობის გაწევას..

- თუ ხელშეკრულების სამართლიანობის პრინციპიდან გამოვალთ, ჯარიმის დარიცხვის ის პრინციპი, რომელსაც დღეს საქართველოში თითქმის ყველა ბანკი იყენებს, სრულიად უსამართლოა. ყველა მოვალეს მინდა ვურჩიო, ბრმად ნუ დაიჯერებენ იმას, რასაც დარიცხული ჯარიმების შესახებ ბანკების საკრედიტო ოფიცრები ეუბნებიან და კარგად გაეცნონ ბანკთან დადებული ხელშეკრულების პირობებს. არ შეიძლება, პირგასამტეხლო და ჯარიმები იყოს შეუსაბამოდ მაღალი.

ერთ მაგალითს გეტყვით, მომხმარებელმა ერთ-ერთ ბანკში აიღო სესხად 6000 ლარი, დღეს ძირი სესხი იმავე ოდენობით აქვს დასაფარი, გარდა ამისა, ორი ამდენი პროცენტის სახით დაერიცხა და ერთ ამდენსაც პროცენტზე დარიცხული ჯარიმა შეადგენს. ბანკი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საგანი გირავნობით აქვს დატვირთული, უარს ეუბნება ამ ნივთების გაყიდვაზე. კლიენტმა ეს სესხი მაშინ აიღო, როცა ბანკები აქეთ იხვეწებოდნენ სესხების გაცემას, გირავნობით დატვირთული საგნების ღირებულება არ აკმაყოფილებს არათუ პირგასამტეხლოს, არამედ ძირ თანხასაც კი.

მართალია, ბანკი მევალეს, ვალში ხელფასიდან განსაზღვრულ თანხას აჭრის, მაგრამ მისი ფინანსური ვალდებულება ბანკის წინაშე მაინც არ მცირდება და პირიქით, კიდევ იზრდება, რადგან ის თანხა ჯერ ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს დასაფარად მიემართება. არადა, წესით ძირი თანხის დასაფარად უნდა მიემართებოდეს. ამ რეჟიმში ბანკის მოვალეები ვალს ვერასდროს გადაიხდიან.