რა კავშირია ონლაინკაზინოებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობას შორის?! - კვირის პალიტრა

რა კავშირია ონლაინკაზინოებსა და ნარკოტიკებით ვაჭრობას შორის?!

"როცა არ ვიცით, ვინ თამაშობს, ვის შეაქვს ფული სისტემაში და ვინ იგებს, ეს შეიძლება გახდეს ტერორიზმის, იარაღის, ნარკოტიკებით ვაჭრობის დაფინანსების ქმედითი არხი"

ნებისმიერი სხვა ბიზნესი, რომელსაც კაზინო წამოიწყებს, აზარტული თამაშების ბიზნესის ქოლგის ქვეშ ერთიანდება და მოგების გადასახადისგან თავისუფალია(?!)

სწორედ იმის გამო, რომ ბოლო დროს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება ბევრი ტრაგედიის, დანაშაულისა და არაერთი თვითმკვლელობის მიზეზი გახდა, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ "პალიტრამედიამ" გადაწყვიტა, უარი ეთქვა საკუთარ მედიასაშუალებებში ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე. ონლაინკაზინოებისთვის განსაზღვრული რეგულაციების დაწესების მოთხოვნას აქტიურად აყენებს "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა" ასოციაცია და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისთვის მიმართვასაც გეგმავს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. ხელისუფლებამ კი ეს საკითხი რატომღაც მიივიწყა...

ზურაბ კუკულაძე, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" ანალიტიკოსი: "მთავრობამ რამდენჯერმე სცადა სათამაშო ბიზნესის სფეროს დარეგულირება. ჯერ კიდევ 2013 წელს კობა დავითაშვილის საპარლამენტო ინიციატივაში აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვაზე იყო საუბარი, შემდეგ შს სამინისტროში განაცხადეს, რომ ონლაინთამაშების რეგულაციებზე იწყებდნენ მუშაობას და ბოლოს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ ონლაინთამაშები საზოგადოებისთვის საფრთხეს შეიცავს და რეგულაციების დაწესება აუცილებელია. თუმცა მას შემდეგ 3 თვე გავიდა და კონკრეტული ნაბიჯები არ დაგვინახავს. მინდა მადლობა ვუთხრა არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორს, არამედ მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებს ამ კამპანიას და კიდევ ერთხელ მადლობა "პალიტრამედიას", რომელმაც თავისი დამოკიდებულება ამ საქმიანობისადმი კონკრეტული ქმედებით გამოხატა, როცა ონლაინთამაშებისგან მიღებულ სარეკლამო შემოსავალზე უარი თქვა. დღეს სათამაშო ბიზნესი აპელირებს რამდენიმე გარემოებაზე. ერთი არგუმენტით, შეზღუდვისას ბიზნესი იატაკქვეშეთში გადადის და სხვა ტიპის პრობლემები იქმნება. ამაზე ჩვენი პასუხია: რეგულაციები გონივრული უნდა იყოს, სათამაშო ბიზნესი ყველასთვის არ უნდა შეიზღუდოს და დარჩეს შეზღუდული ლეგალური სივრცეები...

სათამაშო ბიზნესი ისე გაიზარდა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობაც ისე გაადვილდა, რომ ამ საქმიანობის ეკონომიკური მნიშვნელობაც კი შეიცვალა. ის ყველგან გასართობი ბიზნესის პროდუქტია, ჩვენთან კი ამ სისტემამ ერთბაშად გამდიდრებისა და ვირტუალური კეთილდღეობის მოლოდინი შექმნა. საზოგადოებაში, სადაც დაბალია დასაქმების დონე, სოციალური ფონი მწვავეა, საზოგადოების ნაწილმა ეს საქმიანობა აღიქვა როგორც მოგებაზე ორიენტირებული. სწორედ ეს არის ეკონომიკური ლოგიკის დარღვევა. მეორე არგუმენტად გვეუბნებიან, რომ ბიზნესი იხდის გადასახადებს და ეს ბიუჯეტისთვის კარგია. ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს სისტემა 2010 წლიდან დღემდე წარმოუდგენლად მაღალი ტემპით ვითარდება. 2011 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო 300 მილიონი ლარი, დღეს კი 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი 7-8-ჯერ გაიზარდა და იბეგრება ზუსტად იმავე მოცულობით, როგორც ხუთი წლის წინ.

მართებული იქნებოდა ამ ბიზნესის პროცენტული მოცულობით დაბეგვრა, მაგრამ აზარტული თამაშები მოსაკრებლებით იბეგრება. მაგალითად, 5 წელიწადში ერთხელ იხდიან დაწესებულ გადასახადს ზონების მიხედვით, 250 ათასიდან 5 მილიონ ლარამდე. ანუ როცა სისტემაში ბრუნვა იყო 300 მილიონი, მაშინაც იმ თანხას იხდიდნენ, რასაც 2 მილიარდის პირობებში. მეტიც, გადასახადს იხდის რეალური კაზინო, რომელსაც შეუძლია დააფუძნოს ონლაინკაზინო და ამისთვის გადასახადს არ ემატება. და მთავარი ნაკლოვანებაც: რეალურმა კაზინომ სხვა ტიპის სამეწარმეო საქმიანობაც რომ წამოიწყოს, ვთქვათ, სასტუმრო გახსნას, ის იბეგრება როგორც კაზინოს სექტორი და არა როგორც სასტუმრო. მოგების გადასახადს არ იხდის, იხდის მხოლოდ საშემოსავლოს. ანუ ხვალ რომ დაიწყოს კარტოფილის მოყვანა რომელიმე კაზინომ, ის არ გადაიხდის ამ საქმიანობით მიღებული მოგების გადასახადს. მაგრამ, თუ კაზინო არა მხოლოდ კარტოფილს მოიყვანს, არამედ მსხვილ ბიზნესებს წამოიწყებს, მოგების გადასახადებისგან გათავისუფლებული იქნება.(?!) გაგიკვირდებათ, მაგრამ ნებისმიერი სხვა საქმიანობა, ერთი - კაზინოს კოდის ქვეშ ერთიანდება და ცალკე კოდი აღარ ენიჭება. ანუ გამოდის, რომ მაგალითად, სასტუმროს ბიზნესი არის აზარტული თამაშების ბიზნესში გაერთიანებული.(?!)

ჩვენ ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ, მაგრამ რომელიმე მოდელის კოპირება არ მოგვიხდენია. პირველ რიგში, ვითხოვთ აზარტული თამაშების მონაწილეთა რეგისტრაციას - უნდა შეიქმნას რეესტრი, სადაც მოთამაშეები იქნებიან იდენტიფიცირებული. დღეს თამაშობს არასრულწლოვანი, შემოსავლების არმქონე პირი და სხვ., ანუ სისტემამ არ იცის, ვინ არის მოთამაშე და 11-ნიშნა ციფრების კომბინაციით (ვითომც პირადობის მოწმობის ნომრით) ნებისმიერ მსურველს შეუძლია აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. მოთამაშეთა რეესტრი ამას აუცილებლად შეცვლის. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას პროგრამა, სადაც ონლაინკაზინოები და სათამაშო სისტემები ჩაერთვებიან, რითაც შემოსავლების სამსახურისთვის ხელმისაწვდომი გახდება ამ სისტემაში განხორციელებული ყველა ტრანზაქცია. დღეს სახელმწიფომ არ იცის, რამდენი მოიგო ან წააგო მოთამაშემ, რამდენი იყო კაზინოს საკომისიო და ზოგადად, რამდენი მოიგო კაზინომ, რა ფული შედის სისტემაში, სად მიდის და სხვა. ეკონომიკაში ამხელა ბრუნვების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში, შეიქმნება სურათი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, დაბეგვრის როგორი სისტემების შემოღება ჯობს.

ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს მოთამაშის სურვილის შეზღუდვასაც, აზარტულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა. ამისთვის უნდა დაწესდეს მოსაკრებელი თავად მოთამაშეებისთვის. ჩვენი გათვლით, წელიწადში 1.200 ლარი, რომელიც მოთამაშემ სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს, რათა აზარტულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა. ეს დაბალშემოსავლიან მოსახლეობას თამაშის მოტივაციას შეუზღუდავს. მეორე რეგულაციით უნდა დაწესდეს წაგების ლიმიტები თვეში 100 ლარის ოდენობით. მაგრამ თუ მოთამაშეს დადასტურებული შემოსავლები ექნება, მათი დეკლარირების შემთხვევაში შეძლებს შემოსავლის 30%-ის წაგებას.

სხვა საკითხები შეეხება რეალურ კაზინოებს. ჩვენი აზრით, შესაცვლელია მათი განთავსების ადგილები, ისინი უნდა იყოს ქალაქებისა და დასახლებული ადგილებიდან მოშორებით. ჩვენი რეგულაციების პაკეტი არ ეხება უცხოელ ვიზიტიორებს, ტურიზმის განვითარებაში ამ სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მათ რეალური კაზინოები აინტერესებთ და ამისთვის თბილისიდან მოშორებითაც წავლენ. ამ რეგულაციების მთავარი მიზანი, თამაშის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარდა, ის არის, რომ პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის რეკომენდაციებს. მოგეხსენებათ, ევროკავშირში მოქმედებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებები, უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოშია და შესაბამისი ინსტიტუციები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში არსებული ონლაინსათამაშო სივრცის მოწყობის მოდელი ფულის გათეთრების რისკებს შეიცავს. როცა არ ვიცით, ვინ თამაშობს, ვის შეაქვს ფული სისტემაში და ვინ იგებს, ეს შეიძლება გახდეს ტერორიზმის, იარაღის, ნარკოტიკებით ვაჭრობის დაფინანსების ქმედითი არხი. ვიცი ფაქტებიც, როცა საქართველოში ნარკოტიკის შესყიდვა უნდათ და ფულის ხელზე გადაცემას ერიდებიან. ასეთ დროს მიღებული ფორმაა, ჩარიცხონ ერთ-ერთ ონლაინკაზინოში მავანის პირად ანგარიშზე".

თემურ მაისურაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: "ამ სფეროს რეგულაცია ნამდვილად სჭირდება, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ. სახელმწიფო, ერთი მხრივ, დიდ თანხას ხარჯავს მოქალაქეების აღზრდისთვის, მათთვის განათლების მისაცემად, უფასო მკურნალობით უზრუნველყოფისთვის და ამავდროულად, კარგავს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს. ხშირად მშობლები შვილებს ვერ აკონტროლებენ. აზარტული თამაშები საქართველოსთვის დაავადება, სენია. არ შეიძლება ყველაფრის კეთება, რითაც ფულის შოვნა შეიძLლება. ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, დანახარჯების გარეშე იღებს კოლოსალურ მოგებას. ვფიქრობ, საქართველოში ეს ბიზნესი უნდა იყოს, მაგრამ არა ონლაინსახით. ყველაზე კარგი იქნება, თამაში დასაშვები იყოს მხოლოდ უცხოელებისთვის და მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის. ადამიანი, რომელიც იმიტომ თამაშობს, რომ შემოსავალს სასოწარკვეთილი ეძებს, კიდევ უფრო უბედურდება.