"ყოველდღიური" მევახშეობის ტყვეობაში
18-04-2016
"ყოველდღიური" მევახშეობის ტყვეობაში
კერძო იპოთეკარების, მევახშეებისა და ბოლო დროს მომრავლებული ონლაინკრედიტების შემდეგ, ბაზ­არზე ახალი საფინანსო ორგანიზაციები გამოჩნდნენ, რომელთა ძირითადი სამიზნე ბაზარსა და ბაზრობებზე დასაქმებული წვრილი მოვაჭრეები არიან. შემცირებული ვაჭრობის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეებს ახალგამოჩეკილი საკრედიტო ორგანიზაციები მათ საქმიანობაზე "მორგებულ" პირობებს სთავაზობენ, რომლის თანახმადაც, ვალის დაფ­არვა "მცირე პორციებით" ყოველდღიურად ხდება. თუმცა საპროცენტო ტვირთი იმდენად მაღალია, რომ ვალის ორმოდან თავის დაღწევას ცოტა თუ ახერხებს.

ბაზარზე უკვე ბევრი ასეთი კომპანიაა. ტელეფონით მათთან დაკავშირება და
სესხის პირობებზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია და აუცილებლად ადგილზე მისვლას ითხოვენ. მათი ოფისები, ძირითადად, ბაზრებსა და ბაზრობებთან მდებარეობს. მეტწილად თავად აქტიურობენ, საღამოს 4 საათის შემდეგ, როცა ბაზრებსა და ბაზრობებზე მომხმარებელთა ნაკადი მცირდება, ამ კომპანიების წარმომადგენლებს საინფორმაციო ბუკლეტებით ხელში ხშირად შეხვდებით დახლებს შორის. მართალია, სახელწოდებები განსხვავებულია, მაგრამ
პირობები ყველას თითქმის ერთი და იგივე აქვს. სესხს გასცემენ მაქსიმუმ 3 თვით, თვეში 12% და წლიურ 260 პროცენტად, თუმცა ეს მათი გაცხადებული პროცენტია და, რა თქმა უნდა, წლიური ეფექტური პროცენტი­ უფრო მაღალია.

სესხებს გასცემენ უმეტესად მოვაჭრეებზე, ვინც ბაზარში დგას ან გარე მოვაჭრეა. სესხის გაცემისას აუცილებელია გყავდეს თავდები. მსესხებელი თანხას იხდის ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. ჯარიმები ყოველ გადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ია.
ამ კომპანიებს არა აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსი და რეგისტრირებული არიან, როგორც შპს-ები. სესხებს გასცემენ ნოტარიუსის მეშვეობით. ნოტარიუსის ხარჯსაც კლიენტი იხდის.

თუ მსესხებელი თანხას ვერ აბრუნებს, მარტივი აღსრულების პრინციპითა და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე (რადგან მას ვალი ნოტარიულად აქვს აღიარებული და ქონებაც ჩადებული), გარანტიის სანაცვლოდ მსესხებელსა და თავდებს ართმევენ როგორც პროდუქციას, რომლითაც ვაჭრობს,­ ისე ბინას თუ სხვა ქონებას, რაც გარანტიად აქვთ ჩადებული. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციები პოტენციური მსესხებლისგან შემოსავლის დამადასტურებელ არანაირ დოკუმენტაციას არ ითხოვენ და სესხს მხოლოდ პირადობის მოწმობისა და ბაზრისა თუ ბაზრობის ადმინისტრაციასთან გაცემული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გასცემენ.

მოვაჭრეები პრობლემაზე საუბარს ერიდ­ებიან იმის შიშით, რომ ვითარება შეიძლება გართულდეს და გამსესხებელი ორგანიზაციების ზეწოლა გაძლიერდეს, მით უფრო, როცა ეჭვობენ, რომ გამსესხებელი შპს-ების უკან, შესაძლოა, ბაზრებისა და ბაზრობების ადმინისტრაცია ან მათთან დაახლოებული პირები იდგნენ. ჩვენ რამდენიმე­ მათგანი კონფიდენციალობის დაცვის პირობით ჩავწერეთ.

ანა ალიბეგაშვილი, "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტი: "საზოგადოება და ბანკების" საკონსულტაციო ცენტრში მომხმარებლების პრობლემების ძირითადი წილი ონლაინსესხებზე მოდის. რაც შეეხება მოვაჭრეების სესხებს, ჯერ არ მოუმართავთ. როგორც ცნობილია, ბაზრობებსა და ბაზრებში წვრილ მოვაჭრეებზე თანხებს, ძირითადად, მსხვილი მოვაჭრეები აპროცენტებენ. როცა მოვაჭრეს თანხა სჭირდება, არ არკვევს, რა პროცენტის გადახდა მოუწევს. ვურჩევთ, ჯერ კარგად გაეცნონ სესხის პირობებს ან თუ შესაძლებელია, სხვა გზას მიმართონ.

რაც შეეხება უზრუნველყოფილ სესხებს, "საზოგადოება და ბანკების" კვლევით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2015 წელს აუქციონებზე გაიყიდა 1410 უძრავი ქონება, მათ შორის 720 (51%-ზე მეტი) მევახშეების მოთხოვნის საფუძველზე. ეს მაღალი მაჩვენებელია. გვინდა მოვუწოდოთ შესაბამის უწყებებს, იფიქრონ, როგორ დაარეგულირონ ეს სფერო".

P.S. ფაქტია, საქმე გვაქვს ცუდად შენი­ღბულ მევახშეობასთან, როცა ფულის გაპროცენტება თითქოს ცივილიზებულად ხდება, სინამდვილეში კი პირობები კაბალ­ურია. თუ ამ კომპანიების უკან მართლაც მსხვილი მოვაჭრეები დგანან, არ არის გამორიცხული, წვრილი მოვაჭრეების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაყენებით, ისინი არასასურველი კონკურენტების გზიდან ჩამოცილებასაც ცდილობდნენ.

"ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია"

ლია, მოვაჭრე: "პროდუქციის შემოტანა მინდოდა და პირველად სესხი ამ მიზნით ავიღე. სარეკლამო ბუკლეტზე, რომელიც ბაზრობაზე დაარიგეს, სხვა პირობები ეწერა, ხოლო როცა სესხი ავიღე, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ჯერ 300 ლარი ავიღე და აღმოჩნდა, რომ ყოველდღიური შენატანით მხოლოდ პროცენტს ვიხდიდი. ის 300 ლარი როგორღაც დავფარე, მაგრამ საქმიანობის გასაგრძელებლად ფული ისევ მჭირდებოდა და ახლა 700 ლარი ავიღე. კიდევ უფრო მეტის გადახდა მიწევდა ყოველდღიურად. სესხის ძირი თანხა დროულად რომ ვერ გადავიხადე, ჯარიმები დამერიცხა და 1.000 ლარამდე გაიზარდა. შემდეგ ისევ მომცეს სესხი, ამჯერად 1.500 ლარი, რითაც ის 1.000 ლარი გადავფარე და მხოლოდ 500 დამრჩა საბრუნავად.

მოკლედ, ისევ "გავიჭედე" და ახლა უკვე 2.000 ლარი მომცეს, რითაც ისევ ძველი დავალიანება დავფარე. ამას თანხის ჩაბრუნებას ეძახიან. შემდეგ მითხრეს, უპროცენტო სესხის კვირეული გვაქვსო და 500-ლარიანი მინისესხი დამიმტკიცეს, რომელიც ერთ კვირაში უნდა დამეფარა, მაგრამ ხელზე მხოლოდ 450 ლარი მომცეს. ახლა მკითხავთ, როგორ ვერ მივხვდი, რომ უპროცენტო არ იყო, რადგან 50 ლარი იქვე დამიქვითეს, მივხვდი, მაგრამ ისე მიჭირდა, რომ ამაზეც თანახმა ვიყავი. ეს 450 ლარიც იქვე დავტოვე დაგროვებული ვალის დასაფარად. 2.500 ლარზე რომ ავიდა ვალი და ყოველდღიურად, მხოლოდ პროცენტის სახით, 48 ლარის შეტანა მიწევდა, გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მეშოვა თანხა და ვალი დამეფარა. 2.000 ლარი მივიტანე, მაგრამ დამემუქრნენ: 100 ლარიც რომ აკლდეს სესხს, მაინც დაყადაღდება თავდებების ქონება და აღსრულებას გადაეცემაო. მოკლედ, გადამინაწილეს სესხი 6 თვეზე და პროცენტის სახით დამემატა 2.000 ლარი გადასახდელი. შემდეგ კიდევ ვერ შემქონდა და ამასობაში სესხი 5.000 ლარამდე გაიზარდა, დღეს კი ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია. მემუქრებიან, რომ ყადაღას დაადებენ ჩემი და თავდებების ქონებას, აღსრულებას გადასცემენ, ამასობაში კი ჯარიმები იზრდება... როცა სესხს გაძლევენ, გეუბნებიან, თავდები მოიყვანეო და იმას აღარ ამბობენ, რომ ის შენს სესხზე თავისი ქონებით აგებს პასუხს. იცით, რა არის კიდევ ყველაზე წარმოუდგენელი, მეორე დღეს ეს ჩემი თანამსესხებელი რომ მივიდეს რომელიმე ამ ორგანიზაციაში სესხისთვის, მასაც მისცემენ იმავე მოცულობის სესხს. საბოლოოდ კი გამოდის, რომ ყველას სესხი გვაქვს და ყველა ერთმანეთის თანამსესხებელი ვართ".

"ჩაბრუნებული" სესხი

თინა, მოვაჭრე:
"სამი თვეა, ვაჭრობა აღარ გვაქვს და გამოვიტანე ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციიდან 1.000 ლარი. შემდეგ კიდევ განვაახლე სესხი, მაგრამ გაყიდვა გაუარესდა და ვეღარ გადავიხადე ეს თანხა. "ჩამიბრუნეს" ახალი სესხით და ხელზე ფული არ დამრჩენია. იმხელა თანხა გამოვიდა, რომ ყოველდღიურ შენატანსაც ვეღარ ვიხდიდი და 3.500 ლარზე ავედი. 1.000 ლარი ერთხელ შევიტანე, 1.000 - მეორედ, მაგრამ ერთი თეთრიც რომ აკლდეს სესხის თანხას, ისევ ჯარიმა - საურავებს გარიცხავენ. ახლა ჩემი და თავდებების ქონების ჩამორთმევით მემუქრებიან. ჩემ თვალწინ წაართვეს რამდენიმე მოვაჭრეს პროდუქცია. ჩვენ სესხის გადახდაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ გაუსაძლის პირობებში გვაყენებენ, რომ ვერ შევძლოთ სესხის დაფარვა".

"განგებ გვიქმნიან პირობებს, რომ ვერ გადავიხადოთ"


ნანა, მოვაჭრე: "500-ლარიანი მინისესხი მაქვს გამოტანილი ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციიდან და დღეში 3 ლარს მახდევინებენ, რასაც ემატება თვის გადასახადი - 10 ლარი; ანუ სულ გამოდის 100 ლარი მხოლოდ პროცენტი, ძირს ერთი თეთრიც არ აკლდება. თუ 3 ლარს ვერ შეიტან, ყოველდღიურად ჯარიმა 2 ლარი ერიცხება. წარმოიდგინეთ, 500 ლარში რამდენი უნდა გადაიხადო ყოველდღიურად, სანამ სესხს არ დაფარავ. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ განგებ გვიქმნიან ისეთ პირობებს, რომ გადახდა ვერ შევძლოთ და რაც გაგვაჩნია, ისიც წაგვართვან".

ემა ტუხიაშვილი
moazrovne
02 მაისი 2016 11:01
გააიაფეთ ბატონო პროდუქცია და იქნება ვაჭრობა.სულ რომ გაგიჟდით და 5 ლარიანს 25 ლარად ყიდით -როგორ იქნება ვაჭრობა? 50 თეთრიანი ტყემალი 3 ლარი ღირს- აი სადამდე მიიყვანეთ მოვაჭრეებმა და გადამყიდველებმა საქმე აქ მთავრობა არაფერ შუაშია!!!!!!

რედაქტორის რჩევით