"მითხრეს, შენს მანქანას ინტერპოლი ეძებსო"... - კვირის პალიტრა

"მითხრეს, შენს მანქანას ინტერპოლი ეძებსო"...

"საქართველოში თაღლითური, კრიმინალური გზით მანქანების შემოყვანის ქსელი დიდი ხანია მოქმედებს"

"კვირის პალიტრის" 11-17 აპრილის ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით "ლევი" მანქანები რუსეთიდან!", სადაც საუბარი იყო თაღლითურ სქემაზე, რომლითაც რუსეთში ნაყიდი ავტომობილები საქართველოში იყიდება და რამაც, შესაძლოა, შემდგომში კეთილსინდისიერი მყიდველები დააზარალოს. ამ სტატიას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ტერიტორიაზე "მოპარული" ავტომობილები საქართველოში უკვე წლებია იყიდება და არავინ იცის, როდის აღმოჩნდება რომელიმე მანქანა ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში.

ავთო გოდუაძე, დაზარალებული: - მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" წავიკითხე სტატია რუსეთიდან შემოყვანილ მანქანებთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაზე, გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით და ჩემი ამბავი მომეყოლა. 2006 წელს მოქალაქე თამაზ მაჭავარიანისგან ჯიპის ტიპის ამერიკული ავტომობილი "ფორდ ექსპედიშენი" შევიძინე. როგორც ვიცოდი, პირი, ვისგანაც მანქანა ვიყიდე, თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილთან მუშაობდა და მან ეს მანქანა ბადრი პატარკაციშვილისგან შეიძინა. მანქანა ჩემი შვილის სახელზე გავაფორმე და მისი სახელმწიფო ნომერია შMთ 999. წლების განმავლობაში უპრობლემოდ ვსარგებლობდი, რამდენჯერმე საზღვარგარეთაც გავედი და მათ შორის, საქართველო-თურქეთის საზღვარიც გადავკვეთე. 2012 წელს მანქანა ახლობელს მივყიდე, რომელიც ასევე უპრობლემოდ სარგებლობდა ავტომობილით და 2013 წელს მოინდომა, მანქანა, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი შვილის სახელზე იყო, თავისი შვილის სახელზე გადაგვეფორმებინა. ამისთვის საპატრულო პოლიციას მივმართეთ, იქ კი მანქანა ჩამოგვართვეს იმ მიზეზით, რომ თურმე ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი.

იქვე გავიგეთ, რომ თურმე 2002 წლის 29 მაისს ჩრდილოეთ ოსეთში ვინმე ჰამლეტ გიორგის ძე ფუხაევს დაესხნენ თავს, ეს მანქანა წაართვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს... ჩემი ავტომობილი ქუთაისის ქალაქის პოლიციის სამმართველოს ეზოში დგას. ვის არ მივმართეთ, ადვოკატიც ავიყვანეთ. თავიდან პოლიციის გამომძიებელ ხარატიშვილს ჰქონდა ეს საქმე. ერთხელ მიპასუხა წერილზე და მას შემდეგ პასუხს არ მცემს. ან რა პასუხი უნდა გამცეს, როცა პროკურატურის გავლენის ქვეშ არის? რამდენიმე შეკითხვა მაქვს, რომლებზეც არავინ მპასუხობს: თუ მანქანა ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი, როგორ გადავკვეთე ორჯერ სახელმწიფო საზღვარი ამ ავტომობილით? რატომ არ დაინტერესდა გამოძიება, ვინ გააფორმა ინტერპოლის მიერ ძებნილი მანქანა თავდაპირველად საქართველოში? როგორც ვიცი, გამოძიება ამ საქმეზე რუსეთში დახურულია, ამის შესახებ ცნობა ქუთაისის პოლიციის სამმართველოში მიღებული აქვთ და რატომ გვიმალავენ ამ დოკუმენტს? რატომ არ იყო შესაძლებელი, სანამ გამოძიება არ დაადგენდა, არის თუ არა ეს ავტომობილი ძებნილი ინტერპოლის მიერ, მანქანა ხელწერილით მქონოდა სარგებლობაში და იქ არ დაეგდოთ, სადაც ახლა გდია ღია ცის ქვეშ და ლპება? მიმაჩნია, რომ პროკურატურა ასე განგებ იქცევა. წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ კერძო საკუთრების ხელყოფაში და ახლა უარესი ხდება კეთილსინდისიერი მყიდველების წინააღმდეგ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ქუთაისში ისევ ის დამნაშავე პროკურორები მუშაობენ, რომლებმაც ასობით ოჯახი დააქციეს.

- კიდევ ვის მიმართეთ დახმარებისთვის?

- პრემიერ-მინისტრით დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული, ფაქტობრივად, არავინ დამიტოვებია, რომ წერილით არ მიმემართა. მივმართე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, სახალხო დამცველს, მთავარ პროკურატურას, ადამიანის უფლებების ცენტრს და ვთხოვდი, გამოეთხოვათ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რათა დავუმტკიცო ყველას, რომ ეს არის თაღლითური სქემა, სადაც არარსებული ფუხაევი ფიგურირებს.

ჩემს წერილებზე იშვიათად აბსურდულ პასუხებს ვიღებდი, რომ აღძრულია საქმე და სხვ., ხშირად კი ჩემი წერილები უპასუხოდ რჩებოდა. ინტერპოლმაც კი არ გამცა წერილზე პასუხი - მოხსნილია თუ არა ავტომობილი ინტერპოლის ძებნიდან. ამის შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე მოკვლევა, ჩავრიე ქართველი და ოსი მეგობრები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. როგორც გავარკვიე, რეალურად ფუხაევი არ არსებობს, ის თაღლითია, რომელმაც ყალბი საბუთებით იყიდა მანქანა, დააზღვია, შემდეგ შუამავლის საშუალებით გადმოიყვანა საქართველოში, იქ კი განაცხადა, რომ მანქანა მოსტაცეს. ამ ფუხაევს ვლადიკავკაზში ვერ მიაგნეს სამართალდამცავებმა და საინტერესოა, ჩვენები სად ეძებენ? ან თავისი ნებით რატომ გამოცხადდება? ეს ხომ აბსურდია! ამასობაში კი მანქანა, რომელშიც 18 ათასი დოლარი გადავიხადე, ლპება და იმ ადამიანთანაც პრობლემა მაქვს, ვისაც მანქანა მივყიდე. გამომძიებელი გვეუბნება, რომ ჩვენ შორის წარმოქმნილი პრობლემა თურმე სამოქალაქო დავაა(!). ამ კაცმა თურმე მე უნდა მიჩივლოს, რომ ფული სრულად დავუბრუნო უკან, მაგრამ მე ვის ვუჩივლო, ეს რომ ვეღარ გავიგე? ქუთაისში ოლქის პროკურორის მოადგილე ცხოვრებაძემ პირდაპირ მითხრა: ბადრი პატარკაციშვილი ქურდი იყო და ქურდებისგან აქვს ეგ მანქანა ნაყიდიო.

- თამაზ მაჭავარიანს, ვისგანაც თქვენ იყიდეთ ეს ავტომობილი, არ მიმართეთ?

- ველაპარაკე, მაგრამ რა უნდა ქნას, ისიც კეთილსინდისიერი მყიდველია, ისეთივე, როგორც მე. ბადრი პატარკაციშვილსაც ნაყიდი ჰქონდა ვიღაცისგან ეს მანქანა. მაგრამ ამ მანქანებს ვინ აფორმებს ჩვენს ქვეყანაში, კერძო პირები თუ სახელმწიფო? გამოდის, როცა უნდათ, აფორმებენ და წლების შემდეგ დასდევენ ამ ხალხს თუ რა ხდება? საზღვარზე გადავედი, შემოვედი და არავის არაფერი უკითხავს და ახლა გახდა ცნობილი, რომ რაღაც ყაჩაღობა მოხდა რუსეთში 2002 წელს? მოკლედ, ზედაპირულად გელაპარაკებიან: მიშას დროს ინტერპოლს არავინ აქცევდა ყურადღებასო, ამას იმიზეზებენ. ახლა რომ მივდივარ და პასუხს ვითხოვ, უკვე აღარც მხვდებიან და არც მელაპარაკებიან. ჩემს დღეში უამრავი მოქალაქეა, ჩემი მანქანის გვერდით სხვა ჩამორთმეული მანქანებიც ყრია. ზოგი ერიდება ხმის ამოღებას, ზოგს აშინებენ, ზოგიც ფიქრობს, ალბათ, რომ რამე შედეგს მიაღწევენ ან გარიგდებიან პოლიციასთან.

- როგორ ფიქრობთ, რაც თქვენს თავს ხდება, სამართალდამცავების თანამდებობრივი გულგრილობით არის გამოწვეული თუ, შესაძლოა, სულ სხვა გარემოებებთან გვაქვს საქმე?

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში თაღლითური, კრიმინალური გზით მანქანების შემოყვანის ქსელი უკვე მრავალი წელია მოქმედებს. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემს მანქანაზე ვაგროვებდი ინფორმაციას. თუ ინტერპოლის მიერ ძებნილი იყო ჩემი მანქანა, მაშინ ვიღაცამ დამალა ეს, სანამ აწყობდა. მერწმუნეთ,

თანხის გადახდის გარეშე ჩამორთმეულ მანქანებს არავის ატანენ. დიდი ფული ტრიალებს ამ საქმეში! დაინტერესდით, რამდენი ჩამორთმეული მანქანა ეყენა პოლიციის ეზოებში სხვადასხვა დროს და ვის და რატომ გაატანეს შემდეგ. ჩემი საჩივრების შემდეგ მე ვინ მენდობა, თორემ ჩემთანაც გარიგდებოდნენ, ალბათ. ორი, სამი და ხუთი ათასი დოლარი ღირს ასეთი ავტომობილის უკან დაბრუნება და პროკურატურის ნებართვის გარეშე, მერწმუნეთ, ეს არ ხდება".

P.S. "კვირის პალიტრა" განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას და შევეცდებით, ბოლომდე მივყვეთ სქემას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს და ხელს აძლევს მავანთ, რათა სხვისი ქონების ხელყოფით მოითბონ ხელი.

ემა ტუხიაშვილი