როგორ "გაიცხრილებიან" ტაქსისტები?! - კვირის პალიტრა

როგორ "გაიცხრილებიან" ტაქსისტები?!

"თუ ერთბაშად მოვთხოვთ მძღოლებს, რომ მანქანაც სრულად გამართული ჰქონდეთ, შესაბამისად ჩაცმულიც იყვნენ, უცხო ენაც იცოდნენ და ა.შ., 100 ტაქსიც არ დარჩება ქალაქში"

ცვლილებები და რეგულაციები ამ სექტორში ისე უნდა განხორციელდეს, რომ, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს მძღოლი, ვისთვისაც ეს საქმიანობა თვითდასაქმების ერთ-ერთი, ანდა სულაც ერთადერთი საშუალებაა

უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, "ტაქსაობა" ლიცენზირებული საქმიანობა გახდება. თბილისის მერია ტაქსების რეგულირებაზე არასამთავრობოებთან ერთად მუშაობს. სამუშაო ჯგუფში ჩართულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, რომლის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი იმ რამდენიმე საინტერესო დეტალზე გვესაუბრა, რომელთა შესრულება, ადრე თუ გვიან, ტაქსის მძღოლებს აუცილებლად მოუწევთ.

დავით მესხიშვილი: "ტაქსების რეგულირების საკითხში თბილისის მერიამ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები და ბევრ რამეში დაგვეთანხმა. მოგეხსენებათ, ეს ფაქიზი საკითხია, რადგან ეხება ათიათასობით ტაქსის მძღოლსა და კიდევ უფრო მეტ მგზავრს. შესაბამისად, ცვლილებები და რეგულაციები ამ სექტორში ისე უნდა განხორციელდეს, რომ, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს მძღოლი, ვისთვისაც ეს საქმიანობა თვითდასაქმების ერთ-ერთი ანდა სულაც ერთადერთი საშუალებაა.

მაგალითად, ამ საკითხის განხილვისას თბილისის მერიამ გაითვალისწინა, რომ "ტაქსაობისთვის" ლიცენზიების რაოდენობა არ ყოფილიყო შეზღუდული და ამ საქმიანობის უფლება ჰქონდეს ყველას, ვისაც სურვილი აქვს და ელემენტარულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

რეგულირებაზე მსჯელობისას თბილისის მერიას ველოსიპედი არ გამოუგონებია და ბევრ ქვეყანაში აპრობირებული გზით წავიდა, თუმცა ჩვენი თხოვნა იყო, რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდეს, რადგან თუ ერთბაშად მოვთხოვთ მძღოლებს, რომ მანქანაც სრულად გამართული ჰქონდეთ, შესაბამისად ჩაცმულიც იყვნენ, უცხო ენაც იცოდნენ და ა.შ. 100 ტაქსიც არ დარჩება ქალაქში.

მერიაში უკვე არსებობს რეგულირების მონახაზი და ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიგეგმა. პირველ ეტაპზე ჩატარდება მხოლოდ რეგისტრაცია, სადაც არავის მოუწევს თანხის გადახდა და, ალბათ, მომავალი წელი მთლიანად ამ პროცედურების მიღებასა და დანერგვას დასჭირდება. პირველ ეტაპზე ასევე დაგეგმილია, მძღოლებმა წარმოადგინონ რამდენიმე ცნობა, მათ შორის ჯანმრთელობის, ნარკოლოგიურისა და ნასამართლობის შესახებ. თუმცა ეს უკანასკნელი საკითხი ჯერ ღიაა, რადგან ვითხოვთ, რომ შედარებით მსუბუქ დანაშაულზე ადამიანებს მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა. ვმსჯელობთ ჯანმრთელობის ცნობაზეც, რომელიც დღეს 20-30 ლარად გაიცემა, მიუხედავად პირის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობისა. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ შემოწმდეს მძღოლების ჯანმრთელობა და ეს არ იყოს უბრალოდ კორუფციის წყარო. ლაპარაკია იმაზეც, რომ საჭირო იყოს მძღოლების შესახებ ისტორიის ამოღება ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ჯარიმების სახეობებისა თუ რაოდენობის შესახებ, რათა გავიგოთ, მძღოლს რამდენად აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ან რამდენად დამრღვევი და უპასუხისმგებლოა.

არის ზოგიერთი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს, ალბათ, მგზავრების გადაყვანა შეეზღუდებათ. ჯერ არ შევთანხმებულვართ, რა და რა რაოდენობის დარღვევაზეა შესაძლებელი, რომ მძღოლს სატაქსო საქმიანობა შეეზღუდოს.

ცალკე მინდა გამოვყო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების საკითხი. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ასეთი მოთხოვნა ტაქსებს მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეეხოთ, როცა ის ყველასთვის ამოქმედდება. ევროდირექტივის თანახმად, ეს უნდა მოხდეს 2017 წლის მიწურულს ან 2018 წლის 1-ლი იანვრიდან.

ტაქსების რაოდენობის შემცირება ტექდათვალიერების ვალდებულების ამოქმედების შემდეგ არის მოსალოდნელი, თუმცა, ვფიქრობ, გამოჩნდება ახალი შემადგენლობაც, რომელიც ტექნიკურად გამართული იქნება.

სხვა შემთხვევაში მხოლოდ ისინი "გაიცხრილებიან", ვინც ნარკოლოგიურ ცნობას ვერ წარმოადგენს, ხოლო ჯანმრთელობის ცნობას, სამწუხაროდ, ყველა იღებს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია კატეგორიულად ვითხოვთ, რომ მინიმუმ 2 წელიწადს საგადასახადო რეგულაციები ტაქსებისთვის არ ამოქმედდეს. მით უფრო, რომ არ არის დადგენილი, ეს უნდა იყოს რამე ტიპის მოსაკრებელი თუ ეს საქმიანობა დაიბეგროს როგორც ყველა სხვა ბიზნესი. სახელმწიფოებრივი მიდგომა ასეთია - თუ კერძო საქმიანობას ეწევი, გადასახადიც უნდა გადაიხადო, მაგრამ ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, რომელიც თბილისში არასაკმარისია. 700 ათას მგზავრზე 500 ავტობუსი მოდის. ასე რომ, ტაქსი ფუფუნების საგანი არ არის და თუ საგადასახადო რეგულაციას შემოვიღებთ, ტაქსით მგზავრობა, სულ ცოტა, 30%-ით გაძვირდება. ამ პირობებში კი მერიამ საზოგადოებას სხვა სატრანსპორტო საშუალებები უნდა შესთავაზოს, რისი რესურსიც დღეს არა აქვს".

ემა ტუხიაშვილი