თაღლითობა ლარის კურსით! - კვირის პალიტრა

თაღლითობა ლარის კურსით!

ჯიხურების მეპატრონეები მოსახლეობის უყურადღებობით სარგებლობენ - ტაბლოზე 2,02-ს აწერენ, რასაც ხალხი 2,20-ად აღიქვამს

რედაქციაში წერილი მოვიდა. მოქალაქემ დახმარების თხოვნით მოგვმართა:

"...ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში კლიენტებს ატყუებენ. მეც სწორედ ამ თაღლითობის ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. ჩემი შვილი ფულს ამერიკიდან მიგზავნის და დოლარის ლარში გადაცვლა ხშირად მიწევს. ერთ დღესაც, როდესაც ფულის დახურდავება სავალუტო ჯიხურში გადავწყვიტე, ერთ-ერთ ჯიხურთან შევჩერდი. ტაბლოს შევხედე და ვიფიქრე, აქაც 2,20 ყოფილა კურსი, ამიტომ შორს რატომ წავიდე-მეთქი. ვიცი, რომ სხვა ჯიხურებშიც იგივე კურსია. ჩემი გათვლით, 100 დოლარში 220 ლარი უნდა დაებრუნებინათ, თუმცა მხოლოდ 202 ლარი მომცეს. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, - სანამ შემოხვალ, ჩვენს ტაბლოს კარგად შეხედეო. თურმე ტაბლოზე აწერია: დოლარის ყიდვა - 2,02. ძალიან გავბრაზდი, დავბრუნდი მოლარესთან და ფულის დაბრუნება მოვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა.

მეტიც, აქეთ ამიშარდა, მოგვშორდი, თორემ პატრულს გამოვიძახებთ და დაგიჭერენო. რა უნდა მექნა, სახლში გაგიჟებული დავბრუნდი. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გავიარე იმ ჯიხურთან, თუმცა კურსი შეცვლილი დამხვდა - 2,20 ეწერა, ეტყობა, რაღაცის შეეშინდათ. თუმცა არ არის გამორიცხული, ისევ დაიწყონ ციფრებით მანიპულირება. მინდა, რომ ხალხი გაფრთხილდეს, ჯერ კარგად შეხედოს ტაბლოს და ფული შემდეგ გადაახურდაოს", - გვწერს გელა მჭედლიშვილი.

აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა სიახლე არ არის აფბა-ს ანალიტიკოს ზურა კუკულაძისთვისაც. მეტიც, მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, მსგავსი პრაქტიკით მომუშავე ჯიხურების კრიმინალური სქემები გამოიკვეთოს:

- ბევრჯერ მსმენია და პირადადაც შევსწრებივარ, როდესაც ჯიხური დოლარს ტაბლოზე მითითებული კურსისგან განსხვავებულ ფასად ახურდავებს.

როგორც წესი, ჯიხურების მეპატრონეები მოსახლეობის უყურადღებობით სარგებლობენ - როდესაც ტაბლოზე 2,02 აწერია, მას 2,20-ად აღიქვამ.

- მომხმარებლის მოტყუება კანონდარღვევა არ არის?

- სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებს კანონმდებლობა არ არეგულირებს(?!). არადა, აქ ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

გამოძიების ადგილას დავინტერესდებოდი, ფულის გათეთრებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?!

- ეს საკითხი ვინ უნდა დაარეგულიროს?

- ჯიხურების საკითხი ეროვნულ ბანკს ეხება, თუმცა დანაშაულებრივი სქემის გამოვლენაში საგამოძიებო სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ.

P.S. ჩვენ მივედით წერილის ავტორის მიერ დასახელებულ მისამართზე და ტაბლოზე მართლაც საბაზრო კურსი იყო ასახული. ამიტომაც, ჩვენ არ ვასახელებთ ამ ჯიხურის მისამართს. მოლარემ კი კითხვაზე: რამდენიმე დღის წინ ტაბლოზე 2,20-ის ნაცვლად ეწერა თუ არა 2,02 - პასუხი არ გაგვცა და ჯიხური სასწრაფოდ დახურა.

რუსუდან შელია