"ეს არის ბანკი, რომელსაც ზურგს ევროპული სტაბილურობა და გერმანული ხარისხი უმაგრებს"
16-05-2016
"ეს არის ბანკი, რომელსაც ზურგს ევროპული სტაბილურობა და გერმანული ხარისხი უმაგრებს"
"მეტ ჰოტელის" საკონფერენციო დარბაზში გერმანული ბანკის 13 ქვეყნის ფილიალიდან, მათ შორის საქართველოდან, 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი

მე "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებელი ვხდები! და ეს არ არის მხოლოდ ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება იმის გამო, რომ კომპანიამ ჟურნალისტებსა და მის კლიენტ ქართველ ბიზნესმენებს სალონიკში სამდღიანი თავბრუდამხვევი მოგზაურობა მოგვიწყო, არც იმის გამო, რომ ყველა ოფიციალური შეხვედრა გერმანული ხარისხითა და ორგანიზებულობით ჩატარდა, გადაწყვეტილებაზე გავლენა არც სალონიკის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებას მოუხდენია, რომელსაც ცოცხალი
მუსიკისა და გრანდიოზული 30-წუთიანი ფეიერვერკისგან აღფრთოვანებული სტუმრები, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს გაიხსენებენ.

პრაგმატული ადამიანი ვარ და როცა საქმე ბანკს ეხება, ვცდილობ, ყველა ნიუანსი, პირველ რიგში კი, ფინანსური რისკები, მაქსიმალურად ავწონ-დავწონო. არ დაგიმალავთ, ჟურნალისტურმა ბუნებამ მაინც მძლია და ვცადე კიდეც, "პროკრედიტ ბანკის" სუსტი წერტილები მეპოვა, მაგრამ
მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ და საბანკო სერვისების აქტიურმა მომხმარებელმა, კომპანიის უკან მხოლოდ ძლიერი ევროპული, უფრო ზუსტად კი, გერმანული ბეგრაუნდი დავინახე. რაც მთავარია, სალონიკში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე "პროკრედიტ ბანკის" ღირსებებსა და სიძლიერეს ევროკომისარი დიმიტრი ავრამოპოლუსი, ევროპის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და გერმანიის ბუნდესტაგის წევრები აღნიშნავდნენ. ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ კერძო კომპანიის დადებითად შეფასება საერთაშორისო ასპარეზზე "პროკრედიტ ბანკისადმი" უპრეცედენტო ნდობაზე მიანიშნებს...

გასულ კვირას სალონიკში "მეტ ჰოტელის" საკონფერენციო დარბაზში გერმანული ბანკის 13 ქვეყნის ფილიალიდან, მათ შორის, საქართველოდან, 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. სტუმრებს შორის იყვნენ ოფიციალური პირებიც, მათ შორის, გერმანიის ბუნდესტაგის წევრები, ბერძენი მაღალჩინოსნები, ევროპის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, ევროკომისარი, ასევე ბიზნესმენები, რომლებიც "პროკრედიტ ბანკთან" თანამშრომლობენ, და მედიის წარმომადგენლები.

კონფერენცია "პროკრედიტ ჯგუფის" მმართველი საბჭოს წევრმა, ბორისლავ კოსტადინოვმა გახსნა. მან ბანკის" პრიორიტეტებსა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რამაც გერმანული ბანკის საერთაშორისო წარმატება განაპირობა: "ჩვენი მიზანი არ არის თავად ავაშენოთ გემი, ჩვენი პრიორიტეტია კლიენტებს დავეხმაროთ გემის აშენებაში, რათა, თავის მხრივ, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი და ეკონომიკური სტაბილურობა შექმნან. "პროკრედიტ ბანკი" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანიაა, შესაბამისად, ჩვენი მიზანი არ არის, კლიენტებზე რაც შეიძლება მეტი სესხი გავცეთ. ზოგჯერ, შესაძლოა, დიდი ოდენობით გაცემული თანხები ბიზნესისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. დაფუძნების დღიდან "პროკრედიტ ბანკი" თითოეულ კლიენტს ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. სწორედ ამ მიზნით, პერსონალის გადამზადების უნიკალური მექანიზმი შევქმენით - დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ "პროკრედიტ ჯგუფის" ყველა ფილიალის თანამშრომელი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ კადრს წარმოადგენს, რომელიც არ არის დაინტერესებული, ბიზნესმენს მაღალპროცენტიანი ვალი დააკისროს, არამედ მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში ეხმარება".

"პროკრედიტ ბანკში" შექმნილ ჯანსაღ ბიზნესგარემოზე ისაუბრა ევროპის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა პიერ ლუიჯი ჯილბერტიმაც: "ჩვენ მხარს ვუჭერთ "პროკრედიტ ბანკს", კომპანიას, რომლის მუშაობის მთავარი ასპექტები ბიზნესის დახმარებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს არის ბანკი, რომელსაც ზურგს ევროპული სტაბილურობა და გერმანული ხარისხი უმაგრებს".
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი დიმიტრი ავრომოპულუსიც: "მოხარული ვარ, რომ სალონიკში გამართული ღონისძიების მონაწილე ვარ. საბერძნეთში მცირე კომპანიებს განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად მეტი ფინანსები სჭირდება. მხარს ვუჭერთ "პროკრედიტ ბანკს", რომელიც საბერძნეთში ახალი ფინანსური შესაძლებლობების შექმნას გეგმავს. საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოვუწოდებ, ჯგუფს შემოუერთდნენ და საბერძნეთში მცირე და საშუალო კომპანიები დააფინანსონ". მოგვიანებით, ევროკომისარმა "პროკრედიტ ჯგუფის" წარმომადგენელ რენა პეიჩევასთან, ასევე მმართველი საბჭოს წევრ ბორისლავ კოსტადინოვსა და ევროპის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთან ერთად ხელი ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერა. ხელშეკრულების თანახმად, "პროკრედიტ ბანკი" საბერძნეთში, მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურად მხარს დაუჭერს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში 20 მილიონის ევროსესხების გაცემასაც უზრუნველყოფს. როგორც კონფერენციაზე ითქვა, სესხების გაცემის მხარდამჭერი და გარანტორი ევროპის საინვესტიციო ფონდია. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა "პროკრედიტ ბანკის" ორგანიზებით მოწვეულ ბიზნესმენებს შორისაც. ე.წ. B2B-ს ფორმატის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართველი ბიზნესმენებისთვისაც, რომელთა განცხადებით, პოტენციური ბიზნესპარტნიორების გაცნობა მათ მეზობელ სახელმწიფოებში საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება.

გელა გოგიშვილი, GMS-ის ხელმძღვანელი:
"პროკრედიტ ბანკმა" ბიზნესმენებს უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა - ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის ბიზნესპარტნიორებთან კონტაქტი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რამდენიმე წელია ბიზნესსაქმიანობას ვეწევით, თუმცა არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც ბანკმა 400-ზე მეტი ბიზნესმენის ერთ სივრცეში თავმოყრა და თანაც ასეთი ორგანიზებულობით შეძლო.

ჩვენი კომპანია ორი მიმართულებით ოპერირებს: ტექნოლოგიების დისტრიბუცია­ და ჰოსპიტალური სექტორი. შეხვედრებიც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე იყო ორგანიზებული. გავიცანით უცხოელი ბიზნეს­მე­ნები, მათ შორის, სამედიცინო ავეჯის მწარმოებლები და ფარმაცევტული კომპანი­ების წარმომადგენლები. საერთოდ, ევროპული­ ქვეყნების მუშაობის მოდე­ლი­ ყოველთვის საინტერესოა. აღსანიშნავია­, რომ თანამშრომლობაზე კონკრეტული საუბარიც დავიწყეთ და იმედია, შედეგსაც მალე მივაღწევთ. მიუხედავად იმისა, რომ სალონიკიდან სულ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით, რამდენიმე კომპანიასთან ელექტრონული მიმოწერაც უკვე გვქონდა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესპარტნიორობის პროცესი უკვე დაიწყო. რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკს", ვფიქრობ, კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია. "პროკრედიტ ბანკი" სხვა ბანკებისგან ნოვაციებითაც გამოირჩე­ვა. ეტაპობრივად ინერგება 24-საათიანი მომსახურების პრაქტიკაც, სადაც მომსა­ხურების მიღება ბიუროკრატიის გარეშეა შესაძლებელი.

დავით კერესელიძე, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" აკადემიური საბჭოს წევრი:
"პროკრედიტ ბანკსა" და "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს" ხანგრძლივი, კომფორტული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ეს არის პროგრესული, ევროპული ღირებულებების ბანკი.
სალონიკში გამართულმა შეხვედრებმა შესაძლებლობა მოგვცა სხვადასხვა ქვეყანაში "პროკრედიტ ბანკის" პარტნიორებს გავცნობოდით და იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ვიცნობთ ამ ბანკის მუშაობის სპეციფიკას, გვაქვს უპირობო რწმენა, რომ ისინი ჩვენთვის სანდო ბიზნესპარტნიორები იქნებიან.

ამ თვალსაზრისით, "პროკრედიტ ბანკი" ჩვენთვის ერთგვარი ფილტრიცაა, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შესაბამისი ბიზნესი არის გამჭვირვალე და პროგრესული. ეს კი, თავის მხრივ, ამარტივებს მათთან ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. რამდენიმე კომპანიისგან მივიღეთ თანამშრომლობის კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც ამჟამად განვიხილავთ".

თემურ არდოტელი, "ახალი ნათების" აღმასრულებელი დირექტორი:
"ღონისძიება შთამბეჭდავი იყო როგორც მასშტაბით, ასევე ორგანიზებულობით. იგრძნობოდა გერმანული დისციპლინა და პუნქტუალურობა. შედეგებიდან სამ ძირითად ფაქტორს გამოვყოფ: პირველი, რა თქმა უნდა, უდავოდ საინტერესო იყო უშუალოდ ბანკის სათავო ოფისის ტოპმენეჯმენტისგან მომავლის სტრატეგიებისა და მიმართულებების მოსმენა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "პროკრედიტ ბანკი" საიმედო და კეთილსინდისიერი პარტნიორია ბიზნესისთვის - ის ორიენტირებულია გამჭვირვალე ურთიერთობებზე, რაც სანდოობის ხარისხს უდავოდ ამაღლებს.

პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს რაც შეეხება, გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო მწარმოებელი კომპანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებთან თანამშრომლობის პერსპექტივა უკვე იკვეთება. არანაკლებ დადებითი და სასიამოვნო ფაქტორი გახლავთ ის, რომ დელეგაციაში მყოფმა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა უკეთ გავიცანით ერთმანეთი და დაახლოების შესანიშნავი საშუალება მოგვეცა, რაც არანაკლებ საინტერესოა როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებისთვის".

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მოგვეცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით "პროკრედიტ ბანკის" ინოვაციურ მიდგომებში - დავათვალიერეთ ბანკის ფილიალში მოწყობილი, თანამედროვე აპარატებით აღჭურვილი "სივრცე 24/7", სადაც მომხმარებელს კომფორტულ გარემოში ნებისმიერ დროს სასურველი საბანკო მომსახურების მიღება შეუძლია. ანალოგიური "სივრცე 24/7" ცოტა ხნის წინ საქართველოშიც მოეწყო.

გარდა იმისა, რომ "პროკრედიტ ბანკმა" კიდევ ერთხელ ყველა დაარწმუნა, რომ მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული, კომპანიამ ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები გარემოსდაცვითი სტანდარტებითაც გაგვაოცა. როგორც "პროკრედიტ ბანკის" საბჭოს წევრმა ბორისლავ კოსტადინოვმა ეკოპროექტის პრეზენტაციისას აღნიშნა, ბანკში შექმნილია ეკოქვეგანყოფილებები, რომელთა მოვალეობაა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების მხარდაჭერა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის დანერგვა და ეკოსესხების გაცემისთვის ზოგადი სტანდარტების შემუშავება.

საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღის შემდეგ "პროკრედიტ ბანკმა" სტუმრები საღამოს ვახშამზე მიგვიწვია. გერმანიის სათავო ფილიალის ორგანიზებით სალონიკში გამართული შეხვედრა გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

რუსუდან შელია

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით