სატენდერო პირამიდები - კვირის პალიტრა

სატენდერო პირამიდები

"ჩვენთან, როგორც წესი, როცა კომპანია წააგებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება "გაახსენდეს", რომ პირობები დისკრიმინაციული იყო"

"სახელმწიფო უწყებას ხშირად ერთი ტრადიციული მიმწოდებელი ჰყავს და სწორედ ეს პარტნიორი კომპანია უმზადებს სატენდერო პირობებს(!)"

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებს მალე ახალ წესებთან შეგუება მოუწევთ. რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ელექტრონული ტენდერების გამართვის წესში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. წინასწარი ინფორმაციით, დღეს არსებულ ღია ელექტრონულ ტენდერს, კიდევ ორი - ე.წ. დახურული და ორეტაპიანი ტენდერი დაემატება, სადაც უპირატესობა მიენიჭება არა მხოლოდ დაბალ ფასს, არამედ ხარისხს. გარდა ამისა, შეღავათები გავრცელდება ტენდერში გამარჯვებულ ადგილობრივ კომპანიებზე, რომლებსაც შემსყიდველი უცხოურ კომპანიებთან შედარებით 10%-ით მეტს გადაუხდის.

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე კომპანიები არაერთხელ მიუთითებდნენ, ამის საბაბს კი ელექტრონულ ტენდერებში არსებული საეჭვო გარემოებები იძლეოდა. მათ შორის სახელდებოდა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების სირთულე, საკმაოდ შეზღუდული ვადები პროდუქციის მისაწოდებლად, პრეტენდენტების შეზღუდვა კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული უცნაური სატენდერო მოთხოვნებით, არარეალურად დაბალი ფასით "კონკურენტების" ჩამოცილება და სხვ. ყველა ეს გარემოება გონივრულ ეჭვს აჩენდა, რომ "ჩაწყობილი" ტენდერებით ხეირობდნენ როგორც მოხელეები, ისე მათთან გარიგებული კომპანიები, სამაგიეროდ, ზარალდებოდა ბიუჯეტი და ქვეყანა - ხან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, ხანაც ზედმეტად გადახდილი თანხებით.

გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" თანადამფუძნებელი და დირექტორი: "ელექტრონულ ტენდერებში არსებითი პრობლემაა ის, რომ შემსყიდველს ზედმეტი თავისუფლება აქვს სატენდერო პირობების განსაზღვრისას. მაგალითად, შეუძლია ისეთი სატენდერო პირობები ან მხოლოდ ერთი დეტალი ჩაწეროს მოთხოვნებში, რომელთა დაკმაყოფილებას რეალურად 1-2 კომპანია თუ შეძლებს. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ დეტალს პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ აქვს კონკრეტული მიზანი - ტენდერის მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვა. რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფო უწყებებს არა აქვთ ერთიანი მიდგომა. ზოგ შემთხვევაში სატენდერო პირობებში შეიძლება ჩაწერონ მოთხოვნა, რომ მიმწოდებელი უნდა იყოს ავტორიზებული პირი, კონკრეტული მწარმოებლისა თუ სერვისის მიმწოდებლის ოფიციალური დილერი, ზოგჯერ კი ასეთი მოთხოვნა არა აქვთ. როცა ვამბობთ, რომ ქვეყანაში ბიზნესის ზოგი სფერო მონოპოლიზებულია, მონოპოლიას სწორედ ამ ექსკლუზიური გარიგებების არსებობა და სახელმწიფოსგან მათი ხელშეწყობა ქმნის. ამის ნათელი მაგალითია ფარმაცევტულ სექტორში სხვადასხვა პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორების არსებობა. არადა, ქვეყანაში არსებობს პარალელური იმპორტი და თუ მის განვითარებას ხელს არ შევუწყობთ, მონოპოლიებს ვერ დავშლით.

ხშირად ტენდერებში პროდუქციისა და სერვისის მიწოდების ვადები წარმოუდგენლად მცირეა. სატენდერო მოთხოვნებს, ძირითადად, ასე ამზადებენ: სახელმწიფო უწყებას, როგორც წესი, ერთი ტრადიციული მიმწოდებელი ჰყავს და სწორედ ეს პარტნიორი კომპანია უმზადებს სატენდერო პირობებს, ანუ ეუბნება, რამდენ დღეში შეძლებს პროდუქციის მიწოდებას და სხვ. ამ შემთხვევაშიც შემსყიდველისთვის ერთი-ორი დღე, შესაძლოა, პრინციპულად მართლაც არაფერს წყვეტდეს, მაგრამ სხვა, არაპარტნიორი კომპანიისთვის ამ ორ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამასთან, შემსყიდველი, შესაძლოა, ასეთი მოკლე ვადების გამო ფასით დაზარალდეს კიდეც(!). მაგალითად, ერთმა ფირმამ, შესაძლოა, შემსყიდველს 20 დღეში მიაწოდოს პროდუქცია, მეორემ კი ეს 30 დღეში შეძლოს და პირველთან შედარებით ბევრად ხელსაყრელ ფასად. გვაქვს თუ არა ასეთ დროს საქმე კორუფციასთან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო შესყიდვებისას ხშირად კონკურენცია იმდენად დაბალია, რომ ტენდერში ერთი ან ორი პირი მონაწილეობს, საბოლოოდ კი ამით ისევ სახელმწიფო ზარალდება.

ხშირად ისეც ხდება, რომ ელექტრონულ ტენდერში პირველ ორ ადგილზე გასული კომპანია ერთმანეთთან გარიგებულია, ან ერთი კომპანიის შვილობილი კომპანიები არიან. ასეთ დროს პირველ ადგილზე გასული ფირმა უარს ამბობს ტენდერში მონაწილეობაზე და მეორე ადგილზე მყოფი იმავე პირის ფირმა უკვე წინამორბედზე გაცილებით მაღალი ფასით იგებს ტენდერს. ვიღაც ტენდერში მხოლოდ იმიტომ მონაწილეობს, რომ ისტორია შეიქმნას და დემპინგურ ფასს სთავაზობს, რითაც, შესაძლოა, მოგებას საერთოდ არ იღებდეს.

ვიღაცები კი ე.წ. სატენდერო პირამიდას თამაშობენ. პრინციპი ასეთია: კომპანია, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით მონაწილეობს ტენდერში და იგებს ყველაზე დაბალი ფასით. წინასწარ მიღებული თანხით უკვე სხვა ტენდერში მონაწილეობს და თუ მოიგებს, წინა ტენდერიდან მიღებული თანხით იწყებს სამუშაოების წარმოებას, მეორე ტენდერში აღებული თანხით მესამე ტენდერში მონაწილეობს და ა.შ... მიღებული თანხებით ცოტ-ცოტა ყველგან ასრულებს ნაკისრ სამუშაოებს და ასე გრძელდება, სანამ სადმე "გაიჭედება".

მსგავსი მანიპულაციები, სამწუხაროდ, ხშირია და მათ შესაზღუდად ცვლილებები ტენდერებთან დაკავშირებით, შესაძლოა, დროულიც იყოს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ კეთილსინდისიერი მოთამაშეებიც და მათ, შესაძლოა, შენიშვნები ჰქონდეთ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მაგალითად, როცა ლაპარაკია ე.წ. დახურული ტენდერების გამართვაზე, რაც ნიშნავს, რომ ვაჭრობა, ფაქტობრივად, აღარ წარიმართება და პირველივე დაბალი ფასით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, ტენდერის დასრულების შემდეგ მაინც უნდა გაიხსნას ინფორმაცია, რათა დანარჩენ მონაწილეებს ტენდერის შეფასების შესაძლებლობა მიეცეთ. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ეკონომიის სერიოზულ ბერკეტს დაკარგავს. ასობით მილიონ ლარს ზოგავს სახელმწიფო ტენდერში კომპანიებს შორის ვაჭრობით.

ამასთან, არც დღეს მოქმედი ფასწარმოქმნის დასაბუთების მექანიზმი მუშაობს რეალურად. კომპანიებს ვალდებულება აქვთ, თუ მათი პროდუქციის ფასი 20%-ით დაბალია საბაზრო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის მექანიზმი დაასაბუთონ. ეს პრევენცია იმისთვის არის საჭირო, რომ გაუმართლებლად დაბალმა ფასმა არ გაიმარჯვოს და მერე მიწოდების ან რამე სხვა პრობლემა არ შეიქმნას, მაგრამ ეს მექანიზმი ქმედითი არ არის, რადგან ნებისმიერს შეუძლია წარადგინოს ვიღაცის გამოწერილი ყალბი ინვოისი და ფასის ადეკვატურობა ასე დაადასტუროს. ამასთან, ეს მექანიზმი კეთილსინდისიერ შემსყიდველს აიძულებს, გათქვას საკუთარი კომერციული საიდუმლო, თუ რატომ არის მისი ფასი სხვებთან შედარებით დაბალი. ვფიქრობთ, ეს საკითხიც უნდა დარეგულირდეს.

ორრაუნდიანი ტენდერები ბევრ ქვეყანაში არსებობს, სადაც ფასს თავისი წილი აქვს შეფასებისას, ხარისხს კი, თავისი. შეფასების ამგვარ კრიტერიუმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. სახელმწიფოსგან განსხვავებით, კერძო კომპანიები შესყიდვების დროს ხარისხის ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებენ და ხშირად მეტსაც იხდიან, რათა გამძლეობაც მეტი ჰქონდეს მათ მიერ შეძენილ პროდუქციასა თუ სერვისს. სახელმწიფო უწყებები კი არჩევანს დაბალი ფასის სასარგებლოდ აკეთებენ და ეს არის მიზეზი, რომ ხშირად სახელმწიფო უწყებებში ყოველ 2-3 წელიწადშია საჭირო რემონტი, ავეჯისა და ტექნიკის შეცვლა და სხვა, რადგან ყველაფერი იაფად და უხარისხოდ კეთდება".

ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის იურისტი: "ამ ცვლილებებმა წესით, ხელი უნდა შეუწყოს იმ პრობლემების მოგვარებას, რაზეც დღეს ბიზნესწრეებში თუ სხვა დაინტერესებულ საზოგადოებაში საუბრობენ. იგეგმება ორეტაპიანი ტენდერების ამოქმედება - ანუ გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ფასი, არამედ შეთავაზების არსი და ხარისხი. მეორე ცვლილება ითვალისწინებს სისტემის დახურვას მიმწოდებლისა და შემსყიდველისთვის. დღეს ყველა ხედავს, რომელმა მიმწოდებელმა რა დოკუმენტაცია წარადგინა, რა ფასი დაადო თავის შეთავაზებას, შემდეგ ვაჭრობის ჯერია და ა.შ. ეს ყველაფერი დაიხურება შემსყიდველისთვისაც და მიმწოდებლისთვისაც. თავად შესყიდვების სააგენტოსაც არ ექნება მთელ ამ ინფორმაციაზე წვდომა. შემდეგ ავტომატურად, მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი გაეხსნება შემსყიდველს. ის შეაფასებს წინადადებას და თუ ის დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ამ ფირმასთან შესყიდვის პროცედურას წამოიწყებს. თუ პირველი პრეტენდენტის წინადადება არ იქნება დამაკმაყოფილებელი, მაშინ სისტემა ავტომატურად გახსნის მეორე, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადებას და ა.შ. ეს მოტივაციას შესძენს მიმწოდებლებს, შემსყიდველს რეალური და, იმავდროულად, მათთვის ხელსაყრელი ფასი შესთავაზონ და ერთმანეთთან არაგონივრულ კონკურენციაში არ ჩაერთონ. ვიცით შემთხვევები, როცა არარეალურად დაბალ ფასს სთავაზობდნენ, ოღონდ კი ტენდერი მოეგოთ. ეს სიახლე ამგვარი შემთხვევებისგან დაგვაზღვევს.

რაც შეეხება ერთ პირზე მორგებულ სატენდერო პირობებს. დაახლოებით სამ წელიწადს ვიყავი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების საბჭოს წევრი. ბევრჯერ მომისმენია როგორც საჯარო განცხადებებში, ისე პირად საუბრებში მსგავსი პრეტენზიები და არანაკლები საჩივრები მქონია კონკრეტულად ამ საფუძველზე დავების საბჭოში. ამ პრობლემიდან გამოსავალი ერთია - როგორც კი ფირმა დაინახავს, რომ სატენდერო პირობა დისკრიმინაციულია, კონკურენციას ზღუდავს და მოთხოვნები უსამართლოდ მკაცრია, მაშინვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე, ტენდერის იმავე გვერდზე შეავსოს საჩივარი, დაასაბუთოს და დავების საბჭოს წარუდგინოს. ჩვენთან კი, როგორც წესი, პირიქით ხდება - როცა კომპანია წააგებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება "გაახსენდეს", რომ პირობები დისკრიმინაციული იყო".

P.S. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიები კი ამბობენ, რომ ტენდერებში შესაძლო კორუფციული გარიგებების თუ სხვა მიზეზით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს უამრავი კომპანია მიმართავს. ერთი მხრივ, ეს, შესაძლოა, დავების საბჭოს სანდოობაზე მიუთითებდეს, თუმცა, მეორე მხრივ, სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

კომპანიები ამბობენ, რომ სურთ, შეიქმნას ელექტრონული ტენდერების იმგვარი სისტემა, სადაც თანაბრად დაცული იქნება როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის ინტერესები და ყოველ ჯერზე დავების განხილვის საბჭოში საჩივრებით სირბილი არ მოუწევთ.

P.P.S. პირად საუბრებში კომპანიების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ დავების განხილვის საბჭოში ჩივილი ხშირად აღარც უღირთ: დავების საბჭოს ექვსი წევრიდან სამი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელია, რომლებმაც კვირაში სამი დღე საბჭოსთვის უხელფასოდ უნდა იმუშაონ. ამიტომ ისინი, ფაქტობრივად, განხილვებზე არ დადიან და რეალურად გადაწყვეტილებებს ისევ დავების საბჭოს ხელფასიანი წარმომადგენლები იღებენ.