სახელმწიფო საწარმოები - გასაუქმებელი ჯერ კიდევ ბევრია - კვირის პალიტრა

სახელმწიფო საწარმოები - გასაუქმებელი ჯერ კიდევ ბევრია

არსებობს სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები, რომელთა საქმიანობა არაეფექტურია და ამის მიუხედავად, იქ დასაქმებული ადამიანები ასტრონომიულ ხელფასებს იღებენ

"მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი საწარმო, რომელსაც საზოგადოება ვერ გააკონტროლებს"

მართალია, ქვეყანაში სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, მაგრამ ჯერაც არსებობს სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები, რომელთა საქმიანობა არაეფექტურია და ამის მიუხედავად, იქ დასაქმებული ადამიანები ასტრონომიულ ხელფასებს იღებენ. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, წამგებიანი საწარმოების ხელმძღვანელების ხელფასი ზოგჯერ ქვეყნის პრემიერის თუ პრეზიდენტის ხელფასსაც კი აჭარბებს...

"სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტში", რომელიც შარშან დასრულდა, ნათქვამია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ფუძნდებოდა ისეთი საწარმოები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდათ. შედეგად, 2012 წლისთვის საქართველოში 1129 სახელმწიფო საწარმო არსებობდა. 2012 წელს კი მათი მართვისა და განკარგვისთვის შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამ პერიოდში დაიწყო სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაცია, გაკოტრება, შერწყმა, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა და პრივატიზება. შედეგად, სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა 310-მდე შემცირდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვან და მომგებიან საწარმოებს ფლობდა საპარტნიორო ფონდი, ხოლო უმოქმედო საწარმოების უმეტესობა სააგენტოს მმართველობაში დარჩა. არის კიდევ სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით აქვს გადაცემული სხვადასხვა სამინისტროს და კერძო თუ იურიდიულ პირებს.

წაგება-მოგება "რამ გაყო"

კვლევაში ნათქვამია, რომ 310 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ ორია ე.წ. კარგ მდგომარეობაში, 21 მოხვდა ერთი საფეხურით ქვედა დონეზე ("საყურადღებო"), უმეტესობა კი (231 ანუ დაახლოებით 75%) მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია ან საერთოდ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მინიჭებული აქვს კატეგორია - "ცუდი" (კიდევ 40 საწარმოს მდგომარეობა შეფასებულია, როგორც "სუბ-სტაბილური", ხოლო 16-ისა, როგორც "საეჭვო").

აღსანიშნავია, რომ საწარმოების შესაბამისობის აუდიტებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი კანონდარღვევის ფაქტები, შიდა კონტროლის მექანიზმების სისუსტე, დაგეგმვის ხარვეზები, სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი და არაეფექტიანი ხარჯვის შემთხვევები და კორუფციული გარიგების მაღალი რისკები. გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოებში მაშინაც და ახლაც ჯერ კიდევ არსებობს შეუსაბამოდ მაღალი ხელფასებისა და დაუმსახურებელი პრემიების გაცემის რისკი.

მაგალითად, დღეს საქართველოში არსებული პრაქტიკით, საწარმოთა მართვაზე პასუხისმგებელი უწყებები (სააგენტო, სამინისტროები) დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას, ეს უკანასკნელნი კი - საწარმოს დანარჩენ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თითქმის ყველა მოქმედ სახელმწიფო საწარმოში (სულ 66) შეისწავლა შრომის ანაზღაურების საკითხი. გაირკვა, რომ 2013 წელს ასეთ საწარმოთა თანამშრომლების ანაზღაურებამ 63,6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც მეოთხედი ადმინისტრაციის პერსონალზე გაიცა, ხოლო მართვის უფლებით სამინისტროებისთვის გადაცემულ საწარმოებში ხელფასებზე დახარჯულია 130,3 მილიონი ლარი და ეს მაშინ, როცა ყველაზე დიდი კომპანია "საქართველოს რკინიგზა" ამ საწარმოებში არ შედის. აუდიტის დასკვნაში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოს, "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მაგალითი, სადაც 2012 წელს ადმინისტრაციის სამმა თანამშრომელმა ანაზღაურების სახით 361,5 ათასი ლარი, ხოლო 2013 წელს ორმა თანამშრომელმა - 327,4 ათასი ლარი აიღო. ეს საწარმო საბალანსო ელექტროენერგიის ბაზრის სტაბილურობაზე ზრუნავს და მოგების გაზრდაზე ნაკლებად არის ორიენტირებული. მაგალითად, ამ საწარმოს 2013 წლის მოგებამ მხოლოდ 909 ათასი ლარი შეადგინა და შესაბამისად, კომერციული თვალსაზრისით სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოუტანია.

ბიუჯეტი უნდა ეყოს ხელფასს

მართალია, სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დღეს 171 კომპანიას მართავს), მაგრამ გასაუქმებელი კიდევ ბევრია. ძნელი სათქმელია, დღეს ქვეყნისთვის რამდენად მომგებიანია სახელმწიფო საწარმოების არსებობა, თუმცა ამ საწარმოთა ხელმძღვანელების ანაზღაურება გულგრილს არ დაგტოვებთ. მაგალითად, შარშან სახელმწიფო შპს "მარაბდა-კარწახის" რკინიგზის დირექტორს ხელფასის სახით 84.000 ლარი აქვს აღებული, "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორს - 72.922 ლარი, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორს - 87.595 ლარი, ბალნეოლოგიური კურორტის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ სააკაშვილს - 80.219 ლარი, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურ დირექტორს - 124.000 ლარი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს - 83.200 ლარი...

ამ ჩამონათვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი საქართველოს ლატარიის კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობს და რომლის ხელმძღვანელმა შარშან ხელფასის სახით 82.784 ლარი მიიღო. სხვათა შორის, ლევან ჩიკვაიძე იმავდროულად არის სახელმწიფო შპს-ს, "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელიც და ერთი წლის განმავლობაში ამ საქმიანობისთვის 36.707 ლარი აქვს მიღებული.

სახელმწიფო ქერის ორმო

გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" თანადამფუძნებელი და დირექტორი: - მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის არაერთი მწვავე დასკვნა არსებობს სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებთან დაკავშირებით, პარლამენტის რეაგირება არ ჩანს. არადა, ამ პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორების სხვა ბერკეტი არ არსებობს. ჩვენი ორგანიზაცია ამ პრობლემას პირველად სამი წლის წინ შეეხო და მას შემდეგ მუდმივად ვცდილობთ მის წარმოჩენას. აქ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების მომგებიანობა-ზარალიანობაზე არ არის ლაპარაკი. წამგებიანია სახელმწიფო კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი. ამას, შესაძლოა, მხოლოდ ერთი გამართლება ჰქონდეს - თუ ეს საწარმოები რაღაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს და მათი ეფექტიანობა მხოლოდ ფინანსური შედეგით არ განისაზღვრება. მაგრამ ყველაზე ცუდი სწორედ ის არის, რომ ხშირად სახელმწიფო საწარმოებს არც რამე სხვა, განსაკუთრებული შედეგის მოტანა შეუძლიათ. მეტიც, ხშირად გაურკვეველი, ბუნდოვანი და დახურულია ასეთი საწარმოების დანიშნულებაცა და საქმიანობაც და ეს ბერკეტი კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული. ასეთი კომპანიები დოტაციას ბიუჯეტიდან იღებენ და რეალურად არც ერთი არ მუშაობს.

ზოგადად, სახელმწიფო კომპანია რაც უფრო ცოტა იქნება, უკეთესია, მაგრამ შესაძლოა, ზოგჯერ სახელმწიფო კომპანიის შექმნა აუცილებელი იყოს. ასეთი პრეცედენტები თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ არსებობს კრიტერიუმები ან სახელმწიფო უწყება, რომელიც მათ საქმიანობას აკონტროლებს.

თავის დროზე ჩვენ შევისწავლეთ ბალტიისპირეთის გამოცდილება. იქ ამ ყველაფერს მონიტორინგს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება უწევს, მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობა, რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო კომპანია და რა კრიტერიუმები და პირობები უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით კი სახელმწიფოს არც ერთი უწყება არ არის შეზღუდული, შექმნას მოგებაზე ორიენტირებული საკუთარი საწარმო და საზოგადოებას ამ საწარმოს კონტროლის ბერკეტები არ გააჩნია. რა თქმა უნდა, კანონმდებლობა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით შესაცვლელია. გარდა ამისა, მეტი გამჭვირვალობისთვის ის საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ზე მეტია, ვალდებული უნდა იყვნენ, გაასაჯაროონ ინფორმაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უხდებოდეთ ასეთი ორგანიზაციებისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოში სირბილი. ბუნებრივია, ზოგჯერ ესა თუ ის სახელმწიფო კომპანია არავის უწევს კონკურენციას, რადგან ბაზარზე მსგავსი პროფილის სხვა ფირმა არ არსებობს, თუმცა ეს იშვიათობაა. ძირითადად კი სახელმწიფო კომპანიები კონკურენციას უწევენ კერძო კომპანიებს და მათ საქმიანობასა თუ ბაზარზე გამოჩენას ზღუდავენ. ბუნებრივია, ყველას გაუჭირდება მეტოქეობა სახელმწიფო ფირმასთან, რომელიც გარანტირებულად იღებს სახელმწიფო შეკვეთებს. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ იმ სამედიცინო პროფილის საწარმოებს (მათ შორის - რეგიონებში არსებულ ამბულატორიებსა და საავადმყოფოებს), რომლებსაც დიდწილად სოციალური დანიშნულება აქვს, თუმცა მენეჯმენტი ამ შემთხვევაშიც უნდა გაუმჯობესდეს.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო საწარმოებში არც საკადრო პოლიტიკისა და არც ხელფასების გაცემის რეგულაციები არ არსებობს. მაგალითად, რომელიმე სამინისტროს დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელს, შესაძლოა, მინისტრზე ორჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს. უფრო დიდი უსამართლობა კი ის არის, თუ ეს კომპანია წამგებიანია და იქ დასაქმებული ადამიანების ხელფასი, პირდაპირ თუ ირიბად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა.

სამწუხაროდ, ამაზე ხმამაღლა არავინ არაფერს ამბობს, არადა, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები და პრემიები ყბადაღებულ თემად იქცა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ქონების სააგენტო სწრაფი ტემპით ამცირებს ასეთი საწარმოების რაოდენობას, მაგრამ ლიკვიდირება ხდება არა - მოქმედი, არამედ უმოქმედო და რეალურად ყველაზე ნაკლებად მავნებელი საწარმოებისა.

ემა ტუხიაშვილი