ელექტრონული სამართლიანობის აღსადგენად - დარღვევები ტენდერებში - კვირის პალიტრა

ელექტრონული სამართლიანობის აღსადგენად - დარღვევები ტენდერებში

ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძესთან

"დასანანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დავების საბჭოს საქმიანობაში ჩართვისგან თავს იკავებენ, ერთვებიან ფრაგმენტულად ან დროებით, არ აქტიურობენ..."

"წლეულს 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება შესყიდვის ახალი ნაირსახეობა, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს არა მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის პრინციპის გათვალისწინებით, არამედ ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციით"

სახელმწიფო შესყიდვები, უკვე წლებია, ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური თემაა. "ჩაწყობილი" ტენდერები, ერთ პირზე მორგებული პირობები, სატენდერო პირამიდები თუ კორუფციული გარიგებები - ამ და სხვა პრობლემებზე ბიზნესმენები ხშირად ლაპარაკობენ. ყველა ამ საკითხზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

100 ტენდერი დღეში

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბოლო დროს ხშირად ხვდება ბიზნესმენებს. რა არის ამის მიზეზი და მიზანი და აქამდე რატომ არ იყო კონტაქტი ასეთი ხშირი?

- ბოლო ორი წელია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მუდმივად მართავს საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო პერიოდში კი ბიზნესსექტორთან პირდაპირი კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, ახალ საფეხურზე გადავიდა - ჩემი ინიციატივით დავიწყეთ რეგულარული შეხვედრები ჩვენი სააგენტოს ოფისში. ამ ინიციატივის მიზანია, უშუალოდ ბიზნესმენებმა წარმოგვიდგინონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ, მათი აზრით პრობლემურ საკითხებსა და შესყიდვების სფეროში არსებულ ხარვეზებზე. შეხვედრის ფორმატი საშუალებას იძლევა, ბიზნესმენებმა დაუფარავად ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე, წარმოგვიდგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. ბიზნესმენების სურვილის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრები ბიზნესის ცალკეულ დარგებს ეხება და, შესაბამისად, ვიწვევთ დარგობრივი ნიშნით შერჩეულ კომპანიებს.

- ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, მათ შორის არის შემჭიდროებული ვადები, ერთ პირზე მორგებული სატენდერო პირობები, დაბალი კონკურენცია და მაღალი საჯარიმო სანქციები. რა გამოსავალს ხედავს სააგენტო ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

- ეს და სხვა საკითხებიც არაერთხელ გაჟღერებულა შეხვედრების დროს და ამ მიმართულებით სააგენტომ უკვე გადადგა ნაბიჯები. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საქართველოში ყოველწლიურად 35 ათასზე მეტი ტენდერი იმართება, ანუ დღეში საშუალოდ 100-მდე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს და აყალიბებს სატენდერო მოთხოვნებს, მათი ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე. შემსყიდველებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ შესყიდვის ობიექტი, მიწოდების ვადები, კონკრეტული სპეციფიკაციები. რაც შეეხება შემჭიდროებულ ვადებს, შესაძლოა, ეს ობიექტური აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი. თუმცა, შესაძლებელია, არსებობდეს სუბიექტური მომენტიც. სწორედ ამიტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მონიტორინგის დროს შემსყიდველი ორგანიზაციების ყურადღებას ამახვილებს ამ ვადებზე, რათა მათ მოკლე ვადის დაწესებით გაუმართლებლად არ შეზღუდონ კონკურენცია. იგივე ითქმის ე. წ. ერთ პირზე მორგებულ სატენდერო პირობებზე. ასეთ შემთხვევებზე სააგენტო სისტემატურად ახორციელებს სრულ მონიტორინგს და მსგავსი ფაქტების გამოვლენისას სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ. ბიზნესის წარმომადგენლებსაც აქვთ საშუალება, ამგვარი ფაქტი დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრონ.

დაბალ კონკურენციასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეს ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. კერძოდ, ეს გახლავთ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დაბალი აქტიურობა და ინერტულობა სპეციფიკურ დარგებში. ამ მხრივ ჩვენ ინტენსიურ პროპაგანდას ვუწევთ, რომ აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო შესყიდვებში, მიიღონ მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვები ბიზნესის გაფართოების კარგი საშუალებაა.

რაც შეეხება ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა წუხილს მაღალი საჯარიმო სანქციების გამო, სააგენტომ შეიმუშავა და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა არ უნდა დააწესონ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად მაღალი სანქციები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სანქციის გამოყენებისას, განუხრელად უნდა დაიცვან პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი.

"დარღვევების უმრავლესობა შემსყიდველთა დაბალი კვალიფიკაციით აიხსნება..."

- როგორ ფიქრობთ, დღეს მოქმედი სისტემა რამდენად სამართლიანია? რამდენად არის დაცული მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებები?

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განვითარების 8-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ ჰარმონიზაციას გულისხმობს. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და მოწინავე. სისტემაცა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა სწორედაც რომ სამართლიანობის, გამჭვირვალობის, კონკურენციისა და არადისკრიმინაციული მიდგომების პლატფორმას ეფუძნება და ერთნაირად იცავს როგორც შემსყიდველის, ისე ბიზნესკომპანიების უფლებებსა და ინტერესებს. ამ ინტერესების დაცვაში სააგენტოს როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, ვინაიდან ჩვენ მოწოდებული ვართ, ვიდგეთ ორივე მხარის - სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისა და ბიზნესის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე.

სახელმწიფოს ერთნაირად აზარალებს შესყიდვების პროცესში ჩართული ორივე მხარის შეცდომები, ხარვეზები, დაბალი კვალიფიკაცია. ამ უკანასკნელზე მინდა განსაკუთრებულად შევჩერდე, რადგან, როგორც ჩვენმა კვლევებმა და მონიტორინგმა ცხადყო, დარღვევების დიდი უმრავლესობა შემსყიდველთა დაბალი კვალიფიკაციითა და კომპეტენციის დონით აიხსნება. ამ პრობლემის გადასაჭრელად სააგენტომ 2014 წლიდან აამოქმედა სააგენტოს სასწავლო ცენტრი, რომელმაც დღეისთვის უფასოდ მოამზადა სახელმწიფო შესყიდვების ათასამდე სპეციალისტი.

- თქვენი, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, რომელია ელექტრონული შესყიდვების სისტემის ყველაზე სუსტი მხარეები და როგორ აღმოიფხვრება "შავი ხვრელები" ამ სისტემაში?

- მართალია, როგორც აღვნიშნე, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა, მოგეხსენებათ, უნაკლო და იდეალური არაფერია. ჩვენც გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით პროცესებს, ვატარებთ კვლევებს, გამოკითხვებს და მათი განზოგადების საფუძველზე ვმოქმედებთ. ჩემი შეფასებით, სუსტ მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ ე. წ. ერთ პირთან მოლაპარაკებებით გაფორმებული ხელშეკრულების რაოდენობა. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი - "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ", 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან გამარტივებულ შესყიდვებზე საჭირო გახდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა. მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს თანხმობით ხდება შესყიდვები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით, ანუ ფორსმაჟორული მდგომარეობით, როცა ტენდერის ჩატარებამ, ანუ პროცესის დროში გახანგრძლივებამ სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს. ობიექტურ გარემოებას განეკუთვნება ისეთი შემთხვევებიც, როცა საქონლის თუ სერვისის მიწოდება ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და ტენდერის მოწყობა პრაქტიკულად აზრს არის მოკლებული. ახალი მოდულის - გამარტივებული შესყიდვების სისტემაში ჩაშენებამ საზოგადოებისთვის პროცესი გამჭვირვალე გახადა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი შენიშვნები, კომენტარები დატოვოს სისტემაში. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, სააგენტომ წარმოდგენილი მომართვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უარი უთხრა გამარტივებულ შესყიდვაზე.

არა ფასითა მხოლოდ

ერთ-ერთ ხარვეზად მიიჩნეოდა გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ დაბალი ფასის პრინციპით. ამ მიმართულებით სააგენტომ არსებითი, მასშტაბური რეფორმა განახორციელა. ეს არის ე. წ. ორეტაპიანი ტენდერი, რომელიც წლეულს 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. ეს შესყიდვის ახალი ნაირსახეობაა, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს არა მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის პრინციპის გათვალისწინებით, არამედ ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციით; ანუ, გამოვლინდება ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადება.

იგეგმება კიდევ ერთი სიახლე - ელექტრონულ ტენდერში მონაცემების დაფარვა. მიზეზი გახლავთ კომპანიებს შორის შესაძლო გარიგების აღმოფხვრა, რასაც ანტიკორუფციული დატვირთვა აქვს. ტენდერში მონაცემების დაფარვა ნიშნავს, რომ მიმწოდებლებს შორის ელექტრონული ვაჭრობის რაუნდები არ გაიმართება. ასეთი რაუნდების დროს კომპანიების წარმომადგენლები ერთგვარ აზარტში შედიოდნენ, გაუმართლებლად დაბალი ფასით მონაწილეობდნენ ტენდერებში, შემდეგ კი კონტრაქტის შესრულებას ვეღარ ახერხებდნენ. რაუნდების გაუქმებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, გააზრებული, კარგად აწონილ-დაწონილი ფასი შესთავაზონ შემსყიდველს.

გარდა ამისა, შერჩევა-შეფასების ეტაპზე დროებით შეიზღუდება განსაზღვრულ ინფორმაციაზე წვდომა. კერძოდ, ყველასთვის ხილვადი გახდება მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება. სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მიღებული წინადადებების რაოდენობა სისტემაში დაფარული იქნება, სანამ რიგი შემდეგ პრეტენდენტზე არ გადავა ან ტენდერი საბოლოო სტატუსს არ მიიღებს (საბოლოო ეტაპზე არ გადავა). სტატუსის მინიჭებისთანავე კი, რა თქმა უნდა, ტენდერის ყველა დეტალი გახდება საჯარო.

გასათვალისწინებელია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია თავად ამოირჩევს, რომელი ფორმით გამოაცხადოს ტენდერი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე.

- ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულებები ახსენეთ და საინტერესოა, თქვენი თანხმობით მოხდა, რომ 26 მაისის ღონისძიებებისთვის სასცენო კონსტრუქციების მოსაწყობად მერიამ ტენდერში გამარჯვებულ "ლუმა დეველოპმენტს" კი არ გაუფორმა ხელშეკრულება, არამედ დამარცხებულ "ლენ ენდ კომპანის"?

- ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მოდი, შევიდეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სადაც განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად დარწმუნდით, რომ ტენდერში SPA160010513 გამარჯვებული ან დამარცხებული კომპანია არ არსებობს, რადგან ტენდერს საბოლოო სტატუსი არ მინიჭებია, გასაჩივრებულია დავების განხილვის საბჭოში და დასრულებული არ არის. მივყვეთ ქრონოლოგიას: მერიამ გამოაცხადა ტენდერი 26 მაისამდე ორი თვით ადრე, ქალაქ თბილისში ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სცენებით, ტრიბუნებით, პოდიუმებით, საგრიმიოროებითა და ბეგრაუნდის კონსტრუქციებით, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შემდეგ ერთ-ერთმა კომპანიამ ტენდერი გაასაჩივრა, ის შეჩერდა, 26 მაისისთვის ღონისძიების გამართვა კი ვეღარ ესწრებოდა. ამიტომ მერიამ გამარტივებული შესყიდვის შესათანხმებლად მოგვმართა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შესყიდვების სააგენტო ითანხმებს გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას და არა ამა თუ იმ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რადგან ეს შემსყიდველი ორგანიზაციის პრეროგატივაა. თავად შემსყიდველი ორგანიზაცია არჩევს, ვისთან დადოს ხელშეკრულება, ოღონდ იმ პირობით, რომ შერჩეული მიმწოდებლის წინადადებაში არ უნდა იყოს იმაზე უარესი პირობები, ვიდრე იყო ტენდერით მოთხოვნილი.

- ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ ე. წ. სატენდერო პირამიდებზეც, როცა არაფრის მქონე კომპანია იგებს ტენდერს ყველაზე დაბალი ფასით და ერთ მოგებულ ტენდერში აღებული თანხით მეორე პროექტს აკეთებს. თქვენთვის თუ არის ცნობილი ასეთი ფაქტები?

- თუ ნებას დამრთავთ, შეგისწორებთ - ტენდერში იმარჯვებს ის კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს. შესაბამისად, "არაფრის მქონე" კომპანია, დიდი ალბათობით, ვერც დააკმაყოფილებს მით უმეტეს სამშენებლო ტენდერებში არსებულ მოთხოვნებს და ვერც გაიმარჯვებს. სატენდერო პირობების სწორად, ზუსტად განსაზღვრა ტენდერის წარმატებით დასრულების წინა პირობაა.

ხშირად, ისევე როგორც ლაფსუსებით ჩატარებულ სხვა ტენდერებში, აქაც შესყიდვების სპეციალისტების კვალიფიკაციის პრობლემა იკვეთება. არასწორად შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია საშუალებას აძლევს ე. წ. პირამიდის მოთამაშე კომპანიებსა და არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებს, მოიპოვონ ხელშეკრულების დადების უფლება. მოქმედი კანონმდებლობა, ზოგადად, თანხის გადახდას უკავშირებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, ითვალისწინებს წინასწარი ანგარიშსწორების შესაძლებლობასაც. წინასწარ გადახდილი თანხა უზრუნველყოფილია შესაბამისი საბანკო გარანტიით. Aასევე, შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს დამცავი მექანიზმები, ის უფლებამოსილია, გააკონტროლოს ავანსად გაცემული თანხის მიზნობრივად გამოყენება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რამდენად სწორად და სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად გამოვლინდა გამარჯვებული.

- თუმცა ბევრი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო უწყებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის თანხა წინასწარ აქვთ გადახდილი, პროექტები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებული ან გაჭიანურებულია. ამ შემთხვევაში თუ გაქვთ მოქმედების რამე ბერკეტი?

- როცა სამუშაოები საპატიო მიზეზების გარეშე ჭიანურდება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად სრულდება ან არ სრულდება ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვების სააგენტოს მოგვმართავს ხელშეკრულების დამრღვევი კომპანიის შავ სიაში შეყვანის თაობაზე. სააგენტო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად Mმოისმენს ორივე მხარის ახსნა-განმარტებებს და გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ, ან, თუ მნიშვნელოვანი ზიანი არ ადგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მისი გაფრთხილებით შემოიფარგლება. რაც შეეხება წინასწარ გადახდილ თანხებს, ის დაცულია გარანტიით, რომელსაც საავანსო უზრუნველყოფის გარანტია ეწოდება.

როგორ დავიცვათ თავი "ბაბა იაგასგან"

- არის შემთხვევები, როცა სატენდერო პირობები, ცოტა არ იყოს, უცნაურია და, ფაქტობრივად, ეჭვს არ აჩენს, რომ ერთ კონკრეტულ პირზეა მორგებული. ამისთვის ერთი მაგალითის გახსენება კმარა, როცა თბილისის საკრებულომ შარშან საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად ტენდერში მიუთითა, რომ "სპექტაკლში უნდა მონაწილეობდეს არანაკლებ 15 კოსტიუმირებული გმირი-თოჯინა (სანტა კლაუსი, არანაკლებ 4 ელფი, სონიკი, კუნფუ პანდას ვეფხვი, ვარდისფერი დათვი, ფროუზენი, პრინცესა ანა, პრინცი, გლეხის ბიჭი, ჯადოქარი, შავი სპაიდერმენი, ყინულის დედოფალი). ამ შემთხვევით თუ დაინტერესდით?

- ტენდერების მონიტორინგი სააგენტოში უწყვეტად მიმდინარეობს, გადის ფილტრს რისკჯგუფების გრადაციის მიხედვით. როგორც გითხარით, ყოველწლიურად უამრავი ტენდერი ცხადდება. როგორც კი მსგავს ფაქტებს ვაწყდებით, ადეკვატურად ვმოქმედებთ.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დამცავი მექანიზმები არსებობს. კერძოდ, სისტემაში ჩაშენებულია კითხვა-პასუხის მოდული, სადაც ნებისმიერ ტენდერში მონაწილე პირს შეუძლია დაუსვას შეკითხვა შემსყიდველ ორგანიზაციას და მისგან ამა თუ იმ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი მოითხოვოს. თავის მხრივ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პასუხი ყველა ასეთ შეკითხვას გასცეს. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ უპასუხებს ტენდერში მონაწილე კომპანიის შეკითხვას, სააგენტო მკაცრად რეაგირებს და შესაბამის სანქციებს მიმართავს.

მეორე დამცავი ბერკეტია ნებისმიერი დაინტერესებული პირის შესაძლებლობა, დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივროს, მისი აზრით, კანონშეუსაბამო ჩანაწერი თუ მოთხოვნა. საგულისხმოა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტის კრიტერიუმებს, რომლებიც არ უნდა არღვევდეს კონკურენციას და არ უნდა იყოს დისკრიმინაციული. თქვენ მიერ ნახსენებ ელფებსა და სხვა პერსონაჟებზე კი გეტყვით, რომ შესაძლოა, შემსყიდველ ორგანიზაციას ასეთი დაზუსტების გარეშე მიეღო ელფის ნაცვლად კოშჩეი ან ფროუზენის ნაცვლად ბაბა იაგა, რაც პატარებს სულაც არ გაახალისებდა.

- კომპანიების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში ჩივილი ხშირად აღარც უღირთ, რადგან საბჭოს ექვსი წევრიდან სამი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელია, რომლებმაც კვირაში სამ დღეს საბჭოსთვის უხელფასოდ უნდა იმუშაონ. ამიტომ ისინი, ფაქტობრივად, განხილვებზე არ დადიან და გადაწყვეტილებებს ისევ დავების საბჭოს ხელფასიანი წარმომადგენლები იღებენ...

- დიახ, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება, ის პარიტეტულ საფუძველზე კომპლექტდება და საბჭოს 6 წევრისგან 3 სააგენტოს წარმომადგენელია, ხოლო 3 წევრს არასამთავრობო სექტორიდან ირჩევენ თავად არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი შერჩევის პროცესში სააგენტოს როლი ნომინალურია და მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფით შემოიფარგლება. მეტიც, სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც ამასთანავე დავების განხილვის საბჭოს ხელმძღვანელობს, ბოლოდროინდელი ცვლილებების მიხედვით, უფლება არ აქვს, უარი თქვას არასამთავრობო სექტორის შერჩეულ კანდიდატზე.

"გვიჩივიან, ესე იგი, გვენდობიან..."

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გასაჩივრების შემთხვევები კოლოსალურად გაიზარდა: 2011 წელს 68 საჩივარი შევიდა, 2012 წელს - 128, 2013 წელს - 325, 2014 წელს - 572, 2015 წელს - 1017 და 2016 წლის ხუთ თვეში კი 679 საჩივარია შემოსული. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს - ბიზნესსექტორს გაუჩნდა სამართლიანობის განცდა და საბჭოს გადაწყვეტილებებს ენდობა. ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ყველა შემთხვევაში სასამართლომ ძალაში დატოვა საბჭოს გადაწყვეტილება.

დიახ, საბჭოს წევრთა საქმიანობა სახელმწიფოს მიერ არ ანაზღაურდება და ამის მიზანია საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩUუნება, რათა მათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. გეთანხმებით, გრაფიკი დატვირთულია. საბჭო კვირაში 4-ჯერ იკრიბება, დღეში რამდენიმე დავა განიხილება. საბჭოს ნამდვილად საპასუხისმგებლო მისია აკისრია. დასანანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ბიუჯეტის ხარჯვის, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი განახორციელონ, ერთვებიან ფრაგმენტულად ან დროებით, არ აქტიურობენ, საბჭოს საქმიანობაში ჩართვისგან თავს იკავებენ. ვისარგებლებ

"კვირის პალიტრის" მრავალრიცხოვანი აუდიტორიით და ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ დავების საბჭოს წევრის არჩევნებში, ასევე დააკვირდნენ ამ პროცესის მიმდინარეობას.

- სააგენტოს უფლებამოსილებაა, სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის ფაქტების გამოვლენისას ამის შესახებ შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს და არასწორი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა მოითხოვოს. შესყიდვებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი თუ დამდგარა?

- სახსრების არარაციონალურად ხარჯვის კონტროლი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა. ჩვენი სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს პროცედურების კანონიერებაზე, ვინაიდან არასწორად წარმართულმა პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვა.

მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სავარაუდო ღირებულების დასადგენად, ბაზარი მოიკვლიოს და კონკურენტული გარემო უზრუნველყოს. ცალკეულ შემთხვევებში, ტენდერში კონტრაქტი სავარაუდო ღირებულების თითქმის განახევრებულ ფასზე გაფორმდა. ასეთ საეჭვო შემთხვევებში სააგენტო მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციებს, განმარტონ, რის საფუძველზე დადგინდა ტენდერის თავდაპირველი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით არარეალურად მაღალი სავარაუდო ღირებულება. სახელმწიფო შესყიდვებში არსებული სამართალდარღვევების გამოსავლენად სააგენტო აქტიურად მუშაობს. ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში გამოვლენილია 170-მდე სამართალდარღვევის ფაქტი და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და სატენდერო კომისიის წევრებს.

ემა ტუხიაშვილი