კლიენტი ყოველთვის მტყუანია?! - კვირის პალიტრა

კლიენტი ყოველთვის მტყუანია?!

"საჩივრების სიმრავლე აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ბრენდული ტექნიკის ნაწილი, რომელიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, არ არის ქარხნული წარმოების, ყალბი, წუნდებული, მეორეული ან შეკეთებულია"

"ისეც მომხდარა, რომ ახალშეძენილი პორტატიული კომპიუტერის დოკუმენტებს შეკეთების აქტი ახლდა თან. როგორც ჩანს, ვიღაცას მისი ამოღება დაავიწყდა"

იყიდება თუ არა საქართველოს ბაზარზე მეორეული ტექნიკა ახლის ფასად და რამდენად დაცულია მომხმარებელი ასეთი შენაძენისგან? - ამ კითხვებს მეტი აქტუალურობა შესძინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობამ, რომ ის შპს "აიფონ პლუსსა" და შპს "ეპლსიტიში" შევიდა, რისი მიზეზიც საკონტროლო შესყიდვა გახდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიები მეორეულ ტელეფონებს ახლად ასაღებდნენ და ისე ყიდდნენ. საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება კომპანიების მიერ მობილური ტექნიკის იმპორტისა და გაყიდვის ყველა დეტალს დაადგენს.

მობილურების საქმე

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიმარტეს, პირველ ჯერზე მობილური აპარატების ის მოდელები შეისყიდეს საკონტროლოდ, რომლებიც, შესაძლოა, მეორეული ყოფილიყო, რაც, მათი თქმით, დაადასტურა კიდეც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მასალებში დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტებში საკონტროლო შესყიდვისას ამოღებული ყველა მობილური აპარატი არ არის ქარხნულად ახალი და ნამყოფია ექსპლუატაციაში.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, სწორედ ეს გახდა შემდეგი ოპერატიული მოქმედებების საფუძველი, რომლის დროსაც "აიფონ პლუსიდან" და "ეპლსიტიდან" 222 მობილური აპარატი ამოიღეს და ექსპერტიზაც დაინიშნა.

"გააქტიურებული ტელეფონი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნახმარია"

კახა სეფაშვილი, "აიფონ პლუსის" გენერალური მენეჯერი: "ჩვენ არ გვინახავს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის ზეპირი განმარტებით ვიცით, რომ თითქოს ჩვენთან შეძენილი ტელეფონი ქარხნულად ახალი არ აღმოჩნდა. მთავარი და ყველაზე საინტერესო მთელ ამ ამბავში ის არის, როგორ დაიწერა სამხარაულის ბიუროში ეს დასკვნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ექსპერტიზის სტანდარტებს არ შეესაბამება. IMEI (მობილური მოწყობილობის საერთაშორისო მაიდენტიფიცირებელი კოდი) კოდით მარტივია დადგენა, არის თუ არა ტელეფონი ახალი. ამისთვის საკმარისია "ეპლის" ოფიციალურ ვებგვერდზე კოდის ჩაწერა, რის შემდეგად მიიღებთ ინფორმაციას, როდის ჩაირთო პირველად კონკრეტული მობილური აპარატი და როდის არის გააქტიურებული. ისიც საგულისხმოა, რომ თუ ტელეფონი უკვე გააქტიურებულია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ნახმარია. მაგალითად, როცა მობილური ტელეფონები საქართველოს საზღვარს კვეთს, 1000 ტელეფონიდან 2-3-ს მებაჟეები ამოწმებენ და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე გამოყენებულია.

საზოგადოება რომ ჩვენს სიმართლეში დავარწმუნოთ, ჩვენ გავასაჯაროეთ იმ ტელეფონების IMEI კოდების სია, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "აიფონ პლუსის" მაღაზიებიდან ამოიღო. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია კოდების გადამოწმება "ეპლის" ოფიციალურ ვებგვერდზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული 222 მობილური ტელეფონიდან, მხოლოდ ორი საჩვენებელი, შოურუმისთვის განკუთვნილი მოწყობილობაა გააქტიურებული. ეს ის ტელეფონებია, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს ტელეფონის შეძენამდე საშუალება აქვს, გაეცნოს ტელეფონების მახასიათებლებს, ფუნქციებსა და შესაძლებლობებს".

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო გაფუჭებული ტექნიკის გასაღების ბაზარია"

ლია თოდუა, momxmarebeli.ge-ს დამფუძნებელი: მომხმარებელს ტექნიკის თითქმის ყველა რეალიზატორზე აქვს მსგავსი ეჭვი. ტექნიკასთან დაკავშირებით ჩვენთან ბევრი ზარი შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი აქცენტი მაინც სურსათზე მოდის. ჩივილების დიდი ნაწილი ეხება იმას, რომ "ახალი" ტექნიკა შეძენიდან მალე ფუჭდება და იწყება შეკეთების დაუსრულებელი პროცესი, რომლის დროსაც მომხმარებელი, ფაქტობრივად, შენაძენით ვერ სარგებლობს. გაუთავებელ შეკეთებებში ხშირად ნივთის საგარანტიო ვადა იწურება და მომხმარებელს ან თავისი ხარჯით უწევს შეკეთება, ან უნდა გადააგდოს ნივთი და ახალი იყიდოს. თუმცა არც ამ ახლის შეძენისას არა აქვს გარანტია, რომ ნამდვილად ახალს ყიდულობს და არა მეორეულს ან წუნდებულს. ასეთი საჩივრების სიმრავლე აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ბრენდული ტექნიკის ნაწილი, რომელიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, არ არის ქარხნული წარმოების, ყალბი, წუნდებული, მეორეული ან შეკეთებულია. იმედია, ტექნიკის რეალიზატორებსაც შეამოწმებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი გვირეკავს და გვეუბნება, რომ იმ IMEI კოდით, რომელიც მის მობილურ ტელეფონს აქვს მინიჭებული, უკვე სხვა არის რეგისტრირებული. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა კონკრეტული კოდით არ იძებნებოდა მობილური აპარატი და ეს მხოლოდ Apple-ის ტექნიკას არ ეხება, სხვა ბრენდებზეც ბევრი ეჭვი არსებობს. ისეც მომხდარა, რომ ახალშეძენილი პორტატიული კომპიუტერის დოკუმენტებს შეკეთების აქტი ახლდა თან. როგორც ჩანს, ვიღაცას მისი ამოღება დაავიწყდა. ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა შემოაქვთ ნაწილები და ტექნიკას აქ აწყობენ. ერთ-ერთი მომხმარებელი გვეუბნებოდა, რომ ახალი ლეპტოპი გაუფუჭდა და ხელოსანს რომ მიუტანა გასაკეთებლად, შიგნით რამდენიმე ხრახნი ეგდო. შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო გაფუჭებული ტექნიკის გასაღების ბაზარია.

კვლავ მივდივართ "მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონის არქონის პრობლემამდე. დღეს მომხმარებელი დაუცველია. კანონი პირველი მოსმენით უკვე გასულია პარლამენტში, მეორე საკომიტეტო მოსმენაც გაიარა და ველოდებით, იქნებ სასესიო მოსმენაც მოესწროს. ამ კანონის მიხედვით, მაღაზიებში გაცემულ საგარანტიო ფურცლებს ძალა აღარ ექნება და კანონი თავად დაადგენს გარანტიის ვადას, რომელიც მსხვილი შრიფტით იქნება მითითებული თვით პროდუქციაზე. გარანტიის ვადის ამოწურვამდე მეწარმეს ვალდებულება ექნება, საჭიროების შემთხვევაში ნივთი მომხმარებელს უფასოდ შეუკეთოს და მისი ტრანსპორტირების ხარჯებიც იკისროს, ხოლო თუ ნივთის შეკეთება ვერ ხერხდება, მეწარმე ვალდებული იქნება, გამოცვალოს ან დაიბრუნოს.

რა თქმა უნდა, ნახმარიც და შეკეთებულიც შეიძლება ვიყიდოთ, ეს მომხმარებლის არჩევანია, მაგრამ უნდა იცოდეს ამის შესახებ და არც ახლის ფასად არ უნდა მიჰყიდონ. სწორედ ეს არის მითითებული კანონპროექტში, რომ ნებისმიერი არასწორი ინფორმაციაც წუნად ჩაითვლება და მომხმარებელს უფლებას მისცემს, ნივთი დააბრუნოს ან გამყიდველს ფასის შემცირება მოსთხოვოს. კიდევ ერთი ჩანაწერია კანონპროექტში, რომ როგორც ევროპაშია, პირველი 6 თვე მომხმარებლის უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს.

"სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო"

ამირან შენგელია, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ეტიკის" დამფუძნებელი: "მქონდა ასეთი შემთხვევა, ქობულეთში ოთხი შვილის დედამ ძლივს შეაკოწიწა ფული სარეცხი მანქანის შესაძენად, ის კი მეოთხე დღეს გაუფუჭდა. რეალიზატორმა უარი უთხრა შეკეთებაზე იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ნივთს მაღალი ელექტროძაბვის გამო დაეწვა პლატა. ჩვენმა ორგანიზაციამ მოკვლევა ჩაატარა და მოვიპოვეთ ცნობა, რომ ამ კონკრეტულ დღეს ქობულეთში დენის ცვალებადობა არ მომხდარა და არც ერთ მეზობელთან არაფერი გაფუჭებულა. რა თქმა უნდა, ველაპარაკე ტექნიკის გამყიდველი კომპანიის წარმომადგენელს და მისგან ასეთი პასუხი მივიღე - სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო. ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე ან მომხმარებელს რა ვუთხრა? რა თქმა უნდა, დაზარალებულ მომხმარებელს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ეს ძვირი, რთული პროცედურაა და ამ გზას დაახლოებით 20 დაზარალებულიდან მხოლოდ ერთი თუ მიმართავს".

მომხმარებელი ბრალს სდებს...

ტექნიკის ცნობილ მაღაზიათა ქსელში შევიძინე 50-დუიმიანი ტელევიზორი 6.800 ლარად. მაშინ ლარი-დოლარის კურსი 1,73-ის ნიშნულზე იყო. საგარანტიო ვადის გასვლიდან 2 თვეში ტელევიზორი გადაიწვა და როგორც იმ მაღაზიაში, სადაც ნივთი ვიყიდე, ასევე სხვაგანაც მითხრეს: არ კეთდებაო და ნაგავსაყრელზე მოსროლამ მომიწია. ანუ გამოვიდა, რომ *ორ წელიწადში 3.930 დოლარი გადავყარე წყალში. არადა, აგარაკზე მაქვს ტელევიზორი, რომელიც 23 წლის წინ შევიძინე და დღესაც მუშაობს.

* * *

სრული განუკითხაობაა ტექნიკის გაყიდვების სფეროში - გაბერილი ფასები და მოტყუებული მომხმარებელი. რატომ არავინ ამოწმებს როგორც ბრენდულ მაღაზიებს, ისე არაბრენდულს? 20 კაცი მდიდრდება და 200 მოტყუებული რჩება. თუ კანონი არ გამკაცრდა, მათ თავგასულობას საზღვარი არა აქვს.

* * *

ტექნიკას რომ თავი დავანებოთ, იგივე ხდება სხვა პროდუქციაზე. სათვალეების ცნობილ მაღაზიაში ვიყიდე ძვირად ღირებული "რეიბანი". კუდაბზიკობაში ნუ ჩამითვლით, თვალები რომ არ დამეზიანებინა, მხოლოდ ამიტომ გავიღე ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი ძვირფას სათვალეში. სათვალის მინებმა შეძენიდან მესამე დღეს დაიწყეს უცნაური რაღაცების გამოვლენა - ზედაპირი აიქერცლა და ნელ-ნელა გამოუსადეგარი ხდებოდა. მაღაზიაში რომ მივედი, აქეთ მომდეს შარი: ალბათ, მანქანის ტორპედოზე გედო პირდაპირი მზის ზემოქმედების ქვეშ და ამიტომ დაემართა, ასეთ რამეზე პასუხს არ ვაგებთო... არ დავჯერდი ამ ერთ მაღაზიას და ქსელის სხვა მაღაზიებშიც მივედი. პასუხი ყველგან ერთნაირი იყო. როგორც შემდეგ გავარკვიე, სხვა მომხმარებლებიც აღმოჩენილან ჩემს დღეში, როცა საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებ, ვერც უფლებებს იცავ და ვეღარც ვერავის ენდობი.

ემა ტუხიაშვილი