"ბიზნეს ალ კალმახ" - კვირის პალიტრა

"ბიზნეს ალ კალმახ"

საქართველოში "დიდი ბიზნესარაბობა" გრძელდება. არაბმა მოვაჭრეებმა ჯერ ათასობით ცხვარი გაირეკეს საქართველოდან, მერე მსხვილფეხა პირუტყვიც გააყოლეს ხელს.

ახლა კი ჯერი ქართულ კალმახზე მიდგა. კალმახს სირიიდან და იორდანიიდან ჩამოსულმა არაბებმა პირველად გემო მაშინ გაუსინჯეს, როცა საქართველოს საძოვრებზე ცხვარს დაეძებდნენ. მოეწონათ და გადაწყვიტეს, ცხვართან ერთად, ქართული კალმახით ვაჭრობასაც მიჰყონ ხელი.

ერთ-ერთი საკალმახე მეურნეობა, საიდანაც არაბები თევზის შესყიდვას აპირებენ, ქარელში, სოფელ სამწევრისში მდებარეობს.

გიორგი გურასპაშვილი (საკალმახე მეურნეობის მეპატრონე): "არაბებთან შეხვედრა შემთხვევით მოხდა. ჩვენთან, ქარელში, ისინი ცხვარს მოჰყვნენ. სოფლის ახლოს ხეობა და საძოვრებია, არაბები იქ ცხვარს ეძებდნენ საყიდლად. მოშივდათ, იქაურებმა უთხრეს, კარგი კალმახი ვიცითო და ჩემთან მოასწავლეს. მოვიდნენ, გავუმასპინძლდი და მოეწონათ. მაშინ თქვეს, ამით შეიძლება კარგი ბიზნესი გამოვიდესო. იორდანელი არაბები არიან. მკითხეს, შეძლებ წელიწადში 200 ტონის მოწოდებასო? ახლა ამდენი თევზი არ მაქვს, მაგრამ მოვახერხებ-მეთქი.

ამდენ თევზს საკალმახის გაფართოების გარეშე ვერ მოვაშენებდი, ამიტომ მაშინვე ბანკში წავედი კრედიტის გამოსატანად. ახლა ახალ საკალმახეს ვაშენებ, იტალიელი სპეციალისტები ჩამოვიყვანე და ისინი მეხმარებიან. არასტაციონარული საკალმახე ავზების შეძენას ბულგარეთშიც ვაპირებთ. მათი დამონტაჟება იოლია. ავზებს მიწაში ჩაწყობა არ სჭირდება, შეიძლება სწორ ადგილასაც მოეწყოს.

არაბები შემოდგომაზე აპირებენ ჩამოსვლას. დავილაპარაკებთ, შევთანხმდებით, რამდენს შეისყიდიან და ექსპორტზე როგორ გავა. ახალი პროდუქტის შეტანა ნებისმიერ ბაზარზე ცვლილებებს იწვევს, თანაც არაბები ადათისა და რწმენის ხალხია, ამიტომ ყველაფერს წინასწარ გათვალისწინება სჭირდება. თევზს არაბებსაც იმავე ფასად მივყიდი, რამდენადაც ადგილობრივ კლიენტებზე ვყიდი, მერე თავიანთ ბაზარზე რაც უნდათ, ის ფასი დაადონ. იმის იმედი კი არ მაქვს, რომ ავშენდები, მაგრამ არაბეთი ჩემთვის დამატებითი ბაზარი იქნება.

ახალ კალმახს არაბები გაყინული სახით წაიღებენ, მაცივარი კონტეინერებით. ქვირითის წაღებას აზრი არ აქვს, რადგან იქ ასეთ კალმახს ვერ მოაშენებენ. მას ისეთი კლიმატური პირობები სჭირდება, რომელიც მხოლოდ ჩვენთანაა. არაბებთან დაკავშირება ბევრ ადგილობრივ მეკალმახეს უნდა. ჩვენი მოლაპარაკებების ამბავი რომ გაიგეს, მირეკავენ და არაბებთან დაკავშირებას მთხოვენ.

ამჟამად 1 კილოგრამი კალმახის საბითუმო ფასი ადგილზე 6-7 ლარის ფარგლებშია. ქვეყანაში კალმახის მიწოდება ათას ხუთას კილოგრამს არ აღემატება, მაშინ, როცა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად 4 ათასი კილოგრამი თევზია საჭირო. ადგილობრივ ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ, მარტო ელიტურ რესტორნებსა და რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ობიექტს ვამარაგებთ.

მაღაზიების 10%-ია დღეს კალმახით დატვირთული. შედარებისთვის, მაგალითად, სომხეთში თევზის ბაზარზე იდეალური მდგომარეობაა. ისინი ბრაზილიური ქათმის იაფფასიან ბარკლებს აღარ ჭამენ, თევზს მიირთმევენ. აზერბაიჯანში გავიტანე კალმახი, სულ 4 ტონა გავიდა. თევზი მოეწონათ, მაგრამ იქაურმა მარკეტინგმა კარგად ვერ იმუშავა. აზერბაიჯანელები ტრადიციული ხალხია და სიახლეს ადვილად ვერ ეგუებიან. ექსპორტი შუა აზიაშიც მოვსინჯეთ. იქაც მოეწონათ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენს თევზს დიდი პოტენციალი უმეტესად ევროპის ბაზარზე აქვს.

ევროპაში ენდემური ჯიშის, ქართული, წითელწინწკლებიანი კალმახი აინტერესებთ. მე ცისარტყელისებური კალმახი მყავს, რაც ყველას ჰყავს საკალმახეებში. მე ამ ბიზნესში შედარებით ახალი ვარ, ჯერ ვსწავლობ და მერე წითელწინწკლებიანსაც მოვაშენებ".

ილო ყაჭაშვილი (საკალმახე მეურნეობის მეპატრონე): "ქართული წითელწინწკლებიანი კალმახი ბაზარზე დეფიციტურია. ამ სახეობის კალმახი მარტო მთის მდინარეებშია, მისი დაჭერაც აკრძალულია და თუ ვინმემ დაიჭირა და გასაყიდად გამოიტანა, კილოგრამის ფასი 15-18 ლარის ფარგლებშია. ამ სახეობის კალმახის მომრავლება ძნელია, ნელა იზრდება, გარემოსთან ადაპტაცია, საკვებთან შეგუება უჭირს, ამიტომ საკალმახე მეურნეობებში არ ჰყავთ. თანაც სარეალიზაციო წონას, 200 გრამს რომ მიაღწიოს, ორი წელი სჭირდება. ამიტომ მისი მოშენება ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანია.

წითელწინწკლებიანი კალმახის ახმეტაში მოშენებას ცოტა ხნის წინ მოვკიდე ხელი. იმის გარდა, რომ ხარისხიანია, გემრიელია და ფასიც კარგი აქვს, ამ ჯიშის კალმახის გადარჩენაც მინდა, რომ არ გადაშენდეს. ჩემს მეურნეობაში ჯერ პატარები არიან, მერე მინდა ეს ლიფსიტები მდინარეებშიც გავუშვა, რომ მომრავლდნენ.

წითელწინწკლებიანი კალმახის მოშენება ძალიან პერსპექტიულია და დარწმუნებული ვარ, დიდი მოთხოვნაც იქნება. მომავალში მის ევროპაში ექსპორტს ვგეგმავ. იქ ეკოპროდუქციას ითხოვენ და მხოლოდ ეს სახეობა აინტერესებთ. მაგრამ შესაბამისი სერტიფიკატის აღება იოლი არ არის, 3-4 წელი მაინც სჭირდება. ასე რომ, სამუშაო ბევრია.

საქართველოში ორი სახეობის წითელწინწკლებიანი კალმახი ბინადრობს - შავი და კასპიის ზღვის აუზის კალმახი. დასავლეთ საქართველოში, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებში შავი ზღვის კალმახია, აღმოსავლეთში, შესაბამისად - კასპიის. მომავალში, როცა გაყიდვას დავიწყებ, კონკურენცია რომ გავუწიო, მინდა, ის ცისარტყელისებურის ფასად გავყიდო. მოთხოვნა თუ იქნა, შესაძლოა არაბეთშიც გავყიდო, მაგრამ მისი ტრანსპორტირება რთული იქნება, რადგან მალფუჭებადი პროდუქტია, თანაც კალმახს გაყინვით გემოც ეკარგება".

როგორც ჩანს, არაბებს საქართველოში დიდი გეგმები აქვთ. როგორც შევიტყვეთ, მათ ქართული სიმინდიც მოსწონებიათ და მისი ექსპორტიც სურთ. რადგან სიმინდი ჩვენს ბაზარზე საკმაოდ ძვირია, როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, არაბები ალბათ მიწას იყიდიან, სიმინდს მოიყვანენ და მერე გაიტანენ მოსავალს თავის ბაზარზე.

ნონა ქვლივიძე