პლუს რუსეთი, თუ მინუს ყაზახეთი-ბელორუსია? - კვირის პალიტრა

პლუს რუსეთი, თუ მინუს ყაზახეთი-ბელორუსია?

ქართული პროდუქციისთვის მთელი საბაჟო კავშირის ჩაკეტვა რუსეთს ძალიან გაუძნელდება

ქართული პროდუქციისთვის 2006 წლიდან დახურული რუსეთის ბაზარი წლეულს, 1-ელი ივლისიდან შეიძლება გაიხსნას. ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ქართული პროდუქციის დაბრუნების თემის განხილვა ზოგიერთს რუსეთის მხრიდან დადებით ნაბიჯად მიაჩნია. თუმცა რუსეთის ბაზრის გახსნაზე ლაპარაკი 2006 წელსვე დაიწყო და დღემდე ლაპარაკად რჩებოდა, ვიდრე ახალი რეალობა არ გაჩნდა.

ქართული პროდუქცია რომ რუსეთის "კეთილი ნებისგან"დამოუკიდებლად, რუსეთ-ყაზახეთ-ბელოსუსიის საბაჟო კავშირის მეშვეობით დაბრუნდებოდა რუსეთის ბაზარზე, ამის შესახებ "ეკოპალიტრა"უკვე წერდა. თუმცა რუსეთში სულაც არ ეპიტნავებათ მათი "მოწყალე თანხმობის"გარეშე ბაზრის გახსნა და გზებს ეძებენ, რათა ქართული პროდუქციის განდევნა უკვე სამი ქვეყნის ბაზრიდან შეძლონ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე "ეკოპალიტრასთან"საუბრისას რუსეთის ხელისუფლების ორ ძირითად მიზანზე საუბრობდა: ქართველების გულის მოგებაზე, საქართველოში რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის დანერგვაზე და მეორე, რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირის ერთიან სივრცეზე, რაც ამ ქვეყნებს ტვირთების თავისუფლად გატარებას ავალდებულებს.

რუსული ბაზრის დაბრუნების თემის ბოლოდროინდელ გააქტიურებას კიდევ ერთ საკითხს უკავშირებენ -რუსეთი კვლავ ცდილობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად გახდომას და მას საქართველოს თანხმობა სჭირდება... ყველაზე უარესი პროგნოზით, რუსეთმა შესაძლოა ქართული პროდუქციის აკრძალვა ყაზახეთსა და ბელორუსიას აიძულოს და ამ საკითხით ივაჭროს საქართველოსთან, რათა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებისას პრობლემა არ შეექმნას.

გიორგი ისაკაძე (საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი): "რუსეთის ბაზრის გახსნა პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. პოლიტიკურად სტაბილური მდგომარეობა რომ იყოს, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება ქართული ეკონომიკის ზრდას გამოიწვევდა. რუსეთში რომ „ბორჯომზე“, ქართულ ღვინოსა და ციტრუსზე მოთხოვნილება არსებობს, ამას იქ კონტრაბანდულად შეღწეული ქართული პროდუქციაც ადასტურებს. მაგრამ როცა საქმე პროდუქციის ლეგალურ შეტანას ეხება, მაშინ ექსპორტიორებს უკონტროლო რისკებთან მოუწევთ შეჭიდება. შესაძლოა დღეს რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ქართული პროდუქცია დაუშვას, მაგრამ ასევე შესაძლოა, ხვალ კვლავ აკრძალოს.

რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების პერსპექტივას, ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებს აშკარად სურთ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იხილონ. შესაბამისად, საქართველოზე ზეწოლას ამ საკითხში შესაძლოა დასავლეთის ქვეყნებმაც მიმართონ.

დავით ნარმანია (კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი): "თავის დროზე რუსეთმა არა მხოლოდ საბაჟოზე გადაიტანა შეზღუდა, არამედ სავაჭრო ქსელში არსებული ქართული წარმომავლობის პროდუქცია გაანადგურა. შესაბამისად, ქართულ პროდუქციასთან ბრძოლა მხოლოდ საბაჟოზე აკრძალვით არ ხდება. საქართველოს საბაჟო კავშირის წევრებთან -ყაზახეთსა და ბელორუსიასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს, მაგრამ თუ რუსეთი გადაწყვეტს, მაშინ შეუძლია მის ტერიტორიაზე შეტანილი ქართული პროდუქცია იმავე სანიტარიული ნორმების მომიზეზებით ამოიღოს სავაჭრო ქსელიდან.

რუსეთმა რომ საბაჟო კავშირის წევრ ორ ქვეყანასაც აიძულოს ქართული პროდუქციის აკრძალვა, ეს უფრო თეორიული შესაძლებლობაა, ის შეიძლება მხოლოდ ყველაზე ცუდი სცენარისას გაკეთდეს. ეს რომ მართლაც ასე მოხდეს, მაშინ ყაზახეთმა და ბელორუსიამ ხელშეკრულებები უნდა დაარღვიონ, რომლებიც საქართველოსთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული.

დაარღვიონ ისევე, როგორც ეს თავის დროზე რუსეთმა გააკეთა. რუსეთს დსთ-ის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ავალდებულებდა, საქართველოდან შეტანილი პროდუქციისთვის წარმომავლობის გამო ბრძოლა არ გამოეცხადებინა. თუ იმავე გზას ბელორუსია და ყაზახეთი დაადგებიან, ეს მათ გაცილებით ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე რუსეთს. ამ ქვეყნებს რუსეთის მსგავსი გავლენა მსოფლიოში ნამდვილად არ აქვთ".

რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია უკვე თითქმის ჩანაცვლებულია. ქართულმა პროდუქციამაც, მეტ-ნაკლებად, მაგრამ სხვა ქვეყნების ბაზარზე შეღწევა მაინც შეძლო. თუმცა თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნა, სავარაუდოდ, ტრადიციული პროდუქცია: მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, ციტრუსი და თხილი თავის სეგმენტს კვლავ დაიბრუნებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში „ეკოპალიტრას“ განუმარტეს, რომ ქართული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის გასაგრძელებლად და შიდა სამომხმარებლო ბაზარზე გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად, რუსეთს დიდი მუშაობა და ხარჯის გაღება დასჭირდება.

მიხეილ ჯანელიძე (საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი): „ბელორუსიისა და ყაზახეთის ბაზრის დახურვის საკითხს რაც შეეხება, ვითარება ამგვარია: საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები აპირებენ ერთობლივი კომისიის შექმნას, რომელიც მოახდენს ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ნორმების უნიფიცირებას საბაჟო კავშირის ფარგლებში.

მათი სურვილია, მუშაობა ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ევროკავშირის პრინციპს დაეფუძნოს – საბაჟო გაშვების ერთიანი წესები ყველასთვის. ქართული პროდუქცია ბელორუსიისა და ყაზახეთის ბაზრებზე პოპულარობით სარგებლობს, სრულად აკმაყოფილებს ამ ქვეყნების სანიტარიულ მოთხოვნებს და საქართველოს მათთან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. რუსეთს ძალიან რთული და მივიჩნევთ, უპერსპექტივო მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, რათა საბაჟო კავშირის ფარგლებში ქართულ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესება შეძლოს“.

მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების საკითხზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შენიშნავენ, რომ საქართველო არის რუსეთის ფედერაციის მსო-სთან მიერთების სამუშაო ჯგუფის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რუსეთი საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრდეს. თანხმობის მისაღებად კი რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მიერაა წაყენებული და რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს ეფუძნება.

თემურ იობაშვილი