ქაღალდის მრეწველობის "ცუნამი" საქართველომდეც მოაღწევს - კვირის პალიტრა

ქაღალდის მრეწველობის "ცუნამი" საქართველომდეც მოაღწევს

"თუ რამე არ შეიცვალა, ერთი-ორი თვის შემდეგ გაძვირდება ყველაფერი, რის წარმოებასაც ქაღალდი სჭირდება"

ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიო ბაზარზე ცელულოზის ფასი თითქმის ყოველ კვირა იზრდება, რაც მისგან წარმოებულ ქაღალდსაც აძვირებს. საქართველოში ქაღალდი, ფაქტობრივად, არ იწარმოება, რა თქმა უნდა, ნატახტარში ზარ-ზეიმით გახსნილ ქაღალდის ქარხანას თუ არ ჩავთვლით, რომლის წარმოების მასშტაბი ბაზრის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.

საქართველო იმპროტირებულ ქაღალდს მოიხმარს და ამიტომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ქაღალდისგან მზადდება ან უბრალოდ ქაღალდის შეფუთვა აქვს, ჯერ თუ არ გაძვირებულა, შესაძლოა მალე გაძვირდეს.

ლევან ფანჯიკიძე (ქაღალდის იმპორტიორი): "ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ქაღალდის ფასის მკვეთრი ზრდა აღინიშნა. მან, ფაქტობრივად, პიკს მიაღწია, ასეთი მაღალი ფასი ბოლო ათი წლის განმავლობაში ბაზარზე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, დავინტერესდით მიზეზით და კვლევის შედეგად რამდენიმე გარემოება გამოიკვეთა. პირველი მიზეზი სტიქიური მოვლენებია: მიწისძვრა ჩილესა და ინდონეზიაში.

ჩილე მსოფლიო ბაზრის ცელულოზით ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია. იქ მიწისძვრის გამო დაიხურა ცელულოზის მწარმოებელი რამდენიმე დიდი საწარმო. ინდონეზიაც ქაღალდისა და ცელულოზის მსხვილი მწარმოებელია. მიზეზთა შორის განიხილება ისიც, რომ საწარმოებს უკვე დაგეგმილი აქვთ ოფსეტური ქაღალდის წარმოება და მომარაგებული ნედლეული ფაქტობრივად ჩაშვებული აქვთ წარმოებაში.

მაგრამ ახლა ცელულოზის ყიდვას იწყებენ ცარცირებული ქაღალდის მწარმოებლები. ახლა არის სწორედ ის სეზონი, როცა ქაღალდზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას.

შესაბამისად, დეფიციტის პირობებში ცელულოზის მწარმოებლები სარგებლობენ და გარკვეულწილად არეგულირებენ ბაზარს ფასის ზრდით. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ქაღალდიც და ცელულოზაც გააძვირა, გახლავთ ის, რომ ბოლო დროს ტრანსპორტირება და მეტწილად, საკონტეინერო გადაზიდვები მნიშვნელოვნად გაძვირდა.

შარშანდელ ამავე დროს თუ შევადარებთ, გადაზიდვების ხარჯები, სულ მცირე, 50%-ით მაინც გაიზარდა. ყველა არსებული მიზეზის გათვალისწინებით, ქაღალდის ფასი 15-20%-ით უკვე გაზრდილია. მოსალოდნელია, რომ ქაღალდის გაძვირება წლევანდელი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ვითარება ალბათ ჩაცხრება.

ვინაიდან ფასების ზრდა დროებითი მოვლენაა, ზოგმა კომპანიამ წარმოების შეწყვეტა ამჯობინა. მაგალითად, დაიხურა საწარმოები ტაილანდში, ჩინეთში.

მათ არ უღირთ ძვირად ნაყიდი ცელულოზით ქაღალდის წარმოება. უფრო მსხვილმა საწარმოებმა კი ამგვარ გამოსავალს მიაგნეს - ისინი ანახევრებენ წარმოების მოცულობას, ფასებს კი იგივეს ტოვებენ. რა თქმა უნდა, ამით დროებით ზარალზე მიდიან, მაგრამ ის არ არის დიდი მასშტაბის. საწარმოს მთლიანად დახურვა კი კლიენტების დაკარგვას ნიშნავს.

ჯერჯერობით ქაღალდის ფასს სხვა, მისგან წარმოებული პროდუქტის გაძვირება არ გამოუწვევია, რადგან მარაგები ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენთან ფასების ეს ცვლილება გვიან აისახება, რადგან ნაყიდი პროდუქციის ჩამოტანას საქართველოში დაახლოებით ორი თვე მაინც სჭირდება. თუ რამე არ შეიცვალა, ერთი-ორი თვის შემდეგ ფასების გადახედვის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდებით და გაძვირდება ყველაფერი, რის წარმოებასაც ქაღალდი სჭირდება.

თუმცა ყველაზე მეტად ფასის ზრდა თვალში საცემია საოფისე ქაღალდზე და აქ ერთი მეტად საინტერესო გარემოებაა გასათვალისწინებელი: ახლა სწორედ ის დროა, როცა სახელმწიფო უწყებებს, სხვადასხვა საქონლის შესყიდვასა და მომსახურებაზე, ტენდერი აქვთ გამოცხადებული. გაზრდილი ფასის გამო ერთ პრობლემას ვაწყდებით - სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტი შარშანდელი ფასების მიხედვითაა შედგენილია.

ეს შოკური ზრდა რომც არ ყოფილიყო, შარშანდელთან შედარებით ქაღალდი ისედაც გაძვირებულია, თუნდაც ტრანსპორტირების გამო. ამ ყველაფერს იქამდე მივყავართ, რომ ქაღალდის მიმწოდებლებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აღარ უღირთ. არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო უწყებებს რამდენჯერმე უხდებათ ტენდერის გამოცხადება, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ მთავრდება".

არჩილ მთვარაძე (წეროვანის ქაღალდის საწარმოს დირექტორი): "ერთი ტონა ცელულულოზა დაახლოებით 200 დოლარით არის გაძვირებული, რაც დაახლებით 30-35%-ით მეტია იმ ფასზე, რა ფასადაც ცელულოზის წინა პარტია შემოვიტანეთ. ქაღალდის წარმოებისთვის ნედლეული ფინეთიდან, შვედეთიდან შემოგვაქვს და გაზრდილი ფასის გამო იძულებული გავხდით, წარმოებულ პროდუქტზე ფასები გაგვეზარდა.

მაგალითად, თუ აქამდე ერთი შეკვრა საოფისე ქაღალდს 5,50 ლარად ვყიდდით, ახლა მისი ფასი 6,50 ლარია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ფასების ზრდის ტენდენცია კვლავაც მოსალოდნელია. მაგალითად, როცა ცელულოზის მომწოდებლებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, გრძელვადიან ხელშეკრულებაზე აღარ მოდიან, რადგან ფასების ზრდას კიდევ ელიან".