ვახში, როგორც თავისუფლების შეზღუდვა - კვირის პალიტრა

ვახში, როგორც თავისუფლების შეზღუდვა

სასამართლომ კერძო მევახშეების მაღალი საპროცენტო განაკვეთი უკანონოდ ცნო

ცოტა ხნის წინ უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო კერძო მევახშის საკასაციო საჩივარი და ამით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თვეში 10 და უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული საჯარო წესრიგსა და ზნეობასთან. შესაბამისად, კერძო მევახშის მოთხოვნა, მოვალეს დარიცხული მაღალი საპროცენტო განაკვეთები გადაეხადა, არ დაკმაყოფილდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო მევახშეს 80 ათასი დოლარი ჰქონდა გასესხებული, რის სანაცვლოდაც მოვალისგან 125 ათას დოლარს და დამატებით კიდევ 120 ათასს ითხოვდა პროცენტების და ძირითადი თანხის სახით. "კვირის პალიტრა" ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ესაუბრა, რომელიც ამ საქმეში მოვალის ინტერესებს იცავდა.

- რას ეფუძნებოდა სასამართლო, როცა მაღალი საპროცენტო განაკვეთი უკანონოდ ცნო და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ სხვა მსგავს დავებზე?

- ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. როგორც პირველმა, ისე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით, როგორიც არის წლიური 120% და მეტი, გაცემულ სესხზე სარგებლის დარიცხვა სამოქალაქო თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ცნონ, როგორც ამორალური გარიგება. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გავლენას სხვა ამგვარ დავებზე, მართალია, ჩვენ პრეცედენტული სამართლის ქვეყანა არა ვართ, სადაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებს კანონის ძალა ენიჭება მსგავსი კატეგორიის საქმეებისთვის, უზენაესმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მაინც მნიშვნელოვანია, როგორც სარეკომენდაციო - ყველას, ვისაც ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, შეუძლია სასამართლოში წავიდეს და ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით მაღალი პროცენტის შემცირება ან სულაც ბათილობა მოითხოვოს.

- გამოდის, თუ მოვალეები სასამართლოს მიმართავენ და ამ გადაწყვეტილებას მოიშველიებენ, სასამართლო შეღავათს გაუწევს?

- ერთმნიშვნელოვნად ამას ვერ ვიტყვით, რადგან ყველა დავა ინდივიდუალურია და კონკრეტულ სასესხო ურთიერთობაზეა დამოკიდებული - კრედიტის ოდენობაზე, გადახდილ თანხებსა და პროცენტებზე... მაგრამ, საერთო ჯამში, სასამართლო ვალდებული იქნება, განმარტოს, რატომ არ გაითვალისწინა მსგავსი კატეგორიის დავაზე უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გაწამებული ყველა მოქალაქის გამარჯვება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაყრიან ფარ-ხმალს და საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს.

- რას ნიშნავს ზნეობასა და მორალთან შეუსაბამობა? ხომ არ არის ეს კერძო ურთიერთობებში ჩარევა და რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ ევროპულ სასამართლო პრაქტიკაში?

- ზნეობისა და მორალის ცნება არის შეფასებითი კატეგორია. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ შეიძლება ისე გიჭირდეთ, რომ მზად იყოთ, ნებისმიერ ფასად აიღოთ სესხი, მაგრამ თუ ეს არსებითად არათანასწორ მდგომარეობაში გაყენებთ, ანუ ლახავს თქვენს ღირსებას, თავისუფლებას და მევახშეზე არსებითად დამოკიდებულს გხდით, მაშინ ასეთი გარიგება, მხარეების შეთანხმების მიუხედავად, ბათილია. კანონი ადგენს, რომ ყველას აქვს თავისუფლება, დადოს ნებისმიერი გარიგება, მაგრამ ამასთან ეს შეთანხმება მხარეთა ღირსებასა და თანასწორობას უნდა ეფუძნებოდეს. შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები კი სწორედ ასეთ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს და მოვალეებს, კრედიტორებზე დამოკიდებულს ხდის იმდენად, რომ ადამიანებს თავისუფლება ეზღუდებათ.

ბევრი ევროპული ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, შვეიცარიის კანონი "ვალდებულებითი სამართლის შესახებ" ასევე ბათილად მიიჩნევს გარიგებებს, თუ სახეზეა მხარეთა ვალდებულების დისპროპორცია. ასე რომ, ქართული სასამართლოს ეს გაბედული გადაწყვეტილება და ჩარევა კერძო სასესხო ურთიერთობაში სრულად შეესაბამება ევროპულ გამოცდილებას.

- ყოველდღიურად გვესმის ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების რეკლამა, რომლებიც პირველ ჯერზე "უპროცენტო სესხებს" სთავაზობენ მოსახლეობას, საბოლოოდ კი მათი პროცენტი წლიურ 800%-1000%-მდეც კი ადის. არ არის საჭირო პროცენტის მაქსიმალური ზღვრის კანონით რეგულირება?

- სამოქალაქო კოდექსში 2007 წელს გაუქმდა ნორმა, რომელიც კერძო სასესხო ურთიერთობაში პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს ადგენდა. ამის შემდეგ მევახშეებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. იგივე ითქმის ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებზეც, რომელთა მიმართაც, პრაქტიკულად, არავითარი რეგულაციები არ მოქმედებს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოყენება შეიძლება როგორც კერძო მევახშეებთან, ისე საკრედიტო ორგანიზაციებთან დავისთვის. თუმცა ცხადია, უმჯობესი იქნება, თუ სესხის პროცენტის ზედა ზღვარი კვლავ კანონით დარეგულირდება. ამ მიმართულებით იპოთეკურ სესხებზე უკვე შევიდა ცვლილება სამოქალაქო კოდექსში და კარგი იქნება, თუ სახელმწიფო არაუზრუნველყოფილ სესხებზეც იზრუნებს. ამით პრობლემის სიმწვავე მეტ-ნაკლებად მოიკლებს და ხალხიც შვებით ამოისუნთქავს.