პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე
20-06-2016
პაკისტანელების სქემა ქართულ ავტობაზარზე
"ავტოდილერები ეჭვობენ, რომ პაკისტანელები მანქანებს საქართველოში აწყობენ და შემდეგ დიდი ფასდაკლებით ყიდიან რუსთავის ავტობაზრობაზე"

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი კვლავ მცირდება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი სულს ღაფავს. 2014 წლის 1-ლი აპრილი ის თარიღია, როცა აზერბაიჯანში "ევრო-4" სტანდარტი ამოქმედდა, - აიკრძალა 2005 წლამდე წარმოებული ევროპული, 2004 წლამდე წარმოებული ამერიკული და 2011 წლამდე წარმოებული იაპონური მანქანების შეყვანა. ამ შეზღუდვამ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს. მაგალითად, 2012 წელს საქართველოდან
რეექსპორტზე 587,296 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა, 2013-ში ეს მონაცემი 703,817 მლნ-მდე გაიზარდა, 2014-ში მაჩვენებელი უკვე 517,786 მლნ-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2015-ში 179,646 მლნ დოლარამდე დაეცა. ბოლო 2 წელიწადში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35-40%-ით შემცირდა, 2016 წლის იანვარ-აპრილში კი საქართველოდან მხოლოდ 48,375 მლნ ლარის ღირებულების მანქანაა გასული.

ავტოდილერების თქმით, არის რამდენიმე ახალი გარემოებაც, რაც უფრო ამძიმებს ბაზარზე შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას. აზერბაიჯანის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, საქართველოდან მეორეული ავტომობილების რეექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით სომხეთში გადის. მაგალითად, 2015 წელს ამ ქვეყანაში გავიდა საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების 63%, რაოდენობრივი თვალსაზრისით კი წლეულს სომხეთში რეექსპორტი 49%-ით შემცირდა. დილერების თქმით, იაპონიიდან ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლობები ბოლო დროს სომხეთშიც გაიხსნა, სომხეთის მოქალაქეებს უკვე თავად აქვთ კავშირი იაპონურ კომპანიებთან და მანქანებიც ჩამოჰყავთ. ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გაფორმების ეკონომიკური ზონიდან (გეზ) ავტომობილის გამოყვანისას მათ თითქმის იგივე პირობები და გადასახადი ხვდებათ, რაც საქართველოს მოქალაქეებს. თუ, მაგალითად, გეზ-იდან მანქანის გაყვანისთვის საქართველოს მოქალაქეს 122 ლარი აქვს გადასახდელი, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ავტომობილი საქართველოდან რეექსპორტით გაჰყავს, სახელმწიფო 150 ლარის გადახდას აკისრებს. ავტოდილერები ჩივიან, რომ სწორედ ასეთი მცირე განსხვავების გამო გახდა მიმზიდველი სომხეთის მოქალაქეებისთვის ავტომობილების საქართველოს გავლით ჩამოყვანა, საქართველო კი მეორეული ავტომობილებისთვის უკვე სომხეთის ბაზარსაც კარგავს.

კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი - ბოლო დროს საავტომობილო ბაზარზე პაკისტანელების ჯგუფი გამოჩნდა. ავტოდილერების თქმით, ამ ჯგუფს იაპონიაში კავშირი აქვს მათთვის აქამდე უცნობ კომპანიებთან და საქართველოში ავტომობილები "ახალი სქემით" ჩამოჰყავთ. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ კონტეინერში მაქსიმუმ 4 ავტომობილი თავსდება, პაკისტანელებს იაპონელი პარტნიორები ერთი კონტეინერით 7-8 მანქანას უგზავნიან. ამდენი მანქანის დატევა ერთ კონტეინერში წარმოუდგენელია თუ, რა თქმა უნდა, ავტომობილები დაშლილი არ არის. ავტოდილერები ეჭვობენ, რომ პაკისტანელები მანქანებს საქართველოში აწყობენ და შემდეგ დიდი ფასდაკლებით ყიდიან რუსთავის ავტობაზრობაზე, მყიდველს კი არავინ უხსნის, რომ მანქანები აწყობილია.

ვასო ურუშაძე, "ეკოტრანსპორტ ცენტრის" ხელმძღვანელი: "პირველი დარტყმა ქართველმა ავტოდილერებმა 2011 წელს მიიღეს, როცა საქართველოდან რეექსპორტიორი ქვეყანა, ყაზახეთი, ევრაზიულ კავშირში გაწევრდა. ამან ყაზახეთში იმპორტულ ავტომობილებზე განბაჟების საფასური დაახლოებით 7-ჯერ გაზარდა. შედეგად, საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტი შეწყდა.
2014 წელს "ევრო 4" სტანდარტების შეზღუდვები დააწესა აზერბაიჯანმაც, რაც გულისხმობდა 2005 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვას. ამან საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად შეამცირა. ახლა ქართველ ავტოდილერებს მორიგი კრიზისი ელით. უახლოეს მომავალში სომხეთში ავტომობილების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს.
როგორც ვიცით, სომხეთი ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრდა. მომავალში კავშირის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი საბაჟო სისტემა და ტარიფები იმოქმედებს, რაც გამოიწვევს მესამე, საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნიდან რეექსპორტირებულ ავტომობილებზე დამატებით მაღალი გადასახადების დაწესებას, როგორც ეს ყაზახეთში მოხდა.

2013 წლამდე ავტომობილების რეექსპორტი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რეგიონში პრობლემები შეიქმნა, საავტომობილო ბიზნესს კრიზისი დაუდგა. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ადვოკატირების კამპანიას წარვმართავდით, რათა იმპორტირებული ავტომობილის ტრანზიტული სანომრე ნიშნებით რეგისტრაციის 45-დღიანი ვადა 90 დღემდე გახანგრძლივებულიყო. 45-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი ვალდებული ხდებოდნენ, ავტომობილები განებაჟებინათ, რაც, ცხადია, დამატებით ხარჯებს უკავშირდებოდა და ხშირად ამის გამო მათი ავტომობილები საჯარიმო სანქციებზე იყო გასული. ამ ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს მთავრობამ მთელი წელიწადი მოანდომა, რაც დაგვიანებული იყო.

ავტოიმპორტიორების პრობლემებს არ გასცნობია სამთავრობო უწყების არც ერთი წარმომადგენელი. ხელისუფლება არ მუშაობს არც არსებული ბაზრების შესანარჩუნებლად და არც ალტერნატიული ბაზრების მოსაძიებლად მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს. ერთ-ერთ პოტენციურ ქვეყნად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პაკისტანი, სადაც ქართველმა იმპორტიორებმა ნიადაგი უკვე მოსინჯეს. ასეთივე პოტენციური პარტნიორი შეიძლება იყოს ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და შესაძლებელია საუბარი ყოფილ პარტნიორ ყაზახეთთანაც კი".
გიორგი
26 ივნისი 2016 19:47
ანუ გამოდის ადრე კარგად მიდიოდა ბიზნესის საქმე.
და რატომ ტიროდნენ არაფერი გვრჩებაო?

რედაქტორის რჩევით