"ლარის კურსი "ციყვივით დახტის" და "ფინანსურ აზიდვებს" აკეთებს" - კვირის პალიტრა

"ლარის კურსი "ციყვივით დახტის" და "ფინანსურ აზიდვებს" აკეთებს"

რით განსხვავდება ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურისგან

"მთავარი პრობლემა ლარის არასტაბილურობაა, რაც გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობებს, ფაქტობრივად, გამორიცხავს"

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. სწრაფ გაუფასურებას ექსპერტების ერთი ნაწილი მეორე კვარტალში კომპანიების მიერ დოლარის მსხვილ შესყიდვებსა და საგარეო ვალდებულებების დაფარვას უკავშირებს, მეორე ნაწილი კი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად ეროვნული ბანკის ინტერვენციებსა და კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებას ასახელებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 1 დოლარი - 2,40 ლარის ფარგლებში, ამიტომ ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის გაუფასურება მთავრობასაც ხელს აძლევდეს და ეროვნულ ბანკსაც.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: - 2016 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ლარი-დოლარის საშუალო კურსი, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტია აგებული, 2,40 ლარის ფარგლებშია. ანუ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს მიერ ეს კურსი მიჩნეულია მიზნობრივ მაჩვენებლად და მკვეთრ გადახრას ან ერთ, ან მეორე მხარეს არ მოელიან. ზემოხსენებული კურსი მთავრობას არ გადაუხედავს. მცდარი ნაბიჯი იყო მთავრობის ზოგი წევრის ემოციური განცხადება, რომ ამიერიდან ლარი მუდმივად გამყარდებოდა.

ის, რაც დღეს ლარს სჭირს, ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს წარმართული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამ დროს ლარის მასა მიმოქცევაში მკვეთრად გაიზარდა, 700 მილიონიდან 2,2 მილიარდამდე გაიზარდა შიდა ვალი და ეს თანხა ეროვნულმა ბანკმა გაუნაღდა კომერციულ ბანკებს, რასაც რეფინანსირების სესხი დაერქვა. შესაბამისად, ლარის მასა 5,9 მილიარდამდე გაიზარდა და ეს იმ პირობებში, როცა მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარება დაიწყო. როცა ასეთ დროს ბაზარს დამატებით მიაწვდი ლარის მასას, უნდა იცოდე, რომ ეს მის მკვეთრ გაუფასურებას გამოიწვევს.

ახლა ხალხს ის უფრო აინტერესებს, რას უნდა ველოდოთ. თუ არ გაიზრდება რეფინანსირების სესხები და სახელმწიფო ბიუჯეტი შიდა ვალის მოცულობას არ გაზრდის, ზაფხულში ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. ხშირად ახსენებენ ტურისტულ სეზონზე დოლარის დამატებით შემოსვლას. შარშან ზაფხულშიც ბევრი იყო ტურისტი, ფულადი ნაკადებიც შემოდინდა, მაგრამ მაშინ ლარი დოლარის მიმართ 2,40 ლარამდე გაუფასურდა სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ამას ხელი შეუწყო და 1,35 მილიარდი ლარი დეფიციტურად დახარჯა.

რა ხდება დღეს? წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტროს ნაშთი იყო 600 მილიონი ლარი და რადგან იანვარ-თებერვალში ხარჯი შემოსავალზე მეტი გვაქვს (დეფიციტურ ხარჯს სწორედ ამას უწოდებენ), ნაშთზე არსებული თანხა 200 მილიონამდე შემცირდა. მაისში ისევ გაიზარდა 550-600 მილიონ ლარამდე და ახლა 300 მილიონამდეა შემცირებული. ანუ მაის-ივნისში დაახლოებით 250-300 მილიონის დეფიციტური ხარჯი გვაქვს. გამოდის, რომ ფინანსთა სამინისტრომ 250-300 მილიონი დაამატა ფულის მასას და რა თქმა უნდა, დაიწყო ამ ფულის სხვა ვალუტაში გადახურდავება, რადგან ლარს დაკარგული აქვს ერთ-ერთი მთავარი - დაგროვების ფუნქცია. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის სრულიად დაკეტილი, საფონდო ბაზარი ყველა დონეზე განადგურებულია. შესაბამისად, ეროვნული ბანკის წამოწყებულ ლარიზაციის პოლიტიკას მოუმზადებელი ბაზა დახვდა და ჭარბმა ლარმა პრესინგი დაიწყო. ლარში სესხების მოცულობა რომ გაზრდილიყო, კომერციული ბანკებისთვის შემცირდა სავალდებულო რეზერვები ლარში, დოლარში კი გაიზარდა, მაგრამ ამან ისევ ლარს დაარტყა, რადგან მიმოქცევაში ლარის დამატებითი მასა გამოვიდა. მოკლედ, რაც მოხდა, ეროვნული ბანკისა და მთავრობის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგია.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მთავრობა ლარს უხშობს მთავარი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას - იყოს გაცვლის საშუალება, საზომი ერთეული და დაგროვების საშუალება. ლარში ვინმე დეპოზიტს დებს? ლარით შეგვიძლია, სადმე ინვესტირება მოვახდინოთ? არა, რა თქმა უნდა! ლარში დაგროვების მთავარი წყარო და ინვესტირების ურისკო დაბანდება - ფასიანი ქაღალდების ბაზარი - თავის დროზე პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ჩააბარეს. თქვენ რომ მოინდომოთ ლარის დაბანდება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, ფაქტობრივად, ბანკს კონკურენტად ევლინებით... ამერიკაში კი 100 დოლარი თუ გაქვს, შეგიძლია, ბანკის ან საინვესტიციო ფონდების ფასიან ქაღალდებში დააბანდო ფული. მხოლოდ ჩვენთან ხდება, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ლარის მასის სტაბილიზაციისთვის უნდა გამოიყენებოდეს, მის წინააღმდეგ მოქმედებს.

დაინტერესებულია თუ არა ლარის დასუსტებით როგორც მთავრობა, ისე - ეროვნული ბანკი? როცა ბიუჯეტი დოლარში გაქვს დაგეგმილი, გაუფასურების შემთხვევაში ლარში მეტ უზრუნველ შემოსავალს მიიღებ. რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ჩვენი მთავარი გადამხდელები, მათ შორის - ნავთობკომპანიები და სხვა იმპორტიორები, გადასახადებს უცხოურ ვალუტაში კონვერტაციით იხდიან.

მთავრობას, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი კურსი აძლევს ხელს, რომ ბიუჯეტში მეტი ლარი შემოვიდეს და უფრო ადვილად გაუმკლავდეს სოციალურ ხარჯებს. უკაცრავად და, საქართველოს მოსახლეობის "გაპარსვის" ხარჯზე უკვე მერამდენედ ვასრულებთ ბიუჯეტს და ვისტუმრებთ სოციალურ ვალდებულებებს?!

ნოდარ კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - მთავარი პრობლემა ლარის კურსი კი არ არის, არამედ მისი სტაბილურობა. წლის დასაწყისში 1 დოლარი 2,50 ლარი ღირდა, ერთი კვირის წინ 2,18-მდე შემცირდა, ახლა კვლავ 2,29 ლარამდე გაუფასურდა. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არასტაბილურობაა, რაც გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობებს, ფაქტობრივად, გამორიცხავს. ლარის კურსი "ციყვივით დახტის" და "ფინანსურ აზიდვებს" აკეთებს, რაც ყველაზე მეტად აზიანებს უმთავრესს - ნდობას.

რა თქმა უნდა, გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს სავალუტო შემოდინებები, მაგრამ თუ ლარის მასას ზრდი, სავალუტო შემოდინებების მომატებამ, შესაძლოა, სასურველი შედეგი არ გამოიღოს და სწორედ ეს პრობლემა გვაქვს დღეს. როგორ იქცევა ეროვნული ბანკი? გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობის დროს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 700 მილიონი დოლარის ინტერვენცია მოახდინა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ თვეში გასაყიდად 100-200 მილიონი დოლარი გამოეტანა და ამით შეეწყვიტა პანიკა, წვეთ-წვეთ აწვდიდა ბაზარს 10-20 მილიონ დოლარს, რასაც ეფექტი არ ჰქონდა. უცნაურად იქცევა ეროვნული ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობაც. ბოლო დროს ლარის მკვეთრად გამყარების თავიდან ასაცილებლად ბაზრიდან 258 მილიონი დოლარი ამოიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო, გასაყიდად ერთი დოლარიც არ გამოუტანიათ.

ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი: - ლარის გაუფასურების მიზეზები მრავალწახნაგოვანია. მთავარი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო სამ თვეში ბაზრიდან თითქმის 300 მილიონი დოლარი ამოიღო და როგორც კი ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშში რაღაც შეიცვალა (ხარჯვა დეფიციტური გახდა), ამ მცირე ცვლილებებმა ლარს დაარტყა.

გარდა ამისა, საგარეო ვალების მომსახურებისთვის უცხოური ვალუტის შესაძენად ქართული კომპანიები დაელოდნენ შესაფერის მომენტს და ბაზრიდან დიდი მოცულობით დოლარი ამოიღეს. ეროვნული ბანკი პროგნოზს უნდა აკეთებდეს, მოსალოდნელ შედეგებს აანალიზებდეს. ამას არ აკეთებს და მთავარი შეცდომაც სწორედ ეს არის.

საგულისხმოა, რომ ქართული კომპანიები იხდიან ვალდებულებებს და ახალ საგარეო ვალებს აღარ იღებენ. ამასთან, ლარის კურსი ადრე, ფაქტობრივად, ვალებზე იდგა, ახლა კი ლარს ეს საყრდენი გამოეცალა და ახალი წონასწორული ნიშნული სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ემა ტუხიაშვილი