"შეძლებენ თუ არა მოქალაქეები მიწების უფასოდ რეგისტრაციას?!" - კვირის პალიტრა

"შეძლებენ თუ არა მოქალაქეები მიწების უფასოდ რეგისტრაციას?!"

ბევრ მოქალაქეს აინტერესებს, შეძლებს თუ არა საკუთრებაში არსებული მიწის უფასოდ რეგისტრაციას და რა საბუთები დასჭირდება. გვესაუბრება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, თეა ზაქარაშვილი:

- ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული ბიუჯეტი, რაც მიწების რეგისტრაციას დასჭირდება. ამიტომ გამიჭირდება თქმა, რა ფინანსური შეღავათებით ისარგებლებენ მოქალაქეები და რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის კანონის ამოქმედება.

- როდის შევა კანონი ძალაში?

- ბევრს ჰგონია, რომ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, რაც მართალი არ არის. ამ კანონშივე არსებობს დათქმა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი მუხლი კანონის გამოქვეყნებიდან 45 დღის შემდეგ ამოქმედდება. ესე იგი, ჯერ მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ ეს მუხლები ამოქმედდეს და ამასთან, წინასწარ განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში ეკონომიკის სამინისტროს ევალება, წარმოადგინოს ფინანსური ანგარიში, თუ რა თანხის ფარგლებში გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას. იუსტიციის მინისტრმაც შესაბამისი ბრძანებები და ინსტრუქციები უნდა გასცეს, პროცესი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. აქედან გამომდინარე, "მიწების რეგისტრაციის შესახებ" კანონი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამოქმედდება.

- პარლამენტს კანონპროექტი იმ სახით უნდა მიეღო, რომ ხარჯთაღრიცხვაც ჰქონოდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ახლა მინისტრების ბრძანებებითა და ინსტრუქციებით უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება.

- შეიძლება, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დეკლარირებული უფასო რეგისტრაცია უფასო სულაც არ იყოს?

- იმედია, ხელისუფლების წარმომადგენლები დაპირებას შეასრულებენ.

- რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა მიწების დასარეგისტრირებლად?

- პირველ რიგში, უნდა მიმართონ რეესტრს იმ საბუთით, რომლის მიხედვითაც, დასარეგისტრირებელ მიწაზე რაღაც უფლება მაინც აქვთ, დანარჩენი დოკუმენტების მოძიებაში მათ რეესტრი დაეხმარება. ამის შემდეგ მოქალაქეს დასჭირდება აზომვითი ელექტრონული ნახაზი, რომელიც ფასიანია. შესაძლოა, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნოს იმ ამზომველების სია, რომლებსაც სახელმწიფო განსაზღვრულ თანხას ჩაურიცხავს (ანუ დაფინანსების თანამონაწილე გახდება). თუმცა ჯერ გასარკვევია, სახელმწიფო რა თანაფარდობით მიიღებს ფინანსურ მონაწილეობას, არც ის არის გამორიცხული, რომ ელექტრონული ნახაზების შედგენა არ დააფინანსოს.

- კანონპროექტი თუ უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის იმ მიწების რეგისტრაციას, რომლებიც მათ ფაქტობრივ მფლობელობაშია, თუმცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი არა აქვთ?

- ამ მხრივ კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს. ასეთ შემთხვევაში ისევ ძველი წესით უნდა მოხდეს რეგისტრაცია. ვგულისხმობ პროცედურას, როცა მოქალაქე მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით თვითმმართველობის ორგანოს მიმართავს და შემდეგ სპეციალური კომისია შეისწავლის საკითხს.

- თქვენი შენიშვნა კანონპროექტის იმ ხარვეზსაც შეეხებოდა, რაც მეზობლებს შორის დავების წარმოქმნას შეუწყობს ხელს...

- კანონი არაფერს არეგულირებს ამ მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს გაცხადებულ მონაცემებშიც ჩანს, რომ ყოველი მეოთხე რეგისტრაცია პრობლემურია იმის გამო, რომ დადგენილი არ იყო მიწების სასაზღვრე მიჯნები და ელექტრონული ანახაზით მომიჯნავე მიწის გადაფარვა მოხდა. ასეთ შემთხვევებში მოდავე მხარეებს ერთმანეთის საწინააღმდეგო ნახაზები აქვთ, რაც სასამართლოში მიაქვთ. ცხადია, მხოლოდ მედიაციით, რასაც "მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, ეს პრობლემა ვერ დარეგულირდება.

ეკა ასათიანი