მოვიდა, ნახა, გაიარა... - კვირის პალიტრა

მოვიდა, ნახა, გაიარა...

როგორ "დავატყვევოთ" ტურისტი

თბილისსა და საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარებულია, წინა წლებთან შედარებით თვალში საცემია ტურისტების სიმრავლე. უმრავლესობა რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის მოქალაქეა. საქართველო საინტერესო გახდა თურქეთსა და ეგვიპტეში მდგომარეობის გართულების შემდეგ - ტერაქტების საფრთხე მომხიბლაობას უკარგავს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, საუკეთესო სერვისის პირობებში ჩალის ფასად დასვენებასაც კი, ამიტომ ტურისტულ სეზონს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რა შესაძლებლობები გვაქვს იმისათვის, რომ ტურისტების გაზრდილი ნაკადი შევინარჩუნოთ და კვლავ გავზარდოთ? ამ და სხვა კითხვებზე ინოვაციური კვლევითი ცენტრის ექსპერტ-ანალიტიკოსი გიორგი პატარიძე გვესაუბრა.

- საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა აგროტურიზმი, რომელიც საინტერესო ფორმით განვითარებულია კახეთში. მრავლად არის სასტუმროები, სადაც ტურისტს თავად შეუძლია მოკრიფოს ყურძენი, დაწუროს, დააყენოს ღვინო, მოადუღოს თათარა, ამოავლოს ჩურჩხელა და ა.შ. ტურისტს ხიბლავს ეს ეფექტური შეთავაზებები - ერთობა, აგემოვნებს და იმახსოვრებს. არ შეიძლება ტურიზმი ეფუძნებოდეს მხოლოდ ნახვას, დათვალიერებას. მოვიდა, ნახა და გაიარა ნიშნავს, რომ მომავალში აღარ მოვა, რადგან ჩათვალა, რომ რისი მიღებაც შეეძლო, უკვე მიიღო.

ამ მიმართულებით ყველა რეგიონში შეიძლება ტურიზმის საინტერესოდ განვითარება, თუნდაც აჭარაში, სადაც, შვეიცარიის მსგავსად, ტურისტს შეეძლება რამდენიმე დღე იცხოვროს აჭარელი გლეხის ოჯახში, მაღალმთიან სოფლებში. დააკვირდეს მათ ყოფას - როგორ თოხნიან, მწყემსავენ, ამზადებენ და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ამ საქმიანობაში, დააცხოს აჭარული ხაჭაპური და ა.შ.

"არ შეიძლება..."

- გასული წლის დეკემბერში მესტიაში კონფერენციისთვის 80 სტუმარი გვყავდა მოწვეული. შეუძლებელი აღმოჩნდა ყველა სტუმრის ერთ სასტუმროში მოთავსება, არ იყო იმხელა საკონფერენციო დარბაზი, სადაც ამდენ ხალხს ერთდროულად უმასპინძლებდნენ. როგორღაც მესტიის მუზეუმში, დიდ დარბაზში შეგვიქმნეს შესაბამისი პირობები. არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა იყოს სამთო ტურიზმში, რომელიც საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე საზღვაო კურორტებზე დასვენება.

არ შეიძლება, გქონდეს არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურა. მესტიაში, რომელიც სამთო მიმართულებით ყველაზე მოწესრიგებულია, არც ერთ კაფე-ბარში არ აქვთ უნაღდო ანგარიშსწორება და ტურისტი ბარათით ვერაფერს ყიდულობს. თითზე ჩამოსათვლელია ბანკომატებიც.

არ შეიძლება, ბათუმში მუდმივად პრობლემა იყოს ღრუბლების დაშლის თემა და ტურისტი, რომელიც ერთი კვირით ჩამოდის, ხუთი დღე წვიმის გამო იწვეს ნომერში და მოსაწყენად გაატაროს დღეები, რომელთა დაგეგმვაში ფული გადაიხადა.

არ შეიძლება, სამთო ტურისტისთვის გასვლა 8 საათზე დანიშნო და ჯგუფი 10 საათამდე აყურყუტო. ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ქვეყანაში ტურიზმის არაფერი გაეგებათ, არც მენეჯმენტი უვარგათ.

არ შეიძლება, სასტუმროებსა და სხვა ინფრასტრუქტურაში ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, რომელთაც არა მხოლოდ ის არ იციან, სუფრაზე დანა-ჩანგალი სად დადონ, არამედ ღიმილიც ენანებათ და არ ესმით, რას ნიშნავს საუკეთესო სერვისი.

არ შეიძლება, ქობულეთში ხუთსართულიან სასტუმროს ტუალეტი მხოლოდ პირველ სართულზე ჰქონდეს და დილის 7 საათიდან იდგეს რიგი...

არ შეიძლება, ბათუმის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თურქული კურორტების ხუთვარსკვლავიანზე ძვირი ღირდეს და უფრო დაბალი სერვისი ჰქონდეს.

არ შეიძლება, ქობულეთში ერთი ბოთლი კოკა-კოლა 8 ლარი ღირდეს. ასეთი ფასი შეიძლება ეგვიპტის შვიდვარსკვლავიან სასტუმროშიც არ ედოს ამ სასმელს.

არ შეიძლება, არ გქონდეს ისეთი საბავშვო ცენტრი, სადაც მშობლები მცირეწლოვან შვილებს დატოვებენ და თვითონ მთაში სალაშქროდ წავლენ. ამ მხრივ პრობლემა გვაქვს ყველა ტიპის კურორტზე.

მასპინძლობა "უმარილოდ"

ბევრი კულტურული ძეგლი გვაქვს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ტაძრებსა და საეკლესიო კულტურაზე მოდის, რაც ტურისტთა ნაწილს არ აინტერესებს, ნაწილი კი მეორედ ნახვის მიზანს ვერ ხედავს. მაგალითად, ლონდონის ტაუერი ისტორიული ძეგლიც არის, ტურისტული ობიექტიც და სანახაობრივადაც დატვირთულია. ტურისტებისთვის წინასწარ არის ცნობილი ღონისძიების სია, რაც აქაც შეიძლება გაკეთდეს - გელათში, ალავერდში და ბევრგან. რომში ეწყობა ყოველწლიური საბრძოლო ფესტივალი, ისტორია ცოცხლდება და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მონაწილეებიცა და მაყურებლებიც. ეს ჩვენც შეგვიძლია. მსგავსი ხდებოდა გრემში, რესტავრაციის შემდეგ მუზეუმიც გააკეთეს და სანახაობებსაც აწყობდნენ, მაგრამ შეწყდა...

რეკლამა აუცილებელია

ტურისტების მოსაზიდად რეკლამა აუცილებელია. საბჭოთა პერიოდში ქართული ტურიზმი გათვლილი იყო მხოლოდ საბჭოთა დამსვენებლებზე. იყო რამდენიმე ტურბაზა არცთუ სახარბიელო პირობებით, სადაც კარგს დალევდნენ, შეჭამდნენ და ეს იყო მათი დასვენება. ვარძიის მოპირდაპირე მხარეს იყო ტურბაზა და ალბათ, ათი პროცენტიც არ გადადიოდა გამოქვაბულების სანახავად, თუ ვინმე მთვრალი და გონებაარეული გადადიოდა, ძეგლს აზიანებდა. ის, რომ დღეს ტურისტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოგვაწყდნენ, არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ისინი უკვე მეტს ითხოვენ, არა მხოლოდ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ცეკვა-სიმღერას. ამასთან, ჩვენი ძირითადი სამიზნე უნდა გახდეს ახალი ბაზრები - ევროპა, ამერიკა, იაპონია, ჩინეთი.

გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა სვანეთით დაინტერესებული ევროპელი ტურისტების რაოდენობა. ბევრი პოლონელი, უნგრელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე ჩამოდის, მათ ხვდებიან მინივენებით, აჰყავთ სვანეთში - ძირითადად, მესტიის სათხილამურო ზონასა და უშგულში, სადაც ჯერ კიდევ არ არის გზა, მაგრამ ამის მიუხედავად, უშგულში შეიძლებოდა საინტერესოდ მოგვეწყო ინფრასტრუქტურა. მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ უშგული არის ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი.

არც ბუკლეტი, არც ბროშურა

თეთრი წყაროს რაიონში გერმანელების ჯგუფი ჩავიყვანეთ. სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები იყვნენ და აინტერესებდათ რაიონი, სადაც ადრე გერმანელები ცხოვრობდნენ. სად მივიყვანდით ამ ხალხს, თუ არა გამგეობაში?! იქ ზეპირად ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ გააჩნიათ საინფორმაციო სტენდი, ბუკლეტი, ბროშურა არათუ უცხოურ, ქართულ ენაზეც კი...

არადა, ჩვენი ტურისტული პოტენციალი შესაძლებელია მომგებიან საქმედ ვაქციოთ და თუ სლავ ან ევროპელ ტურისტს ექნება ალტერნატივა, თურქულ-ეგვიპტურ კურორტებს ქართული ამჯობინოს.

ბიზნესი ასე არ კეთდება

ტურიზმის განვითარება მხოლოდ სახელმწიფოს შესაძლებლობებს აღემატება. მცირე სააგენტო უნდა უწევდეს კოორდინაციას სტრუქტურებს, რომელთაც თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. კერძო სექტორს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ საშუალო კლასის ტურისტებისთვისაც უნდა აშენებდეს სასტუმროებს; იმის გამო, რომ ერთ წელიწადში გინდა ამოიღო დანახარჯი და მიიღო მოგებაც, არ შეიძლება წარმოუდგენელ ფასს ადებდე მომსახურებას. კახეთში, პატარა სასტუმროებშიც კი, ერთი ღამე ორადგილიანი ნომერი 100-150 დოლარი ღირს. ძალიან ძვირია, მით უფრო, რომ პირობები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს...