"წამალდამოკიდებული" ბიზნესი
11-07-2016
"წამალდამოკიდებული" ბიზნესი
ბევრი და ძვირი წამალი საუკეთესო არჩევანს არ ნიშნავს

ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებული ექიმები პაციენტებს სწორედ იმ წამლებს უნიშნავენ, რომლებიც იმ კონკრეტული კომპანიის წარმოებული ან შემოტანილია

"მდიდრდებიან ქართული ფარმაცევტული კომპანიები და მათთან გარიგებული ექიმები"


საქართველოში წამლები რომ ძვირია, ფარმაცევტული ბაზარი რომ რამდენიმე კომპანიას აქვს გადანაწილებული, რაც კონკურენციას ზღუდავს და მავანს ზემოგებას აძლევს, არაერთხელ გვსმენია. ამ ბრალდებების გასაქარწყლებლად მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ახალშექმნილი ფარმაცევტული კომპანიებისა და მცირე აფთიაქებისკენ იშვერენ ხელს, რომლებიც თითქოს ჯანსაღი კონკურენტები
არიან, და ამით სურთ, გააქარწყლონ მოსაზრება ფარმაცევტულ სექტორში ჩამოყალიბებული ოლიგოპოლიის შესახებ. როგორც ჩანს, ეს კარგად გამოსდით, რადგან კონკურენციის სააგენტომ "დამატებითი ინფორმაციის არარსებობის გამო" უარი თქვა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე. რადგან კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში ვერაფერ "საეჭვოს" თავად ვერ მიაგნო, დახურვის პირას მყოფი მცირე აფთიაქების მფლობელებმა
გადაწყვიტეს, ჩვენი საშუალებით კონკურენციის სააგენტოსთვის ის სქემა გაშიფრონ, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლიის ერთ-ერთი საფუძველია და მცირე მოთამაშეებს კონკურენციას, პაციენტებს კი არჩევანის უფლებას უზღუდავს.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების "პარტნიორობის" შესახებ აქამდეც გვსმენია, თუმცა ჩვენი რესპონდენტების (რომლებმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვეს პრობლემების თავიდან ასარიდებლად) ინფორმაციით, ექიმებისა და აფთიაქების ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო მეტი გასაქანი სარეცეპტო სისტემის ამოქმედებამ მისცა, რაც პაციენტებს მძიმე ტვირთად დააწვათ.

"ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების თანამშრომლობა კიდევ უფრო გახშირდა რეგიონებში, სადაც ხალხს ინფორმაცია ნაკლები აქვს და არც ექიმების დიდი არჩევანია. 20 წელზე მეტია საკუთარი აფთიაქი მაქვს, ბევრი რთული პერიოდი გადამიტანია, მაგრამ იმან, რაც ახლა ხდება, დახურვის პირას მიმიყვანა მე და კიდევ ბევრი ჩემისთანა. საქმე ის არის, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები გარიგებული არიან ექიმებთან, რომლებიც პაციენტებს ამ კომპანიების შემოტანილ ან წარმოებულ პრეპარატებს უწერენ. ზოგჯერ რეცეპტი იწერება კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის ლოგოიან ქაღალდზე, სადაც მითითებულია, რომ ამ ქსელში მედიკამენტების შეძენისას პაციენტი ფასდაკლებით ისარგებლებს. ისეც ხდება, რომ ექიმები პაციენტს თავად მიჰყვებიან აფთიაქში წამლების შესაძენად(?!).

ფარმაცევტულ კომპანიასთან გარიგებული ექიმის გამოწერილ სარეცეპტო ქაღალდზე მითითებულია კოდი, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული კომპანიები ექიმის იდენტიფიცირებას ახდენენ და გაყიდული წამლების მიხედვით საბანკო ანგარიშზე ბონუსებს ურიცხავენ. ერთი შეხედვით, ექიმი თითქოს კანონს არ არღვევს, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ეთიკურია მისი ქცევა. პაციენტი ამის გამო ძალიან ზარალდება და გეტყვით, რატომაც. პროფესიით ფარმაცევტი ვარ და ვიცი ყველა წამლის დანიშნულება, შემადგენლობა და კლინიკური ეფექტი. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ეს ჩემი ბიზნესია და ფასებშიც ვერკვევი. ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებული ექიმები პაციენტებს სწორედ იმ წამლებს უნიშნავენ, რომლებიც იმ კონკრეტული კომპანიის წარმოებული ან შემოტანილია, მაშინ როცა ბაზარზე ამ წამლების უფრო ეფექტური და ბევრად იაფი ანალოგები არსებობს. მაგალითად, ექიმი რეცეპტში უთითებს, რომ პაციენტმა უნდა შეიძინოს პრეპარატი "პეო", რომელსაც შეფუთვაზე მითითებული აქვს, რომ "ჯი-ემ-პიშია" წარმოებული. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს ფარმაცევტული ქარხანა ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ფარმაცევტულ კომპანიას ეკუთვნის და შესაბამისად, წამალიც ქართული წარმოებისაა. "პეოს" აბსოლუტური ანალოგია სხვა ქართული ფარმაცევტული კომპანიის წარმოებული "ავექსონი", რომელსაც ასევე ხშირად უწერენ ექიმები პაციენტებს. "პეოს" გასაყიდი ფასი დაახლოებით 17 ლარია, "ავექსონის" - 13, მაშინ როცა "პანტოქსონის" სახელით ცნობილი მათი იტალიური ანალოგი 7 ლარი ღირს, რუსული "ცეფტრიაქსონი" კი, მხოლოდ 2-2,50 ლარი.

სარეგისტრაციო სახელწოდებების მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ამ პრეპარატს აბსოლუტურად ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს. ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც ინფექციური და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მერწმუნეთ, უცხოეთში წარმოებული უფრო ეფექტურია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების ბევრად ძვირი წამალი. პაციენტმა ხშირად არაფერი იცის სხვა, უფრო ეფექტური და ბევრად იაფი ანალოგების არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, ამას არც ექიმი ეუბნება და არც მისი გაღლეტით დაინტერესებული აფთიაქი. კონკრეტული შემთხვევები მქონია, როცა დავუთვალე პაციენტს ხარჯები და სხვაობა ფასში ექიმის გამოწერილ ქართულ წამლებსა და უცხოურ ანალოგებს შორის მთელი 100-150 ლარი გამოვიდა. ანუ სწორედ ამ თანხას დაზოგავდა პაციენტი, ექიმის რეცეპტით გამოწერილი წამლები, უცხოური ანალოგებით რომ ჩაენაცვლებინათ. თუმცა იმის შიშით, რომ ექიმი მათ შენაძენს გადაამოწმებს, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებსაც ექიმთან ვიზიტი რეგულარულად უწევთ, რეცეპტში მითითებული წამლების ანალოგებით ჩანაცვლებაზე ხშირად უარს ამბობენ, რითაც საკუთარ ჯიბესა და ჯანმრთელობას აზარალებენ. სამაგიეროდ, მდიდრდებიან ქართული ფარმაცევტული კომპანიები და მათთან გარიგებული ექიმები.

კიდევ ბევრი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგალითად, ექიმები ხშირად უწერენ პაციენტებს საქართველოში წარმოებულ "აზიმაკს", რომელიც 12 ლარი ღირს, მაშინ როდესაც მისი ესპანური ანალოგი "აზითრომიცინი" 9 ლარად იყიდება. იმავეს თქმა შემიძლია საქართველოში წარმოებულ "ნოოფენზე", რომლის ფასი 13 ლარია, მაშინ როცა რუსული წარმოების "ფენიბუტი" 7-8 ლარი ღირს. 45 ლარი ღირს საქართველოში წარმოებული "ნეირომედინი", როცა მისი იმპორტირებული ანალოგის, "იპიდაკრინის" ფასი მხოლოდ 27 ლარია. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, თუნდაც ეს ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს შესაბამისი უწყებებისთვის.

ყველა ამ პრობლემას ისიც ემატება, რომ ექიმები საჭიროზე მეტ წამალს უწერენ პაციენტებს. თითქმის ყველა რეცეპტში შედის იმუნომოდულატორი "ისმიჟენი", რომელიც, შესაძლოა, სულაც არ სჭირდებოდეს პაციენტს, მაგრამ მისი მიღება არც არაფერს აწყენს, სამაგიეროდ, ექიმი დამატებით ბონუსს, ფარმაცევტული კომპანია კი, დამატებით შემოსავალს მიიღებს. ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების ამ გარიგებით ჩვენისთანა მცირე აფთიაქები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან რეცეპტიანი პაციენტი ჩვენთან თითქმის აღარ შემოდის. ორჯერ დავწერე ჯანდაცვის მინისტრის სახელზე წერილი, მაგრამ ორივეჯერ გადავიფიქრე გაგზავნა. რა აზრი აქვს? ასე მგონია, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ყველა ხელისუფლებასთან ახერხებენ გარიგებას"... - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი: "ყველაფრის თავიდათავი ოლიგოპოლიაა, რომელიც გამეფებულია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს პრობლემა სარეცეპტო სისტემის ამოქმედებამდეც იდგა, როცა ფარმაცევტული კომპანიები ექიმების მოტივირებას ახდენდნენ - რაც უფრო მეტ ჩემს წამალს გაყიდი, მეტი ბონუსი გექნებაო. შესაძლოა, ეს ბონუსი ყველა შემთხვევაში არ იყოს ფულადი ჯილდო, არსებობს სხვა სამოტივაციო ფაქტორებიც, კონფერენციაზე წასვლის დაფინანსება და სხვ. ეს ხშირად ექიმებს არაჯანსაღ მოტივაციას უქმნის. ეს ტენდენცია გაგრძელდა სარეცეპტო სისტემის შემოღების შემდეგაც და ბოლო კვლევებიც ადასტურებს, რომ რეცეპტით გასაცემ წამლებზე უფრო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები, ვიდრე არარეცეპტულად გასაცემზე.

ეს კავშირშია იმ პრობლემასთან, რაზეც თქვენი რესპონდენტი ლაპარაკობს. საბოლოოდ, პაციენტი ზარალდება, რომელსაც ექიმი უწერს დანიშნულებას და ჰგონია, რომ წამლის საუკეთესო ვარიანტს სთავაზობს. პაციენტი, რომელსაც სამედიცინო განათლება არა აქვს, ათიდან ცხრა შემთხვევაში ექიმს უჯერებს და იმ ძვირად ღირებულ წამალს ყიდულობს, რომელიც მკურნალმა ურჩია, მაშინ როცა ამ წამლის ბევრად იაფი და, შესაძლოა, უფრო ეფექტური ანალოგი არსებობს. დავაზუსტებ - ვგულისხმობ იმავე შემადგენლობის, ოღონდ სხვა სახელწოდების ბრენდულ წამალს, რომელიც ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მსხვილ აფთიაქებში ნაყიდი. მაშ, რატომ ღირს საქართველოში წარმოებული წამალი თუნდაც ესპანურსა და იტალიურზე ორჯერ და მეტჯერ ძვირი? ეკონომიკის სპეციფიკური ცოდნაც არ სჭირდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის მისახვედრად, რომ თუ აქ წარმოებული პური, მაგალითად, სამი ლარი დამიჯდება და ვერ გავყიდი, აქ აღარ გამოვაცხობ და 1,5 ლარად შემოვიტან უცხოეთიდან. ამიტომ ადგილობრივი წამლების სიძვირის ობიექტური საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, თუ მაქვს გარანტია, რომ რაც უნდა ძვირი ფასი დავადო ჩემს პროდუქტს, მაინც გავყიდი, ლოგიკა აღარ გვჭირდება. ეს თემა კიდევ მეტ სიმწვავეს იძენს, როცა ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტზე - წამალზე ვსაუბრობთ. ფაქტია, ყველა კვლევა და გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მედიკამენტების ხარჯები გაუსაძლის ტვირთად აწვება დღეს მოსახლეობას, მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, რომელიც წამლების ნაწილს არ ფარავს. ხარვეზები გვაქვს წამლის ხარისხის კომპონენტშიც. გაურკვეველია, როგორ ამოწმებენ ქვეყანაში წამლის ხარისხს, რადგან ეს პროცედურა დახურული აქვს მარეგულირებელს, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს. მარტივად რომ ავხსნა, თუ მე და თქვენ მოვინდომებთ რომელიმე წამლის ხარისხის შესწავლას, ჩვენი კვლევის შედეგების შედარება სახელმწიფო მარეგულირებლის კვლევასთან ვერ მოხერხდება, რადგან სახელმწიფოს თავისი სტანდარტები დახურული აქვს. არადა, არაერთ ქვეყანაში ეს პარამეტრები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა პოლიპრაგმაზიაც, ანუ დიდი ოდენობით წამლების დანიშვნა, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ექიმების

არაკვალიფიციურობას და ამით ერთგვარად თავს იზღვევენ პრინციპით:
"ერთი წამალი თუ არ მოუხდება, მოუხდება მეორე და მესამე". პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის დანიშვნა ნაწილობრივ უკავშირდება იმასაც, რომ ჩვენს ბაზარზე წამლები უხარისხოა და ამიტომ ექიმს ურჩევნია, 2-3 დასახელების წამალი დანიშნოს სასურველი ეფექტის მისაღებად. და, რა თქმა უნდა, პოლიპრაგმაზიის მესამე და ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ექიმების არაჯანსაღი მოტივაცია (ცხადია, ეს ყველა ექიმს არ ეხება), ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობით სარგებელი მიიღონ. საბოლოოდ, ყველა შემთხვევაში პაციენტი ზარალდება".

ემა ტუხიაშვილი
mako-s
20 ივლისი 2016 08:58
შენ ამერიკა უნდა ნახო როგორ აბრიყვებს ამ მხრივ ხალხსს. ეს დაზღვევები კიდევ დიდი პულსასრუტი მანქანააა პარმაცევტიული სამინისტროსტვის ტუნდაც ჯანდაცვის სამინისტროსტვის .
მაკო
19 ივლისი 2016 14:34
რომ წერთ და აშუქებთ ამ პრობლემას ძალიან კარგი, მაგრამ რა ! ვინ არის გამკითხავი, ყველა ცნობილ ექიმთან ყოველდღიურად წარმომადგენლები მიდიან და თავიანთ პროდუქციას ასაღებენ, თვით ექიმებიც გასაგები მიზეზების გამო ძალიან კმაყოფილები არიან, მაგრამ ჩვენზე ვინ ფიქრობს, ესაა სახელმწიფო? ესაა ხალხზე ზრუნვა? შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს ასე ძალად რომ გვაბრიყვებენ ,მაგრამ არავინ ხმას არ იღებს და ამათაც მეტი რა უნდათ
mzia
17 ივლისი 2016 17:12
დიახ სრულიად ვეტანხმები ამ წერილის სჰინაარსს რადგან დიდი გამოცდილება მიმაგებინა ჯერ დედის ავადმყოპობის დროს და მერე პირადი ჯანმრტელობის სჰერყევის გამო


რედაქტორის რჩევით