ავტომობილში ბომბია?! - კვირის პალიტრა

ავტომობილში ბომბია?!

"ბევრ ავტომობილში ვადაგასული აირბალონებია დამონტაჟებული. არის შემთხვევები, როცა 20 წლის წინ დამონტაჟებული აირბალონით დადიან, რომელსაც ვეღარც კი შეამოწმებ"

მძღოლები ვალდებული არიან, ტექდათვალიერება 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გაიარონ

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება დაიწყო და მძღოლები ვალდებული არიან, ტექდათვალიერება 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გაიარონ, თუმცა ამის გაკეთებას არ ჩქარობენ. არადა, არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბუნებრივ აირზე დაახლოებით 250-300 ათასი ავტომობილი მუშაობს და სპეციალისტების შეფასებით, ამ სფეროში არსებული უკონტროლობის გამო, ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცოტა თუ შეძლებს.

ამ ეტაპზე მხოლოდ 2 კომპანიას აქვს აკრედიტაცია, აირბალონიანი ავტომობილები შეამოწმოს და სათანადო დოკუმენტიც გასცეს. როგორც ერთ-ერთ კომპანიაში გვითხრეს, ავტომობილის შემოწმების ღირებულება 90 ლარიდან იწყება და მანქანის მდგომარეობისა და აირბალონების რაოდენობის მიხედვით იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში მძღოლები 2017 წლის 1-ელ იანვრიდან 100 ლარით დაჯარიმდებიან, ტექნიკური დათვალიერება ჯერ ცოტამ გაიარა. პრობლემას ბევრი რამ ქმნის, მათ შორის ის, რომ ბუნებრივი აირის ბალონი ბევრ ავტომობილს დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს და ისიც, რომ ახალი რეგულაციების კვალდაკვალ რამდენიმე თვითმარქვია ორგანიზაცია გამოჩნდა, რომლებიც მძღოლებს ტექდათვალიერებას უფრო იაფად სთავაზობენ, თუმცა, არ ეუბნებიან, რომ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს მათთვის ამის უფლება არ მიუცია.

ნონა ქართლელიშვილი, შპს "აირბალონის" დირექტორი: - ჩვენ გავიარეთ აკრედიტაცია და წლეულს 16 ივნისიდან ტექდათვალიერების უფლება მოგვენიჭა. მიუხედავად ამისა, ჯერ მხოლოდ 10-მდე ავტომობილი შევამოწმეთ. პრობლემა ის გახლავთ, რომ ბევრ ავტომობილში ვადაგასული აირბალონებია დამონტაჟებული. არის შემთხვევები, როცა 20 წლის წინ დამონტაჟებული აირბალონით დადიან, რომელსაც ვეღარც კი შეამოწმებ. ასეთი ავტომობილი არის ბომბი და როდის აფეთქდება, არავინ იცის. ზოგჯერ შემოდის შესამოწმებლად ავტომობილი და მძღოლი გვეუბნება, ნუ გვიმოწმებთ, ბალონი ახალიაო. დიდი ბრძოლის შემდეგ მაინც ვამოწმებთ და ვადგენთ, რომ აირბალონი წუნდებულია. ჩვენ ვალდებული ვართ, ასეთი ბალონი გავანადგუროთ, ისე დავაზიანოთ, რომ მძღოლმა ის ვეღარ გამოიყენოს. სამწუხაროდ, ახლაც შემოდის მეორეული ბალონები, რომლებიც გადაღებილია და ახალს ჰგავს.

კარგად რომ დააკვირდეთ, იმ ადგილას, სადაც ვადაა მითითებული, აღმოაჩენთ, რომ გრუნტია გადასმული და ახალი დამღა ადევს. მაგალითად, "ზილის" მარკის ავტომობილებს რომ ბალონები სჭირდება, ქარხანამ მათი წარმოება 20 წლის წინ შეწყვიტა. ამიტომ, ფაქტობრივად, ყველა ასეთ ავტომობილს უკან ვისტუმრებთ, ის ტექნიკურ დათვალიერებას, ცხადია, ვერ გაივლის.

პრობლემა ჩნდება გაზგასამართ სადგურებთან დაკავშირებითაც. მძღოლებს ვეუბნებით - თუ უნდათ, რომ გაზის ბალონმა დიდხანს იმუშაოს, 200 ატმოსფერული წნევით დატენონ. გაზგასამართი სადგურები კი 250-260 ატმოსფერული წნევით ტენიან. სწორედ ამ დროს ზიანდება ბალონი. ყურადღება მიაქციეთ, რომ აირზე მომუშავე მანქანები, ძირითადად, სწორედ გაზგასამართ სადგურებზე ფეთქდება.

ემა ტუხიაშვილი