"ნარმანია სექტემბერში წავა"
01-08-2016
"ნარმანია სექტემბერში წავა"
ცოტა ხნის წინ მერიაში კორუფციის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი უცხოელ ბიზნესმენს, თანხის სანაცვლოდ, დახმარებას ჰპირდებოდა - მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებასა და ნებართვის დროულად მიღებაში. რა ხელი აქვს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს მიწის გაყიდვა-რეგისტრაციასთან და ვისგან შეგულიანებული მოქმედებდა? ეს ის საკითხებია, რითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის"
დამფუძნებელი:
"სამწუხაროდ, კიდევ ბევრი "მეყანწიშვილია" დედაქალაქის მერიაში და ამაზე მას შემდეგ ვლაპარაკობთ, რაც დავით ნარმანიამ მოიყვანა ადამიანები, რომლებსაც მინიმალური კვალიფიკაციაც კი არა აქვთ, ვერ ჩააბარეს გამოცდები და ნეპოტიზმის ნიშნით არიან დანიშნული თანამდებობებზე. როცა ახალმიყვანილი თანამშრომლების 70-80% გამოცდებში ჩაიჭრა, ვთქვით, რომ უცოდინარი ადამიანი, რომელსაც პერსპექტივის განცდა არა აქვს, ეცდება, დღეს ისარგებლოს ვითარებით და
მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, რასაც აკეთებენ კიდეც. ჩვენმა ცენტრმა სხვადასხვა დროს უამრავი ასეთი ფაქტი გაახმაურა.

ამის მაგალითია საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ მალაღურაძის ცოლისძმა ვასილ ბექაური, რომელიც ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსად დანიშნეს. ეს ადამიანი ნასამართლევი იყო საბურავების ქურდობისთვის და ამის მიუხედავად, თანამდებობაზე დანიშნეს,
ცოტა ხნის შემდეგ კი ქრთამის აღებისთვის დააპატიმრეს.

ყველას გვახსოვს ჯოკია ბოდოკიას გახმაურებული საქმე. მეყანწიშვილის მსგავსად, არც ჯოკია ბოდოკია იყო უფლებამოსილი, გაეკეთებინა საქმე, რისთვისაც ქრთამი აიღო, ამიტომ აშკარაა, საქმის "გაჩარხვას" ის მარტო ვერ მოახერხებდა - აქ სხვებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩარეული. თუმცა, გამოძიება ბოლომდე არ მივიდა და ბოდოკიას შეაწმინდეს ხელი, მის ზურგს ამოფარებული ადამიანები კი წყლიდან მშრალად ამოვიდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ბექაურის შემთხვევაზე, როცა სახურავის შეკეთებისთვის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ ქრთამი აიღო და პირობა დადო, რომ გამგებელთან შეათანხმებდა ამ საკითხს. არც ბექაური წყვეტდა საკითხს, რომლის გადაწყვეტაშიც ფულს იღებდა. მაშასადამე, სხვებთან იყო გარიგებული. სხვაგვარად ვერ შეძლებდა იმ დავალების შესრულებას, რისთვისაც ქრთამი აიღო.

რა თქმა უნდა, გვახსოვს შემთხვევა, როცა კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ქალბატონი დააკავეს, რომელიც მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 ათას ლარს იღებდა. გვახსოვს ვაკის გამგეობის თანამშრომელიც, რომელიც მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ სძალავდა ფულს; ასევე - შემთხვევა, როცა სამგორის რაიონის თანამშრომელი იმის გამო დააკავეს, რომ მეშაურმისგან ფართის დათმობის სანაცვლოდ იღებდა ქრთამს. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რაც მიანიშნებს, რომ მერიაში მასშტაბური და სისტემური კორუფცია ყვავის. ორი-სამი თვე არ გავა, რომ თვითმმართველობაში კორუფციის ბრალდებით ერთი ან რამდენიმე ადამიანი არ დააკავონ. და ყველა, ვინც დააკავეს, დავით ნარმანიას მერობის პერიოდშია დანიშნული, მათ შორის
- დაკავებული მეყანწიშვილიც, რომელმაც 2015 წლის 31 დეკემბერს უსაფრთხოების სამსახურიდან 120 თანამშრომელი გაათავისუფლა და მათ ნაცვლად სამსახურში პარტიული აქტივისტები მიიღო. მის მიერ გათავისუფლებული ადამიანების ნაწილის უფლებებს ჩვენი ცენტრი იცავს.
ეს ადამიანები ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახურში ადამიანების დანიშვნა დაახლოებით 2-3 ათას ლარამდე ჯდებოდა. ამბობენ, რომ ვისაც ფული არ ჰქონდა, ნახევარ წელიწადს მერიის უსაფრთხოების სამსახურში "პოსლეზე" მუშაობდნენ.

დედაქალაქის მერიამ მხოლოდ 2014-2015 წლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 180 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა. წლეულს ეს მაჩვენებელი უკვე 60 მილიონ ლარს აჭარბებს. რა თქმა უნდა, ესეც სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. ვისთან დებენ ამ ხელშეკრულებებს? ხშირად, ორი-სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებთან! ბევრი ისეთი შემთხვევაც ვიცით, როცა ასეთი კომპანიების მიერ შესრულებული პროექტები ლამის მეორე დღესვე ფუჭდება და ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი. ამის თვალსაჩინო მაგალითად მხოლოდ დოესის ქუჩა კმარა, რომელსაც 1 წელიწადს აკეთებდნენ და 3 კომპანია შეიცვალა, რადგან მიუხედავად წინასწარ ჩარიცხული თანხისა, ნაკისრი ვალდებულებები ვერც ერთმა ვერ შეასრულა და ბოლოს ძლივს დაასრულეს.

იგივე შემიძლია გითხრათ გახოკიძის ქუჩაზე, რომლის შესაკეთებლად ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმეს და 8 მილიონი დახარჯეს. დღესვე შეგიძლიათ გაიაროთ და ნახოთ, რომ იქ გზა გზას არ ჰგავს და არაფერი ეტყობა, რომ მის შესაკეთებლად 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ასეთი პრობლემა ბევრია დედაქალაქში, რაც ცხადყოფს, რომ სისტემური კორუფცია სხვადასხვა მიმართულებით არის გამეფებული და თუ ის სათავეში არ აღმოიფხვრა, მხოლოდ შირმად აფარებული ადამიანების დაკავებით პრობლემა ვერ მოგვარდება.

არის თუ არა ამის შესახებ საქმის კურსში ქალაქის მერი? ვეჭვობ, დავით ნარმანია საერთოდ რამის საქმის კურსში იყოს და არც ის მგონია, ვინმე რამეს ეკითხებოდეს. ყველა ფაქტი მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - სექტემბერში ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს. მისი გადაყენება დიდი ხანია, გადაწყვეტილია. ერთადერთი მიზეზი, რაც ამას უშლის ხელს, ის არის, რომ მერის ვადამდელი არჩევნები მმართველ გუნდს ხელს არ აძლევს. თუ ნარმანია სექტემბერში წავა, ეს იქნება "ქართული ოცნების" გზავნილი ამომრჩევლისთვის, რომ ისინი მზად არიან განახლებისა და ყველაფრის გამოსწორებისთვის. ფაქტია, რომ გამეფებული კორუფციის გამო პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა იკისროს. მერის მომავალ არჩევნებამდე კი მოვალეობას ვიცე-მერი შეასრულებს".
P.შ. არ ვიცი, სად დათვალა მერმა ქალაქის თვითმმართველობის სისტემაში 25 ათასი ადამიანი (რაც თბილისის მასშტაბისთვის ძალიან ბევრია და ალბათ, ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს), მაშინ, როცა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ მერიის სისტემაში მომუშავეთა რაოდენობა 5801-ია. თუმცა, ასეც რომ იყოს, კორუფციის არც ერთი და მით უფრო - არც ათი შემთხვევა მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

კორუფციული ათეული

ჯოკია ბოდოკია - თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

მამუკა ცაავა - ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ცაავამ ერთ-ერთ მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 3 000 ევრო მოსთხოვა.

მიხეილ ქვირია - საბურთალოს რაიონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა იმისთვის დააკავეს, რომ ინდოეთისა და ერაყის მოქალაქეებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენაში, აუქციონის მომზადებასა და ჩატარებაში დახმარების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარი გამოართვა.

გიორგი გვენეტაძე - სამგორის რაიონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე მაშIინ დააკავეს, როცა სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მეწარმეს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარი. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი - 150 ლარი. დაკავებისას გიორგი გვენეტაძემ გაქცევა სცადა, თუმცა დევნისას საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის ბოძს შეეჯახა.

ნანა მაისურაძე - კრწანისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა კრწანისის რაიონში, გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, გამარჯვებასა და მშენებლობისთვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი აიღო.
ვასილ ბექაური - სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ბექაურმა ერთ-ერთ მეწარმეს ნაძალადევის რაიონში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად დაფინანსების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

ანზორ გუნბერიძე - თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისის მერიის გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიამ ამ კომპანიას საბანკო ანგარიშზე 5 000 ლარი ჩაურიცხა. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხის ნახევარი - 2 500 ლარი.

მიხეილ მეთაფლიშვილი - "თბილსერვის ჯგუფის" ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავა. დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაჰპირდა "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1 500 ლარი.

დავით მეყანწიშვილი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე. დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს თბილისში 8271 კვმ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შესაბამისი ნებართვის დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი. ამ თანხის ნაწილი - 10 000 ლარი, მან წინასწარ მოითხოვა.

დავით ბალიაური - მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან საზამთროს გამყიდველს 300 ლარი გამოსძალა, სანაცვლოდ კი, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა.

"თაღლითები გამორჩენას ცდილობენ"

მერიაში კორუფციის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი ქალაქის მერსაც ვთხოვეთ, რომელიც ერთ-ერთი პროექტის გახსნაზე იყო მისული.

დავით ნარმანია: "თბილისის მერიის სისტემა არის უზარმაზარი სტრუქტურა, სადაც 25 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, იმ რამდენიმე ადამიანის მიმართ, რომელსაც ხელი წაუცდა, კანონი დაარღვია და არასწორად იმოქმედა, მოხდა შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ასეთი იყო ბოლო ფაქტიც. რაც უნდა შემთხვევა და ფაქტი იყოს, რეაგირებისა და დასჯის გარეშე არავინ დარჩება. არის რიგი თაღლითი ადამიანებისა, ვინც ცდილობს გამორჩენას, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არავის შერჩება. ჩვენ შიდა აუდიტის მეშვეობითაც გამოგვივლენია შემთხვევები, პრევენციულ ღონისძიებებსაც მივმართავთ. პარალელურ რეჟიმში სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. გვაქვს ერთობლივი მუშაობაც. ეფექტიანი მუშაობის შედეგია, რომ ყველა შემთხვევა სრულდება გამოვლენით. ჩვენ აქამდეც, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გვყავს რამდენიმე ადამიანი გათავისუფლებული, ვისაც სამსახურებრივი გადაცდომა ან მცდელობა ჰქონდა, ასე რომ, რეაგირების გარეშე არავის ვტოვებთ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით