"ბევრი აფთიაქი კონკურენციას ვერ გაუძლებს და დაიხურება" - კვირის პალიტრა

"ბევრი აფთიაქი კონკურენციას ვერ გაუძლებს და დაიხურება"

მედიკამენტების ბაზარზე ფარმაცევტულ კომპანიებს შორის წილების ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ლიდერებს -"ავერსს", "პე-ეს-პესა" და "ჯი-პი-სის", რომლებიც ერთად წამლის ბაზრის 90%-ს ინაწილებდნენ და ბაზარსაც ფასს კარნახობდნენ, ნელ-ნელა პოზიციების დათმობა უწევთ. ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, შედარებით დაბალი ფასებით, რამაც აქამდე არსებული სიტუაცია შეცვალა.

ფარმაცევტული ბაზრის ლიდერებმა წამლების გაიაფება დაიწყეს. როგორც ამტკიცებენ, ფასდაკლება 500-მდე მედიკამენტს შეეხო. ბაზრის ლიდერები არ უარყოფენ, რომ ფასების დაწევა კონკურენტებმა აიძულეს, რომლებმაც წამლები ქსელში იაფად შემოიტანეს.

ოქტომბრის შემდეგ იმ მედიკამენტებს, რომლებიც უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებშია რეგისტრირებული, საქართველოში ხელახალი რეგისტრაცია აღარ სჭირდებათ. ადგილობრივ ბაზარზე ისინი ავტომატურად დაიშვება.

მთავრობაში ამბობდნენ, რომ ამას ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიების გაჩენა და მედიკამენტების ფასების შემცირება უნდა გამოეწვია. გათვლა ჯერჯერობით ამართლებს -კომპანიებმა ახალი, შედარებით იაფი მომწოდებლების ძებნა და წამლებზე ფასების დაკლება დაიწყეს. რამდენიმე თვეა, "ეი-ბი-სი ფარმაცია" შემოვიდა, დიდი სააფთიაქო ბაზით, სადაც წამლები საბაზროზე საშუალოდ 10-20%-ით იაფია. საავადმყოფოებში გახსნეს აფთიაქები "ეიბი-სის" სახელით, სუპერმარკეტებში შეიტანეს "სუპერფარმის" სახელით, "ფარმადეპოს" ბრენდით გახსნეს სამი აფთიაქი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გლდანსა და ვარკეთილში.

წამლებით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესია. თავის დროზე, როგორც კი უცხოეთიდან მედიკამენტების შემოტანა გახდა შესაძლებელი, ბაზარზე ასობით კერძო აფთიაქი გაჩნდა. მოგვიანებით ბევრმა მათგანმა მსხვილ მონოპოლისტებთან კონკურენციას ვერ გაუძლო და დაიხურა. პატარა აფთიაქები "ავერსმა" და "პე-ეს-პემ" ჩაანაცვლა. საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში მედიკამენტები მეხუთე ადგილზეა.

მისი გაყიდვა საკმაოდ დიდ მოგებას ტოვებს. 2009 წლის ზაფხულამდე მედიკამენტები ქვეყანაში მუდმივად ძვირდებოდა. კომპანიები ზოგიერთ წამალს საკმაოდ დიდი ფასნამატით ყიდდნენ, რასაც სოლიდური მოგება მოჰქონდა. ამიტომაც შეძლეს ქსელის სწრაფად გაფართოება. ბოლო წლებში ბაზარს ფასს 2-3 მსხვილი იმპორტიორი კარნახობდა.

ამჟამად ბაზარზე სულ 80-მდე იმპორტიორი ფარმაცევტული კომპანიაა და 2500-მდე აფთიაქის უმრავლესობა მონოპოლისტი ქსელების საკუთრებაა. სწორედ ბაზრის მონოპოლიზაციას დააბრალა ხელისუფლებამაც წამლებზე ფასების ზრდა და კონკურენციის გასაზრდელად, იმპორტის უფლება პატარა აფთიაქებსაც მისცა.

ახალი კონკურენტის გამოჩენამ ძველი მოთამაშეები გამოაფხიზლა და მათ წინააღმდეგ "ბრძოლა" სხვადასხვა მეთოდით დაიწყეს. "ფარმადეპოს" აფთიაქთან, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 03-ის ყოფილი შენობის პირველ სართულზეა, ახალი აფთიაქი "ფარმაცენტრი" გაიხსნა, რომელიც წამლებს კიდევ უფრო იაფად, დაახლოებით 20%-ით დაბალ ფასში ყიდის.

კომპანიის ხელმძღვანელები პრესასთან არ ჩნდებიან. საჯარო რეესტრში "ფარმაცენტრი" შპს ფირმა "ოზონის" სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც "პე-ეს-პეს" ექსკლუზიური ბრენდია -დარეგისტრირებულია ინგოროყვას 4-ში, სადაც "პე-ეს-პეს" აფთიაქია განთავსებული.

"ფარმადეპოში" მიაჩნიათ, რომ კონკურენტი აფთიაქი საგანგებოდ მის ჩასაძირად გახსნეს და ასეთ იაფად წამლებს მხოლოდ ამ აფთიაქში ყიდიან. "ეი-ბი-სის" კიდევ ერთი აფთიაქი "ვარკეთილის" მეტროსთან გახსნიდან მეორე დღეს დაიხურა, რადგან მოიჯარემ ფართის დაცლა მოითხოვა.

"ეი-ბი-სიმ" სარჩელი აღძრა და სანამ დავა მიმდინარეობს, აფთიაქს ვერ ხსნის. "ეი-ბი-სი" ეჭვობს, რომ მოიჯარეს "ავერსმა" გაცილებით მაღალი ქირა შესთავაზა და კონკურენტისთვის უარის თქმა ამით აიძულა.

ახალი მოთამაშის შევიწროებას, ბუნებრივია, ორივე ლიდერი კომპანია უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ კონკურენტს "სამართლიანი ბრძოლის იარაღი" -წამლებზე ფასების ერთდროული შემცირება დაუპირისპირეს და 500-მდე წამალი საშუალოდ 20-22%-ით გააიაფეს. კომპანიებში ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში ფასებს მათ მიერ საქართველოში დამზადებულ წამლებზეც დააკლებენ.

"ავერსის" მფლობელი პაატა კურტანიძე დაუფარავად აცხადებს, რომ ორ უმსხვილეს კომპანიას შორის ფასდაკლება შეთანხმებული იყო და იმასაც ადასტურებს, რომ "ავერსისა" და "პე-ეს-პეს" ფასები ერთნაირია. კურტანიძე მიიჩნევს, რომ ფასდაკლების მარათონს პატარა აფთიაქები ვერ გაუძლებენ და ბევრს დახურვა ელის.

პაატა კურტანიძე ("ავერსის" დამფუძნებელი): "ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გამძაფრებულია. კონკურენცია კარგია და აუცილებელი. ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე არა ერთი, არამედ ბევრი მომწოდებლისგან შეუძლიათ წამლის შესყიდვა; უკვე შეიძლება, წამალი ბერძნული, ალბანური წარწერით შემოვიდეს -იმპორტზე შეზღუდვები მოიხსნა.

ყველამ, მათ შორის ჩვენც, ახალი მომწოდებლების ძებნა დაიწყო. სადაც იაფად ვნახავთ, იქიდან შეგვიძლია შემოტანა. გაჩნდა უფრო დაბალ ფასად შოვნის შესაძლებლობა და ამან გაიაფების საშუალება მოგვცა. ბევრმა მომწოდებელმა თვითონ დაგვიკლო ფასი. სჯობს გაყიდო ბევრი და ამით ნახო მოგება, ვიდრე მაღალი ფასი დაადო და ცოტა გაყიდო. ბევრი აფთიაქი კონკურენციას ვერ გაუძლებს და ალბათ დაიხურება. გადარჩენის შანსი იმათ აქვთ, ვინც თვითონ არის ფარმაცევტი, თვითონ ყიდის წამალს, დაქირავებულ შრომას არ იყენებს და ხარჯი ნაკლები აქვს".

განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის 75%-ს სახელმწიფო აფინანსებს, ჩვენთან კი პრაქტიკულად პირიქითაა და წამლის ხარჯის დაახლოებით 75%-ს მოსახლეობა ფარავს. ყველაზე მკაცრად ფარმაცევტული ბაზარი საფრანგეთსა და იტალიაში რეგულირდება. იქ ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ქვეყნებში თავისუფალი ბაზრით.

მიხეილ აბრამიძე ("ეი-ბი-სი ფარმაციის" აღმასრულებელი დირექტორი): "ბაზრის ლიდერებს ფასების შემცირებისკენ ჩვენ ვუბიძგეთ. მათი ფასდაკლება ზოგიერთი სახეობის წამალზე სულ 3% მეტი იქნება, ან 5%, იშვიათად -20%. მედიკამენტებს, რომლებიც მხოლოდ მათ შემოაქვთ ექსკლუზიურად, არ გააიაფებენ.

რაც უფრო მცირეა კომპანია, მით ნაკლები ხარჯი აქვს და უფრო ადვილად გადაურჩება კრიზისს. ბაზარზე ადგილი ყოველთვის არის. დიდი ქსელის მქონე კომპანიები მარტო წამლის ფასს არ იხდიან, ფარავენ რეკლამისა და სხვა მარკეტინგული ოპერაციების ხარჯებსაც. ასეთი ხარჯი არ გვაქვს და ეს საშუალებას გვაძლევს, დაბალი ფასი გვქონდეს. ფასებით მაინც ვერ დაგვეწევიან. ჩვენს ქსელში მაინც უფრო დაბალი ფასი იქნება".

მომხმარებელიც და ბევრი ექსპერტიც მიიჩნევს, რომ ფარმაცევტული კომპანიების მოგება, არცთუ საგრძნობი ფასდაკლების მიუხედავად, მაღალია და ისინი უცხოურ წამლებს 50-100%-ს მაინც ამატებენ. იმავეს ამბობენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში", რომელმაც ფარმაცევტული ბაზრის კვლევა დაიწყო.

აფბა-ს ხელმძღვანელ მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ჩვენთან წამლები ევროპის ქვეყნებზე 200-300%-ით მაღალია, სომხეთშიც კი "ავერსის" წამლები უფრო იაფად იყიდება.

მერაბ ჯანიაშვილი (აფბა-ს ხელმძღვანელი): "არაადეკვატურად მაღალი ფასია წამლებზე. ვიწყებთ კვლევას, რამდენად სამართლიანია ჩვენთან წამლების ფასი. მას შევადარებთ ევროპის ფასებს, თუ აღმოჩნდება, რომ იქ გაცილებით იაფია, აქაურ კომპანიებს გამართლება აღარ ექნებათ. სადაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია, იქ იაფი უნდა ღირდეს. კეთილი ინებონ კომპანიებმა და წამალი არა პირდაპირი მომწოდებლებისგან, სხვა, ახლო ბაზრებიდან შემოიტანონ, მაგალითად, თურქეთიდან. აუცილებლად შევამოწმებთ წამლის ხარისხსაც".

ციფრების ენით

-2009 წლის ოქტომბრიდან, 22 მარტის ჩათვლით, გაიცა ფარმაცევტული ბიზნესის წარმოების ნებართვები: აფთიაქში გაყიდვის -317, არასპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში -43, საბითუმო რეალიზაციის -300, ფსიქოტროპული აფთიაქების -68 ნებართვა.

-თბილისში ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს ქართულ-კორეული კომპანია "ჯორჯიან კორეან ფარმაცევტიკალ კომპანი".

-რუსეთში ძალაში შევიდა კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების ფასების სახელმწიფო რეგულირების შესახებ.

იმ პრეპარატების გაყიდვა, რომელთა ფასები დარეგისტრირებული არ არის, აიკრძალება.

ნონა ქვლივიძე