რა ჰობი აქვთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს - კვირის პალიტრა

რა ჰობი აქვთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს

მდიდარ ადამიანებსაც აქვთ უცნაური ჩვევები და გატაცებები. ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა კორეელი მილიონერი იო, რომელიც ბაჰრეინში ცხოვრობს. ბოლო 11 წელია, იო ყოველ დილაადრიან იღვიძებს და ქუჩებს ალაგებს. მილიონერი ქუჩაში ნაგვის დახარისხებასა და გადამუშავებაზე განსაკუთრებით ზრუნავს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ეს სიამოვნებას ანიჭებს, ყველაზე მეტად კი, ის უხარია, რომ ხალხი სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობს. ჩვენ დავინტერესდით, რა გატაცებები აქვთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს და ამის დასადგენად სხვადასხვა წყაროს გამოყენება მოგვიხდა.

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და ცნობილი ბიზნესმენია ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ "ფორბსის" 2016 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა, ის მაინც რჩება საქართველოში უმდიდრეს ადამიანად: მისი ქონება 4.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ფინანსები, მშენებლობა, უძრავი ქონება, რესტორნების ქსელი, სოფლის მეურნეობა და სააფთიაქო ბიზნესი - ამ სფეროებში ივანიშვილი კარგა ხანია მუშაობს, თუმცა მას რამდენიმე საინტერესო ჰობი აქვს: პირველ რიგში ეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობაა. მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო მისი კოლექციის ყველაზე ძვირად ღირებული ტილოა პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატებთან ერთად". მან ეს ნახატი 2006 წელს "სოთბის"აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად. რაც შეეხება ივანიშვილის გატაცებას ეგზოტიკური ცხოველებითა და მცენარეებით, ეს მთელი საქართველოსთვის ცნობილია.

მამუკა ხაზარაძე: - ის უკვე რამდენჯერმე დაასახელეს ყველაზე განათლებულ და ელეგანტურ ბიზნესმენად საქართველოში. მამუკა ხაზარაძის ჰობი ცხენებია. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ამ მშვენიერი არსების სიყვარული ბაბუამ - კავალერისტმა ჟაკო ხუნდაძემ ჩაუნერგა: "ათი წლის ვიქნებოდი, როცა ბაბუამ პირველად წამიყვანა იპოდრომზე და ცხენზე დამსვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადმოვუგდივარ, მხედრობა იმდენად შემიყვარდა, რომ დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს", - ჰყვება ბიზნესმენი. ამ სიყვარულმა განაპირობა მუხრან-ბატონის საჯინიბოს აღდგენა, სადაც ბიზნესმენმა წმინდა სისხლის ცხენები მოაშენა. მამუკა ხაზარაძის აზრით, "ცხენოსნობა, როგორც ინდუსტრია, უნდა აღდგეს, რადგან ქართველებს ამ არაჩვეულებრივ ცხოველთან უდიდესი ისტორია გვაკავშირებს".

გოგი თოფაძეც საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული. გოგი თოფაძის ჰობი ნადირობა და თხილამურობაა. ამბობს, რომ სანადიროდ ევროპაშიც ყოფილა და ჩრდილო კავკასიაშიც. ავსტრიაშიც უნადირია ირემზე. ნადირობა ადრე დაუწყია: "13-14 წლისა ვიყავი, როცა დედის მეგობარმა კურდღელზე სანადიროდ წამიყვანა და მას შემდეგ ნადირობისთვის თავი აღარ დამინებებია", - ამბობს გოგი თოფაძე.

თოფაძის აზრით, სამონადირეო ტურიზმი დიდ მოგებას მოუტანს საქართველოს და ძალიან კარგი იქნება, თუ ეს საქმე განვითარდება.

ლევან ვასაძე არა მარტო საქართველოშია პოპულარული, არამედ რუსეთშიც. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთში წამყვანი სადაზღვევო კომპანია "როსნოს"აღმასრულებელ დირექტორად. 2006 წელს რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დაასახელეს. მისი კომპანია 11 სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას აერთიანებს: ტელეკომუნიკაციებს, უძრავ ქონებას, საბანკო სისტემებს, ვაჭრობას და ა.შ. არასდროს დადის ელიტურ წვეულებებზე და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ცოლ-შვილთან ყოფნა ურჩევნია. ლევან ვასაძეს შვიდი შვილი ჰყავს და სამაგალითო მეოჯახეა. ბიზნესმენის ყველაზე დიდი გატაცება პოეზიაა, მისი ლექსების უმეტესობა საქართველოსა და რელიგიურ თემატიკას ეძღვნება. პრესა წერს, რომ ის სამსახურში შაბათ-კვირასაც დადის, თუმცა ასეც არ არის, ვასაძე უარს არასდროს ამბობს დასვენებაზე. "ცხოვრებას მე ორ ნაწილად ვყოფ: საქმე და სიამოვნება. ჰობი ასევე მნიშვნელოვანი საქმიანობაა ჩემთვის", - ამბობს მულტიმილიონერი. ბიზნესმენის დიდ გატაცებად რაგბიც უნდა მივიჩნიოთ: თავის დროზე ის საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და დღემდე დიდ ინტერესს ამჟღავნებს სპორტის ამ სახეობის მიმართ.

თემურ ჭყონიას თქმით, განსაკუთრებული ჰობი არა აქვს, თუმცა ბავშვობაში ძალიან უყვარდა სპორტი - ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა, კრივი: "თითქმის ყველაფერი კარგად გამომდიოდა და ბევრსაც ვვარჯიშობდი. კიდევ ქუჩაში, მეგობრებთან ყოფნა მიყვარდა. ჩვენს დროს არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი და არც კომპიუტერი. ქუჩა და მეგობრების წრე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა შეგეძლო", - ამბობს თემურ ჭყონია ერთ-ერთ ინტერვიუში. რაც შეეხება წარმატებული ბიზნესმენების კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას - ძვირფასი ბრენდებითა და მანქანებით გატაცებას, მას ეს არ ახასიათებს, თუმცა მისი რჩეული მანქანა "მერსედესია": "მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ყოველთვის "მერსედესი"მყავდა და ახლაც მყავს. ოღონდ კლასს ნუ მკითხავთ, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ ძალიან კარგია", - აცხადებს ბიზნესმენი.

ხათუნა ჩიგოგიძე