ამნისტია, როგორც სარფიანი მიგნება გავლენიანი ტელებოსებისთვის - კვირის პალიტრა

ამნისტია, როგორც სარფიანი მიგნება გავლენიანი ტელებოსებისთვის

ვინ იხეირებს ყველაზე მეტად ტელეკომპანიებისთვის დავალიანების ჩამოწერით

წლეულს თებერვალში, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს, პრეზიდენტმა კანონმდებლებს ინიციატივით მიმართა, რეგიონული ტელევიზიებისთვის ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება ჩამოეწერათ. ერთგვარი ფინანსური ამნისტიის იდეამ კანონპროექტის სახე მიიღო და პარლამენტში მისი მოსმენა ნააღდგომევს იგეგმება. თუმცა ინიციატივამ სახე იცვალა და ფინანსური შეღავათი, რეგიონული ტელევიზიების გარდა, ნაციონალურ ტელეკომპანიებზეც გავრცელდება.

ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკური უმრავლესობა-უმცირესობის აზრი ერთმანეთს ნაწილობრივ ემთხვევა. კანონი გრძელი სახელწოდებით "ადგილობრივი საერთო სამაუწყებლო საშუალებათა ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის შესახებ", საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებმაც" მოამზადეს.

კანონპროექტის თანახმად, რეგიონებში მაუწყებლებს უნდა ჩამოეწეროთ ვადაგადაცილებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანებები და არადეკლარირებული გადასახადები; უნდა შეწყდეს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი წარმოება ყველა შესაბამის ორგანოში; უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც სასჯელს საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იხდიან. ტელეკომპანიებს ჩამოეწერება 2004 წლის 1-ელი იანვრიდან 2010 წლის 1-ელი იანვრის ჩათვლით დაგროვილი საგადასახადო დავალიანება.

ინიციატორები ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიის აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ სარეკლამო ბაზრის სიმცირისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, ტელეკომპანიებს მძიმე საგადასახადო დავალიანების პირობებში უწევთ მუშაობა. მედიაბაზრის სხვა სეგმენტის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ გამორჩევით, კონკრეტული კომპანიებისთვის ვალის ჩამოწერა უსამართლობაა, რადგან ფინანსური პრობლემები სხვა მედიასაშუალებებსაც აქვთ და მედიის ქომაგობა მხოლოდ ტელევიზიებისთვის სასათბურე პირობების შექმნას არ უნდა გულისხმობდეს.

"ეკოპალიტრამ" მცირე მოკვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანიები "იმედი", "მზე", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ფინანსთა სამინისტროს მოვალეთა რეესტრში არიან შეყვანილი. თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ზუსტი დავალიანების მოცულობა საჯარო არ არის. კულუარული ინფორმაციით კი, საუბარია ათეულ მილიონიან დავალიანებაზე. ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ 30 მილიონიდან, რომელიც 15 ტელეკომპანიას უნდა "ეპატიოს", ძირითადი ნაწილი სწორედ ნაციონალურ მაუწყებლებზე მოდის. ცალკე საკითხია, როგორ განაგრძობენ ამხელა ვალის მქონე კომპანიები მუშაობას -ბიუჯეტის მოვალე სხვა ბიზნესს ხომ დიდი ხნის წინ დახურავდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რეგიონულ ტელევიზიებს ამხელა დავალიანება არ აქვთ და ფინანსური ამნისტია სწორედ მსხვილ მაუწყებლებს სჭირდებათ წყალივით. ძველი ხალხური სიბრძნის არ იყოს -სათქმელად ჩემი და სახრავად სხვისიო.

გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე): "ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში შევთავაზეთ ხელისუფლებას, მომხდარიყო პოლიტიკური შეთანხმება და ფინანსური ამნისტია გამოცხადებულიყო რეგიონული ტელევიზიებისთვის, რომელთა დიდ ნაწილს საკმაოდ სოლიდური დავალიანება აქვს იმის გამო, რომ ზოგი მერი თითქმის 24-საათიან რეჟიმში გამოდიოდა და ლაპარაკობდა ტელევიზიით, შემდეგ კი მერია საეთერო ხარჯებს არ ისტუმრებდა.

ტელეკომპანიებს დაუგროვდათ დავალიანება, შემდეგ უკვე დაემატათ ჯარიმები, საურავები... ასეთი მდგომარეობაა ტელეკომპანია "რიონში", "ტვ 25"-ში, დაახლოებით ექვს-შვიდ რეგიონულ ტელეკომპანიას აქვს მნიშვნელოვანი დავალიანება -მათგან დამოუკიდებელი მიზეზით. საუბარია ჯამში დაახლოებით 600 ათას ლარზე, რომელიც 2001 წლიდან იზრდებოდა.

დღეს ამ კომპანიებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ გრანტი ან კრედიტი გამოიტანონ. ეს ხელისუფლების მუდმივი ბერკეტია მათზე ზეწოლისთვის. ნებისმიერ დროს, როგორც კი ამ ტელევიზიების ეთერით გასული ინფორმაცია არ მოეწონებათ, იწყება საუბრები კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებზე. ამიტომაც დადგა საკითხი, რეგიონულ ტელეკომპანიებს საგადასახადო ამნისტია გამოვუცხადოთ და განვითარების საშუალება მივცეთ.

ხელისუფლება თავდაპირველად არ რეაგირებდა ამ თემაზე, შემდეგ პრეზიდენტი მობრძანდა პარლამენტში და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ამნისტია მისი ინიციატივა იქნება. საბოლოო ჯამში კი პარლამენტში შემოვიდა კანონპროექტი, რომელშიც არა მხოლოდ რეგიონული ტელეკომპანიებისთვის ამნისტიის გამოცხადებაა გათვალისწინებული, არამედ ვალები ჩამოეწერება ყველა იმ ტელეკომპანიას, რომელსაც მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.

ჩვენ ხელისუფლების მიმართ ძალიან კონკრეტული კითხვა გაგვიჩნდა: იქნებ გვითხრათ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზით რა დავალიანებები დაუგროვდათ ნაციონალურ მაუწყებლებს? ამის პასუხი არ აქვთ. ხოლო თუ ხელისუფლება მოულოდნელად ასეთი გულუხვი გახდა, მაშინ საყოველთაო ამნისტია გამოაცხადონ, რომელიც საზოგადოდ მედიასივრცეს შეეხება. მათ შორის გაზეთებს, ჟურნალებს, საინფორმაციო სააგენტოებს, ინტერნეტელევიზიებსა და სხვა კომპანიებს. ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა მალე დაიწყება და პარლამენტში მწვავე დებატებიცაა მოსალოდნელი".

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ამგვარად ვალების ჩამოწერით ის მედიასაშუალებები, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს, არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იმათთან შედარებით, ვინც გადასახადებს წლებია არ იხდის. მილიონობით ლარი ირიცხება ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე მსხვილი ტელევიზიის შესანახად და აუცილებლად გასარკვევია, რა სახის დავალიანება აქვთ ამ ტელეკომპანიებს სახელმწიფოს წინაშე.

რაც შეეხება რეგიონულ ტელევიზიებს, მათ შორის დამოუკიდებელი მაუწყებელი ცოტაა. თავიდან საუბარი იყო ტელეკომპანია "ტვ 25"-ისთვის შეღავათის გაკეთებაზე და ამ საბაბით მოხდა სხვებისთვისაც ვალის ჩამოწერის შეთავაზება. თუმცა ის, რასაც რეგიონულ ტელეკომპანიებს ჩამოაწერენ, კაპიკებია იმასთან შედარებით, რა შეღავათსაც ნაციონალური ტელევიზიები მიიღებენ სახელმწიფოსგან".

თუ გავითვალისწინებთ, ვინ აკონტროლებს და ვინ ფარავს ნაციონალური ტელევიზიების ხარჯებს, გადაწყვეტილება მათთვის ერთობ "სარფიანად" გამოიყურება. რამდენიმე ასეული ათასი ლარის რეგიონული მაუწყებლებისთვის ჩამოწერის სანაცვლოდ, აღარ დასჭირდებათ ნაციონალური ტელეკომპანიების რამდენიმემილიონიანი დავალიანების დაფარვა. თან ამ ყველაფერს მედიაბიზნესზე ზრუნვადაც ჩაუთვლიან...